გადაწყვეტილება №27865/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
05 ოქტომბერი 2026
27865/2/2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----- (ს/ნ ----- )
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 01.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 28.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27865/2/2026).
დავის საგანი:
საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 16.06.2026 წლის N EL317259 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 09.07.2026 წლის N 15412 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 718,71 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
25.05.2026 წელს საფოსტო გადამზიდავ შპს ----- მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ----- სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი N ----- საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით – 95,99 -----.
----- კუთვნილი საფოსტო გზავნილი დეკლარირებული იყო 95,99 -----, მისი ზოგადი დეკლარირება განხორციელდა საფოსტო გზავნილების დეკლარაციით, რომელიც საქონლის ზოგადი დეკლარირების დოკუმენტთან ერთად, წარმოადგენს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის დეკლარაციას და მისი თითოეული სტრიქონი (თითოეულ საფოსტო გზავნილზე) ითვლება ცალკე საბაჟო დეკლარაციად. ამანათზე საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გამოვლინდა საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობა. კერძოდ, 95,99 ----- ნაცვლად, საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის (მობილური ტელეფონი) ღირებულებამ, საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 12.06.2026 წლის N ----- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგინა 1 503,16 -----. შესაბამისად, გამოვლინდა იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება 718,71 ლარით.
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანას, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. აღნიშნულის გათვალისწინებით, 16.06.2026 წლის N EL317259 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 718,71 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 09.07.2026 წლის N 15412 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) 31-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 167-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
დადგენილია, რომ მომჩივნის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი N ----- საფოსტო გზავნილის (მობილური ტელეფონი) ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 95,99 -----. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი მობილური ტელეფონის ღირებულებამ შეადგინა 1 503,16 -----. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის 718,71 ლარით შემცირების ფაქტს, რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საჩივარში მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მომჩივნის მიერ არ არის შესრულებული საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლით (რეექსპორტის გამოყენება) გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, არ განხორციელებულა დეფექტიანი საქონლის რეექსპორტი. შესაბამისად, არ დგინდება, რომ საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონელი წარმოადგენდა უკვე შეძენილი და გაფორმებული ნივთის უფასო ჩანაცვლებას.
საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და არგუმენტები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
მომჩივანი მიუთითებს, რომ ფლობდა ----- სმარტფონს, IMEI: -----. ტელეფონს წარმოეშვა ქარხნული დეფექტები - კვების ელემენტის პრობლემა და ეკრანის გამართულობის პრობლემა. 2026 წლის 2 მაისს ----- -მა დაადასტურა მომჩივნის მიერ შეძენილი ნივთზე საგარანტიო შეცვლის მოთხოვნა და მიანიჭა RMA ნომერი RMA----- (ემეილი: ----- ). ----- ოფიციალურ ინსტრუქციაში (Return instructions) მითითებული იყო, რომ პირველ რიგში უნდა გამგზავნა დეფექტიანი მოწყობილობა ---- -ის მეშვეობით, რაც შეასრულა, დეფექტიანი მოწყობილობა საქართველოს ტერიტორიიდან გავიდა შემცვლელი მოწყობილობის შემოსვლამდე.
დეფექტიანი მოწყობილობის მიღების შემდეგ ----- -მა 2026 წლის 12 მაისს გამოუგზავნა შემცვლელი მოწყობილობა - -----, IMEI: -----. შემცვლელი უფრო ახალი მოდელია იმ მიზეზით, რომ ----- -ის მარაგი ამოწურული იყო. ეს ----- -ის სტანდარტული საგარანტიო პრაქტიკაა და ნივთის ღირებულებაზე გავლენას არ ახდენს. ----- -ის ორივე ოფიციალური ემეილი ადასტურებს: Estimated subtotal ----- 0.00, Shipping ----- 0.00, Estimated tax ----- 0.00, Total ----- 0.00. კომერციული გარიგება არ განხორციელებულა.
საფოსტო გზავნილი N ----- საქართველოში შემოვიდა 2026 წლის 27 მაისს. საბაჟო გაფორმებისას სისტემური ტექნიკური შეზღუდვის გამო (0 მნიშვნელობის შეტანა შეუძლებელი იყო) დეკლარაციაში მიეთითა 95,99 ----.
2026 წლის 16 ივნისს შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი N EL317259, რომლითაც დაეკისრა ჯარიმა - 718,71 ლარი. ასევე დაერიცხა დღგ - 718,71 ლარი. 2026 წლის 22 ივნისს შეიტანა საჩივარი (N ----- /1/2026). 2026 წლის 9 ივლისის N 15412 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის მთავარი არგუმენტი იყო, რომ არ განხორციელდა დეფექტიანი საქონლის რეექსპორტი და შესაბამისად ვერ დგინდება საგარანტიო ჩანაცვლების ფაქტი. ეს დასკვნა ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.
საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული რეექსპორტი გულისხმობს საქართველოში შემოტანილი უცხოური საქონლის უკან გატანას. ამ შემთხვევაში დეფექტიანი მოწყობილობა ----- -ს გაუგზავნა მისივე ოფიციალური ინსტრუქციის შესაბამისად, ჯერ კიდევ შემცვლელი მოწყობილობის მიღებამდე - ანუ ერთი მოწყობილობა გავიდა ქვეყნიდან, ერთი შემოვიდა. ეს არის საგარანტიო გაცვლა და არა ახალი შეძენა.
თანდართული ----- -ის 2026 წლის 2 მაისის ემეილი შეიცავს დეტალურ Return instructions-ს, სადაც პირდაპირაა მითითებული ვალდებულება მოწყობილობის შეფუთვისა და ----- -ის პუნქტში ჩაბარების თაობაზე, ასევე დეფექტიანი მოწყობილობის IMEI: -----. ეს დოკუმენტი უტყუარად ადასტურებს ჩანაცვლების ფაქტს.
ორივე თანდართული ემეილი ეხება ერთსა და იმავე RMA ნომერს - RMA ----- - და ორივეში ღირებულება მითითებულია ----- 0.00-ად. ეს არის ობიექტური, დამოუკიდებელი მტკიცებულება, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ შეფასდა.
საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ძირითადი მეთოდი არის ტრანზაქციის ღირებულების მეთოდი. საგარანტიო ჩანაცვლების შემთხვევაში ნასყიდობა არ არსებობს და ტრანზაქციის ღირებულება ნულია. ექსპერტიზის N -----/2026 დასკვნით განსაზღვრული 1 503,16 ----- ასახავს ანალოგიური ნივთის საბაზრო ფასს და არა ამ კონკრეტული გზავნილის ღირებულებას.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. მომჩივნის მხრიდან იმპორტის გადასახდელის შემცირების განზრახვა არ არსებობდა - 95,99 ----- მიეთითა სისტემური ტექნიკური შეზღუდვის გამო, ვინაიდან 0 მნიშვნელობის შეტანა შეუძლებელი იყო. ამასთან, ნივთის რეალური ღირებულება ნულოვანია, შესაბამისად იმპორტის გადასახდელი საერთოდ არ წარმოიშობოდა.
ვინაიდან ნივთის სწორი საბაჟო ღირებულება ნულია, ზედმეტად არის გადახდილი როგორც იმპორტის მოსაკრებელი (100 ლარი), ისე ექსპერტიზის მოსაკრებელი (119,89 ლარი), რომელიც არასწორი საფუძვლით დანიშნული ექსპერტიზის ხარჯია.
სრულად უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 09.07.2026 წლის N 15412 ბრძანება და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი N EL317259 და დაკისრებული ჯარიმა 718,71 ლარი.
უნდა გაუქმდეს საბაჟო დეკლარაციით დარიცხული დღგ 718,71 ლარის ოდენობით და საბაჟო ღირებულება უნდა განისაზღვროს ტრანზაქციის ღირებულების მიხედვით. უნდა დაბრუნდეს ზედმეტად გადახდილი იმპორტის გადასახდელი 100 ლარი და ზედმეტად გადახდილი ექსპერტიზის მოსაკრებელი 119,89 ლარი.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო - ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება, ეს საქონელი შეიძლება რეექსპორტს დაექვემდებაროს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი N 8-VIII-05).
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.
საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი არ არის.
საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ 25.05.2026 წელს საფოსტო გადამზიდავ შპს ----- მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ----- სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი N ----- საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით – 95,99 -----. ამანათზე საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გამოვლინდა საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობა. კერძოდ, 95,99 ----- ნაცვლად, საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის (მობილური ტელეფონი) ღირებულებამ, საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 12.06.2026 წლის N -----/2026 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგინა 1 503,16 -----. შესაბამისად, გამოვლინდა იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება 718,71 ლარით.
საჩივარში მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით, საბაჟო დეპარტამენტი 03.08.2026 წლის N ----- -21-10 წერილში მიუთითებს, რომ ----- მიერ არ შესრულებულა საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, არ განხორციელებულა დეფექტიანი საქონლის რეექსპორტი. შესაბამისად, ვერ დგინდება ----- მიერ საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონელი ნამდვილად წარმოადგენდა თუ არა უკვე შეძენილი და გაფორმებული ნივთის უფასო ჩანაცვლებას. ამასთანავე, ვინაიდან მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ნივთის ნასყიდობის დოკუმენტი, საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით დაინიშნა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა 1 503,16 -----.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ არ განხორციელებულა კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესრულება, რომლის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა დეკლარირებული ნივთის ჩანაცვლებით მიღებულად განხილვა, ხოლო საფოსტო გადამზიდავის მიერ მომჩივნის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი ნივთის დეკლარირებისას მითითებული იყო არასწორი ღირებულება, საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ღირებულების განსაზღვრისა და იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებულად მიჩნევაზე მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა მართებულია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გამოვლინდა იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება. საბაჟო ორგანომ მომჩივანს დააკისრა ჯარიმა, რომელიც შემდგომ გასაჩივრდა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება:
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნისთვის დაკისრებული ჯარიმა მართებულია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167(1); 160(3);