გადაწყვეტილება №20735/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.10.2023
№ დოკუმენტი 20735/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№20735/2/2023

12 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----ის 1.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20735/2/2023).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია საჩივრის წარდგენის ვადა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის №007-561 საგადასახადო მოთხოვნა;

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 17 თებერვლის №169680 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

3. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 აგვისტოს №19385 ბრძანება.

2021 წლის 27 დეკემბრის №007-561 საგადასახადო მოთხოვნა;

 

დარიცხული თანხა: 729 079,3 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 454 152

დღგ - 256 168

საშემოსავლო გადასახადი - 197 984

ჯარიმა - 177 580

საურავი - 97 347,3

2020 წლის 17 თებერვლის №169680 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

ჯარიმა - 167 932,64 ლარი

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა 2023 წლის 22 ივლისს შემოსავლების სამსახურში წარადგინა საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის №007-561 საგადასახადო მოთხოვნასთან და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 17 თებერვლის №169680 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.

 

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 აგვისტოს N19385 ბრძანებით საჩივარი განუხილველი დარჩა, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი საჩივრით გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით არგუმენტები არ აქვს წარმოდგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ი/მ -----ის (ს/ნ -----) 2023 წლის 22 ივლისის საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის №007- 561 საგადასახადო მოთხოვნასთან და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 17 თებერვლის №169680 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახური ზემოაღნიშნული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად უთითებს საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევას, თუმცა მხედველობის მიღმა ტოვებს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ გადასახადის გადამხდელის უფლებას, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდგომაც, თუ დადასტურდება გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო.

განსახილველ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ საჩივრის წარდგენის საპატიო მიზეზს განაპირობებს ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელმა 2018 წლიდან, ხოლო 2021 წლიდან შეაჩერა საქმიანობა, ასევე მან არაერთხელ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რის გამოც ფიზიკურადაც არ იმყოფებოდა საქართველოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ადრესატს არ ჰქონია წარმოდგენა წინამდებარე საგადასახადო მოთხოვნის არსებობის თაობაზე, მოკლებული იყო შესაძლებლობას გაესაჩივრებინა იგი საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მას შემდეგ რაც გადასახადის გადამხდელმა შეიტყო საგადასახადო მოთხოვნის შესახებ, დაუყოვნებლივ გაასაჩივრა იგი. უფრო მეტიც, აღნიშნულის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა გამომძიებლისგან გამოკითხვის დროს, რის შემდეგაც მოხდა ხსენებული აქტების გასაჩივრება

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრების ვადის გასვლასთან და საპატიო მიზეზის არსებობასთან საჩივრის ვადაში წარუდგენლობასთან მიმართებით არ მოუთხოვია დამატებით რაიმე დოკუმენტაცია.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7, 83-ე და 94-ე მუხლებზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასა და საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილებზე და აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლო ზემოაღნიშნულ ნორმებზე მითითებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ვალდებულია გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა კანონქვემდებარე აქტით დადგენილ მოთხოვნებთან, საქმის გადაწყვეტისთვის აუცილებელი დოკუმენტების წარსადგენად განმცხადებელს განუსაზღვროს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, საპატიო მიზეზის არსებობისას - სათანადო შეფასება მისცეს ასეთი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას, ხოლო თუ განმცხადებლი ვერ უზრუნველყოფს მისი საპროცესო უფლების რეალიზებას და დამატებითი მტკიცებულებისა თუ ინფორმაციის წარდგენას, მხოლოდ ამის შემდეგ აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილით ნორმატიულად დადგენილი უფლება - განცხადება დატოვოს განუხილველად (საქმე #ბს-25(კ-20).

