გადაწყვეტილება №4965/2/2017
📄 სრული ტექსტი
საჩივარი №4965/2/2017
21.03.2018
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს -----
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ შემადგენლობით, 21.03.2018 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს „-----“-ს 08.11.2017 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის ვადა და გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 02.09.2015 წლის №002-180 „საგადასახადო მოთხოვნა“;
2. შემოსავლების სამსახურის 26.10.2017 წლის № 28767 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 176872 ლარი
მათ შორის:
დღგ - 68778 ლარი (ძირითადი).
საშემოსავლო გადასახადი - 5543 ლარი (ძირითადი).
ჯარიმა - 36025 ლარი.
საურავი - 66526 ლარი.
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სს ----- ს (შემდგომში სს „-----“) და მასთან შერწყმული შპს „-----“ –ს საგადასახადო შემოწმება, შედგა 28.08.2015 წლის აქტი, რომლითაც განისაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები ცალ-ცალკე სს „-----“-ს და შპს „-----“-ის მიმართ.
ხსენებული აქტის საფუძველზე შპს „-----“-ს (მოიცვა 01.01.2010 წლიდან 01.01.2012 წლამდე საანგარიშო პერიოდი) მიმართ გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 02.09.2015 წლის №33093 ბრძანება, №002-180 „საგადასახადო მოთხოვნა“ და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა სულ 176872.1 ლარით. მათ შორის: ძირითადი 74321 ლარი, ჯარიმა 36025 ლარი, საურავი 66526.1 ლარი.
სს „-----“-ს საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 26.10.2017 წლის №28767 ბრძანებით, სსკ-ის 301-ე მუხლის „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით და აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 15 მაისის №57707-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ სს „-----“-ს (შემოწმების პროცესში სს „-----“) და მასთან შერწყმული შპს „-----“-ს მიმართ შედგენილ 2015 წლის 27 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ 2015 წლის 02 სექტემბრის №33093 ბრძანებას გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდის (ww.rs.ge) საშუალებით 2015 წლის 02 სექტემბერს, ხოლო 2015 წლის 02 სექტემბრის №002-180 „საგადასახადო მოთხოვნას“ გადასახადის გადამხდელი/უფლებამონაცვლე არ გაცნობია შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდის (ww.rs.ge) საშუალებით, ვერც საფოსტო დაწესებულების საშუალებით მოხდა დოკუმენტის ჩაბარება (გაიგზავნა ორჯერ ბაზაში „ORACLE“ დაფიქსირებულ იურიდიულ მისამართზე), ამიტომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად განხორციელდა აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება 2015 წლის 30 ოქტომბერს, აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა კი ჩაბარებულად ჩაითვალა 2015 წლის 19 ნოემბერს.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს სსკ-ის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად: „საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია“.
სსკ-ის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად: შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
ხოლო, ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
სსკ-ის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: „პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.“
სსკ-ის 301-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით კი დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ამავე მუხლის „ლ“ პუნქტის თანახმად გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საჩივარი არ განიხილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ნაწილში.
საქმეში არსებულ მასალებზე და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო აღნიშნავს, რომ გადამხდელის მიერ საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვადის დარღვევით. ამასთან, სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. ამდენად, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიაჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი სსკ-ის 301-ე მუხლის „ე“ და „ლ“ პუნქტების თანახმად უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – მარეგისტრირებელი ორგანო). ამავე მუხლის 31 პუნქტის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დაცული მონაცემები რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი გაუქმების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ელექტრონულად ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: მეწარმე სუბიექტი რეგისტრირდება მის მიერ განცხადებული მისამართის მიხედვით. დაინტერესებულმა პირმა იურიდიულ მისამართად უნდა მიუთითოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მისამართი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება წერილობითი შეტყობინების (კორესპონდენციის) გაგზავნა. რეგისტრირებულ მისამართზე გაგზავნის შემდეგ წერილობითი შეტყობინება (კორესპონდენცია) ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად (კორესპონდენციად).
