გადაწყვეტილება №26161/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.12.2025
№ დოკუმენტი 26161/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26161/2/2025

24 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ -----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,4.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ის 12.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26161/2/2025).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა;

2. გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ პირზე გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.08.2025 წლის №075-7 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.10.2025 წლის №21408 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 101 730,95 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 57 890,23

დღგ - 57 528,98

საშემოსავლო გადასახადი - 361,25

ჯარიმა - 35 879,27

საურავი - 7 961,45

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურება სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

აუდიტის დეპარტამენტის 1.08.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნისა საქმიანობის 14.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 6.08.2025 წლის №075-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.10.2025 წლის №21408 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ კომპანია არ აწარმოებს ელ. ბუღალტრულ აღრიცხვას, თანამშრომლობს შემოწმებასთან, შემოწმების შედეგები გამოყვანილია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემასა (-) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

დადგინდა, რომ კომპანიის გაწეული მომსახურების და ამ მომსახურების შესაბამისად მიღებული ანაზღაურების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა 14.07.2022 წელს.

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემასა -) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დადგინდა, რომ კომპანიას გაწეული მომსახურების შესაბამისად მიღებული ანაზღაურება სრულად არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

წარმოადგენს მცირე საწარმოს, რომლის ერთადერთი შემოსავალი ტენდერიდან მიღებული თანხები იყო და მისი ფუნქციონირება სრულად დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე, როგორიცაა გასავლელი გზის მარშრუტი (ტენდერის გამოცხადების შემდეგ, შეცვალა ადგილობრივ სოფლებში გასავლელი მარშრუტები, რამაც გაზარდა მანძილი, ხოლო მძღოლების ანაზღაურება დამოკიდებული იყო გავლილ მანძილზე), ამინდი (უამინდობის გამო ხშირი იყო სოფლებს შორის გასავლელი გზის შეფერხება რაც იწვევდა დამატებით ხარჯებს), მძღოლების მობილიზება-დასაქმება, სკოლის ინტერესების გათვალისწინება, ყველა ეს ჩამოთვლილი ფაქტორი მკვეთრად ზრდიდა ხარჯებს. ბოლო პერიოდში ბიზნესის მუშაობა შეჩერებულია, რაც გამოწვეულია გაზრდილი გაუთვალისწინებელი ხარჯებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი ბუღალტრული აღრიცხვას არ აწარმოებდა პროგრამულად. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემასა (-) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ კომპანიას გაწეული მომსახურების შესაბამისად მიღებული ანაზღაურება სრულად არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით.

გადასახადის გადამხდელს არ აქვს არგუმენტები თუ რა ნაწილში არ ეთანხმება დარიცხვას. ამასთან, არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ პირზე გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიას მიღებული (სატრანსპორტო) მომსახურების სანაცვლოდ, საბანკო ამონაწერების მიხედვით, გაცემული აქვს თანხები, მათ შორის, ანაზღაურება გაცემული აქვს გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული პირისთვის. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსხური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯების გაწევა უნდა მოხდეს მიღებული შემოსავლიდან, ხოლო მუშაობის ხარისხი ამის საშულებას არ იძლევა. ბიუჯეტში გადასარიცხი თანხა მეწარმის წლიური ბრუნვის და ხარჯების პროპორციული უნდა იყოს, შესაბამისად შემოსავლების სამსახურის მიერ აღრიცხული თანხის ოდენობა მიღებულ შემოსავალთან არ მოდის შესაბამისობაში. გაუგებარია რაზე დაყრდნობით აღრიცხა შემოსავლების სამსახურმა ბიუჯეტში გადასარიცხი თანხის აღნიშნული ოდენობა, რომელიც გაუმართლებლად მაღალია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

დადგენილია, რომ საწარმომ, როგორც საგადასახადო აგენტმა, გადახდის წყაროსთან არ დააკავა ფიზიკური პირებისთვის მომსახურების მიღების სანაცვლოდ გადახდილი თანხები. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე არგუმენტები/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა;

2. გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ პირზე გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნისა საქმიანობის 14.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა №075-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №21408 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხებზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 154(1 „დ“.2 „ა“ და „ბ“.3 „ა“) ;159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1); 165(1);