გადაწვეტილება № 27892/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.09.2026
№ დოკუმენტი 27892/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 27892/2/2026

16 სექტემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----1.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27892/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 6.10.2025 წლის №21476 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2026 წლის №021-49 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.07.2026 წლის №16200 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 214 256,38 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 98 888

დღგ - 31 594

მოგების გადასახადი - 8 259

საშემოსავლო გადასახადი - 59 035

ჯარიმა - 69 986

საურავი - 45 382,38

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 17.07.2024 წლის №021-59 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21532 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საწარმოს მიერ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების სახელფასო განაცემად მიჩნევის საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება საქონლის შეძენა ან მომსახურების გაწევა ინდივიდუალური მეწარმეების მიერ, ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ ან/და საქონლის შესაძენად გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21532 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის დასკვნის მიხედვით, გათვალისწინებული იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება წარმოედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა მხოლოდ ხელშეკრულებები, რომელიც არ არის საკმარისი მტკიცებულებები.

აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 8.07.2025 წლის

№021-66 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.10.2025 წლის №21476 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება საქონლის შეძენა ან მომსახურების გაწევა ინდივიდუალური მეწარმეების მიერ, ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ ან/და საქონლის შესაძენად გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 6.10.2025 წლის №21476 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2026 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული 6.10.2025 წლის №21476 გადაწყვეტილება და გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება წარმოედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა მტკიცებულებები და დოკუმენტები (მიღება-ჩაბარებები). მეორე მხარემ აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობა დაადასტურა. შესაბამისად შედგენილ დასკვნაში გათვალისწინებულია მტკიცებულებებით დადასტურებული სამეურნეო ოპერაციები და ამ ოპერაციებში გადახდილი საკომპენსაციო თანხები. აქედან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაკორექტირდა - შემცირდა დარიცხული თანხები 32 679 ლარით, მათ შორის გადასახადი 21 786 ლარით და ჯარიმა 10 893 ლარით.

აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2026 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 2.06.2026 წლის

№021-49 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.07.2026 წლის №16200 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დოკუმენტები (მიღება-ჩაბარების აქტები), შესაბამისად, მტკიცებულებებით დადასტურებული სამეურნეო ოპერაციების და ამ ოპერაციებში გადახდილი საკომპენსაციო თანხების გათვალისწინებით შემცირებულია დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ამასთან, დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 ოქტომბრის №21476 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დღგ-ში (18% დასაბეგრ ბრუნვად) არის ჩათვლილი დირექტორის მიერ სალაროში არსებული ნაში თანხების შეტანა კომპანიის კუთვნილ ანგარიშებზე კერძოდ: 23.02.2023 წელს ------ ბანკის ანგარიშზე დირექტორის მიერ შეტანილია სალაროში არსებული თანხა 100 ლარი, 22.06.2023 წელს ------ ბანკის ანგარიშზე დირექტორის მიერ შეტანილია სალაროში არსებული თანხა 30 000 ლარი, 24.06.2023 წელს ----- ბანკის ანგარიშზე დირექტორის მიერ შეტანილია სალაროში არსებული თანხა 1 000 ლარი, 30.10.2023 წელს ------ ბანკის ანგარიშზე დირექტორის მიერ შეტანილია სალაროში არსებული თანხა 5 000 ლარი.

11.06.2023 წელს ინდ. მეწარმე ოთარ მიქაბერიძისთვის ჩარიცხულია შესრულებული სამუშაოების ღირებულება. ჩასარიცხი იყო 18 370 ლარი, ხოლო შეცდომით ჩაერიცხა 23 370 ლარი, რის შემდეგაც ინდ. მეწარმე ოთარ მიქაბერიძემ დააბრუნა 5 000 ლარი უკან და ეს უკან დაბრუნებული 5 000 ლარი ჩაითვალა ნავაჭრში.

საწარმო ასრულებდა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთის ქუთაისის 14 საშუალო სკოლის ეზოს მოწყობის სამუშაოებს, ყოველ შუალედურ შესრულებაზე ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით არ ირიცხებოდა შესრულებული სამუშაოს 5%, რომლიდანაც 2,5 % ირიცხება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ ხოლო მეორე 2,5 % ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის შემდეგ. 2023 წლის 13 ოქტომბერს ჩაირიცხა 13 703,68 ლარი (ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის შემდეგ დარჩენილი 2,5 %-ს გამოკლებული ჯარიმა 3 471,49 ლარი). აღნიშნული თანხა ჩაითვალა შემოსავალში (18%-ით დასაბეგრ ბრუნვაში) იგივე ხელშეკრულებით შუალედური შესრულების შედეგად 2023 წლის 30 ივნისს წარდგენილი იქნა ფორმა №2 და ფორმა №3 თანხით 73 879,49 ლარი, ხოლო თანხის ჩარიცხვა მოხდა 5.07.2023 წელს ------ ბანკის ანგარიშზე.