ამავე კანონის მე-5 მუხლის „ლ“ პუნქტის თანახმად: საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს „თუ სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი იურიდიული პირია, – მისი საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ;
ამავე კანონის 51 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება გულისხმობს საწარმოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესის, გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყებისა და შეწყვეტის, ლიკვიდატორის, მეურვის, რეაბილიტაციის მმართველის ან გაკოტრების მმართველის, ასევე სარეგისტრაციო დოკუმენტის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ასახვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის №241 ბრძანების მე-7 მუხლის თანახმად, ამონაწერი რეგისტრაციიდან გარდა მეწარმე სუბიექტის რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაციისა ასევე უნდა ასახავდეს ინფორმაციას სუბიექტის სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, საიდენტიფიკაციო ნომრის, სუბიექტის რეგისტრაციის თარიღის, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელების, იურიდიული მისამართის და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ. დამატებით ინფორმაციას სუბიექტის იურიდიული მისამართისაგან განსხვავებული მისამართისა და ტელეფონის ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ.
ამავე ბრძანების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საწარმოს იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის სავალდებულოა ადგილსამყოფლის მესაკუთრის სათანადო წესით დადასტურებული თანხმობის ან ადგილსამყოფლით სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენა.
საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად: საწარმოს/ორგანიზაციის, მეწარმე სუბიექტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საგადასახადო რეგისტრაცია (აღრიცხვა) ხორციელდება იურიდიული მისამართის (ადგილსამყოფელის) მიხედვით.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მე-7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წერილობითი დოკუმენტი გადასახადის გადამხდელისათვის (გარდა ფიზიკური პირისა) ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა: სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს.
ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება – საგადასახადო დავალიანება, თუ: პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების მე-14 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი/მოადგილე შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს პირისათვის ელექტრონული და წერილობითი დოკუმენტის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარების შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
დადგენილია, რომ სს „-----“ და შპს „-----“-ს რეორგანიზაცია (შერწყმა) განხორციელდა 2011 წლის 28 დეკემბერს და იუსტიციის მინისტრის №241 ბრძანების შესაბამისად გაუქმებულად ჩაითვალა შპს „-----“-ს რეგისტრაცია. შესაბამისად, გაუქმებულად ჩაითვალა ყველა ის მონაცემი (საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი და ა.შ), რომელიც მითითებული იყო გაუქმებული მეწარმე სუბიექტის მონაცემებში და ვინაიდან გაუქმებული სუბიექტის უფლებამონაცვლე გახდა სს „-----“ დასახელებული ბრძანების მე-11 მუხლის მე-13 პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, შერწყმული/მისაერთებელი სუბიექტის მისამართად განისაზღვრა შერწყმის შედეგად წარმოშობილი ახალი სუბიექტის სს „-------“-ს მისამართი.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით შემოსავლების სამსახურისათვის მეწარმე სუბიექტის რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო 2013 წლის 13 აგვისტოდან. შესაბამისად, გაუგებარია თუ რატომ გაიგზავნა საგადასახადო ორგანოს მიერ სადაო საგადასახადო მოთხოვნა გაუქმებული სუბიექტის გაუქმებულ მისამართზე (საქმეში დაცულია შემოსავლების სამსახურის პორტალიდან ამოღებული ინფორმაცია, რომლითაც დგინდება, რომ შპს „-----“ ლიკვიდირებულია (რეესტრში) 13.08.2013 წლიდან).
დადგენილია, რომ სს „-----“ შემოწმების დროს სს „-----“ და მასთან შერწყმული შპს „------“-ს მიმართ შედგენილი 2015 წლის 27 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ 2015 წლის 2 სექტემბრის №33071(დავის საგანთან შემხებლობაში არმყოფი დოკუმენტი), №33093 ბრძანებებს და 2015 წლის 02 სექტემბრის №094-345 (ასევე დავის საგანთან შემხებლობაში არმყოფი დოკუმენტი) სს „-----“ (შპს „-----“-ს სამართალმემკვიდრე) გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდის საშუალებით 2015 წლის 02 სექტემბერს, ხოლო 2015 წლის 02 სექტემბრის №33093 ბრძანების საფუძველზე გამოცემულ №002-180 „საგადასახადო მოთხოვნას“ შპს „-----“ არ გაცნობია შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ გვერდის საშუალებით, ვერც საფოსტო საშუალებით მოხდა დოკუმენტის ჩაბარება (გაიგზავნა ორჯერ).
