ბრძანება N 1534

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.01.2024
№ დოკუმენტი 1534
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1534

31 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------” (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2024 წლის 15 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა შპს „----------” (ს/ნ ----------) 2024 წლის 15 იანვრის №86766/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 დეკემბრის №006-632 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის №24063 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------” (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 13 მარტიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 7 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 13 დეკემბრის №31392 ბრძანება და ამავე თარიღის №006-632 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 68 740 ლარი, მათ შორის, გადასახადი 44 034 ლარი, ჯარიმა 20 084 ლარი, საურავი 4 622 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

 შპს „----------“ (ს/ნ ----------) გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 13 მარტს. შესამოწმებელ პერიოდში საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს სამშენებლო მომსახურების გაწევა, ასევე, ახდენს სამშენებლო მასალების შეძენარეალიზაციას. უმრავლეს შემთხვევაში არის ქვეკონტრაქტორი სხვადასხვა ტენდერში და საკუთარი მასალითა და სამუშაო ძალით ასრულებს სამუშაოებს, რიგ შემთხვევებში თავადვე ჰყავს ქვეკონტრაქტორი და შეიძენს მომსახურებას. ერთ-ერთი დამკვეთი არის შპს ,,----------“ (ს/ნ ----------), რომლისგანაც 2023 წლის მაისის თვეში მიღებული აქვს ავანსი 258 640 ლარის ოდენობით, ---------- რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის (გაწერილია ანგარიშ-ფაქტურა და ასახულია მაისის თვის დღგ-ის დეკლარაციაში). გადამხდელმა, 2023 წლის ივნისის თვის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეიმცირა ავანსის საფუძველზე დარიცხული დღგ-ის თანხით სრულად, მიუხედავად იმისა, რომ ---------- რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება და პროექტი დასრულებული არ არის. ამასთან აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მომსახურების მიმღებმა (შპს ,,----------“) ნაწილობრივ განაშთა აღნიშნული ავანსის ანგარიშ-ფაქტურა, ტენდერის ფარგლებში შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა, გაიზარდა, 2023 წლის ივნისის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს ,,----------“ შეძენილი აქვს 188 843 ლარის ღირებულების საწვავი (დღგ-ის ჩათვლით), მათ შორის, ბენზინი 43 428 ლარის ოდენობით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით გადასახადის გადამხდელის საკუთრებაშია 3 სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები მოიხმარს დიზელს და მათი გამოყენება ეკონომიკურ საქმიანობაში დასტურდება. რაც შეეხება ბენზინის მოხმარებას, მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება ვერ დასტურდება. შემოწმების მიერ გადამხდელისათვის მოთხოვნილ იქნა საწვავის ჩამოწერის აქტები და ახსნა-განმარტება საწვავის ხარჯთან დაკავშირებით, რომელიც დღეის მდგომარეობით წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ ბენზინის ხარჯი ჩაითვალა ხარჯად, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაიბეგრა მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებით. პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ შპს ,,----------“ კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ იქნა სხვადასხვა ტვირთი, რიგ შემთხვევებში აღნიშნული მონაცემები განსხვავებულია გადამხდელის მიერ გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა ადგილობრივ გადაზიდვებში საბაზრო ფასით ჩათვლილ იქნა დასაბეგრ ბრუნვაში, შესაბამის პერიოდებში. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის სატრანსპორტო საშუალებებით გაწეული რეისების რაოდენობები. რეისიდან მიღებული შემოსავალი კი განისაზღვრა ანალოგიურ რეისებზე აუდირებული ღირებულებით. ადგილობრივი გადაზიდვებიდან მიღებული/მისაღები შემოსავლით გაზრდილ იქნა 18%-იანი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნული გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, განხილულ იქნა პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებულ სარგებლად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------” (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის განმარტებით, 2023 წლის ივნისის თვეში მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ბუღალტრის მიერ მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება ავანსის საფუძველზე დარიცხული დღგ-ის თანხით სრულად, მიუხედავად იმისა, რომ რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება და პროექტი დასრულებული არ არის. ვინაიდან, აღნიშნული დარიცხვა მოხდა შეცდომით და გამოუცდელობით ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ჯარიმისგან (20 084 ლარი) გათავისუფლებას. გადასახადის გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 174(1„ა“); 275; 269(7).