გადაწყვეტილება №28223/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.10.2026
№ დოკუმენტი 28223/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

26 ოქტომბერი 2026

№28223/2/2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ --- ის 2.10.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28223/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6588 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.07.2026 წლის №007-186 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.09.2026 წლის №19719 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 116 534.2 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 67 927.00

დღგ - 39 648.04

საშემოსავლო გადასახადი - 28 278.96

ჯარიმა - 27 311.14

საურავი -21 296.06

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა რეზინის საშინაო ფეხსაცმელებით ვაჭრობა, კერძოდ ჩინეთიდან და უზბეკეთიდან იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე (---ს ბაზრობის ტერიტორია) რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდის, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 17 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით: მეწარმე გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 25 აგვისტოდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელია 2015 წლის 1 ივნისიდან, მის სახელზე 2021 წლის 25 იანვრიდან რეგისტრირებულია საკონტროლო-სალარო აპარატი DY---. გადასახადის გადამხდელი საქმიანობს იჯარით აღებულ ფართში, რომელიც მდებარეობს ---- ში, რიგი ---, ადგილი ---. ასევე, იჯარით აქვს აღებული სასაწყობე დანიშნულების ფართები შემდეგ მისამართებზე: ქ.--- და --- ის რაიონი, სოფ. --- (საწყობი №---). შესამოწმებელ პერიოდში, იმპორტირებული სარეალიზაციო საქონლის თვითღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს 751 034 ლარს, დღგ-ის დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვები 665 920 ლარს, ჩათვლილი დღგ ჯამში 133 127 ლარს. დოკუმენტური რეალიზაცია არ აქვს. ადგილობრივ ბაზარზე სასაქონლო-მატერიალური მარაგების შეძენა არ უფიქსირდება. გადასახადის გადამხდელის მიერ, წლიურ საშემოსავლო გადასახადში დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი ემთხვევა დღგ-ის დეკლარაციებში წარდგენილ წლიურ ბრუნვებს. დეკლარირებული ფასნამატები წლების მიხედვით შეადგენს: 2022 წელს 25%, 2023 წელს 42%, 2024 წელს 42%. მარაგები აღრიცხულია საშუალო შეწონილი შეფასების მეთოდით.

მთლიანობაში, შესამოწმებელი პერიოდის საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 33%-ს. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა ორისში, თუმცა საქონლის მოძრაობა არ არის აღრიცხული ცალკეული ოპერაციების მიხედვით.

საქონელი ჩამოწერილია ყოველი თვის ბოლოს, სადაც მონაცემები წარდგენილია საქონლის კატეგორიის მიხედვით, ჯამურად. ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი დაფიქსირებულია 460 628.16 ლარი, დღგ-ის გარეშე, თუმცა, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ნოემბრის №25155 ბრძანების საფუძველზე, 2025 წლის 17 ნოემბერს გადასახადის გადამხდელს ჩაუტარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რა დროსაც ფაქტიური ნაშთი აღწერილი იქნა 587 999 (საბაზრო ფასით) ლარის ოდენობით. აღნიშნულის შემდგომ, 2025 წლის 17 ნოემბრის (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო) ფაქტიურად აღწერილ ნაშთს დააკლდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან ინვენტარიზაციამდე შეძენილი საქონლის თვითღირებულება და დაემატა ამავე პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რის შედეგადაც 2025 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთმა შეადგინა 333 565 ლარი, დღგ-ის გარეშე. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებული ფასნამატი 44.34%-ი, შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. შესამოწმებელ პერიოდში, სულ საცალოდ რეალიზებული საქონლის შეძენის თვითღირებულება განისაზღვრა 613 690 ლარით, დღგ-ის გარეშე, ხოლო შემოწმებით გაანგარიშებული საქონლის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა 885 800 ლარი, დღგ-ის გარეშე. აღნიშნული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დღგ-ის საანგარიშო პერიოდებში, გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.

საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა, ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა დამატებით რეალიზებულად ჩათვლილი საქონლის თვითღირებულებით, ხოლო გამოქვითვების ნაწილში სხვაობა არ გამოვლენილა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის მე-100, 102-ე და 104-ე მუხლების საფუძველზე, 2022-2023-2024 წლების ერთობლივი შემოსავალი ჯამში გაიზარდა 181 853 ლარით, აღნიშნულ სხვაობაზე დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად განისაზღვრა ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის №28221 ბრძანება და №007-394 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6588 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირების საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6588 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 30.04.2026 წლის №27168/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 25 მარტის №6588 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 17 ივნისის დასკვნის მიხედვით, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდა 23 054 ლარით, რომლის საფუძველზე, გამოიცა 2026 წლის 2 ივლისის №007-186 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.09.2026 წლის №19719 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, დადგენილ გარემოებებზე, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა 2022, 2023 და 2024 წლის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირება, რის შედეგადაც შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის თანხა, მომჩივნის პოზიციაზე ზარალთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ გადაანგარიშებისას გათვალისწინებულია იმ წლების ზარალი, რომელიც გავლენას ახდენდა შესამოწმებელ პერიოდზე და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს რეზინის საშინაო ფეხსაცმელებით ვაჭრობა, კერძოდ ჩინეთიდან და უზბეკეთიდან იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე (---ს ბაზრობის ტერიტორია) რეალიზაცია. მეწარმე რეალიზაციას ახორციელებს საცალო და საბითუმო ვაჭრობას, ---ს ბაზრობის ტერიტორიაზე. აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელი საბუღალტრო აღრიცხვას აწარმოებს საბუღალტრო პროგრამა ორისში. დეკლარირებული ფასნამატები წლების მიხედვით შეადგენს: 2022 წელს 25%, 2023 წელს 42%, 2024 წელს 42%. მთლიანობაში, შესამოწმებელი პერიოდის საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 33%-ს. გაუგებარი და მიუღებელია საშუალო შეწონილი ფასნამატის მცნების შემოღება განსხვავებულ საანგარიშო პერიოდებზე, თუნდაც იმიტომ, რომ 2022 წელი პანდემიის პერიოდია და ვაჭრობა, ისევე როგორც მთელი ეკონომიკა, რეცესიის მდგომარეობაში იყო და გარკვეული დრო დაჭირდა რეაბილიტაციისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის მთლიან ბრუნვაში შერევითა და საშუალო შეწონილი მარჟის გამოყვანით, მეწარმის საქმიანობის ერთიანი სურათი მახინჯდება.

ამასთანავე, დადგენილი პრაქტიკაა, როცა ინვენტარიზაციის ფასნამატი შესაძლოა გავრცელდეს მხოლოდ მომიჯნავე პერიოდზე, მათ საანგარიშო პერიოდში მხოლოდ 2024-2025 წლებზე. უფრო ადრინდელ საანგარიშო პერიოდზე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილი ფასნამატი, თუ სხვა მტკიცებულებები არ იქნება წარდგენილი.

აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2023 და 2024 წლებში დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 42%-ს, იგივე მონაცემები ფიქსირდება საბუღალტრო პროგრამაში 2025 წელთან მიმართებითაც. 2025 წლის 17 ნოემბრის №25155 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი შეადგენს 44%-ს, რომელიც არსებითაც არ განსხვავდება გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული და დეკლარირებული ფასნამატისგან, 2%-იანი განსხვავება არაარსებითია.

2025 წლის 17 დეკემბერს მომზადებულ საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ 2022, 2023 და 2024 წლებზე შემოსავლის გაანგარიშებისათვის გამოყენებულ იქნა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი 44.34%-ის ოდენობით.

ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით:

- 2022 წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შეადგენს 273 390 ლარს, რომელზეც მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმება ინვენტარიზაციის ფასნამატის გავრცელებას, ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის (44.34%-ის) გავრცელების შემთხვევაში, ერთობლივმა შემოსავალმა და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვამ უნდა შეადგინოს 394 611 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ გაანგარიშებაში მითითებული ციფრი 455 509 ლარი მნიშვნელოვნად განსხვავდება ზემოაღნიშნული შედეგისგან;

