გადაწყვეტილება №20120/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.09.2023
№ დოკუმენტი 20120/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20120/2/2023

20 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 30.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20120/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 15.10.2021 წლის №32655 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2022 წლის №024-68 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.03.2023 წლის №5725 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 740 851,54 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 839 546

დღგ - 105 853

მოგების გადასახადი - 726 723

საშემოსავლო გადასახადი - 6 970

ჯარიმა - 417 581

საურავი - 483 724,54

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2020 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 20.05.2019 წლიდან 29.06.2020 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2020 წლის №024-55 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.10.2021 წლის №32655 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

გ) თვეების მიხედვით გამოვლენილი სამართალდარღვევები, რაზეც ჯარიმა განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით, განხილულია ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებულია გაფრთხილება;

დ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ ბრძანებაში შემოსავლების სამსახურის 7.03.2022 წლის №5664 ბრძანებით შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის საფუძველზე, მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტისთვის სათანადო მტკიცებულებების წარდგენისთვის მიეცა დამატებითი ვადა - ამ ბრძანების ჩაბარების დღიდან 15 კალენდარული დღე.

შემოსავლების სამსახურის 15.10.2021 წლის №32655 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2022 წლის დასკვნის საფუძველზე, დარიცხული თანხები არ შემცირებულა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 22.11.2022 წლის №024-68 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.03.2023 წლის №5725 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელმა 28.01.2022 წელს წარმოადგინა განცხადება და შპს „----------“ საბანკო ამონაწერები. წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის გათვალისწინება ვერ მოხერხდა, რადგან ანგარიშის მფლობელის დასახელება და ბანკის ანგარიშის მფლობელის კოდი არ ემთხვევა ერთმანეთს. ამასთან, საბანკო ამონაწერში არ ფიქსირდება შპს „----------“(მომჩივანი) შპს „----------“-გან თანხის გადარიცხვა. შესაბამისად, წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით არ დასტურდება პირის არგუმენტი, რომ იგი ახორციელებდა სხვა პირების სანაცვლოდ თანხების გადარიცხვას საქონლის შესაძენად. ამასთან, მომჩივანს არც საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადარიცხულ თანხასა და საინვოისო ღირებულებას შორის სხვაობა, რომელიც შეადგენს 1 234 169 აშშ დოლარს (3 458 513 ლარს დღგ-ის გარეშე), გადარიცხულია მესამე პირების მიერ თავისივე ანგარიშსწორებისთვის, კომპანიას აქვს სს ---------- ბანკისგან კარგი შეთავაზება, ამის გამო და ასევე გამოუცდელობის გამო, გადარიცხულია თანხები ---------- სხვა კომპანიებიდან, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება შესაძლებელია.

ასევე, კომპანია მუშაობს საბითუმოდ, მიზერული ფასნამატით, შემოწმების პერიოდში არ ჰყავდა ბუღალტერი და ვერ შედგა აუდიტორთან ურთიერთობა, ფასნამატის განსაზღვრასთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით დაევალა საკითხის შესწავლა.

წარდგენილ იქნა საბანკო გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და შპს „----------“ საბაჟო დეკლარაციები, რაც ნაწილი მტკიცებულებაა წარმოდგენილი არგუმენტაციის. ვინაიდან ერთ-ერთი ფიზიკური პირის ი/მ „----------“ მაგივრადაც ხდებოდა გადარიცხვა, წლების წინ გარდაიცვალა, აღნიშნული მეწარმის საქმიანობა მემკვიდრემ არ გააგრძელა და შესაბამისად ვერც დოკუმენტაციას ვერ ვიღებთ.

ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმის გამოკვლევისას სრულად შეამოწმოს საქმისათვის არსებითი გარემოების მქონე მტკიცებულებები, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონულ ბაზებზე დაყრდნობით და მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს საკითხი ხელახლა, ვინაიდან აღნიშნული ვითარება კეთილსინდისიერად მოქმედ ორგანიზაციას მძიმე პასუხისმგებლობას აკისრებს.

უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გამოითხოვოს საქმის სრულად გამოკვლევისთვის არსებითი მტკიცებულებები შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზებიდან ი/მ „----------“ მიერ იმპორტირებულ საქონელთან დაკავშირებით. აგრეთვე, გაითვალისწინოს წარდგენილი ინფორმაცია, რაც ადასტურებს, რომ კომპანიის მიერ სხვის მაგივრად ხდებოდა თანხის გადახდა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

შემოსავლების სამსახურის 15.10.2021 წლის №32655 ბრძანებით სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). თვეების მიხედვით გამოვლენილი სამართალდარღვევები, რაზეც ჯარიმა განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით, განხილულია ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებულია გაფრთხილება.

აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2022 წლის დასკვნის მიხედვით, მომჩივანმა 28.01.2022 წელს წარადგინა განცხადება და შპს „----------“ საბანკო ანგარიშების ამონაწერები. განცხადებაში აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ ხდებოდა ინდივიდუალური მეწარმეების, რომლებიც ამ ეტაპისთვის არიან გარდაცვლილები, თანხის გადარიცხვა არარეზიდენტ კომპანიაზე და მიმდინარეობდა მტკიცებულებების შეგროვება, ასევე მიმდინარეობდა ფასნამატზე მუშაობა, ხოლო ნიმუშად წარმოდგენილია შპს „----------“ (ს/ნ ----------) საბანკო ამონაწერი. გადასახადის გადამხდელმა მტკიცებულებების წარდგენისთვის ითხოვა დამატებითი დრო, რომელიც შემოსავლების სამსახურის 7.03.2022 წლის №5664 ბრძანებით განისაზღვრა 28.06.2022 წლამდე. აღნიშნული პერიოდისათვის კომპანიას არ წარუდგენია დამატებითი დოკუმენტაცია, ხოლო 28.01.2022 წელს წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 30.07.2023 წლის №----------21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინება არ მოხდა, ვინაიდან არ არის მითითებული ფიზიკური პირის პირადი ნომერი ხოლო საბანკო ამონაწერის ანგარიშის მფლობელის დასახელება და ბანკის ანგარიშის მფლობელის საიდენტიფიკაციო კოდი არ ემთხვევა ერთმანეთს, წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით არ დასტურდება მომჩივნის არგუმენტი, რომ იგი ახორციელებდა სხვა პირების სანაცვლოდ თანხების გადარიცხვას საქონლის შესაძენად. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა ითხოვა დამატებითი დრო, რომელიც შემოსავლების სამსახურის 7.03.2022 წლის №5664 ბრძანებით განისაზღვრა 28.06.2022 წლამდე. აღნიშნული პერიოდისათვის კომპანიას არ წარმოუდგენია დამატებითი დოკუმენტაცია, ხოლო 28.01.2022 წელს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით დარიცხული თანხები შემცირებას არ ექვემდებარება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციით არ დგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2022 წლის დასკვნით სადავო საკითხები შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 15.10.2021 წლის №32655 ბრძანების შესაბამისად.

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი განმარტავს რომ, კომპანიის მიერ სხვის მაგივრად ხდებოდა თანხის გადახდა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 30.07.2023 წლის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინება არ მოხდა, ვინაიდან არ არის მითითებული ფიზიკური პირის პირადი ნომერი ხოლო საბანკო ამონაწერის ანგარიშის მფლობელის დასახელება და ბანკის ანგარიშის მფლობელის საიდენტიფიკაციო კოდი არ ემთხვევა ერთმანეთს, წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით არ დასტურდება მომჩივნის არგუმენტი, რომ იგი ახორციელებდა სხვა პირების სანაცვლოდ თანხების გადარიცხვას საქონლის შესაძენად. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა ითხოვა დამატებითი დრო, რომელიც შემოსავლების სამსახურის 7.03.2022 წლის №5664 ბრძანებით განისაზღვრა 28.06.2022 წლამდე. აღნიშნული პერიოდისათვის კომპანიას არ წარმოუდგენია დამატებითი დოკუმენტაცია, ხოლო 28.01.2022 წელს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით დარიცხული თანხები შემცირებას არ ექვემდებარება.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 97(1 „ბ“); 982(3 „ზ“); 291;

(2021 წლამდე მოქმედი): 161(1„ა“);