გადაწყვეტილება №23786/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23786/2/2024
15 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -------- (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 23.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23786/2/2024).
დავის საგანი:
1. ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. სპეცტექნიკის რეალიზაციის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში აუსახველობა;
3. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივნისის №002-110 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 აგვისტოს №18045 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 155 436,69 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 93 251 დღგ - 15 450
მოგების გადასახადი - 1 163
საშემოსავლო გადასახადი - 76 208
ქონების გადასახადი - 430
ჯარიმა - 50 169
საურავი - 12 016,69
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობის სახეს წარმოადგენს გზების და ავტობანების მშენებლობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შპს „------“-ის (ს/ნ ---------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის მიზნებისთვის 2024 წლის 8 თებერვლის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 20 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივნისის №14233 ბრძანება და ამავე თარიღის №002-110 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 აგვისტოს №18045 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
შემოწმების მიერ, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და სხვა ხელთ არსებული მასალები, რომლის მიხედვით გაანგარიშდა ფულის მოძრაობა და განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს.
2024 წლის 8 თებერვალს ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, შედეგად კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გამოვლინდა. ამასთან, შპს „-------“-ს (ს/ნ -------) შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს გაცემული დივიდენდები, არ არსებობს გადამხდელის მიერ სალაროს ნაშთის გამოყენების მიზნობრიობის შესახებ მონაცემები.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5, მე-9 ნაწილების, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61- ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტორის მიერ ხარჯად არ იქნა გათვალისწინებული ტენდერებით გათვალისწინებული სამუშაოებისათვის ფიზიკური პირებიდან ფაქტობრივად შეძენილი მასალების ღირებულება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
მომჩივანი ითხოვს ხარჯად იქნას გათვალისწინებული ტენდერებით გაწეული სამუშაოებისათვის ფიზიკური პირებიდან ფაქტობრივად შეძენილი მასალების ღირებულება.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე, საკითხის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ მომჩივანს იგივე ცხრილი აქვს დართული საჩივარზე, რა ცხრილიც წარდგენილი ჰქონდა შემოსავლების სამსახურში. როდესაც მომჩივანი გაეცნო შემოწმების შედეგებს, წარმოადგინა ფორმა 2-ების გაშიფვრა ტენდერების მიხედვით. შემმოწმებელმა ასევე განაცხადა, რომ ხარჯი, რომელზეც მომჩივანს დოკუმენტი არ ჰქონდა ჩასმულია ხარჯში (75 %).
ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 19.09.2024 წლის №---21-14 წერილის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ, შემოწმების პროცესში წარმოდგენილია საჩივარზე დართული ცხრილი, სადაც გაშიფრულია ფორმა 2-ით გათვალისწინებული დანახარჯები და შედარებულია დოკუმენტურ შეძენასთან. გამოვლენილი სხვაობა (მცირე კორექტირებით -12 000 ლარი, რაზეც მიღებული იყო სასაქონლო ზედნადები) გათვალისწინებულია არაპირდაპირ გაანგარიშებულ ფულის ნაკადების მოძრაობაში 75%-ით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. შესაბამისად არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სპეცტექნიკის რეალიზაციის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში აუსახველობა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ, წარდგენილ საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ კომპანიას გაწეული აქვს მომსახურებები თვითმმართველი ერთეული -----ის მუნიციპალიტეტისთვის, შპს „-----თვის“ (ს/ნ ------), ფ/პ -----ძე -------თვის (პ/ნ -------), ფ/პ ------ძე ------სათვის (პ/ნ --------), რომლის ფარგლებშიც უნაღდო ანგარიშსწორებით მიღებული აქვს 70 315 ლარი და არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში. ამასთან, 2023 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში საწარმოს რეალიზებული აქვს სპეც-ტექნიკა და არ აქვს ასახული დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 1601 მუხლების საფუძველზე, კომპანიას დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, 164- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2023 წლის ნოემბრის თვეში საწარმოს დადეკლარირებული აქვს მანქანის გაყიდვით მიღებული თანხა 10 000 ლარი დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნული დეკლარაცია დაკორექტირდა 2024 წლის თებერვალში, რადგან მყიდველმა ამ დროს მიუტანა თანხა და მან არ იცოდა თუ გაყიდვის დროს უნდა დაედეკლარირებინა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება.
