ბრძანება N 20111
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20111
15 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---’’- ის (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 18 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა შპს „---’’- ის (ს/ნ ---) №82389/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 ივნისის №068-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საქონლის შესაძენად გადახდილი თანხის არარეზიდენტზე გაცემულ სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხულ მოგების გადასახადს. მიუთითებს, რომ ---ში რეგისტრირებულ 2 კომპანიაზე გადარიცხულ იქნა 813 106 ლარი საქონლის მოსაწოდებლად. აცხადებს, რომ ---დან საქონლის ტრანსპორტირებას, საბაჟო და სხვა პროცედურების გავლას სჭირდება რამდენიმე თვე და ასევე ---ში წარმოებული --- გახდა მომწოდებლის მხრიდან პროდუქციის მოწოდების შემაფერხებელი გარემოება, რაც მათი მხრიდან განმარტებულია როგორც ფორს-მაჟორული მდგომარეობა. აცხადებს ასევე, რომ --- კომპანიის წარმომადგენლებს არაერთხელ აცნობეს საქონლის მოწოდების ვალდებულების შესახებ ან ავანსის თანხის გონივრულ ვადაში დაბრუნების შესახებ, თუმცა საწარმოს მოთხოვნა დღემდე არ შესრულებულა, ვინაიდან მომწოდებელი აცხადებს, რომ იმყოფება ფორს-მაჟორულ მდგომარეობაში. მიუთითებს, რომ საქონლის მოსაწოდებლად თანხის გადარიცხვის ფაქტი შემოწმებას ეჭვქვეშ არ დაუყენებია, შესაბამისად სახეზეა საწარმოდან თანხის რეალურად გასვლა, რასაც ადასტურებს კომპანიებს შორის გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, რომელიც წარდგენილია შემოწმებისთვის.
2. არ ეთანხმება შემოწმებით მარცვლეულის ტენიანობის შედეგად დანაკარგის ოდენობის განსაზღვრას და აღნიშნული საქონლის სხვაობის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ შემოწმებამ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის N222 დადგენილების საფუძველზე დანაკარგის ზღვრულ ოდენობად განსაზღვრა მხოლოდ 148 772 კგ. აცხადებს, რომ აღნიშნული დადგენილება ეხება მხოლოდ საერთაშორისო გადაზიდვების, ქვეყნის შიგნით გადაზიდვებისა და მარცვლეულის შენახვის შედეგად მიღებულ დანაკარგს და არანაირ კავშირში არ არის მარცვლეულის ტენიანობის შედეგად მიღებულ დანაკარგთან. აცხადებს, რომ მარცვლეულის ტენიანობით გამოწვეული დანაკარგის გამო საწარმო ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიიღებდა იმ ოდენობის შემოსავალს, რაც შემოწმებით განისაზღვრა. აღნიშნულს ადასტურებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც გააჩნია საწარმოს, კერძოდ დარგის სპეციალისტების მიერ შედგენილი დასკვნები, რომელიც თანდართულია საჩივარზე და შემოწმების პროცესში აუდიტმა არ გაითვალისწინა. აცხადებს, რომ საწარმოს სრულად ჰქონდა აღრიცხული როგორც გაწეული ხარჯები, ისე ტენიანობის შედეგად მიღებული დანაკარგი, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარედგინა აუდიტორს. აცხადებს, რომ ---ში და ასევე საქართველოში მოქმედი ,,გოსტ 13586.5-2015’’ -ის მიხედვით მარცვლეულის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 14%-ს. ცალსახად დადასტურებულია, რომ ---დან იმპორტირებული მარცვლეულის ტენიანობა ბევრად აღემატებოდა 14%-ს, რის გამოც აუცილებელი გახდა ტენიანობის შემცირება დასაშვებ ოდენობამდე. ამ მიზნით მოხდა მარცვლეულის გაშრობა სპეციალისტის მონაწილეობით, შედგა შესაბამისი დოკუმენტები, რომელიც მიწოდებულ იქნა შემოწმებისთვის.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 ოქტომბრის №26698 და 9 დეკემბრის №31150 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „---’’-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 4 მარტიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 21 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 23 ივნისის №14510 ბრძანება და ამავე თარიღის №068-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 2 682 316 ლარი, მათ შორის: გადასახადი 1 347 762 ლარი, ჯარიმა 911 421 ლარი, საურავი 423 133 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს ,,---’’-ის (ს/ნ ---) ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მარცვლეულის იმპორტი და რეალიზაცია. მარცვლეულის იმპორტი სრულად ხორციელდება ---დან სახმელეთო