ბრძანება N 9258-3

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.03.2020
№ დოკუმენტი 9258-3
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 9258

26/03/2020

შპს -----

(მის.: ქ.------- )

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- ს 2019 წლის 20 დეკემბრის №265695/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 ნოემბრის №094-218 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

გადამხდელი არ ეთანხმება არაიდენტიფიცირებული პირების მიმართ აღრიცხული დებიტორული მოთხოვნის მოგების და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში საქონლის მიწოდებას ახორციელებდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, სასაქონლო ზედნადებებით და ინვოისებით, ამდენად, არაიდენტიფიცირებულ პირებზე რეალიზებული პროდუქცია ასახულია და დაბეგრილია შესაბამისი პერიოდების დეკლარაციებში. მომჩივანი ასევე განმარტავს, რომ მის მიერ წარდგენილ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში დებიტორების ჩამონათვალს ქვესათაურად ჰქონდა „არაიდენტიფიცირებადი პირები“, თუმცა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები, რეალურად წარმოადგენენ საქართველოს რეზიდენტ პირებს და მათი არაიდენტიფიცირებად პირებად მოხსენიება სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაციაში გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ მათზე სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის მომენტში ვერ დადგინდა მათი ფაქტიური მისამართები. ამასთან, დავალიანება აღნიშნულ პირებზე კომპანიის ბალანსზე ირიცხება 2010 წლიდან და შეადგენს 125 276.27 ლარს, ნაცვლად აქტში დაფიქსირებული 147 384 ლარისა;

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დადგენილების და შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 02 აგვისტოს №26847 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს საქმიანობის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 20 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2019 წლის 22 ნოემბრის №40629 ბრძანება და 25 ნოემბრის №094-218 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 319 963,55 ლარი, მათ შორის, გადასახადი 196 190 ლარი, ჯარიმა 93 733 ლარი, საურავი 30 040,55 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან მიმართებაში დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

„გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაციით, მათ შორის, წერილობითი განმარტებით დგინდება, რომ საწარმოს ბუღალტრულად აღრიცხული აქვს დებიტორული მოთხოვნა არაიდენტიფიცირებული პირების მიმართ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, არაიდენტიფიცირებული პირების მიმართ არსებული დებიტორული მოთხოვნა საგადასახადო შემოწმების მიერ განხილულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.“

შემოსავლების სამსახური მესამე სადავო საკითხის განხილვის შედეგად მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე,რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს: ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა; ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია,თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების გადაცემა, რომელიც ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაბეგრილია გადახდის წყაროსთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექს ის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულად აღრიცხული აქვს საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი მოთხოვნა (დებიტორული დავალიანება) ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სასამართლო დავა, რომლის შედეგად, საწარმოს საჩივარი ფიზიკური პირების მიმართ საქონლის მიწოდებით წარმოქმნილ დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.

გადასახადის გადამხდელმა ზეპირი მოსმენისას განაცხადა, რომ საბუღალტრო პროგრამასა და სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაციაში ფიზიკური და იურიდიული პირების მოხსენიება არაიდენტიფიცირებად პირებად გამოწვეულია მათზე სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის მომენტში აღნიშნული პირების მისამართების მოუძიებლობით.

საქმეში არსებულ მასალებსა და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, ასევე, ზეპირი მოსმენისას გამოთქმული მოსაზრებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ: ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი დებიტორული მოთხოვნები არ არის კომპანიის მიერ ჩამოწერილი/ნაპატიები, ასევე მტკიცებულებები დებიტორი პირების იდენტიფიცირებისა და მათთან დადებული ორმხრივი შედარების აქტების შესახებ. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს ----- ს 2019 წლის 20 დეკემბრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან მიმართებაში, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ: ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი დებიტორული მოთხოვნები არ არის კომპანიის მიერ ჩამოწერილი/ნაპატიები, ასევე მტკიცებულებები დებიტორი პირების იდენტიფიცირებისა და მათთან დადებული ორმხრივი შედარების აქტების შესახებ. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება არაიდენტიფიცირებული პირების მიმართ აღრიცხული დებიტორული მოთხოვნის მოგების და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელს ბუღალტრულად აღრიცხული აქვს საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი მოთხოვნა (დებიტორული დავალიანება) ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სასამართლო დავა, რომლის შედეგად, საწარმოს საჩივარი ფიზიკური პირების მიმართ დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. გადამხდელმა ზეპირი მოსმენისას განაცხადა, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების მოხსენიება არაიდენტიფიცირებად პირებად გამოწვეულია მათზე სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის მომენტში აღნიშნული პირების მისამართების მოუძიებლობით. ზემოაღნიშნულ დებიტორულ დავალიანებზე გადამხდელს შემოწმებით განესაზღვრა ძირითადი გადასახადი, ჯარიმა და საურავი.

 

გადაწყვეტილება

 

გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ: ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი დებიტორული მოთხოვნები არ არის კომპანიის მიერ ჩამოწერილი/ნაპატიები, ასევე მტკიცებულებები დებიტორი პირების იდენტიფიცირებისა და მათთან დადებული ორმხრივი შედარების აქტების შესახებ. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 97(1,,გ“); 983(3,,ბ“); 275