შესაბამისად, დასადგენია:
- ჩაითვლება თუ არა 2015 წლის 02 სექტემბრის №002-180 „საგადასახადო მოთხოვნა“ გადამხდელისათვის შპს „-----“-სთვის ჩაბარებულად იმ პირობებში, როდესაც შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალის მონაცემებით დადგენილია, რომ ეს კომპანია ლიკვიდირებულია 13.08.2013 წლიდან.
- წარმოადგენს თუ არა 2015 წლის 02 სექტემბრის №002-180 „საგადასახადო მოთხოვნით“ შპს „------“-სთვის დარიცხული თანხები აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებას და განეკუთვნება თუ არა იგი სს „-----“-ს დღეის მდგომარეობით სს „-----“ მიერ შესასრულებელ საგადასახადო ვალდებულებას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, შპს „-----“ გაეცნო მხოლოდ საგადასახადო შემოწმების აქტს და მის საფუძველზე გამოცემული 2015 წლის 02 სექტემბრის №33093 ბრძანებას, ხოლო №002-180 „საგადასახადო მოთხოვნას“ შპს „-----“ არ გაცნობია (სადაო ბრძანების პირველი გვერდი, აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 26 ოქტომბრის №21-14/33172 წერილი). შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადაო ბრძანებაში მოყვანილი მსჯელობა საგადასახადო დავალიანების აღიარებულად მიჩნევის ნაწილში არ გამომდინარეობს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის შინაარსიდან, რადგან შემოწმების აქტის ან მის საფუძველზე გამოცემული ბრძანების გაცნობა არ წამოადგენს საგადასახადო მოთხოვნის აღიარებულად ცნობის სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნული მუხლით აღიარებულად ითვლება დავალიანება რომელიც დარიცხულია საგადასახადო მოთხოვნით რომელიც კანონით დადგენილი წესით აქვს ჩაბარებული გადასახადის გადამხდელს რომელსაც გაშვებული აქვს ამ მოთხოვნის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.
რაც შეეხება საგადასახადო მოთხოვნის იურიდიულ მისამართზე ორჯერ გაგზავნას: დადგენილია, რომ საგადასახადო მოთხოვნა იგზავნებოდა გაუქმებული კომპანიის შპს „-----“-ს გაუქმებულ იურიდიულ მისამართზე მდებარე თბილისი, ------ში, ასევე ამ კომპანიის უკვე გაუქმებულ ელექტრონულ პორტალზე. შესაბამისად, შპს „------“ ვერ გაეცნობოდა მისთვის გაგზავნილ საგადასახადო მოთხოვნას.
- არსებობდა თუ არა საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელების მატერიალურ- სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების მე-14 მუხლი მიუთითებს სწორედ იმ მტკიცებულებებზე, რომელსაც უნდა შეიცავდეს შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის დასაბუთებული მიმართვა. სწორედ აღნიშნული მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს გადასახადის გადამხდელისათვის შეტყობინების ჩაბარების შეუძლებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოფიციალური დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებამდე საგადასახადო ორგანომ უნდა ამოწუროს გადამხდელისათვის შეტყობინების ჩაბარების ყველა საშუალება, უფრო მეტიც კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილი უთითებს ორ პირობაზე და დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებას ლეგიტიმურად მიიჩნევა იმ შემთხვევაში თუ, შესრულებულია შემდეგი პირობა:
ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
განსახილველ შემთხვევაში როგორც აღინიშნა არ არსებობდა აღნიშნული პირობიდან ერთ-ერთი, ვინაიდან საგადასახადო ორგანოს მიერ დოკუმენტი იგზავნებოდა გაუქმებული კომპანიის გაუქმებულ მისამართზე, მაშინ როდესაც საგადასახადო ორგანისათვის 2013 წლიდან ცნობილი იყო კომპანიის რეორგანიზაციისა და შესაბამისად ახალი მისამართის შესახებ. შესაბამისად არ არსებობდა შემოსავლების სამსახურის სადაო ბრძანებით დავალიანების აღიარებულად მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი.
