ბრძანება N 1834

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.02.2024
№ დოკუმენტი 1834
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1834

02 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ „------“ )

(ფაქ. მის.: „------“ )

2024 წლის 23 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილების უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „------- -ს “ (ს/ნ „------“) №87058/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის №066-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორული დავალიანების გაუნაწილებელ მოგებად განხილვას და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ დებიტორული დავალიანების (11042 ლარი) მქონე პირებს ვალდებულების შესრულებას სთხოვდა კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით. მიუთითებს, რომ საწარმომ დებიტორული დავალიანების ამოღებისთვის შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმი არ გამოიყენა, ვინაიდან დებიტორული დავალიანების ამოსაღებად გასაწევი დროის, ადამიანური რესურსის და ფინანსური ხარჯების ოდენობა, აღემატება მისაღები შემოსავლის სარგებლის ოდენობას. ასევე, განმარტავს, რომ მათი მხრიდან საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებას ადგილი არ აქვს. მომჩივანი მიუთითებს, რომ საწარმომ 2020 წლის ივნისის თვიდან შეწყვიტა ეკონომიკური საქმიანობა, რის გამოც მიიღეს დებიტორული დავალიანების ზარალში ჩამოწერის გადაწყვეტილება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ნოემბრის №29099 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------ -ს “ (ს/ნ „------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 18 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 21 დეკემბრის №32299 ბრძანება და ამავე თარიღის №066-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 5 161 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 778 ლარი, ჯარიმა 1 489 ლარი, საურავი 894 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „------ -ს “ (ს/ნ „------“) საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება და რემონტი. კომპანიამ ფუნქციონირება შეაჩერა 2020 წლიდან. 2023 წლის 14 ნოემბერს კომპანიის დირექტორმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საწარმოს დაშლის რეგისტრაცია. აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე 2023 წლის 15 ნოემბრიდან მიმდინარეობს შპს „------ -ს “ (ს/ნ „------“) ლიკვიდაციის პროცესი. საწარმოს 2021-2023 წლებში არ განუხორციელებია არცერთი სამეურნეო, ფინანსური და საბანკო ოპერაცია. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში, არ გააჩნია ფულადი ნაშთები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, საწარმოს სახელზე არ არის რეგისტრირებული მოძრავი ქონება, არ არის გამოწერილი არანაირი საგადასახადო დოკუმენტაცია. ასევე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პირის მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობს. ანგარიშგების პორტალის მიხედვით, პირს 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით უფიქსირდება 11 042 ლარის დებიტორული მოთხოვნა, რომელიც 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მოთხოვნებში აღარ ფიქსირდება. ამავდროულად, შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში არ არის ასახული შესაბამისი თანხა. ასევე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, პორტალის მიხედვით, მარაგები და ძირითადი საშუალებები უფიქსირდება 615 ლარის ოდენობით. შესაბამისად, აღნიშნული თანხების ჯამი, ვინაიდან მიმდინარეობს საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი, დაკვალიფიცირდა დამფუძნებელ პირზე -„------“-ზე (პ/ნ „------“) განაწილებულ დივიდენდად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 და 130-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე გადასახადის თანხის შემცირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 12-ე ნაწილის თანახმად, დივიდენდია – აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით უფიქსირდება დებიტორული მოთხოვნა- 11 042 ლარი, რომელიც 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღარ ფიქსირდება. ასევე, შესამოწმებელი წლის ბოლოსთვის მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ღირებულება შეადგენდა 615 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობს საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი, გამოვლენილი თანხების ჯამი დაკვალიფიცირდა დამფუძნებელ პირზე განაწილებულ დივიდენდად და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საწარმოში მიმდინარე ლიკვიდაციის პროცესის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ჩამოწერილი დებიტორული დავალიანების და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის მარაგების/ძირითადი საშუალებების ღირებულების ჯამის საწარმოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად განხილვა, ხოლო დივიდენდის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------ -ს “ (ს/ნ „------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორული დავალიანების გაუნაწილებელ მოგებად განხილვას და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება და რემონტი.

კომპანიამ ფუნქციონირება შეაჩერა 2020 წლიდან. 2023 წლის 14 ნოემბერს კომპანიის დირექტორმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საწარმოს დაშლის რეგისტრაცია.საწარმოს 2021-2023 წლებში არ განუხორციელებია არცერთი სამეურნეო, ფინანსური და საბანკო ოპერაცია. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში, არ გააჩნია ფულადი ნაშთები.საწარმოს სახელზე არ არის რეგისტრირებული მოძრავი ქონება, არ არის გამოწერილი არანაირი საგადასახადო დოკუმენტაცია. ასევე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პირის მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობს.ამავდროულად,შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში არ არის ასახული შესაბამისი თანხა. ასევე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, პორტალის მიხედვით, მარაგები და ძირითადი საშუალებები უფიქსირდება.შესაბამისად, აღნიშნული თანხების ჯამი, ვინაიდან მიმდინარეობს საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი, დაკვალიფიცირდა დამფუძნებელ პირზე განაწილებულ დივიდენდად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების და სსკ-ის 981 და 130-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე გადასახადის თანხის შემცირებისთვის ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9).97,981,130,154.