გადაწყვეტილება №23423/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23423/2/2024
15 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 3.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23423/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.03.2024 წლის №006-67 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12627 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 196 030 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 113 241
დღგ - 47 946
მოგების გადასახადი - 1 234
საშემოსავლო გადასახადი - 64 061
ჯარიმა - 58 008
საურავი - 24 781
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა საცალო ვაჭრობა სპორტული ფეხსაცმლითა და ტანსაცმლით ----------ში.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 9 ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 12 მარტს, ხოლო 2020 წლის 30 იანვრიდან წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს. საქონლის შეძენა ხორციელდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ---------- და ---------- იმპორტის გზით. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილია სულ 570 741 ლარის (დღგ-ის გარეშე) ღირებულების პროდუქცია. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის №12894 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგად აღრიცხული საქონლის ნაშთის საბაზრო ღირებულებამ (დღგ-ის ჩათვლით), 2023 წლის 9 ივნისის მდგომარეობით, შეადგინა 295 121 ლარი, ხოლო გადამხდელის მიერ აღნიშნულ საქონელზე განსაზღვრულმა თვითღირებულებამ კი 104 454 ლარი.
გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში წარმოდგენილი აქვს საბანკო ამონაწერები და ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, თუმცა წარმოდგენილი საქონლის მოძრაობის ამსახველი ჩანაწერები სრულყოფილი ფორმით ნაწარმოები არ არის, კერძოდ, საქონლის ჩამოწერა განხორციელებულია ყოველდღიურად, ხოლო შესაბამისი შემოსავალი აღრიცხულია ყოველთვიურად და თითოეული ოპერაციის ჭრილში დაბეგვრის ობიექტის დადგენა ვერ მოხერხდა. არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ეკონომიკურ ოპერაციებზე ნაწარმოები არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, ამასთანავე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია საქონლის რეალიზაციას ახორციელებდა ძირითადი დოკუმენტის გარეშე, ხოლო დღგ-ის დეკლარაციებში არასრულად იყო აღრიცხული კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები (კერძოდ, სმფ-ის ინვენტარიზაციამდე საანგარიშო პერიოდებში გადამხდელს დეკლარირებული აქვს 1 056 602 ლარის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა, როცა შესამოწმებელი პერიოდის სმფის საწყისი ნაშთი შეადგენს 10 931 ლარს, მის მიერ შეძენილია 596 741 ლარის სმფ-ები, ინვენტარიზაციის ნაშთად აღრიცხულია სულ 104 454 ლარის თვითღირებულების სმფ-ები. ინვენტარიზაციით დადგენილმა საშუალო ფასნამატმა კი შეადგინა 139%).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე მუხლების და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება საქონლის კატეგორიების მიხედვით, რომელთაც განესაზღვრა ინვენტარიზაციის ფასნამატი და გაანგარიშდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავალი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. გადასახადის გადამხდელი 2020 წლის 30 იანვრიდან წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს. საქონლის შეძენა ხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე თურქეთიდან და ჩინეთიდან იმპორტის გზით. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილია სულ 570 741 (დღგ-ს გარეშე) ლარის ღირებულების პროდუქცია. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, თუმცა წარდგენილი საქონლის მოძრაობის ამსახველი ჩანაწერები სრულყოფილი ფორმით ნაწარმოები არ არის, კერძოდ, საქონლის ჩამოწერა განხორციელებულია ყოველდღიურად, ხოლო შესაბამისი შემოსავალი აღრიცხულია ყოველთვიურად და თითოეული ოპერაციის ჭრილში დაბეგვრის ობიექტის დადგენა ვერ ხერხდება. შემოწმების პროცესში წარდგენილია, ასევე საბანკო ამონაწერები. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 101-ე მუხლის მიხედვით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გაანგარიშდა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, რა დროსაც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია გაწეული ხარჯების შესახებ, ასევე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ბუღალტრული პროგრამის თანახმად, 5 091 ლარის ოდენობით. გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მოქმედ დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე.
3. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არ ყოფილა იმპორტის საბაჟო რეჟიმით შეძენილი საქონლის ღირებულების არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.