- ჩაბარებულად ჩაითვლებოდა თუ არა სს „-----“-სათვის როგორც შპს „-----“-ს სამართალ მემკვიდრისათვის შპს „-----“-ს მიმართ გაუქმებულ იურიდიულ მისამართზე და გაუქმებულ ელ. პორტალზე გაგზავნილი და შპს „-----“-ს მიმართ საჯაროდ გავრცელებული საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ სს „------“-ს იურიდიული მისამართი არ ემთხვევა გაუქმებული შპს „-----“-ს ყოფილ მისამართს. სს „-----“-ს არ გააჩნია შპს „-----“-ს ყოფილ მისამართზე არანაირი სტრუქტურული ერთეული, სს „-----“-ში არ მუშაობს გაუქმებული კომპანიის არცერთი კადრი. აღნიშნული გარემოებები დადასტურდა შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვის დროს. შესაბამისად არ არსებობს დასახელებული საგადასახადო მოთხოვნის სს „-----“-თვის ჩაბარებულად ცნობის არცერთი მტკიცებულებითი საფუძველი, რაც გამორიცხავს სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში საჩივრის განხილვისას საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაშვებული იქნა შეცდომა, რადგან გაუგებარია თუ რატომ გაიგზავნა საგადასახადო ორგანოს მიერ სადაო საგადასახადო მოხოვნა გაუქმებული სუბიექტის გაუქმებულ მისამართზე.
დადგენილია, რომ სს „-----“ დღეის მდგომარეობით სს „-----“-სთვის 2017 წლის 23 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ დასახელებული №002-180 „საგადასახადო მოთხოვნით“ დარიცხული ჰქონდა 176872.1 ლარი, რომელზეც შემოსვლების სამსახურმა №12-11/25854 წერილით განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსის 56-ე მუხლის საფუძველზე სს „-----“-ს, როგორც შპს „------“-ს უფლებამონაცვლის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა რიცხული ნაშთების კორექტირება.
სს „------“-ს მიერ საჩივარი შემოსავლების სამსახურის №002-180 „საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობის თაობაზე შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში წარდგენილი იქნა 2017 წლის 21 მარტს, ე.ი. საგადასახადო კოდექსით დადგენილი ერთთვიანი ვადის დაცვით. შესაბამისად, მცდარია სადაო ბრძანებაში მოყვანილი მსჯელობა საჩივრის ხანდაზმულობის შესახებ. აღსანიშნავია ერთი გარემოებაც, რომ 2017 წლის 3 აგვისტოს №20478 ბრძანებით ერთხელ უკვე იყო სს „-----“-ს საჩივარი განუხილველად დატოვებული, თუმცა სულ სხვა (მინდობილობის ხარვეზის გამო) საფუძვლით, შესაბამისად გაურკვეველია, თუ რატომ არ მიუთითა საბჭომ ჯერ კიდევ 2017 წლის 8 აგვისტოს №20478 ბრძანებაში განუხილველად დატოვების კიდევ ორი (აღიარებული დავალიანების და საჩივრის ხანდაზმულობის) საფუძვლები.
ითხოვს, შემოსავლების სამსახურს დაევალოს მიიღოს არსებითი გადაწყვეტილება მის მიერ წარდგენილ საჩივარზე, რომელიც ეხება 02.09.2015 წლის №002-180 „საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-7, მე-9 და მე-10 ნაწილების თანხმად:
7. წერილობითი დოკუმენტი გადასახადის გადამხდელისათვის (გარდა ფიზიკური პირისა) ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა:
ა) უფლებამოსილ პირს;
ბ) პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს;
გ) სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს;
დ) საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ან/და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შესახებ უფლებამოსილი პირის ბრძანების შემთხვევაში − გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის უშუალოდ განმახორციელებელ პირს;
ე) სარეგისტრაციო დოკუმენტებით იურიდიულ მისამართად განსაზღვრულ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან პირს.
9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
10. შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ:
ე) გასულია საჩივრის წარდგენის ვადა;
ლ) გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საჩივარი არ განიხილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ნაწილში.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განმარტებულია, რომ, აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა – საგადასახადო დავალიანება, თუ:
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.
საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „-----“-ს მიმართ 27.08.2015 წელს შემდგარია შემოწმების აქტი და მის საფუძველზე გამოცემულია აუდიტის დეპარტამენტის 02.09.2015 წლის №33093 ბრძანება, №002-180 „საგადასახადო მოთხოვნა“. ასევე დგინდება, რომ ხსენებული საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების გაუქმების თაობაზე, მომჩივნის, სს „-----“-ს (ყოფილი სს „-----“-ს, რომელთანაც შერწყმულია შპს „-----“) საჩივარი შემოსავლების სამსახურის 26.10.2017 წლის №28767 ბრძანების თანახმად დარჩა განუხილველი სსკ-ის 301-ე მუხლის „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, რადგან მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ საჩივარი წარდგენილია გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (გაშვებულია) და სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებით გადაწყვეტილებას აფუძნებს იმ გარემოებებზე, რომ შემოწმების აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ 2015 წლის 2 სექტემბრის №33093 ბრძანებას სს „------“ (სს „------“) გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდის (ww.rs.ge) საშუალებით 2015 წლის 2 სექტემბერს, ხოლო 2015 წლის 2 სექტემბრის №002-180 „საგადასახადო მოთხოვნას“ გადასახადის გადამხდელი/უფლებამონაცვლე არ გაცნობია შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდის (ww.rs.ge) საშუალებით და ვერც საფოსტო დაწესებულების საშუალებით მოხდა დოკუმენტის ჩაბარება. ასევე აღნიშნავს, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გაიგზავნა ორჯერ, ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირებულ მისამართზე და შემდგომ განხორციელდა საჯაროდ გავრცელება 30.10.2015 წელს, ხოლო ჩაბარებულად ჩაითვალა 19.11.2015 წელს.
მომჩივანი არ ეთანხმება საჩივრის განუხილველად დატოვებას და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის პორტალიდან ამოღებული ინფორმაციითაც დგინდება, რომ შპს „------“ ლიკვიდირებულია (რეესტრში) 13.08.2013 წლიდან, შესაბამისად, მეწარმე სუბიექტის რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო 2013 წლის 13 აგვისტოდან. ამდენად, გაუგებრად მიაჩნია რატომ გაიგზავნა სადაო საგადასახადო მოთხოვნა გაუქმებული სუბიექტის გაუქმებულ მისამართზე. სს „-----“ (შპს „-------“-ს სამართალმემკვიდრე) გაეცნო ელექტრონულად 2015 წლის 27 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ 2015 წლის 2 სექტემბრის №33093 ბრძანებას შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდის საშუალებით 2015 წლის 2 სექტემბერს, ხოლო მათ საფუძველზე გამოცემულ 02.09.2015 წლის №002-180 „საგადასახადო მოთხოვნას“ შპს „-----“ არ გაცნობია შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ გვერდის საშუალებით, ვერც საფოსტო საშუალებით მოხდა დოკუმენტის ჩაბარება (თუმცა გაიგზავნა ორჯერ). ამასთან მიიჩნევს, რომ საგადასახადო კანონმდებლობით შემოწმების აქტის ან მის საფუძველზე გამოცემული ბრძანების გაცნობა არ წამოადგენს საგადასახადო მოთხოვნის აღიარებულად ცნობის სამართლებრივ საფუძველს და, რომ აღიარებულად ითვლება დავალიანება რომელიც დარიცხულია საგადასახადო მოთხოვნით რომელიც კანონით დადგენილი წესით აქვს ჩაბარებული გადამხდელს რომელსაც გაშვებული აქვს ამ მოთხოვნის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა. ითხოვს დაევალოს შემოსავლების სამსახურს მიიღოს არსებითი გადაწყვეტილება მის მიერ წარდგენილ საჩივარზე, რომელიც ეხება აუდიტის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
აუდიტის დეპარტამენტი 21.11.2017 წლის №142002-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით არ წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული ინფორმაციისგან განსხვავებულ გარემოებას.