გზით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის 20 ოქტომბრის N18003/15-04-03/4 წერილისა და დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა საწარმოს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ასევე, შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა ,,ფინა’’ და შემოწმების მიერ მოთხოვნილი დაბეგვრასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ 2022 წლის 29 სექტემბერს შპს ,,---’’-ის (ს/ნ ---) ანგარიშვალდებულ პირს არარეზიდენტი მომწოდებლისთვის, ---ში რეგისტრირებული შპს ,,---ს’’ გადახდილი აქვს 13 500 000 რუბლის ეკვივალენტი 650 106 ლარი საქონლის მოსაწოდებლად (800 000 კგ. ხორბალი). აღნიშნული გადახდის შემდეგ კომპანიას უფიქსირდება მხოლოდ ერთი შესყიდვა 2022 წლის 3 ოქტომბერს. ასევე, 2022 წლის 9 ოქტომბერს ანგარიშვალდებულ პირს არარეზიდენტი მომწოდებლისთვის, ---ში რეგისტრირებული შპს ,,---თვის’’ გადახდილი აქვს 163 000 ლარი, რომლის შესაბამისად მოწოდებული საქონელი არ ფიქსირდება. აღნიშნული ოპერაციების შემდგომ პერიოდში გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობა აღარ უფიქსირდება. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის და 982 მუხლის გათვალისწინებით, არარეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილი თანხა 813 106 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა, როგორც გადახდის მომენტში არარეზიდენტ პირზე სესხის გაცემა და დაიბეგრა მოგების გადასახადით. პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შპს ,,---’’ მარცვლეულის რეალიზაციას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე როგორც საბითუმოდ, ისე საცალოდ. გადამხდელს ასევე შეძენილი აქვს იმპორტირებული მარცვლეული ადგილობრივ ბაზარზე, შესამოწმებელ პერიოდში სულ შეძენილია 32 105 977 კგ. იმპორტირებული ხორბალი და 22 742 009 კგ. იმპორტირებული სიმინდი. გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ,,ფინა’’ და დაბეგვრასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავების შედეგად შემოწმების პროცესში გამოვლინდა შემდეგი გარემოება:
შეძენილი მარცვლეულის რეალიზაცია გადამხდელის მიერ ხორციელდება როგორც მყისიერად იმპორტის განხორციელებისთანავე, ასევე ხდება დასაწყობება გადამხდელის იჯარით აღებულ ტერიტორიაზე. საწყობში მიღებული საქონლის აღრიცხვა ხდება მიღებული პარტიების რაოდენობის მიხედვით, რომლის შემდეგაც მარცვლეულს უტარდება სხვადასხვა სახის დამუშავების პროცედურა, რათა შესაძლებელი გახდეს მარცვლეულის უსაფრთხო შენახვა შემდგომი რეალიზაციის განხორციელებამდე. მარცვლეულის დამუშავების დროს (ტენიანობის განსაზღვრა, დანაგვიანებისგან გასუფთავება, შრობა) ტენიანობის პროცენტის გათვალისწინებით გადამხდელს განსაზღვრული აქვს საქონლის დანაკარგი და ჩამოწერილი აქვს ბუღალტრულად მარცვეული საერთო წონით 2 923 774 კგ. (ხორბალი - 1 559 159 კგ., სიმინდი - 1 364 614 კგ.). შემოწმების პროცესში შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის N222 დადგენილებით მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მაქსიმალური ზღვრული ოდენობა და შეადგინა ჯამურად 148 772 კგ. შესაბამისად, შესწავლის შედეგად გამოვლენილი საქონლის რაოდენობრივ სხვაობებზე გავრცელდა გადამხდელის მიერ დაფიქსირებული შესაბამისი პერიოდის დოკუმენტურად დადგენილი საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასები, დაანგარიშებულ იქნა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა 2 330 175 ლარი, რომელიც დამატებით ჩართულ იქნა დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, შემოწმებით დამატებით გამოვლენილი შემოსავალი 2 749 606 ლარის ოდენობით (,,გროსი’’ შეადგენს 3 737 008 ლარს) დაკვალიფიცირდა მიღებულ ფულად სახსრებად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 73- ე მუხლების გათვალისწინებით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანამად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან მიმართებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმებით შესწავლილ იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ასევე, შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა ,,ფინა’’ და შემოწმების მიერ მოთხოვნილი დაბეგვრასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ 