ბრძანება N 3213
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3213
13 თებერვალი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ----- (პ/ნ -----) (მის.: ----- )
2026 წლის 29 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი N 14) განიხილა ფ/პ ----- (პ/ნ ----- ) N 100465/1/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 31 დეკემბრის N EL304812 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მობილური ტელეფონი და ერთი მაჯის საათი იყო პირადი მოხმარებისთვის, ხოლო მეორე მაჯის საათი განკუთვნილი იყო საჩუქრად და მისი ღირებულება ნაკლებია ექსპერტიზის მიერ განსაზღვრულ ღირებულებასთან შედარებით, ხოლო მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ღირებულებასთან დაკავშირებით არ იქნა გათვალისწინებული. მიაჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია საქონლის მალულად შემოტანას. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 26 დეკემბერს რეისით ----- - ----- ჩამოფრინდა საქართველოს მოქალაქე -----. პირს დეკლარირების მოთხოვნით არ მიუმართავს გამშვები პუნქტის თანამშრომლებისთვის. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ, მებაჟე - ოფიცრის მიერ შეჩერებულ იქნა იმ მომენტში, როცა გაიარა მწვანე დერეფანში და ტოვებდა საბაჟო კონტროლის ზონას. მგზავრს განემარტა, რომ მისი კუთვნილი ხელბარგი ექვემდებარებოდა დათვალიერებას. დათვალიერება განხორციელდა ხელბარგის სკანერის საშუალებით, რომლის დროსაც მგზავრის პირად ნივთებთან ერთად, აღმოჩენილ იქნა გარკვეული რაოდენობის მობილური ტელეფონი. დამატებით დათვალირებისთვის და ტელეფონების მოდელების იდენტიფიცირებისთვის მოქალაქე გადამისამართდა ბარგის და ხელბარგის ფიზიკური დათვალიერებისთვის განკუთვნილ ოთახში. დეტალური დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ პიროვნება გადაადგილებდა დაუდეკლარირებელ 3 ერთეულ ----- - ის მარკის მობილურ ტელეფონს ( ----- ) ცალი, ----- 1 ცალი), 2 ცალ მაჯის საათს და ერთ ცალ მობილური ტელეფონის დამცავ ქეისს (აღნიშნულ ქეისში განთავსებული იყო 3 მობილური ტელეფონიდან ერთ-ერთი).
----- მიერ ფიზიკურად არ მომხდარა შესყიდვის დოკუმენტის წარდგენა. მოქალაქე ამყარებდა სატელეფონო კავშირს პიროვნებასთან, რომელმაც, როგორც საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის გახდა ცნობილი, გამოუგზავნა მგზავრს არასრული დოკუმენტი. არსებული გარემოებიდან გამომდინარე, მებაჟე ოფიცერი მობილური ტელეფონით ნაჩვენებ, არასრული დოკუმენტს ვერ გაითვალისწინებდა და არადეკლარირებული მობილური ტელეფონების საბაჟო ღირებულების დადგენისა და სანქციის შეფარდების მიზნით, დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა და 2025 წლის 30 დეკემბრის N ----- ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, საბაჟო ღირებულებამ შეადგინა ----- ლარი.
ვინაიდან, მომჩივანი გადაადგილებდა 10760 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებულ საქონელს საბაჟო კონტროლისგან მალულად, 2025 წლის 31 დეკემბერს შედგენილ იქნა N EL304812 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----- დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით - 10760 ლარი.
----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით N EL304812 გათვალისწინებული ჯარიმის თანხა სრულად გადაიხადა, რის შემდგომაც მან ასევე გადაიხადა საქონლის იმპორტის საბაჟო პროცედურაში მოქცევისთვის კუთვნილი გადასახდელები (საბაჟო დეკლარაცია ფორმა 4 - N -----).
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნტის მიხედვით, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა არადეკლარირებული საქონლის (3 ერთეულ ----- - ის მარკის მობილურ ტელეფონს (----- 2 ცალი, ----- 1 ცალი), 2 ცალ მაჯის საათს და ერთ ცალ მობილური ტელეფონის დამცავ ქეისს) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „----- აეროპორტი და ----- ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონას” კონტროლის ზონაში, ჩამოფრენის დარბაზში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მწვანე და წითელ დერეფნებზე განთავსებულია აღნიშვნები მგზავრთა უფლებებისა და შეღავათების შესახებ. კერძოდ, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციების შევსება მგზავრების მიერ ქვეყანაში ჩამოსვლის დროს შესაძლებელია აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზის პირველ სართულზე და დაინტერესების შემთხვევაში აღნიშნული ადგილის პოვნა მარტივია. აგრეთვე საავიაციო უსაფრთხოების და საპასპორტო კონტროლის განხორციელებამდე დამატებით ნათლად არის მინიშნებები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. თავდაპირველად წითელი დერეფანი მოქალაქეს აფრთხილებს შემდეგი წარწერით: „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ საბაჟო ორგანოს“, აღნიშნულის შემდეგ ვიდრე კონკრეტულად საავიაციო უსაფრთხოების შემოწმებისთვის გათვალისწინებულ ზონაში შევა მგზავრი, გაივლის გასასვლელს სადაც მწვანე დერეფანზე დატანილია შემდეგი წარწერა: „არ ექვემდებარება დეკლარირებას“.
საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება საქონლის ღირებულებას, ----- მიერ ფიზიკურად არ მომხდარა შესყიდვის დოკუმენტის წარდგენა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ ----- (პ/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ.N 16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
მოქალაქე საბაჟო კონტროლის ზონაში მწვანე დერეფნით გადაადგილდებოდა დაუდეკლარირებელი საქონლით - 3 მობილური ტელეფონით, 2 მაჯის საათით და ქეისით. ექსპერტიზის შედეგად განისაზღვრა საქონლის საბაჟო ღირებულება, შედგა სამართალდარღვევის ოქმი და დაეკისრა ჯარიმა 100%-ის ოდენობით რომელიც მომჩივანმა სრულად გადაიხადა.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(1);.