გადაწყვეტილება №83154/1/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.12.2023
№ დოკუმენტი 83154/1/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№83154/1/2023

05 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 22.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №83154/1/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.11.2022 წლის №17581/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 25.07.2023 წლის №038-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 100 358 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 48 258

დღგ - 18 844

მოგების გადასახადი - 21 799

საშემოსავლო გადასახადი - 7 615

ჯარიმა - 24 229

საურავი - 27 871

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა კვების მზა პროდუქტების და კერძების წარმოება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.11.2019 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

- გადასახადის გადამხდელმა წარადგინა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები (ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, საბანკო ამონაწერები, წარმოების კალკულაციები და ახსნა-განმარტება,რეალიზებული საქონლის რაოდენობები). ბუღალტრული პროგრამაში ჯამურად არის ასახული შეძენილი საკვები პროდუქტები და ჩამოწერილია წლის ბოლოს, ასევე, წარმოება და რეალიზებული პროდუქცია არაა აღრიცხული არანაირი ფორმით. გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებულია საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევისათვის.

საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა და დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული კალკულაციებით და თითოეული წარმოებული საქონლის რაოდენობით მოხდა წარმოებისთვის საჭირო პროდუქტის ჩამოწერა, შედეგად დარჩა სხვადასხვა სახის საკვები ინგრედიენტები, რომლებიც სრულად ვერ გაიხარჯა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულ წარმოებულ საქონელში. დარჩენილი საკვები ინგრედიენტებით დამატებით იქნა წარმოებული სხვადასხვა სახის კერძები, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული კალკულაციების მიხედვით. შემოსავლის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი განმარტება, რომ 8 საათის შემდეგ რეალიზებულ კერძებზე ახდენს 50%-იან ფასდაკლებას.

შემოწმების პროცესში, საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალური მეხსიერებიდან იქნა გაანგარიშებული 8 საათის შემდეგ ამორტყმული ჩეკების წილი მთლიანი ჩეკების რაოდენობაში. მთლიან შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით წარმოებული და რეალიზებული მზა კერძების თანხებს დამატებული უალკოჰოლო სასმელების რეალიზაციის თანხები 23%-იანი ფასნამატით. ასევე, დაემატა ყუთების და კონტეინერების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები (შესაბამის პერიოდში სხვადასხვა დოკუმენტური ფასნამატით), გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მარკეტინგული მომსახურებით მიღებული თანხები და თვითღირებულებით იქნა რეალიზებული ერთჯერადი ჩანგლები და ჭიქები.

შედეგად, გაიზარდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;

- საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების შედეგად, დამატებით გამოვლენილი სხვაობის თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე სახელფასო განაცემად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის №40195 ბრძანება და №038-44 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 9.08.2022 წლის №21260 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 25.11.2022 წლის გადაწყვეტილებით (№17581/2/2022) საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ:

1. გაუქმდა ერთჯერადი კონტეინერების, ჩანგლების, ჭიქების და სხვა ამგვარი დამხმარე საქონლის რეალიზებულად ჩათვლის შედეგად განსაზღვრული მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები;

2. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა:

ა) მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ კალკულაციებთან შესაბამისობის საკითხი;

ბ) შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი დააკვალიფიციროს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად;

3. ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.11.2022 წლის გადაწყვეტილების (№17581/2/2022) აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 40 866 ლარით, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.07.2023 წლის №038-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

გადასახადის გადამხდელის 2023 წლის 19 აგვისტოს ელექტრონულად წარდგენილი 83154/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №------21-04 წერილით, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 მუხლის საფუძველზე, კუთვნილებისამებრ, გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების დასკვნას არ ეთანხმება შემდეგ საკითხებში:

1 საკითხი - აუდიტორის მიერ 2018 წლის საანგარიშო პერიოდში არ იქნა გათვალისწინებული მსჯელობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ თევზის შეწვისას საფანელის სახით გამოიყენა ფქვილი, რაც ტექნოლოგიურად აუცილებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტორმა არ გაითვალისწინა ფქვილის ხარჯი 2018 წლის პერიოდში 1524.41 კგ ფქვილი და 2019 წლის პერიოდში 859.02 კგ ფქვილი. ასევე, აუდიტორის მიერ არ იქნა გათვალისწინებული არგუმენტი ქათმის ბარკლიდან ქათმის რბილობის მისაღებად დანაკარგის ოდენობაზე. დანაკარგი არის 35%, ხოლო შემმოწმებლის მიერ აღებული იქნა 24%. აღნიშნული მიდგომა აუდიტორის მიერ არ შეიცვალა და არ მოახდინა კორექტირება, რასაც ფაქტიური გარემოებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე ვერ დაეთანხმება. არ იქნა გათვალისწინებული მსჯელობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მაიონეზის მომხმარებელზე მიწოდება ხდება სოუსის სახით (მაგიდებზეა განთავსებული, როგორც ძმარი, მარილი, ზეთ, წიწაკა, შაქარი და სხვ მსგავსი). ასევე, მარგარინი გამოიყენება როგორც საცხები მასალა და დამატებით წარმოებაში მისი გამოყენება არამართებულად მიაჩნია. აუდიტორის მიერ გათვალისწინებული იქნა 2019 წლის პერიოდზე მიწოდებული შეცვლილი კალკულაციები. აღნიშნული კალკულაციაზე დაყრდნობით მოხდა საქონლის კატლეტის წარმოების კორექტირება, მაგრამ რატომღაც იგივე კალკულაცია აღარ იქნა გათვალისწინებული ღორის კატლეტის წარმოებაში. აღნიშნული მოითხოვს დამატებით კორექტირებას;

