გადაწყვეტილება №20753/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.01.2024
№ დოკუმენტი 20753/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20753/2/2023

08 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, ----------- 16.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 4.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20753/2/2023).

 

დავის საგანი:

1. მიწის ნაკვეთის მიწოდების სანაცვლოდ ფართების აშენების მომსახურების ბარტერად დაკვალიფიცირება და გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში საბაზრო ფასით დაბეგვრა.

2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის №006-1000 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.07.2023 წლის №17428 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 671 652 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 332 445

დღგ - 142 839

საშემოსავლო გადასახადი - 189 606

ჯარიმა - 166 223

საურავი - 172 984

 

პროცედურული გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.09.2018 წლიდან 1.01.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 24.12.2021 წლის №40795 ბრძანება და №006-1000 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 12.08.2022 წლის №21476 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 15.12.2022 წლის №17687/2/2022 გადაწყვეტილებით:

1. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 12.08.2022 წლის №21476 ბრძანება;

2. საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 18.07.2023 წლის №17428 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 18.07.2023 წლის №17428 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

1. მიწის ნაკვეთის მიწოდების სანაცვლოდ ფართების აშენების მომსახურების ბარტერად დაკვალიფიცირება და გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში საბაზრო ფასით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის მიხედვით, ფიზიკურმა პირმა ------- შპს „---------“ გადასცა უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის სანაცვლოდ საწარმომ აიღო ასაშენებელ მრავალსართულიან კომპლექსში ფართების გადაცემის ვალდებულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. მშენებლობა დაიწყო 2015 წელს და დამთავრდა 2019 წელს (გრძელვადიანი კონტრაქტი). ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მიზანს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ახალი ფართების მიწოდება, ხოლო მეორე მხარისთვის ფართების აშენების სანაცვლოდ მიწის საკუთრებაში შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილით და კომპანიასა და ფიზიკურ პირს შორის გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია, კომპანიის მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურება საბაზრო ფასით, დაიბეგრა დღგ-ით დაექვემდებარა რომელიც გაანგარიშდა კალენდარული წლისთვის განსაზღვრული ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ გაანგარიშდა გაწეული ხარჯების პროპორციულად, ხოლო დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ჩაითვალა არაუგვიანეს დეკემბრის თვე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-16 მუხლის პირველი ნაწილით, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილით, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 171-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილით და საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

დადგენილია, რომ -------- შპს „----------“ გადასცა უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის სანაცვლოდ საწარმომ აიღო ასაშენებელ მრავალართულიან კომპლექსში ფართების გადაცემის ვალდებულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. მშენებლობა დაიწყო 2015 წელს და დამთავრდა 2019 წელს.

ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მიზანს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ახალი ფართების მიწოდება, ხოლო მეორე მხარისთვის ფართების აშენების სანაცვლოდ მიწის საკუთრებაში მიღება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მართლზომიერად მიაჩნია, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციის ბარტერულ ოპერაციად განხილვა და გრძელვადიანი კონტრაქტის პირობების შესაბამისად დაბეგვრა.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ მიუთითა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ასევე, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საკითხი ეხება ბარტერის ოპერაციას, რომელზეც მითითებულია, რომ გადამხდელი არ ეთანხმება ოპერაციის ბარტერად დაკვალიფიცირებას და ამ მიზეზით ეთქვა უარი საკითხზე. ფიქრობს შემოსავლების სამსახურმა არასწორად შეაფასა მისი პოზიცია საკითხთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს მისი პოზიცია და მიეცეს სწორი ინტერპრეტაცია: ითხოვს ხელახლა მოხდეს არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ბარტერის ოპერაციის შესწავლა, ვინაიდან 2021 წლის 24 დეკემბერს გამოცემული №006-1000 საგადასახადო მოთხოვნა დაფუძნებულია 2021 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტზე, რომლითაც მოცული იყო 1.09.2018-31.12.2018 საანგარიშო პერიოდები, ხოლო ზემოაღნიშნული ბარტერის ოპერაცია წარმოადგენს 2019 წლის 2 დეკემბერს შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული №006-1025 მოთხოვნით მოცულ ოპერაციას, სადაც იქნა დადგენილი ბარტერის ოპერაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ზღუდავს დაიცვას კანონიერი ინტერესები. ამასთან, ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.

შესაბამის პერიოდში მოქმედი კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა: საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:

ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი.

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.

შემოწმებით დადგინდა, რომ ფიზიკურმა პირმა ------- შპს „---------“ გადასცა უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის სანაცვლოდ საწარმომ აიღო ასაშენებელ მრავალსართულიან კომპლექსში ფართების გადაცემის ვალდებულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. მშენებლობა დაიწყო 2015 წელს და დამთავრდა 2019 წელს (გრძელვადიანი კონტრაქტი). ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მიზანს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ახალი ფართების მიწოდება, ხოლო მეორე მხარისთვის ფართების აშენების სანაცვლოდ მიწის საკუთრებაში შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილით და კომპანიასა და ფიზიკურ პირს შორის გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია, კომპანიის მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურება საბაზრო ფასით, დაიბეგრა დღგ-ით დაექვემდებარა რომელიც გაანგარიშდა კალენდარული წლისთვის განსაზღვრული ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ გაანგარიშდა გაწეული ხარჯების პროპორციულად, ხოლო დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ჩაითვალა არაუგვიანეს დეკემბრის თვე.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამ ნაწილში ძირითადი დარიცხვა განხორციელდა, 2.12.2019 წლის აქტის საფუძველზე, რომლითაც შემოწმდა 1.01.2016 წლიდან 1.09.2018 წლამდე საანგარიშო პერიოდი, ხოლო შესამოწმებელ (განსახილველ) სადავო პერიოდზე კომპანიის მიერ ხარჯი გაწეულია მინიმალური ოდენობით, შესაბამისად, გაწეული მიმდინარე ხარჯის მიხედვით (პროპორციულად) მოხდა დაბეგვრა და მცირე ოდენობით გადასახადის დარიცხვა.

მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას ოპერაციის მონაწილე მხარეებს შორის, მიწის სანაცვლოდ გადაცემული ფართების გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად განხილვასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების, ბარტერის ოპერაციის შესწავლის და შესაბამისად, საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის №006-1000 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 166 223 ლარი და საურავი - 172 984 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გათავისუფლდეს სანქციებისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მიწის ნაკვეთის მიწოდების სანაცვლოდ ფართების აშენების მომსახურების ბარტერად დაკვალიფიცირება და გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში საბაზრო ფასით დაბეგვრა.

2. სანქციებისაგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მიზანს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ახალი ფართების მიწოდება, ხოლო მეორე მხარისთვის ფართების აშენების სანაცვლოდ მიწის საკუთრებაში შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილით და კომპანიასა და ფიზიკურ პირს შორის გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია, კომპანიის მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურება საბაზრო ფასით, დაიბეგრა დღგ-ით დაექვემდებარა რომელიც გაანგარიშდა კალენდარული წლისთვის განსაზღვრული ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ გაანგარიშდა გაწეული ხარჯების პროპორციულად, ხოლო დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ჩაითვალა არაუგვიანეს დეკემბრის თვე.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;16(1);18(10);160;161(1);