- 2023 წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შეადგენს 35 763 ლარს, რომელზეც მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმება ინვენტარიზაციის ფასნამატის გავრცელებას, ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის (44.34%-ის) გავრცელების შემთხვევაში, ერთობლივმა შემოსავალმა და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვამ უნდა შეადგინოს 51 620 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ გაანგარიშებაში მითითებული ციფრი 67 637 ლარი მნიშვნელოვნად განსხვავდება ზემოაღნიშნული შედეგისგან; - 2024 წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შეადგენს 110 745 ლარს, რომლის მიმართ ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის (44.34%-ის) გავრცელების შემთხვევაში, ერთობლივმა შემოსავალმა და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვამ უნდა შეადგინოს 159 849 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ გაანგარიშებაში მითითებული ციფრი 208 632 ლარი მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ფასნამატის გავრცელებით მიღებული ციფრისაგან, რაც უპირობოდ საჭიროებს დაზუსტებას. ნაცვლად ზემოაღნიშნული კორექტირებისა, შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება მხოლოდ საბოლოო ნაშთების კორექტირებით მომხდარიყო ზემოაღნიშნული შეცდომის გასწორება. მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმება ზემოაღნიშნულ მიდგომას, თუნდაც მხოლოდ ნაშთების კორექტირების შედეგად გადასახადი უნდა შემცირებულიყო 17 416 ლარით, ნაცვლად 15 369 ლარისა, კერძოდ:

 2022 წელს შემცირებას დაექვემდებარა 8 438 ლარი;

 2023 წელს შემცირებას დაექვემდებარა 171 ლარი;

 2024 წელს შემცირებას დაექვემდებარა 6 579 ლარი.

იმ შემთხვევაში, თუ დავეთანხმებით მხოლოდ ნაშთების კორექტირებით გადაანგარიშების საკითხს, აუდიტის დეპარტამენტს უნდა განეხორციელებინა შემდები სახის გადაანგარიშება:

 2022 წელს შემცირებას დაქვემდებარებოდა 8 438 ლარი;

 2023 წელს შემცირებას დაექვემდებარა 171 ლარი, რადგან საგადასახადო შემოწმების აქტით, ერთობლივი შემოსავლის გადამეტებამ ხარჯებზე შეადგინა 856 ლარი, შესაბამისად, დაერიცხა 171 ლარი გადასახადი. გადაანგარიშების შედეგად ხარჯების გადამეტებამ ერთობლივ შემოსავალზე შეადგინა 10 240 ლარი, რამაც გამოიწვია აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება 171 ლარის ოდენობით, მაგრამ წარმოიშვა ზარალი რომელიც უნდა გადატანილიყო შემდეგ წელს 9 383 ლარის ოდენობით; , 2024 წელს შემცირებას დაქვემდებარებოდა 8 363 ლარი ნაცვლად 6 579 ლარისა, რადგან 2024 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას უნდა გათვალისწინებულიყო წინა წლების ზარალი 9 383 ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს, მათი უშუალო მონაწილეობით მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა, მითითებული მტკიცებულებების გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება შემცირების გზით. მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 96-ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ითხოვს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით საჩივრის განხილვას და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაევალოს მეწარმის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადისა და სანქციის (ჯარიმა-საურავი) სახით დარიცხული თანხების შემცირებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6588 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირების საკითხის შესწავლა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 17 ივნისის დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი: შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემოწმების მიერ განხორციელდა 2022, 2023 და 2024 წლის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირება, რის შედეგადაც შემცირდა საშემოსავლო გადასახადის თანხა და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით დაკისრებული ჯარიმა.

საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტება მომჩივნის პოზიციაზე ზარალთან დაკავშირებით, რომ გადაანგარიშებისას გათვალისწინებულია იმ წლების ზარალი, რომელიც გავლენას ახდენდა შესამოწმებელ პერიოდზე. მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, წარმოადგენს არგუმენტებს, რომელიც ცნობილია საჩივრის განმხილველი ორგანოსათვის დავის ყველა ეტაპზე და არ იქნა გათვალისწინებული, როგორც შემოსავლების სამსახურის, ისე დავების განხილვის საბჭოს მიერ, ამასთან შემოწმების მიერ გადაანგარიშების თანხებთან მიმართებით, საპირისპიროდ წარმოადგენს კონკრეტულ ციფრებს (გაანგარიშებას) 2022, 2023 და 2024 წლებთან დაკავშირებით, ხოლო 2023 წელთან მიმართებით აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების შედეგად ხარჯების გადამეტებამ ერთობლივ შემოსავალზე შეადგინა 10 240 ლარი, რამაც გამოიწვია აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება 171 ლარის ოდენობით, მაგრამ წარმოიშვა ზარალი რომელიც უნდა გადატანილიყო შემდეგ წელს 9 383 ლარის ოდენობით. 2024 წელს შემცირებას დაქვემდებარებოდა 8 363 ლარი ნაცვლად 6 579 ლარისა, რადგან 2024 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას უნდა გათვალისწინებულიყო წინა წლების ზარალი 9 383 ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საკითხის ხელახალ შესწავლას, საჩივარში მითითებული მტკიცებულებების გათვალისწინებით საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებას. საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად მოხდა გადაანგარიშება ფორმალურად, 2022-2023-2024 წლების საშემოსავლო გადასახადის თანხები უნდა დაქვემდებარებოდა გადაანგარიშებას ნაშთების შესაბამისად მაგრამ, რაც არ იქნა გათვალისწინებული 2023 წლის ერთობლივ შემოსავალს შეეხება. კერძოდ, 2023 წელს შემცირებას დაექვემდებარა 171 ლარი, რადგან შემოწმების აქტით, ერთობლივი შემოსავლის გადამეტება დადგინდა ხარჯებზე, დაერიცხა 171 ლარი გადასახადი. გადაანგარიშების შედეგად, ხარჯების გადამეტებამ ერთობლივ შემოსავალზე შეადგინა 10 000 ლარი, რამაც გამოიწვია აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება 171 ლარის ოდენობით, მაგრამ წარმოიშვა ზარალი, რომელიც უნდა გადატანილიყო შემდეგ წელს 9 383 ლარის ოდენობით, მაგრამ არ იქნა გადატანილი შემმოწმებლის მიერ და გამოქვითული.

შემოსავლების სამსახურმა ზარალის გადატანის გათვალისწინების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მაგრამ მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, შეიძლებოდა აღნიშნულის განხორციელება აუდიტორის მიერ, რაც არ მოხდა. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოსვლების სამსახურის გადაწყვეტილებით დაევალა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირების საკითხის შესწავლა, რაც განხორციელდა, ხოლო რაც შეეხება ზარალს, შემოწმებული იყო 2025 წლის სექტემბრამდე პერიოდი, 2023 წელში წამოიშვა ზარალი, 2024 წელი შესამოწმებელი პერიოდი იყო, მაგრამ არ მოხდა ზარალის გადატანა, თავად გადასახადის გადამხდელს უნდა დაედეკლარირებინა 2025 წელს საშემოსავლო გადასახადი და ამ წელს მოეხდინა გადატანა. ანუ, შემოიფარგლა გადასახადის გადამხდელისათვის რეკომენდაციის მიცემით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, შემოწმებულ პერიოდში წარმოშობილი ზარალის ამავე პერიოდში გადატანასთან დაკავშირებით, რომ შემმოწმებელ აუდიტორს შეეძლო წარმოშობილი ზარალის გადატანა შესამოწმებელ პერიოდში, რასაც შემმოწმებელი აუდიტორი ეთანხმება და აღნიშნა, რომ შეიძლებოდა ზარალის გადატანა, თუმცა გადასახადის გადამხდელისათვის რეკომენდაციის მიცემას მიანიჭა უპირატესობა.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, გადაანგარიშების პროცესში წარმოშობილი ზარალის შესამოწმებელ პერიოდში გადატანის მიზანშეწონილობის ნაწილში, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 4.09.2026 წლის №19719 ბრძანება;

3. საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6588 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმო ახორციელებს ტანსაცმლის შეძენა-რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე. კამერალური საგადასახადო შემოწმებით (2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ივნისამდე) დადგინდა, რომ გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, რის გამოც დაბეგვრის ობიექტის დადგენა შეუძლებელი გახდა. 2022 წელს იმპორტით შემოტანილი იყო 257 954 ლარის ტანსაცმელი. საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებსა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის გამოვლენილი 15 115 ლარის სხვაობაზე დაირიცხა დღგ 2 721 ლარი და ჯარიმა. სალაროს ინვენტარიზაციით ნაღდი ფულის ნაშთი ნულოვანი აღმოჩნდა, ხოლო ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით გამოვლენილი 561 218 ლარის ნაშთი ჩაითვალა ხელმძღვანელის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, დაირიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

N6588 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით შემოწმების მიერ განხორციელდა 2022, 2023 და 2024 წლის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირება, რის შედეგადაც შემცირდა საშემოსავლო გადასახადის თანხა და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, გადაანგარიშების პროცესში წარმოშობილი ზარალის შესამოწმებელ პერიოდში გადატანის მიზანშეწონილობის ნაწილში, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1, ბ);