განსახილველ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური სადავო ადმინისტრაციულ აქტში მხოლოდ ფორმალურად უთითებს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესახებ, თუმცა მის მიერ ისე იქნა დატოვებული საჩივარი განუხილველად, რომ არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები სრულად, კერძოდ, საკითხი არ დაუყენებია საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე4 ნაწილით დადგენილ ვადაში საჩივრის წარუდგენლობის არასაპატიოობის შესახებ და არც საჩივრის ავტორისათვის მოუთხოვია დასაბუთება ან/და რაიმე სახის მტკიცებულების წარმოდგენა საპატიო მიზეზის არსებობის დასადასტურებლად.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს ლეგიტიმურად, საჯარო და კერძო ინტერესების სამართლიანი ბალანსის საფუძველზე. ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება, ცალსახაა, რომ არ უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მონაწილე მხარის დასჯის მექანიზმს, არამედ პირიქით, გამოყენებული უნდა იქნეს სამართლიანად და კანონიერად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესებული მხარის მიერ პროცედურული ვადის დარღვევა აპრიორი არ უნდა გულისხმობდეს მისთვის ისეთი ფუნდამენტური უფლებების ჩამორთმევას ან შეზღუდვას, როგორიცაა აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, აგრეთვე საკუთრების უფლება. კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობასთან მიმართებით, მნიშვნელოვანია რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ კერძო ინტერესის გათვალისწინება უზრუნველყოფს საჯარო ინტერესების დაკმაყოფილებასაც.

აქვე მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღნიშნულიყო შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების იგნორირება წარმოადგენდა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველს.

ამავე ჭრილში მნიშვნელოვანია თანაზომიერების პრინციპის დაცვის პრობლემატიკა, ვინაიდან სახელმწიფო ორგანოს პოზიცია უნდა იყოს დაბალანსებული, მკაფიო, გარკვეული და არ უნდა იძლეოდეს თვითნებობისა და ნორმის ბოროტად, არამიზნობრივად გამოყენების შესაძლებლობას.

ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, „ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. თუმცა ზემოხსენებული დებულებები არანაირად არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას, მიიღოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა და მოსაკრებლების, ან ჯარიმების გადახდების უზრუნველსაყოფად.“ ამ დებულების განმარტება ევროპულმა სასამართლომ მოახდინა საქმეზე – სპორონგი და ლონორთი შვედეთის წინააღმდეგ, რომლის 61-ე პუნქტის თანახმად, იგი მოიცავს სამ წესს: პირველი წესი, რომელიც ზოგადი ხასიათისაა, აცხადებს საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის პრინციპს. ის გათვალისწინებულია პირველი ნაწილის პირველი წინადადებით; მეორე წესი მოიცავს ქონების ჩამორთმევას და ამ უკანასკნელს გარკვეულ პირობებს უქვემდებარებს; მესამე წესი აღიარებს, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს, სხვა ღონისძიებების გარდა, გააკონტროლოს ქონების გამოყენება ზოგადი ინტერესის შესაბამისად, ისეთი კანონების მიღებით, რომელთაც ის აუცილებლად ჩათვლის ამ მიზნით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ უფლებაში ჩარევისა და რეგულირების ფარგლების დადგენა. ეს მუხლი ახდენს იმ პირობათა მკაცრ რეგლამენტაციას, რომელთა შემთხვევაშიც საგამონაკლისო წესით შეიძლება დაშვებულად იქნეს მიჩნეული საკუთრების უფლების შეზღუდვა.

საკუთრების უფლებაში ჩარევისას უნდა არსებობდეს:

ა) საზოგადოებრივი ან სოციალური მოთხოვნით გამოწვეული საზოგადოებრივი საჭიროება უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და იყოს ამ მიზნის პროპორციული;

ბ) ნებისმიერი ჩარევა საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლებაში – ეს იქნება ქონების ჩამორთმევა თუ ქონებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა – უნდა იყოს კანონით განსაზღვრული და განხორციელდეს კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით;

გ) ჩამორთმევა უნდა განხორციელდეს საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებული პირობებით.

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების უფლებაში ნებისმიერი ჩარევა უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და დაფუძნებული უნდა იყოს კანონზე, კანონი კი უნდა იყოს ნათელი და არაორაზროვანი. საკუთრების უფლების განხილვასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურა უნდა იყოს სამართლიანი და კანონიერი. სახელმწიფოს არ აქვს თვითნებობის უფლება. საკუთრების უფლებაში ჩარევისას, კანონთან ერთად, აუცილებელია არსებობდეს საჯარო ინტერესი – კონკრეტული პირის საკუთრების უფლებაში ჩარევა გამართლებული უნდა იყოს საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანით.