2-ე საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის ბრძანება №22708 „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ მითითებულია, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავლის სხვაობის დაბეგვრა ხდება №5 დანართის შესაბამისად. აღნიშნული მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლის დაბეგვრის პერიოდი არის შესაბამისი წლის 31 დეკემბერი. შემმოწმებლის მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი მართალია განხილული იქნა დირექტორზე უპროცენტო სესხად, მაგრამ აღნიშნული განაცემი დაბეგრილია შესაბამისი წლის პერიოდების მიხედვით (საანგარიშო თვეების მიხედვით). შესაბამისად, აღნიშნულ საკითხშიც ვერ დაეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის გადაანგარიშებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და რომ შემოსავლების სამსახურის 9.08.2022 წლის №21260 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხსენებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 25.11.2022 წლის გადაწყვეტილებით (№17581/2/2022) საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ:

1. გაუქმდა ერთჯერადი კონტეინერების, ჩანგლების, ჭიქების და სხვა ამგვარი დამხმარე საქონლის რეალიზებულად ჩათვლის შედეგად განსაზღვრული მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები;

2. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა:

ა) მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ კალკულაციებთან შესაბამისობის საკითხი;

ბ) შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი დააკვალიფიციროს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.

საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 40 866 ლარით, ხოლო აღნიშნულის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის დასკვნის მიხედვით, ირკვევა რომ საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად:

- სრულად გაუქმდა ერთჯერადი კონტეინერების, ჩანგლების, ჭიქების და სხვა ამგვარი დამხმარე საქონლის რეალიზებულად ჩათვლის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

- მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა იქნა შესწავლილი არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ კალკულაციებთან შესაბამისობის საკითხი, შემმოწმებელი ნაწილობრივ დაეთანხმა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ საკითხებს და შედეგად, დაკორექტირდა პურის წარმოებაში გახარჯული ფქვილის რაოდენობა და კატლეტის წარმოებაში გახარჯული ხორცის რაოდენობა, რისი გათვალისწინებით შემცირდა დამატებით წარმოებული საქონლის რაოდენობა და მათი რეალიზაციით მიღებული შემოსავლები, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების შემცირება;

- არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, აღნიშნულიდან გამომდინარე, შემცირდა შემოწმების აქტით საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხა და გაიზარდა მოგების გადასახადში დარიცხული თანხა (სალდირებულად ამ ნაწილში შემცირდა სულ 26 215 ლარით საშემოსავლო გადასახადი).

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, აღნიშნავს, რომ არ იქნა გათვალისწინებული თევზის შეწვისას საფანელის სახით ფქვილის გამოყენება, შესაბამისად არ იქნა გათვალისწინებული ფქვილის ხარჯი 2018 წლის და 2019 წლის პერიოდში, ასევე არ იქნა გათვალისწინებული არგუმენტი ქათმის ბარკლიდან ქათმის რბილობის მისაღებად დანაკარგის ოდენობაზე (35%), მსჯელობა რომ მაიონეზის მომხმარებელზე მიწოდება ხდება სოუსის სახით (მაგიდებზეა განთავსებული, როგორც ძმარი, მარილი, ზეთ, წიწაკა, შაქარი და სხვ მსგავსი), ასევე, მარგარინის როგორც საცხები მასალის გამოყენება, გათვალისწინებული იქნა 2019 წლის პერიოდზე მიწოდებული შეცვლილი კალკულაციები საქონლის კატლეტის წარმოების კორექტირებისას, მაგრამ იგივე კალკულაცია არ იქნა გათვალისწინებული ღორის კატლეტის წარმოებაში. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი განხილული იქნა დირექტორზე უპროცენტო სესხად, მაგრამ განაცემი დაბეგრილია შესაბამისი წლის პერიოდების (საანგარიშო თვეების) მიხედვით, რასაც არ ეთანხმება.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციებისგან განსხვავებული გარემოებები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი იქნა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ კალკულაციებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შესაბამისად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირებას დაექვემდებარა როგორც აღნიშნულ, ასევე ერთჯერადი და სხვა ამგვარი დამხმარე საქონლის რეალიზებულად ჩათვლის გაუქმების და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირების ნაწილშიც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 25.11.2022 წლის №17581/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.11.2022 წლის №17581/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა კვების მზა პროდუქტების და კერძების წარმოება.

შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში №21260 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხსენებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 25.11.2022 წლის გადაწყვეტილებით №17581/2/2022 საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შედეგად შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირებას დაექვემდებარა როგორც აღნიშნულ, ასევე ერთჯერადი და სხვა ამგვარი დამხმარე საქონლის რეალიზებულად ჩათვლის გაუქმების და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირების ნაწილშიც.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 25.11.2022 წლის №17581/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1„გ“).