ბრძანება № 32089
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 32089
19 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 29 ოქტომბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 და 30 ნოემბრის სხდომებზე (ოქმები №122 და №124) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ -------------) 2023 წლის 29 ოქტომბრის №84444/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 სექტემბრის №002-216 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება „-----------“ თანხების არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტზე გაცემული სესხის მოგების გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ ახლად აღმოჩენილმა გარემოებებმა შესაძლოა შეცვალოს მოცემული დარიცხვის საფუძველი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 იანვრის №186 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 21 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 27 სექტემბრის №23702 ბრძანება და 28 სექტემბრის №002-216 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 2 566 491 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 314 566 ლარი, ჯარიმა 657 283 ლარი, საურავი 594 642 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს „------------“ წარმოადგენს საზღვაო კომპანიას, რომელიც ეწევა როგორც იჯარით აღებული გემების ექსპლუატაციას, ასევე მათ შეკეთება-რემონტს. კომპანია სპეციალიზირებულია საქონლის საზღვაო ტრანსპორტირებაში, ამასთან სთავაზობს გემების შეკეთების მომსახურებას სხვადასხვა გემთმშენებლობებს. შპს „-----------“ არ ყავს დაქირავებული თანამშრომლები. საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებას ახორციელებს დაქირავებული ეკიპაჟის მეშვეობით. გარდა ეკიპაჟის მომსახურებისა, გადაზიდვების ხარჯში შედის გემების შეკეთება-რემონტი, პორტში დგომის საფასური, ბუქსირება დატვირთვის/ჩამოტვირთვის მომსახურება და სხვა, გემის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მომსახურებები. რაზეც გადამხდელს აქვს შესაბამისი პირველადი დოკუმენტაცია. გარდა ამისა შპს „---------“ უფიქსირდება ხარჯი ე.წ. „cash to master“ რაც წარმოადგენს კაპიტნისთვის ბორტზე გადაცემულ ნაღდ ფულს გაუთვალისწინებელი საჭიროებებისათვის. რეისის ბოლოს კაპიტანი ვალდებულია დამქირავებელს წარუდგინოს დეტალური ხარჯთაღრიცხვა მისთვის გადაცემული თანხის ხარჯვისა და მიზნობრიობის შესახებ. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების, საბანკო ამონაწერების და საბუღალტრო პროგრამის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ხშირ შემთხვევებში კაპიტნისთვის ხელზე გადაცემული ნაღდი ფული თითქმის უტოლდება ან აჭარბებს ეკიპაჟის დაქირავების ხარჯს. ამასთან, გადამხდელს არ გააჩნია არანაირი დამატებითი დოკუმენტი აღნიშნული თანხის მიზნობრიობის და ხარჯვის შესახებ. შედეგად, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის თანახმად ე.წ. „cash to master“ თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების, საბანკო ამონაწერების და საბუღალტრო პროგრამის ანალიზის შედეგად გამოვლინდა რომ გადამხდელს გაცემული აქვს სესხი არარეზიდენტზე, რომელიც არ აქვს დაბეგრილი მოგების გადასახადით. შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის თანახმად არარეზიდენტზე გაცემული სესხის თანხები დაიბეგრა კუთვნილი მოგების გადასახადით. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება
ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;
ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება „----------“ თანხების არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ კომპანიას გარკვეულ საანგარიშო პერიოდებში გაწეული აქვს ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან და აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მასალები, ხოლო მტკიცებულებების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, იმსჯელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილი ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს გაცემული აქვს სესხი არარეზიდენტზე და არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ არარეზიდენტზე გაცემული სესხის მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იმსჯელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება თანხების არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტზე გაცემული სესხის მოგების გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს წარმოადგენს საზღვაო კომპანიას, რომელიც ეწევა როგორც იჯარით აღებული გემების ექსპლუატაციას, ასევე მათ შეკეთება-რემონტს.
გამოვლინდა, რომ ხშირ შემთხვევებში კაპიტნისთვის ხელზე გადაცემული ნაღდი ფული თითქმის უტოლდება ან აჭარბებს ეკიპაჟის დაქირავების ხარჯს. ამასთან, გადამხდელს არ გააჩნია არანაირი დამატებითი დოკუმენტი აღნიშნული თანხის მიზნობრიობის და ხარჯვის შესახებ. შედეგად, შემოწმების მიერ თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და განსაზღვრული ჯარიმა.
2. გამოვლინდა რომ გადამხდელს გაცემული აქვს სესხი არარეზიდენტზე, რომელიც არ აქვს დაბეგრილი მოგების გადასახადით.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:97(1);982;