კონსტიტუციის ძველი რედაქციის მიხედვით, 21-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე „აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროების“ სახელით იყო ცნობილი. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ ტერმინთან დაკავშირებით განმარტა, რომ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ კონსტიტუცია არ იძლევა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ მკაცრ დეფინიციას. ამ ცნების შინაარსის განსაზღვრა ცალკეულ შემთხვევაში დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონმდებლის პრეროგატივას წარმოადგენს და მისი შინაარსი ცვალებადია აქტუალური პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად. ამასთანავე, „მოქმედება “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის” არ ნიშნავს, რომ ის არის მიმართული საზოგადოებისათვის გარკვეული და გარდაუვალი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. კანონმდებელი “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის” შეიძლება მოქმედებდეს, როდესაც მას ამოძრავებს საზოგადოებისათვის ან მისი ნაწილისათვის დადებითი შედეგების მომტანი მიზნები. ამასთანავე, არ არის აუცილებელი, რომ კანონმდებელმა კონკრეტულად მიუთითოს ნორმაში, თუ რა “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის” იღებს მას. “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების” არსებობა შეიძლება გაირკვეს ნორმის ანალიზის, მისი განმარტების შედეგად

განსახილველ შემთხვევაში, ადგილი აქვს სწორედ ზემოხსენებულ ინტერესებს შორის დისბალანსს, ვინაიდან საგადასახადო ორგანომ ცალსახად უგულებელყო გადასახადის გადამხდელის კერძო ინტერესი, რაც ვერ აიხსნება ვერც ერთი სამართლებრივი საფუძვლით, გათვალისწინებით იმისა რომ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა კოლოსალურ თანხებთან მიმართებით, რაც უშუალოდაა დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის საკუთრების უფლებასთან. შესაბამისად შემოსავლების სამსახურის მიღებულმა ბრძანებამ გამოიწვია პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა და სახეზეა კონსტიტუციური დებულებების კოლიზია - კონსტიტუციის 19-ე მუხლი წარმოადგენს საკუთრების უფლების დაცვის გარანტს, ისევე როგორც 67-ე მუხლი ადგენს გადასახადთა გადახდის გარდუვალობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა:

ა) ადრესატს პირადად;

ბ) ამ პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს;

გ) მის საცხოვრებელ ადგილზე ამ პირთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს; დ) მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობის ადგილზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს;

ე) საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ან/და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შესახებ უფლებამოსილი პირის ბრძანების შემთხვევაში − ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობის უშუალოდ განმახორციელებელ პირს.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 22.09.2023 წლის №94988-21-14 წერილის მიხედვით, ირკვევა, რომ მომჩივანს 2021 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2021 წლის 27 დეკემბრის №41016 ბრძანება და ამავე თარიღის №007-561 საგადასახადო მოთხოვნა გაეგზავნა იურიდიულ მისამართზე: თბილისი, ლილოს დასახლება, ჭირნახულის №1 და ჩაბარდა საფოსტო დაწესებულების საშუალებით 2022 წლის 23 თებერვალს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე გაეცნო 2023 წლის 4 ივლისს.

შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სადავო აქტის გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 25.03.2022 წელი. საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 22.07.2023 წელს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 27.09.2023 წლის №96657-21-12 წერილის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 17 თებერვლის №169680 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს მომჩივანი გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე გაეცნო 2020 წლის 2 მარტს. სადავო აქტის გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 1.04.2020 წელი. საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 22.07.2023 წელს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

მომჩივანი ვერ ადასტურებს, რომ საჩივრის წარდგენის ვადის განმავლობაში მოქმედებდა ისეთი დაუძლეველი ძალა, რაც საჩივრის შეტანას შეუძლებელს ხდიდა ან არსებობდა სხვა საპატიო მიზეზი, რაც ობიექტურად გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია საჩივრის წარდგენის ვადა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 27.09.2023 წლის წერილის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 17 თებერვლის №169680 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს მომჩივანი გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე გაეცნო 2020 წლის 2 მარტს. სადავო აქტის გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 1.04.2020 წელი. საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 22.07.2023 წელს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301; 304.