ბრძანება N 27611

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.12.2024
№ დოკუმენტი 27611
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27611

30 დეკემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------ას“ (ს/ნ -----------------)

(ფაქტ. მის.: ------------------------,იურ. მის.: --------------------------)

2024 წლის 11 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №133) განიხილა შპს „-------ას“ (ს/ნ -----------------) 2024 წლის 11 დეკემბრის №93284/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 ნოემბრის №007-271 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული თანხების გაანგარიშებისას ხარჯების გაუთვალისწინებლობას და აცხადებს, რომ კომპანიაში შესამოწმებელ პერიოდამდე, ძირითადად პურის საცხობი დანადგარების შესაძენად განხორციელებულია ინვესტიცია, რაც შესამოწმებელ პერიოდში დაბრუნებულია უკან. აღნიშნული დოკუმენტაციის მიწოდების ფაქტს თავად შემმოწმებელიც აფიქსირებს აქტში, თუმცა, გაუგებარი მოტივით არ ახდენს მის გათვალისწინებას. მომჩივანი მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაცია, რასაც თან ურთავს საჩივარს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ივნისის №13277 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---------ას“ (ს/ნ ----------------) 2024 წლის 8 მაისის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---------ას“ (ს/ნ ----------------) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, დამოწმებული შესაბამისი წესით;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სესხზე გადახდილი პროცენტის თანხის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ივნისის №13277 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 12 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა სულ 44 151 ლარით, მათ შორის, გადასახადი 29 428 ლარით და ჯარიმა 14 723 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 14 ნოემბრის №007-271 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო დანადგარების შეძენაზე ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულებები, ფოტოსურათები. 2022 წელს საწარმოს უფიქსირდება სამი ავტომობილის შეძენა, რომლის შესყიდვის დოკუმენტები გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, შემოწმების აქტში გათვალისწინებულია ღირებულების 75%. გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლით, შემოწმების აქტში ასახული გარემოებებისგან განსხვავებული გარემოება არ დადგინდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არ არსებობის გამო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას; 2. შემოსავლების სამსახურის ბრძანების მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა სესხზე გადახდილი პროცენტის თანხის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების მიერ განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დადგინდა განკარგვადი თანხები, გაანგარიშებულ იქნა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები და ხარჯები, დოკუმენტური რეალიზაცია, გათვალისწინებულ იქნა დებიტორული მოთხოვნები, აღებული სესხი, ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხები, გაწეული დოკუმენტური ხარჯები, მათ შორის, კრედიტორული დავალიანებები, გაცემული ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, სესხისა და პროცენტის გადახდილი თანხები, ბანკის საკომისიო და კომუნალური ხარჯები. აღნიშნულის გათვალისწინებით დარჩენილი განკარგვადი ფულადი სახსრები შემოწმებით ჩათვლილ იქნა დირექტორის ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული პურის საცხობი დანადგარების შესაძენად და ასევე კომპანიის მიერ 3 ავტომობილის შეძენაზე გადახდილი თანხები.

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის და საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტების მიხედვით, შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილი იყო დანადგარების შეძენაზე ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულებები, ფოტოსურათები. ამასთან, 2022 წელს საწარმოს უფიქსირდება სამი ავტომობილის შეძენა, რომლის შესყიდვის დოკუმენტები გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, ხოლო შემოწმების მიერ ხარჯად გათვალისწინებულ იქნა ავტომობილების ღირებულების 75%. რაც შეეხება გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილ შედარების აქტებსა და ხელშეკრულებებს, აღნიშნული დოკუმენტაცია სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო არ იქნა გათვალისწინებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ ფულის ნაშთის გაანგარიშებისას პურის საცხობი დანადგარების ხარჯებში გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ პურის საცხობი დანადგარების ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით, ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც განსაზღვრული იქნება პურის საცხობი დანადგარების საბაზრო ღირებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------ას“ (ს/ნ -----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ფულის ნაშთის გაანგარიშებისას პურის საცხობი დანადგარების ხარჯებში გათვალისწინების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ პურის საცხობი დანადგარების ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც განსაზღვრული იქნება პურის საცხობი დანადგარების საბაზრო ღირებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული პურის საცხობი დანადგარების შესაძენად და ასევე კომპანიის მიერ 3 ავტომობილის შეძენაზე გადახდილი თანხები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №13277 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი. აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა სულ 44 151 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 14 ნოემბრის №007-271 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ ფულის ნაშთის გაანგარიშებისას პურის საცხობი დანადგარების ხარჯებში გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ პურის საცხობი დანადგარების ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით, ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც განსაზღვრული იქნება პურის საცხობი დანადგარების საბაზრო ღირებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 72(1); 73(9 „ბ“) ; 101(1); 105(2); 154(1 „ა“);