გადაწყვეტილება №23959/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.12.2024
№ დოკუმენტი 23959/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23959/2/2024

03 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 18.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23959/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3364 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივლისის №024-55 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 აგვისტოს №19489 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 266 490 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 121 716

დღგ - 87 381

მოგების გადასახადი - 2 385

საშემოსავლო გადასახადი - 31 950

ჯარიმა - 107 592

საურავი - 37 182

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2023 წლის №18184 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ, შემოწმების მიერ დამატებით დათვლილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლინდა სხვაობა 161 027 ლარი (აგროსილი), რომელიც შესამოწმებელი წლების ბოლოს დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №33079 ბრძანება და №024-107 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 254 731 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 25 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 19 თებერვლის №3364 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

სადავო საკითხთან (სალაროს ნაშთის ოდენობა) დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, შეისწავლოს საგადასახადო შეღავათის გამოყენების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით: - გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და ჩათვლის მიღებასთან კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის №3364 ბრძანება 11.03.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 14.06.2024 წლის №22536/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი მოგების გადასახადთან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3364 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2024 წლის დასკვნა, 24.07.2024 წლის №17374 ბრძანება და №024-55 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 819 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 266 490 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 22 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 29 აგვისტოს №19489 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირდა დარიცხული თანხები. კერძოდ, 2020 წლის დეკემბრის თვეში გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა გამოყენებული საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი, შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე დაკორექტირდა (შემცირდა) საშემოსავლო გადასახადი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, რის შედეგადაც დაკორექტირდა შესამოწმებელი პერიოდის ჩასათვლელი თანხების ოდენობა და გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი და ჯარიმა. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა exel-ის ფორმატში ხელფასის უწყისები, სადაც წარდგენილი ინფორმაცია განსხვავებულია დეკლარირებული მონაცემებისგან. შემოწმების პროცესში, რადგან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ბუღალტრული პროგრამა, ხოლო ხელფასის გაცემა არ ფიქსირდებოდა საბანკო ამონაწერებში, უცვლელი დარჩა დეკლარირებული მონაცემები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან, გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში გაცემული აქვს ხელფასები სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორების გზით, ბანკის ჩარიცხვებით ხელფასის გაცემა არ ფიქსირდება, რასაც ადასტურებს აუდიტის დეპარატმენტის დასკვნაც. მომჩივნის მიერ წარდგენილი იქნა ფაქტობრივად გაცემული ხელფასების უწყისები, რომლითაც დასტურდება ხელფასის გაცემის ფაქტი, რომელიც სრულად არ იყო დეკლარირებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს წარდგენილი უწყისების გათვალისწინებას და შესაბამის კორექტირებას (შემცირებას).

მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სრულად შეისწავლოს კომპანიის დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის №3364 ბრძანებით, სადავო საკითხთან (სალაროს ნაშთის ოდენობა) დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, შეისწავლოს საგადასახადო შეღავათის გამოყენების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და ჩათვლის მიღებასთან კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება:

- შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის №3364 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა სალაროს ნაშთის გაანგარიშებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილი არგუმენტები. შემმოწმებლების მიერ, მომჩივნის მონაწილეობით, შესწავლილი/გამოკვლეული იქნა წარდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია exel-ის ფორმატში ხელფასის უწყისები, სადაც წარდგენილი ინფორმაცია განსხვავებულია დეკლარირებული მონაცემებისგან. შემოწმების პროცესში, რადგან საწარმოს არ ჰქონდა ბუღალტრული პროგრამა, ხოლო ხელფასის გაცემა არ ფიქსირდებოდა საბანკო ამონაწერებში, უცვლელი დარჩა დეკლარირებული მონაცემები. გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელი ითხოვს დეკლარირებული განაცემების კორექტირებას (გაზრდას) და საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის შესაბამისად შეღავათით სარგებლობას. წარდგენილი დოკუმენტაცია არ იქნა გათვალისწინებული და აღნიშნულ საკითხში არ მოხდა აქტით დარიცხული თანხების კორექტირება. თუმცა, 2020 წლის დეკემბრის თვეში კომპანიას არ ჰქონდა გამოყენებული კოვიდის შეღავათი და გადაანგარიშების ეტაპზე დაკორექტირდა (შემცირდა) საშემოსავლო გადასახადი.

- შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის №3364 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილი არგუმენტები. შემმოწმებლების მიერ, მომჩივნის მონაწილეობით, შესწავლილი/გამოკვლეული იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც დაკორექტირდა შესამოწმებელი პერიოდის ჩასათვლელი თანხების ოდენობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს შეუმცირდა გადასახადი და ჯარიმა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 23.09.2024 წლის №91511-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ შემოწმებით შემოსავლის გაანგარიშება მოხდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის თანხა მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ხელფასის სახით განაცემები შემოწმებით არ დაკორექტირებულა და დარჩა დეკლარირებული, რადგან საბანკო ამონაწერის მიხედვით არ დგინდება ბანკიდან ხელფასის გაცემა და მიჩნეულ იქნა, რომ ხელფასი გაცემულია სალაროდან. გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა exel-ის ფორმატში ხელფასის უწყისები. შესაბამისად, მეორე მხარის მიერ არ დასტურდება თანხების მიღება. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, არ მოხდა გაცემული ხელფასების გაზრდა და კოვიდის შეღავათით სარგებლობა, გარდა 2020 წლის დეკემბრის თვისა, როდესაც არ ჰქონდა ნასარგებლები საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილი არგუმენტები. კერძოდ, მომჩივნის მონაწილეობით შესწავლილი/გამოკვლეული იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც დაკორექტირდა შესამოწმებელი პერიოდის ჩასათვლელი თანხების ოდენობა. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილია ისეთი სასაქონლო ზედნადებები, რომლებზეც ჯერჯერობით არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. გამოწერის შემთხვევაში ითხოვს მათ გათვალისწინებას. გადაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა ისეთი ჩათვლის დოკუმენტები (ანგარიშ-ფაქტურები), რომლებიც შემოწმების პროცესში არ იყო მიღებული. შედეგად, დასკვნის ეტაპზე მოხდა მათი გათვალისწინება. აღსანიშნავია, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი აქვს 0 ლარი, ხოლო დაბრუნებული აქვს 43 937 ლარი. მომჩივანი არ აწარმოებს არანაირი სახის ბუღალტრულ ჩანაწერებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3364 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3364 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ, შემოწმების მიერ დამატებით დათვლილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლინდა სხვაობა, რომელიც შესამოწმებელი წლების ბოლოს დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 25 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 19 თებერვლის №3364 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

სადავო საკითხთან (სალაროს ნაშთის ოდენობა) დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, შეისწავლოს საგადასახადო შეღავათის გამოყენების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3364 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154