გადაწყვეტილება №81507/1/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№81507/1/2023
04 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 6.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №81507/1/2023).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 11.11.2022 წლის №17124/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 11.05.2023 წლის №005-56 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 272 496 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 150 074
დღგ - 156 389
საშემოსავლო გადასახადი - (-6 315)
ჯარიმა - 4 344
საურავი - 118 078
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტში, რომლის მიხედვით, მომჩივანი, სს „---ან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურებას უწევს აღნიშნულ კომპანიას. კერძოდ, ახორციელებს ქ.---ში, სასმელი წყლის მილების მონტაჟის სამუშაოებს. მომსახურების ღირებულებამ შეადგინა სულ 12 532 352 ლარი. თავის მხრივ, სს „---ს“ (ს/ნ ---) გაფორმებული აქვს ხელშეკრულება შპს „ ----თან“. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი ფინანსდება ----ის ბანკის მიერ.
მომჩივნის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას მოქმედებს შემდეგი პრინციპი: კომპანიის გაწეული მომსახურების 30%-ის გადახდა ხდება ლარში, ხოლო 70%-ის დოლარში გაცვლის ფიქსირებული კურსის (1.8368) გათვალისწინებით. საკურსო სხვაობის გამო კომპანიის მიერ მოხდა ლარში მეტი შემოსავლის მიღება, კონტრაქტით გათვალისწინებულ ფასთან შედარებით. სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ განხილულ იქნა საკურსო სხვაობით მიღებულ შემოსავლად.
ვინაიდან ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული მომსახურების ფასის ფაქტობრივად გადახდა განხორციელდა ორ ვალუტაში (ლარი და დოლარი) და შესაბამისად კომპანიას კონტრაქტორის მიმართ წარმოეშვა მომსახურების ნაწილის უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამკვეთს უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების ვალდებულება, აქედან გამომდინარე, წარდგენილ ფაქტობრივ გარემოებებში მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაცია გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის განხილულ იქნა ორ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციად, კერძოდ, კომპენსაციის 30% ანაზღაურდება ლარში, ხოლო 70% დოლარში. შესაბამისად, დღგით დაბეგვრის მიზნებისათვის საკომპენსაციო თანხა შეადგენს როგორც ლარში, ასევე, უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები თანხების ჯამს.
ამდენად, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრა პირის მიერ როგორც ლარში, ასევე, უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები ჯამური საკომპენსაციო თანხის მიხედვით. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, კომპენსაციის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება უცხოურ ვალუტაში ანაზღაურებას, გადაანგარიშდა ლარში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 30.12.2021 წლის №42347 ბრძანება და №005-319 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.06.2022 წლის №15811 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 11.11.2022 წლის №17124/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა პირველი სადავო საკითხის ნაწილში (დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განსაზღვრა, როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხის მიხედვით) ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით დღგ-ში დაკისრებული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 11.11.2022 წლის №17124/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დაკისრებული ჯარიმა შემცირდა - 66 816 ლარით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 11.05.2023 წლის №10686 ბრძანება და №005-56 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი, შინაარსობრივად იგივე, რაც ამავე კოდექსის 275-ე მუხლის 21 და 22 ნაწილები, შესაბამისად ჯარიმის გაუქმება ასევე უნდა შეეხოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის 21 და 22 ნაწილებით დარიცხულ ჯარიმებს, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ამავე კოდექსის 275-ე მუხლის 21 და 22 ნაწილებით პირი ჯარიმდება, როდესაც მას ჩადენილი აქვს უფრო მსუბუქი საგადასახადო სამართალდარღვევა, ვიდრე გათვალისწინებულია 275-ე მუხლის მე-2 ნაწილში. საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადი შეადგენს 150,074 ლარს, ხოლო დარიცხული საურავი 118 078 ლარს. მიაჩნია, რომ გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა, არ ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილს, რომლის მიხედვითაც საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.
მოითხოვს, დავები განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, ასევე, გავრცელდეს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის 21 და 22 ნაწილებით დაკისრებულ ჯარიმებზე და მოხდეს დამატებით დარიცხული საურავის კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
დავების განხილვის საბჭოს 11.11.2022 წლის №17124/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა პირველი სადავო საკითხის ნაწილში (დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განსაზღვრა, როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხის მიხედვით) ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით დღგ-ში დაკისრებული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 11.11.2022 წლის №17124/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით დღგ-ში დაკისრებული ჯარიმა შემცირდა - 66 816 ლარით.
მომჩივნის არგუმენტი, რომ საბჭოს 11.11.2022 წლის №17124/2/2022 გადაწყვეტილება, ასევე, უნდა გავრცელდეს საგადასახადო კოდექსის მუხლის 21 და 22 ნაწილებით დაკისრებულ ჯარიმებზე ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან, აღნიშნული გადაწყვეტილებით მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით დღგ-ში დაკისრებული ჯარიმისგან, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა კიდეც. ასევე, მომჩივანი სადავოდ ხდის ისეთ საკითხს (11.05.2023 წლის №005-56 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საურავის ოდენობა), რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 11.11.2022 წლის №17124/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი, რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 11.11.2022 წლის №17124/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დავების განხილვის საბჭოს 11.11.2022 წლის №17124/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საბჭოს 11.11.2022 წლის №17124/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დაკისრებული ჯარიმა შემცირდა - 66 816 ლარით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 11.05.2023 წლის №10686 ბრძანება და №005-56 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 11.11.2022 წლის №17124/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (21).