გადაწყვეტილება №18388/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18388/2/2022
23.02.2023
გადაწყვეტილება
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 23.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 6.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18388/2/2022).
დავის საგანი:
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, ჩადენილი განმეორებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 28.10.2022 წლის №EL188729 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 5.12.2022 წლის №30507 ბრძანება.
შეფარდებული სანქცია:
ჯარიმა - 3 775.1 ლარი.
ფაქტების აღწერა
11.10.2022 წლის, საფოსტო გადამზიდავი – შპს „--------“-ის მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე №„--------“ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის (ღირებულება – 300 ლარამდე; წონა – 29.8 კგ) ზოგადი დეკლარირება და აღნიშნული საფოსტო გზავნილი საბაჟო ორგანოს წარედგინა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა №1-ით.
საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას აღმოჩნდა, რომ №„--------“საფოსტო გზავნილის წონა შეადგენდა 32.7 კგ-ს, შესაბამისად მითითებული საფოსტო გზავნილი საბაჟო ორგანოს უნდა წარდგენოდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №2-ით.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 20.10.2022 წლის №009246/2022 დასკვნის მიხედვით ზემოაღნიშნული საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის (ა/მ ბამპერი) საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 1 356 აშშ დოლარი.
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანას, რაზეც, იმის გათვალისწინებით, რომ მასვე ანალოგიური სამართალდარღვევისთვის 2.11.2021 წელს უკვე დაკისრებული ჰქონდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL147497), 28.10.2022 წლის №EL188729 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა 168-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 3 775.1 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.12.2022 წლის №30507 წლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე №„--------“ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის (ღირებულება – 300 ლარამდე; წონა – 29.8 კგ) ზოგადი დეკლარირება და აღნიშნული საფოსტო გზავნილი საბაჟო ორგანოს წარედგინა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა №1-ით.
ამდენად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანას და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2021 წლის 2 ნოემბერს მას დაკისრებული ჰქონდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL147497) მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ფაქტს. შესაბამისად, სადავო ოქმით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის მომსახურების სფეროა საფოსტო საკურიერო საქმიანობა. ამანათები ჩამოდის ამერიკიდან, რომელსაც მოყვება სია (EXCEL-ის ცხრილში ატვირთული გვარი, სახელი კოდი, წონა), რომელიც შემდეგ პროგრამულად იტვირთება შემოსავლების სამსახურის საფოსტო გზავნილებში. ამერიკის ოფისში მივიდა ამანათი, კერძოდ მანქანის ბამპერი შეფუთვის გარეშე, რომლის წონაც ამერიკის ფოსტის მიერ იყო 29.8 კგ. ეს ნაწილი, რომ არ დაზიანებულიყო ამერიკის მხარემ გადაფუთა და შესაბამისად წონაშიც მოიმატა, სამწუხაროდ თავიდან არ აიწონა ნივთი, რადგან ამანათი უნდა გასულიყო სხვა ქვეყანაში საქართველოს გავლით (ანუ საჭიროებდა რეექსპორტს).
მომჩივანი არ იყო ინფორმირებული, რადგან ინფორმაციის შემთხვევაში იმოქმედებდა კანონის შესაბამისად რეექსპორტთან დაკავშირებით (რომელიც არაერთხელ ჰქონია). გზავნილის საქართველოში მიღების დროს მოხდა ამ კონკრეტული ამანათის წონის გადამოწმება და წონა გამოვიდა 32.7 კგ. ჩათვალეს, რომ კომპანიას საბაჟოს გვერდის ავლით შემოჰქონდა ამანათი და დააჯარიმეს. სამწუხაროდ ნივთს ვერ გადასცემს ადრესატს, სანამ არ გადაიხდის კომპანია 100%-იან ჯარიმას. შემოსავლების სამსახურმა არ დააკმაყოფილა საჩივარი. მიუთითებს, რომ იმედია აქვს საბჭო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 29-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად:
1. საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი საფოსტო გზავნილები (ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის გარდა) საბაჟო ორგანოს წარედგინება გადამზიდავის მიერ მომზადებული საფოსტო გზავნილების ნუსხებით:
ა) დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა №1 (დანართი №8-VIII-01);
ბ) დეკლარირებას დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №2 (დანართი №8-VIII-02);
გ) დაუდგენელი ღირებულების საფოსტო გზავნილების ნუსხა №3 (დანართი №88-VIII-03).
3. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, საფოსტო გზავნილით შემოტანილ, დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელზე საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ს ავსებს გადამზიდავი, რომელიც ახორციელებს პირის (საფოსტო გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას და უზრუნველყოფს საქონლის შენახვას.
საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.
საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:
ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია;
გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევით ან უამისოდ.
საქმეზე წარმოდგენილი მასალებიდან დგინდება, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე №„--------“ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის (ღირებულება – 300 ლარამდე; წონა – 29.8 კგ) ზოგადი დეკლარირება და აღნიშნული საფოსტო გზავნილის საბაჟო ორგანოში წარდგენა განხორციელდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა №1-ით.
დადგენილია, რომ მომჩივანი წარმოადგენს გადამზიდავ კომპანიას, მისი განმარტებით, აღნიშნული ამანათი უნდა გასულიყო სხვა ქვეყანაში საქართველოს გავლით (ანუ საჭიროებდა რეექსპორტს).
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ისეთი წონის მონაცემი იყო მიწოდებული, რომლის მიხედვითაც საქონელი არ ექვემდებარებოდა დეკლარირებას, გზავნილი საბაჟო კონტროლისგან მალულად არის შემოტანილი, ვინაიდან საბაჟო კონტროლის განხორციელების აუცილებელი ინფორმაცია არ იქნა საბაჟო დეპარტამენტისთვის წარდგენილი.
მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები მოითხოვს დამატებით შესწავლას. ასევე დასადგენია სამართალდარღვევის ჩამდენი სუბიექტი და როგორ დასრულდა აღნიშნული ოპერაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.12.2022 წლის №30507 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.