2022 წლის 29 სექტემბერს და 9 ოქტომბერს შპს ,,---’’-ის (ს/ნ ---) ანგარიშვალდებულ პირს არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის, ---ში რეგისტრირებული 2 კომპანიისთვის საქონლის მოსაწოდებლად გადახდილი აქვს 813 106 ლარი, თუმცა მოწოდებული საქონელი არ ფიქსირდება. აღნიშნული ოპერაციების შემდგომ პერიოდში გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობა აღარ უფიქსირდება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, არარეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილი თანხა შემოწმებით დაკვალიფიცირდა არარეზიდენტებზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოწმების პროცესში საგამოძიებო სამსახურის მოწოდებული ძიების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ გადამხდელი --ში რეგისტრირებულ ორ არარეზიდენტ კომპანიასთან იმყოფებოდა უკანონო გარიგებაში. კერძოდ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოსვლისას საქონლის განბაჟების პროცესში გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით გადამხდელი წარადგენდა არარეზიდენტი კომპანიების მიერ გამოწერილ ყალბ ინვოისებს, რომელშიც ფიქსირდებოდა საქონლის შემცირებული რაოდენობა და თანხა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით მოგების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის N222 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცებულია მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შეძენილი მარცვლეულის რეალიზაცია გადამხდელის მიერ ხორციელდება როგორც მყისიერად იმპორტის განხორციელებისთანავე, ასევე ხდება დასაწყობება გადამხდელის იჯარით აღებულ ტერიტორიაზე. საწყობში მიღებული საქონლის აღრიცხვა ხდება მიღებული პარტიების რაოდენობის მიხედვით, რომლის შემდეგაც მარცვლეულს უტარდება სხვადასხვა სახის დამუშავების პროცედურა, რათა შესაძლებელი გახდეს მარცვლეულის უსაფრთხო შენახვა შემდგომი რეალიზაციის განხორციელებამდე.
მარცვლეულის დამუშავების დროს (ტენიანობის განსაზღვრა, დანაგვიანებისგან გასუფთავება, შრობა) ტენიანობის პროცენტის გათვალისწინებით გადამხდელს განსაზღვრული აქვს საქონლის დანაკარგი და ჩამოწერილი აქვს ბუღალტრულად მარცვეული საერთო წონით 2 923 774 კგ. შემოწმების პროცესში შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის N222 დადგენილებით მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მაქსიმალური ზღვრული ოდენობა და შეადგინა ჯამურად 148 772 კგ. შესაბამისად, შესწავლის შედეგად გამოვლენილი საქონლის რაოდენობრივ სხვაობებზე გავრცელდა გადამხდელის მიერ დაფიქსირებული შესაბამისი პერიოდის დოკუმენტურად დადგენილი საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასები, დაანგარიშებულ იქნა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც დამატებით ჩართულ იქნა დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ამასთან, შემოწმებით დამატებით გამოვლენილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა მიღებულ ფულად სახსრებად და ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს განესაზღვრა კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებები.
ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---’’- ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საქონლის შესაძენად გადახდილი თანხის არარეზიდენტზე გაცემულ სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხულ მოგების გადასახადს.
2. არ ეთანხმება შემოწმებით მარცვლეულის ტენიანობის შედეგად დანაკარგის ოდენობის განსაზღვრას და აღნიშნული საქონლის სხვაობის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 ოქტომბრის №26698 და 9 დეკემბრის №31150 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 4 მარტიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 21 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 23 ივნისის №14510 ბრძანება და ამავე თარიღის №068-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 2 682 316 ლარი, მათ შორის: გადასახადი 1 347 762 ლარი, ჯარიმა 911 421 ლარი, საურავი 423 133 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 982; 43 (4); 136 (3); 159; 8 (11); 101; 154.
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:161.