გადაწყვეტილება №25619/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25619/2/2025
02 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ ----------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------ს 9.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25619/2/2025).
დავის საგანი:
შემოწმებით განსაზღვრული განკარგვადი თანხის ოდენობა და აღნიშნული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივნისის №024-28 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 22 ივლისის №16440 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 65 423,14 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 41 945,61
დღგ - 1 426,56
მოგების გადასახადი - 11 117,65
საშემოსავლო გადასახადი - 29 401,40
ჯარიმა - 20 972,60
საურავი - 2 504,93
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა არმატურით საბითუმო ვაჭრობა. იშვიათ შემთხვევაში ეწევა ტვირთის გადაზიდვის მომსახურებას.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდი.
შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 30 მაისს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში გაანგარიშდა ნაღდი ფულის მოძრაობა და ფულის ნაშთი. განკარგვადი თანხა მიჩნეულ იქნა საწარმოს ხელმძღვანელზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა 2025 წლის 3 ივნისის №11315 ბრძანება და 4 ივნისის №024- 28 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 22 ივლისის №16440 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს გადაიხედოს საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის ნაწილში გამოცემული აქტი და შემდგომ გამოიცეს ახალი საგადასახდო მოთხოვნა, დღგ-ის ნაწილს და მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხვას არ ასაჩივრებს დარიცხული დღგ-ის თანხის სიმცირის გამო და მოგების ნაწილში იმის გამო რომ შემდგომში შესაძლებელია მისი შემცირება იმ შემთხვევაში თუ სესხად გაცემული თანხა 60 000 ლარი ანგარიშვალდებულ პირზე დაბრუნდება.
საშემოსავლო გადასახადში აქტით დაერიცხა 29 401,4 ლარი, პლიუს ჯარიმა და საურავები. შესამოწმებელი პერიოდში დადეკლარირებული და ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია 71 142 ლარი დღგ-ის თანხა, საიდანაც უმარტივესი გამოთვლით შეიძლება დადგინდეს თუ რა თანხა შეიძლებოდა დარჩენილიყო ფირმაში თუ ყველა დებიტორს გადახდილი ექნებოდა მიწოდებული საქონლის საფასური და ასევე გადახდილი ექნებოდა მომწოდებლის დავალიანება, რაც გამოდის ასევე საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა უმოკლესი გზით 394 994,44 ლარი ( გაშიფვრა 71099/0,18=394994).
ამავე პერიოდში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებით მარტივად შეგვიძლია ინახოს რა თანხა დაერიცხა შპს-ს და საიდან იყო დასაბეგრი ბაზა, ანუ იგივე შესამოწმებელ პერიოდში საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრა 361 150 ლარი, ამ თანხის 20 პროცენტი 72 230 ლარი. ანუ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით მომჩივანმა გადაიხადა ბიუჯეტში 72 230 ლარი, რომელიც გამოიანგარიშა (გაანგარიშება 361150*0,2=72230).
გამოდის, რომ შპს-ს პირობითად დასაბეგრი შესამოწმებელი პერიოდში დღგ-ის გარეშე თანხა ჰქონდა 394 994,44 ლარი, საიდანაც საშემოსავლო გადასახადით დაბეგრა 361 150 ლარი და ამათ შორის სხვაობა გამოვიდა მხოლოდ 33 844,44 ლარი. ანუ პირობითად ბიუჯეტისთვის იმდენი თანხა არ დაუკლია და თითქმის სრულად მოხდა ფასთაშორის სხვაობიდან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, თუ მოხდება იმის გათვალისწინება, რომ 60 000 ლარი სესხად გასცა გამოდის იმაზე მეტი დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით ვიდრე ფირმაში დასაბეგრი თანხა უნდა ყოფილიყო. გამოდის მხოლოდ სესხის ნაწილში უნდა მომხდარიყო მოგების გადასახადის დარიცხვა, რადგან გაასესხა თანხა და არ დაბეგრა მოგების გადასახადით. ყველა თანხა რაც დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით გადარიცხულია ფირმის ანგარიშიდან ფიზიკურ პირებზე (თანამშრომლებზე და მოიჯარეზე) და იმ დღითვე ჩარიცხულია საშემოსავლო გადასახადი.
ყოველივე ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან გამოდის, რომ ბიუჯეტისთვის არანაირი ზარალი საშემოსავლო გადასახადის ნაწილში არ მიუყენებია. საჩივარს ურთავს საშემოსავლო გადასახადის და დღგ-ის დეკლარაციების ცხრილს შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისად.
ყოველივე ზომოთ მოყვანილი ფაქტების მიხედვით ითხოვს აქტის გადაანგარიშებას და ახალი დარიცხვის ბრძანების გამოცემას. ასევე ითხოვს იმ ფაქტის გათვალისწინებას, რომ არის კეთილსინდისიერი და დროულად და ჯეროვნად იხდის გადასახადებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ შემოწმების შედეგად გაანგარიშდა ნაღდი ფულის მოძრაობა და ფულის ნაშთი. განკარგვადი თანხა კი განხილულ იქნა საწარმოს ხელმძღვანელზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნული განაცემი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე, საკითხის ზეპირ განხილვაზე განაცხადა, რომ სადავო საკითხი მომჩივანთან გავლილია. მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ წარედგინა მის ხელთ არსებული დოკუმენტაცია, თუმცა მომჩივანს დამატებით, რაიმე სახის მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. საჩივარზე დართულ ცხრილებთან დაკავშირებით, შემმოწმებელმა განმარტა, რომ ეს არის მხოლოდ დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განხორციელებულ დარიცხვას საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის ნაწილში, მაგრამ არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/დოკუმენტს, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოწმებით განსაზღვრული განკარგვადი თანხის ოდენობა და აღნიშნული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდი.შემოწმების შედეგები აისახა შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში გაანგარიშდა ნაღდი ფულის მოძრაობა და ფულის ნაშთი. განკარგვადი თანხა მიჩნეულ იქნა საწარმოს ხელმძღვანელზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა №11315 ბრძანება და №024- 28 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №16440 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“ ); 101(1); 154(1 „ა“);