2023 წლის ნოემბრის თვეში საწარმოს დადეკლარირებული აქვს მანქანის გაყიდვით მიღებული თანხა 10 000 ლარი დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნული დეკლარაცია დაკორექტირდა 2024 წლის თებერვალში, რადგან მყიდველმა მოახდინა ანგარიშსწორება. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ არ იცოდა, რომ რეალიზაციის მომენტი იყო დაბეგვრის დრო და არა თანხის მიღების, შესაბამისად აღნიშნული გამოწვეულია არცოდნით.
საქმეზე წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 19.09.2024 წლის №----21-14 წერილი, საიდანაც დგინდება, რომ შემოწმებით, ავტომობილის რეალიზაციის თარიღად მიჩნეულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაფორმების (ნოემბრის თვე) მომენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი აღნიშნული სადავო საკითხის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
3. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
კომპანიის ბიზნეს ბარათით შეძენილია საქონელი პირადი მოხმარებისათვის, კერძოდ: აფთიაქებში, კვების ობიექტებში და მარკეტებში, ასევე გადახდილია პატრულის ჯარიმები. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების შესაბამისად, კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 98-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გათვალისწინებული არ არის საწარმოს ბალანსზე მყოფი მანქანებზე დაწერილი საპატრულოს ჯარიმები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება, ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
მომჩივანი აცხადებს, რომ გათვალისწინებული არ არის საწარმოს ბალანსზე მყოფი მანქანებზე დაწერილი საპატრულოს ჯარიმები.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია მოგების გადასახადით დაბეგრილი თანხა სრულად (6 630 ლარი), მათ შორის საპატრულო ჯარიმები (1 721 ლარი).
საგადასახადო კანონმდებლობა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განიხილავს ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან არაა დაკავშირებული.
მომჩივნის საქმიანობის სახეს წარმოადგენს ---ის და ----ის მშენებლობა. საბჭოს მიაჩნია, რომ საპატრულოს ჯარიმები (გაწეული ხარჯი), რომელზეც აპელირებს მომჩივანი შემმოწმებლის მიერ მართლზომიერად იქნა მიჩნეული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად.
საბჭო ყურადღებას ამახვილეს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ გადახდილი საპატრულოს ჯარიმების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევა განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა. სპეცტექნიკის რეალიზაციის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში აუსახველობა. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის მიზნებისთვის 2024 წლის 8 თებერვლის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივნისის №14233 ბრძანება და ამავე თარიღის №002-110 საგადასახადო მოთხოვნა.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოწმების მიერ, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და სხვა ხელთ არსებული მასალები, რომლის მიხედვით გაანგარიშდა ფულის მოძრაობა და განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. 2024 წლის 8 თებერვალს ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, შედეგად კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გამოვლინდა. ასევე,მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს გაცემული დივიდენდები, არ არსებობს გადამხდელის მიერ სალაროს ნაშთის გამოყენების მიზნობრიობის შესახებ მონაცემები. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე (მე-5 და მე-9 ნაწილი), 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან,გადასახადის გადამხდელის მიერ, წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ კომპანიას გაწეული აქვს მომსახურებები , რომლის ფარგლებშიც უნაღდო ანგარიშსწორებით მიღებული აქვს თანხები,რომელიც არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში. ასევე, 2023 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში საწარმოს რეალიზებული აქვს სპეც-ტექნიკა და არ აქვს ასახული დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციაში. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 1601 მუხლების საფუძველზე, კომპანიას დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
ასევე ირკვევა,რომ გადასახადის გადამხდელს კომპანიის ბიზნეს ბარათით შეძენილია საქონელი პირადი მოხმარებისათვის, ასევე გადახდილია პატრულის ჯარიმები. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების შესაბამისად, კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №18045 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ:
ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. შესაბამისად არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან,სპეცტექნიკის რეალიზაციის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში აუსახველობის ნაწილში საქმეზე წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის წერილი, საიდანაც დგინდება, რომ შემოწმებით, ავტომობილის რეალიზაციის თარიღად მიჩნეულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაფორმების (ნოემბრის თვე) მომენტი.შესაბამისად ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი აღნიშნული სადავო საკითხის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ხოლო,გადახდილი საპატრულოს ჯარიმების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევა განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5.9 „ბ“); 97(1 „ბ“); 982(1 „ა“); 101(1); 154(1 „ა“); 159(1 „ა“); 275(2);