ბრძანება N 13930
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13930
13 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 3 და 28 მაისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 მაისისა და 6 ივნისის სხდომებზე (ოქმი №54 და №60) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ -------------) 2024 წლის 3 მაისის №89532/1/2024 საჩივარი და 28 მაისის №89912/1/2024 დაზუსტებული საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 აპრილის №081-77 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება ------------ გადახდილი თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად დაკვალიფიცირებას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის აღნიშნული, რის საფუძველზე მოხდა ოპერაციის კვალიფიცირება. აცხადებს, რომ ვინაიდან ----------- ნახატები რთულად ხელმისაწვდომია. ნახატების შეძენა ხდება ეტაპობრივად, წინასწარი შეთანხმებით და აღნიშნული ნახატები შეძენილია შემდგომში რეალიზაციის მიზნით. მიუთითებს, რომ ნახატები არის სპეციფიურად შესანახი/მოსავლელი, რომელიც მიბარება-მოვლის უფლებით მინდობილი აქვს სპეციალისტ ხვიჩა ღამბაშიძეზე. განმარტავს, რომ მიბარების ხელშეკრულება არსებობდა შემოწმების პერიოდში. აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრულია ნახატების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პიროვნება, ასევე, საწყობი, სადაც ინახება ნახატები. მიუთითებს, რომ აუდიტორს აღნიშნული დოკუმენტი ან ნახატები ფაქტობრივად რომ ენახა, თანხის გადახდის საკითხი არ გახდებოდა სადავო. საჩივარზე თანდართული აქვს მიბარების და ნარდობის ხელშეკრულებები, ასევე, მიღება-ჩაბარების აქტები.
2. მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. მიუთითებს, რომ დაარსების დღიდან დღემდე ბიუჯეტში გადახდილი აქვს მილიონ ლარამდე, ასევე, არა ერთი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი აქვს წარმატებით შესრულებული.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 14 თებერვლის №3107 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------------“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 22 აპრილის №9257 ბრძანება და ამავე თარიღის №081-77 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 123 593 ლარი, მათ შორის გადასახადი 66 335 ლარი, ჯარიმა 33 168 ლარი და საურავი 24 090 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მოგებული აქვს რამდენიმე სახელმწიფო ტენდერი, ძირითადი კონტრაქტორია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სახეა გარკვეული ტანსაცმლის, თეთრეულისა და სხვადასხვა ტიპის საქონლის მიწოდება ტენდერების ფარგლებში. საწარმოს საბუღალტრო მონაცემების შესწავლისას დადგინდა, რომ კომპანიას ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენილი ჰქონდა ფერწერული ტილოები/ნახატები ფიზიკური პირი ------------. აღნიშნული ნახატების ნაწილზე წარმოდგენილი იყო მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო თანხის ძირითადი ნაწილი გადახდილი იყო ავანსად მხატვრული ნამუშევრების შემდგომი მოწოდების მიზნით. შემოწმებამ შეისწავლა ზემოაღნიშნული ოპერაციები, ყველა ფაქტობრივი გარემოების, კომპანიის საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და ზემოხსენებული ოპერაცია დაკვალიფიცირდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ საწარმოს ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენილი ჰქონდა ფერწერული ტილოები/ნახატები ფიზიკური პირი ------------. აღნიშნული ნახატების ნაწილზე წარმოდგენილი იყო მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო თანხის ძირითადი ნაწილი გადახდილი იყო ავანსად მხატვრული ნამუშევრების შემდგომი მოწოდების მიზნით. შემოწმებით, აღნიშნული ოპერაციები, ფაქტობრივი გარემოების, კომპანიის საქმიანობის და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ მხატვარ ------------ გადახდილი თანხები, წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯს და მისი მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------------“ (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება გადახდილი თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად დაკვალიფიცირებას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.
2. მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საბუღალტრო მონაცემების შესწავლისას დადგინდა, რომ კომპანიას ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენილი ჰქონდა ფერწერული ტილოები/ნახატები ფიზიკური პირისგან. აღნიშნული ნახატების ნაწილზე წარმოდგენილი იყო მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო თანხის ძირითადი ნაწილი გადახდილი იყო ავანსად მხატვრული ნამუშევრების შემდგომი მოწოდების მიზნით. კომპანიის საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და ზემოხსენებული ოპერაცია დაკვალიფიცირდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9);97(1);982(1);270(1);272(1);275(2);