„სააღრიცხვო დოკუმენტაციის არარსებობისას, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული განკარგვადი თანხების დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი №8) საფუძველზე იმ დანახარჯების 75%, რომლებიც დასტურდებოდა საბაჟო დეკლარაციებითა და ინვოისებით, ჩაითვალა გადახდილად, ხოლო დარჩენილი ნაწილი, საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, - შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მოქმედ საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
4. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის №12894 ბრძანების საფუძველზე კომპანიაში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად აღრიცხული საქონლის ნაშთის საბაზრო ღირებულებამ დღგ-ის ჩათვლით შეადგინა 295 121 ლარი, ხოლო გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებამ კი 3 471 ლარი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 18.10.2023 წლის №25769 ბრძანება და №006-527 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
1. მე-2 სადავო საკითხთან (სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა) დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
2. მე-3 სადავო საკითხთან (განკარგვადი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა) დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ დანართი №8-ით გაანგარიშებული იმპორტის საბაჟო რეჟიმით შეძენილი საქონლის ღირებულების 25% დაკვალიფიცირება საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივლისის დასკვნა, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების შედეგებად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 მარტის №4773 ბრძანება და №006-67 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12627 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით, ყურადღება გაამახვილა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც არ დაკორექტირდა (არ შემცირდა) დარიცხული თანხები. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული სალაროს ნაშთი, რომლის შედეგად, დაკორექტირდა გაანგარიშებაში მონაწილე კომპონენტები. ამასთან, დოკუმენტურად დაუდასტურებელი დანახარჯების 25% შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) გათვალისწინებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ პოზიციასთან დაკავშირებით, სადაც განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში ყურადღება არ არის გამახვილებული გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე საბანკო ანგარიშზე პერიოდის ბოლოს არსებულ ნაშთთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადაანგარიშებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, შესწავლილ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული სალაროს ნაშთი, რაც გულისხმობს გაანგარიშებაში მონაწილე ყველა კომპონენტის შესწავლას. საბოლოოდ, ანალიზის შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგებთან სხვაობა არ გამოვლინდა და საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, დამატებით შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, მათ შორის საბანკო ანგარიშზე პერიოდის ბოლოს არსებული ნაშთისა და გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთის დადებითი/უარყოფითი სალდოს გათვალისწინებით გაანგარიშდა ფულადი სახსრების ნაშთი, რამაც საბოლოო ჯამში არ გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების შემცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია, ხოლო გადასახადის გადამხდელის პრეტენზია საფუძველს მოკლებულია.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული მეორე საკითხი გადამხდელის მიერ 2023 წლის 15 ნოემბრის N85085/1/2023 საჩივარში ჩამოყალიბებული იყო შემდეგნაირად:
„საკითხი N2: არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების არასწორი დაანგარიშების საფუძველზე, შესაბამისად არასწორად მოხდა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის გაანგარიშება და თანხების დამატებით დარიცხვა.
ამის გარდა გაანგარიშებებში არ არის გათვალისწინებული ერთ-ერთი საბანკო ანგარიში და მასზე განთავსებული ფულადი ნაშთი 78 716,89 ლარის ოდენობით. საქვეანგარიშოდ გატანილი თანხა 25 600 ლარი, რომლითაც მოხდა კრედიტორული დავალიანების დაფარვა.
ცხრილების მიხედვით საწყის ნაშთებში გაორმაგებულად არის შეყვანილი 2023 წლის მაისისა და ივნისის ბრუნვა, რამაც აგრეთვე გავლენა იქონია სალაროს ნაშთის გაანგარიშებაზე.“
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დავების განხილვის ორგანოს მიმართა, რომ არ მომხდარა 2023 წლის 29 დეკემბერს გამოცემული N33928 ბრძანების აღსრულება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად ითხოვდა და ითხოვს, გადამხდელის საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი ნაშთის 78716,89 ლარის გათვალისწინებას სალაროს ნაშთის განსაზღვრისას, რაც არ მომხდარა აუდიტორების მიერ და დღემდე გაურკვეველია, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ ისე „დაკორექტირებულიყო გაანგარიშებაში მონაწილე კომპონენტები“, რომ სალაროს ნაშთი საბანკო ანგარიშზე არსებული თანხების გათვალისწინების შემთხვევაში სალაროს ნაშთი არ შემცირებულიყო.
ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის N33928 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა: „ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში „სხვა კომპონენტები“ არ ჰქონდა წარდგენილი, მხოლოდ საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის - 78716,89 ლარის გათვალისწინებაზე იყო საუბარი, მოკლედ რომ თქვას, დავის საგანი იყო მხოლოდ ამ თანხის გათვალისწინება სალაროს ნაშთის განსაზღვრისას და სალაროს ნაშთის დასაბეგრი თანხის განსაზღვრისას, სხვა „კომპონენტებს“ არც დაობდა და აუდიტის დეპარტამენტი ამით გაცდა მის უფლებამოსილებას და თავისივე შემოწმების აქტის არასადავო მუხლები თავისივე ინიციატივით „გადააკორექტირა“, რაც სრულიად არასამართლიანია.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში და შესაბამისად, საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილებაც მიღებული იყო ამის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 მაისის N12627 ბრძანება გამოცემულია სსკ-ის 302-ე მუხლის მე-2 მუხლის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, აუდიტის დეპარტამენტზე მიცემული პირდაპირი დავალება, რომ 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის გამოცემისას შესრულებულ გაანგარიშებაში ასახულ იქნეს გამორჩენის შედეგად გაუთვალისწინებელი, მაგრამ გადამხდელის საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთის გათვალისწინებით დადებითი ან უარყოფითი სალდო და ამის შესაბამისად მოხდეს დარიცხული თანხის გადაანგარიშება და არა საკუთარი მოსაზრებისამებრ, როგორც ამას აღნიშნავს აუდიტის დეპარტამენტი 2024 წლის 22 თებერვლის დასკვნაში: „დაკორექტირდა გაანგარიშებაში მონაწილე კომპონენტები.“ არანაირი კომპონენტების კორექტირების მითითება არ იყო 2023 წლის 29 დეკემბრის N33928 ბრძანებაში.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის დარღვევებზე, ამასთან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანებით:
1. მე-2 სადავო საკითხთან (სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა) დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
2. მე-3 სადავო საკითხთან (განკარგვადი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა) დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ დანართი №8-ით გაანგარიშებული იმპორტის საბაჟო რეჟიმით შეძენილი საქონლის ღირებულების 25% დაკვალიფიცირება საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივლისის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33928 ბრძანების შესაბამისად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული სალაროს ნაშთი, რომლის შედეგად, დაკორექტირდა გაანგარიშებაში მონაწილე კომპონენტები. ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე დოკუმენტურად დაუდასტურებელი დანახარჯების 25% შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) გათვალისწინებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო აქტის შედეგების კორექტირების საფუძველი არ გამოვლინდა და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
მომჩივნის განმარტებით, მის მიერ 2023 წლის 15 ნოემბრის N85085/1/2023 საჩივარი ჩამოყალიბებული იყო შემდეგნაირად:
„საკითხი N2: არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების არასწორი დაანგარიშების საფუძველზე, შესაბამისად არასწორად მოხდა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის გაანგარიშება და თანხების დამატებით დარიცხვა.
ამის გარდა გაანგარიშებებში არ არის გათვალისწინებული ერთ-ერთი საბანკო ანგარიში და მასზე განთავსებული ფულადი ნაშთი 78 716,89 ლარის ოდენობით. საქვეანგარიშოდ გატანილი თანხა 25 600 ლარი, რომლითაც მოხდა კრედიტორული დავალიანების დაფარვა.
ცხრილების მიხედვით საწყის ნაშთებში გაორმაგებულად არის შეყვანილი 2023 წლის მაისისა და ივნისის ბრუნვა, რამაც აგრეთვე გავლენა იქონია სალაროს ნაშთის გაანგარიშებაზე.“
მომჩივანს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანების აღსრულებისას მოპასუხე ორგანო დავის საგანს გაცდა, როცა დადგენილი ნაშთი შეცვალა, ვინაიდან შემოსავლების სამსახურში 2023 წლის 15 ნოემბერს წარდგენილი N85085/1/2023 საჩივრით დაფიქსირებული ჰქონდა კონკრეტული ზემოთდასახელებული მოთხოვნები, რაზეც მიიღო კიდეც შემოსავლების სამსახურმა 29.12.2023 წლის №33928 ბრძანება, რომ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში (მათ შორის გადასახადის გადამხდელის 2023 წლის 15 ნოემბერს წარდგენილი N85085/1/2023 საჩივრით მოთხოვნის ნაწილში) დაფიქსირებულ გარემოებებს, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების სათანადო შესწავლა/გამოკვლევა არ მომხდარა, ამრიგად, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია მომჩივნის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე, რომლის თანახმად, განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანების აღსრულებისას საგადასახადო ორგანო დავის საგანს გასცდა.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭოს განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დასკვნა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12627 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანების აღსრულებისას მოპასუხე ორგანო დავის საგანს გაცდა, როცა დადგენილი ნაშთი შეცვალა, ვინაიდან შემოსავლების სამსახურში 2023 წლის 15 ნოემბერს წარდგენილი N85085/1/2023 საჩივრით დაფიქსირებული ჰქონდა კონკრეტული ზემოთდასახელებული მოთხოვნები, რაზეც მიიღო კიდეც შემოსავლების სამსახურმა 29.12.2023 წლის №33928 ბრძანება, რომ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში (მათ შორის გადასახადის გადამხდელის 2023 წლის 15 ნოემბერს წარდგენილი N85085/1/2023 საჩივრით მოთხოვნის ნაწილში) დაფიქსირებულ გარემოებებს, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების სათანადო შესწავლა/გამოკვლევა არ მომხდარა, ამრიგად, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია მომჩივნის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე, რომლის თანახმად, განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანების აღსრულებისას საგადასახადო ორგანო დავის საგანს გასცდა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3 „ზ“); 101(1); 154(1„ა“); 275; 286; 304(21).