გამოწერილი იქნა ანგარიშ-ფაქტურა ივლისის საანგარიშო თვით, მაგრამ დაუკავშირდა შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი და მოსთხოვა ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდის შეცვლა ფორმა №3-ის შესაბამისად, მომჩივნის მიერ გაუქმებული იქნა ივლისის საანგარიშო თვით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა ----- და გამოწერა იგივე თანხით ოღონდ ივნისის თვით ------ და შესაბამისად მოახდინა ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტება. ხოლო, შემოწმების შედეგად აღნიშნულ თანხაზე ივლისის თვეში დაერიცხა დღგ და სანქცია.

საწარმო, გარდა სახელმწიფო ტენდერებისა, ახორციელებდა მხოლოდ 2 კომპანიის - შპს ----- (ს/ნ ------ ) და შპს „------ “-ის (ს/ნ ------ ) კერძო შეკვეთას, სხვა დამკვეთი კომპანია არ ჰყოლია, 2022 წლის 4 აპრილს თეიმურაზ სახამბერიძის მიერ ანგარიშზე შეტანილი იქნა 3 000 ლარი, რომელიც შემოწმების შედეგად ჩაითვალა როგორც შემოსავალი. თეიმურაზ სახამბერიძე არის შპს ---- წარმომადგენელი და თანხა შეიტანა ანგარიშზე როგორც შპს ----- , ხოლო მომჩივნის მიერ 2022 წლის ივნისის საანგარიშო თვით გამოწერილი იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ----- , რომელიც აღიარებული იქნა ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციით და ზემოთ აღნიშნული 3 000 ლარი 2-ჯერ იქნა დაანგარიშებული როგორც შემოსავალი.

აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის არგუმენტია არის, რომ შპს „----- -ის დირექტორი არის ----- (პ/ნ ------), მაგრამ შპს „-----“-ის დირექტორის ცვლილება მოხდა 2024 წლის 18 მარტს. ხოლო იმ მომენტისთვის, როდესაც განხორციელდა აღნიშნული ოპერაცია შპს „------“-ის დირექტორი იყო----- შვილი ------.

არ უნდა მოხდეს დირექტორის მიერ ანგარიშზე შეტანილი თანხის დაანგარიშება როგორც შემოსავალი, 11.06.2023 წელს ინდ. მეწარმე ----- შეცდომით ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნების შემდეგ ამ თანხის შემოსავალში აღიარება, 2023 წლის 13 ოქტომბერს ჩარიცხული 13 703,68 ლარი არ უნდა იქნას აღიარებული როგორც შემოსავალი, ინდ. მეწარმეებად რეგისტრირებულ პირებზე გადახდილი მომსახურების თანხები არ უნდა ჩაითვალოს როგორც ხელფასის განაცემი და 2022 წლის 4 აპრილს შპს „-----“-ის წარმომადგენლის ------- მიერ ანგარიშზე შეტანილი 3 000 ლარი არ უნდა დაიბეგროს 2-ეჯერ, იმიტომ რომ შპს „------“-ზე შესრულებული სამუშაოები და შესაბამისად გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე უკვე დაბეგრილია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

შემოსავლების სამსახურის 6.10.2025 წლის №21476 ბრძანებით, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება საქონლის შეძენა ან მომსახურების გაწევა ინდივიდუალური მეწარმეების მიერ, ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ ან/და საქონლის შესაძენად გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2026 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა მტკიცებულებები და დოკუმენტები (მიღება-ჩაბარებები). მეორე მხარემ აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობა დაადასტურა. შესაბამისად შედგენილ დასკვნაში გათვალისწინებულია მტკიცებულებებით დადასტურებული სამეურნეო ოპერაციები და ამ ოპერაციებში გადახდილი საკომპენსაციო თანხები. აქედან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაკორექტირდა - შემცირდა დარიცხული თანხები 32 679 ლარით, მათ შორის გადასახადი 21 786 ლარით და ჯარიმა 10 893 ლარით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2026 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 6.10.2025 წლის №21476 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 6.10.2025 წლის №21476 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შეძენილი, რეალიზებული და ინვენტარიზაციით გამოვლენილი საქონელი დაიყო კატეგორიებად, თითოეულისთვის ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით განისაზღვრა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და ფასნამატი. გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა მთელ შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი ყოველთვიური დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად რეალიზებულად.

არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლები (ხარჯებისა და ნაღდი ფულის ნაშთის გათვალისწინებით) ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2026 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 6.10.2025 წლის №21476 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(9);101(1);154(1);