გადაწყვეტილება №21757/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21757/2/2023
25 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 29.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21757/2/2023).
დავის საგანი:
გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად დაკვალიფიცირება და მოგების გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის №062-5 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.12.2023 წლის №30927 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 49 269 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 24 891
დღგ - (-9 022)
მოგების გადასახადი - 33 913
ჯარიმა - 16 595
საურავი - 7 783
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა რქოსანი პირუტყვის მოშენება, გადამუშავება და ხორცპროდუქტებით ვაჭრობა საკუთარ მაღაზიათა ქსელში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 26 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს აქვს როგორც დასაბეგრი, ასევე გათავისუფლებული ბრუნვები, რადგანაც ახდენს საკუთარი წარმოებული საქონლის დაკვლას და შემდგომ მის რეალიზაციას, როგორც გადამუშავებულ, ასევე მხოლოდ დაფეხშოებულ, სასაქონლო კოდის შეუცვლელად. გადასახადის გადამხდელს დაფუძნებული ყავს ორგანიზაცია, სადაც პერიოდულად რიცხავს თანხებს. თანხის ჩარიცხვა ბუღალტრულად დაკვალიფიცირებულია, როგორც საქველმოქმედო გადარიცხვა და ორგანიზაციას არ აქვს მინიჭებული საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის თანახმად, აღნიშნული გადახდა დაკვალიფიცირდა, როგორც გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის №24025 ბრძანება და №062-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.12.2023 წლის №30927 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ ვინაიდან ვერ დგინდება ხარჯის გაწევის მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, აღნიშნულის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა, მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია და მიიჩნია, რომ წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიუხედავად იმისა ბუღალტრულად რომელ ანგარიშზეა გატარებული აღნიშნული თანხები, შინაარსობრივად კომპანიის მიერ ააიპ --------- გადარიცხული თანხები წარმოადგენს სესხს შვილობილ ორგანიზაციაში, რათა ამ უკანასკნელმა წარმატებით განახორციელოს საკუთარი მიზნები და აღნიშნული არ წარმოადგენს საქველმოქმედო ხარჯებს. შემმოწმებლის პოზიცია გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, საჩივარში არასწორად იყო მინიჭებული კვალიფიკაცია იურისტის მიერ (გადარიცხული თანხები წარმოადგენდა სესხს შვილობილ კომპანიაში და არა კაპიტალს (დანართი საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება)). აღნიშნული თანხები ორგანიზაციის მიერ გამოიყენება სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, რითაც დაინტერესებულია კომპანია თავისივე საქმიანობიდან გამომდინარე, სწორედ ამიტომ დააფუძნა აღნიშნული ორგანიზაციაც. თავად ორგანიზაციის მიერ მიღებული თანხები ძირითადად გამოიყენება ხელფასების გასაცემად, რაც იბეგრება 20%-ით გადახდის წყაროსთან, შესაბამისად, კომპანიის მხრიდან გადასახადებისგან თავის არიდებას რაიმე კუთხით ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ უზუსტობას და ოპერაციის შეფასება უნდა განხორციელდეს არა გადარიცხვის პროცედურულ-ტექნიკური პარამეტრებით, არამედ მისი შინაარსის გათვალისწინებით, რა დროსაც ეჭვს არ იწვევს, რომ ამდაგვარი გადარიცხვა წარმოადგენს სესხს შვილობილ ორგანიზაციაში.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, ითხოვს მათი პოზიციის გათვალისწინებას და მოგების გადასახადში დამატებით დარიცხული თანხების შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 11.12.2023 წლის №30927 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული
დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად დაკვალიფიცირება და მოგების გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა რქოსანი პირუტყვის მოშენება, გადამუშავება და ხორცპროდუქტებით ვაჭრობა საკუთარ მაღაზიათა ქსელში. გადასახადის გადამხდელს აქვს როგორც დასაბეგრი, ასევე გათავისუფლებული ბრუნვები, რადგანაც ახდენს საკუთარი წარმოებული საქონლის დაკვლას და შემდგომ მის რეალიზაციას, როგორც გადამუშავებულ, ასევე მხოლოდ დაფეხშოებულ, სასაქონლო კოდის შეუცვლელად. გადამხდელს დაფუძნებული ყავს ორგანიზაცია, სადაც პერიოდულად რიცხავს თანხებს. თანხის ჩარიცხვა ბუღალტრულად დაკვალიფიცირებულია, როგორც საქველმოქმედო გადარიცხვა და ორგანიზაციას არ აქვს მინიჭებული საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი. აღნიშნული გადახდა დაკვალიფიცირდა, როგორც გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 302(6);