ამდენად, წარმოდგენილი ინფორმაციით იკვეთება, რომ შპს „------“-ს მიმართ შედგენილ 2015 წლის 27 აგვისტოს შემოწმების აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 2 სექტემბრის №33093 ბრძანებას, შემოწმების პროცესში სს „-----“-ის მიმართ გამოცემულ ამავე 2015 წლის 27 აგვისტოთი დათარიღებულ შემოწმების აქტთან, მის საფუძველზე გამოცემულ აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 2 სექტემბრის №33071 ბრძანებასთან და 2015 წლის 2 სექტემბრის №094-345 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ ერთად სს „-----“ შემდგომში სს „----“ გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით 2015 წლის 2 სექტემბერს. ხოლო, ამავე შპს „-----“-ს მიმართ გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 2 სექტემბრის №002-180 „საგადასახადო მოთხოვნას“ გადამხდელი/უფლებამონაცვლე ელექტრონულად არ გაცნობია და ვერ საფოსტო დაწესებულების საშუალებით ვერ მოხდა მისთვის ჩაბარება. აუდიტის დეპარტამენტი წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულის შემდგომ სსკ-ის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად განახორციელა შპს „------“-ს მიმართ გამოცემული 2015 წლის 2 სექტემბრის №002-180 „საგადასახადო მოთხოვნის“ საჯაროდ გავრცელება 2015 წლის 30 ოქტომბერს და, რომ ამავე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად ჩაბარებულად ჩაითვალა 2015 წლის 19 ნოემბერს.
აუდიტის დეპარტამენტი ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე დამატებით წარმოადგენს საფოსტო გზავნილების შესახებ მტკიცებულებებს, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გაიგზავნა საფოსტო დაწესებულების მეშვეობით 2-ჯერ, მაგრამ არა უფლებამონაცვლის მისამართზე, (შემოწმების პროცესში სს „-----“-ს და შემდგომში სს „-----“-ს ელექტრონულ ვებ გვერდზე (როგორც ეს განახორციელა საგადასახადო ორგანომ შემოწმების აქტის და თანხების დარიცხვის თაობაზე ბრძანების შემთხვევაში)). არამედ შპს „-----“-ს ვებ-გვერდზე(www.rs.ge) და ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირებულ იურიდიულ მისამართზე: ------- ქ. №---- და ორივეჯერ დაბრუნდა მიზეზით: „ადრესატი არ იმყოფება მისამართზე“.
ამგვარად, ადრესატის მიმართ გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ იგზავნებოდა მისამართზე, რომელზეც ადრესატი აღარ იმყოფებოდა, მაშინ როდესაც შემოწმების აქტი და მის საფუძველზე თანხების დარიცხვის თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება გაიგზავნა ელექტრონულად მისი სამართალმემკვიდრის, სს „-----“-ს, შემდგომში სს „-----“-ს ელექტრონულ ვებ -გვერდზე.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ სს „-----“-ს არ გააჩნია შპს „-----“-ს ყოფილ მისამართზე არანაირი სტრუქტურული ერთეული, სს „-----“-ში არ მუშაობს გაუქმებული კომპანიის არცერთი კადრი. აუდიტის დეპარტამენტი კი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას რაც აღნიშნულის საწინააღმდეგოდ გამოდგებოდა და არც განმარტებას სადავო საგადასახადო მოთხოვნის (შემოწმების აქტისა და დარიცხვის ბრძანებისაგან განსხვავებით) შპს „-----“-სთვის მის იურიდიულ მისამართზე გაგზავნის მიზანშეწონილობაზე, მიუხედავად გადამხდელის ელექტრონულ ვებ-გვერდზე მითითებული კომენტარისა, რომ „ლიკვიდირებულია (რეესტრში) 13.08.2013 წლიდან საჯაროდან - რეორგანიზებულია“.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 2 სექტემბრის №002-180 „საგადასახადო მოთხოვნას“ გადამხდელი/უფლებამონაცვლე ელექტრონულად არ გაცნობია და ვერც საფოსტო დაწესებულების საშუალებით ვერ მოხდა გადამხდელისათვის ჩაბარება, ხოლო უფლებამონაცვლის მისამართზე გაგზავნის ფაქტი არ დასტურდება, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე არამართლზომიერია, იგი უნდა გაუქმდეს და საჩივარი არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.10.2017 წლის №28767 ბრძანება;
3. საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.