ბრძანება N 27419
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27419
12 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ----) 2025 წლის 13 ნოემბრის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა შპს „----ის“ (ს/ნ ----) 2025 წლის 13 ნოემბრის №98816/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ოქტომბრის №006-380 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აღნიშნავს, რომ შემოწმების პერიოდის ბოლოს ბუღალტრული ნაშთი წარმოადგენდა იმავე პერიოდში არსებულ მიმდინარე პროექტებზე გამოყენებულ მასალას. იმის გამო, რომ აღნიშნული პროექტები არ იყო დასრულებული, ბუღალტერიაში მასალა აღრიცხული იყო მასალების ანგარიშზე (1620), პროექტების დასრულების და შესაბამისი მიღება-ჩაბარების და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის შემდგომ უნდა მომხდარიყო მისი ჩამოწერა. აღნიშნული მასალები ინვენტარიზაციის პერიოდში განთავსებული იყო დამკვეთის ობიექტებზე და მიმდინარეობდა მათი გამოყენება სამშენებლო სამუშაოს წარმოების დროს. ინვენტარიზაციის ჯგუფსა და შემმოწმებლებს განემარტათ, რომ მასალები მდებარეობდა დამკვეთების ობიექტებზე და მასალების ძირითადი ნაწილი გამოყენებული იყო და/ან გამოყენება ხდებოდა წარმოებაში, რომლის საფასური 3 912 239.31 ლარი იყო ჩარიცხული. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ აწარმოებს მოწესრიგებულ ბუღალტრულ აღრიცხვას და სმფ-ების შეძენა/ჩამოწერა ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა არ არსებობს. გადამხდელი მიუთითებს, რომ მის მიერ შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი იქნა დეტალური ინფორმაცია დახარჯული მასალების შესახებ, ასევე მიწოდებულ იქნა პროექტი და დეტალურად აღწერილი თითოეულ საქონელზე დახარჯული ძირითადი მასალების რაოდენობები და სახეობები, რითაც ხდება გახარჯული საქონლის იდენტიფიცირება. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიას აღნიშნულ ნაწილში დამატებითი გადასახადები არ წარმოეშობა. გადამხდელის მიერ საჩივარზე ასევე თანდართულია გარკვეული დოკუმენტაცია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7169 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, რეზიდენტობის ცნობები);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3, მე-5 და მე-6 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შპს „---ის“ მიერ არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე მძიმე ტექნიკის რეალიზაციის მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7169 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 7 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 826 369 ლარი, მათ შორის, გადასახადი 554 396 ლარი, ჯარიმა 271 973 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 9 ოქტომბრის №006-380 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
კომპანიის მიერ განხორციელდა 2020, 2021, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდების სატრანსპორტო კომპანიის რეზიდენტობის ცნობების წარმოდგენა, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ სატრანსპორტო გადაზიდვის შემსრულებელი კომპანია არის თურქეთის რესპუბლიკის რეზიდენტი კომპანია. შემოწმების მიერ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
კომპანიის მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში ნაწილობრივ განხორციელდა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, მათ შორის, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებთან, ალუმინის კარ-ფანჯრების მონტაჟზე, სასტუმროს მომსახურების გაწევაზე. აგრეთვე წარმოდგენილ იქნა იურიდიული მომსახურების მიღების დამადასტურებელი ხელშეკრულება, კვების ხარჯის დამადასტურებელი ხელშეკრულება გაფორმებული შპს „---თან“, რომლის მიხედვითაც შპს „---“ ვალდებული იყო კვებით და საცხოვრებლით მოეხდინა პროექტზე მომუშავე თანამშრომლების უზრუნველყოფა. პროექტი შეეხებოდა წყალტუბოს 500 კვ ქვესადგურისა და 220 კვ გაფართოებული გამანაწილებელი ხაზის მშენებლობას. გარკვეული სახის დოკუმენტაციის წარმოდგენა ვერ განხორციელდა, კომპანიის განმარტებით აღნიშნული იყო ერთჯერადი სახის და ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე გაწეული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე, შემოწმების მიერ განხორციელდა შპს „---ს“ მიერ არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე მძიმე ტექნიკის რეალიზაციის მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საგადასახადო შემოწმება მოიცავდა 01.01.2020-01.06.2023 წ. საანგარიშო პერიოდს, შესაბამისად, შემოწმების მიერ სალაროს ნაშთი დაბეგრილ იქნა 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით. კომპანიის მიერ წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტაციით, მათ შორის, საბანკო ანგარიშის ამონაწერითა და ბუღალტრული აღრიცხვის მასალებით დგინდება, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდში სალაროდან საბანკო ანგარიშზე შეტანილია თანხა 229 300 ლარის ოდენობით, რომლითაც დაფარულია შემდგომ პერიოდში საბანკო სესხი. შემოწმების მიერ საბანკო ანგარიშზე შეტანილი თანხის ოდენობით შემცირებულ იქნა სალაროს არაგონივრული ნაშთის ოდენობა და შესაბამისად, ნაწილობრივ შემცირებას დაექვემდებარა დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხის ოდენობა. შედეგად, შემოწმების მიერ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
კომპანიის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის შესწავლით, კონკრეტული პროექტების მიხედვით შესრულებული სამუშაოების და მასზე გახარჯული მასალების დეტალური იდენტიფიცირება ვერ ხდება. წარმოდგენილია შესრულებულ სამუშაოებზე გახარჯული მასალების ჯამური მაჩვენებლები. შემოწმების მიერ ვერ ხდება კონკრეტულად თითოეულ წარმოებულ კარზე, ფანჯარაზე და სხვა გახარჯული მასალების იდენტიფიცირება, რათა მოხდეს ჩამოწერების ლოგიკური დაკავშირება შესრულებულ სამუშაოებთან. რიგ შემთხვევაში კომპანიის მიერ დაკორექტირებულია წინა პერიოდის და არა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომი მასალების ხარჯვის აქტები. აგრეთვე, მასალების ნაწილი ბუღალტრულად ისევ ნაშთად არის აღრიცხული, მაშინ როცა ინვენტარიზაციის მიერ აღნიშნული საქონლის ნაშთი კომპანიას არ გააჩნდა. შესრულებული მსხვილი პროექტის ნაწილში, სადაც კომპანიის მიერ მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოწმების პროცესში გამოყენებული საშუალო ფასნამატით, ვინაიდან დადასტურებულად წარმოდგენილი დოკუმენტაციით ჩამოწერილი საქონლის ოდენობის დადასტურება ვერ ხდებოდა. შესაბამისად, შემოწმების მიერ განხორციელდა აღნიშნულ საკითში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებების მიხედვით, შემოწმების მიერ ვერ მოხდა კონკრეტული პროექტების მიხედვით შესრულებული სამუშაოების და მასზე გახარჯული მასალების დეტალური იდენტიფიცირება, ასევე, ვერ განხორციელდა კონკრეტულად თითოეულ წარმოებულ კარზე, ფანჯარაზე და სხვა გახარჯული მასალების იდენტიფიცირება, რომ მომხდარიყო ჩამოწერების ლოგიკური დაკავშირება შესრულებულ სამუშაოებთან. მასალების ნაწილი ბუღალტრულად ისევ ნაშთად არის აღრიცხული, მაშინ როცა ინვენტარიზაციის მიერ აღნიშნული საქონლის ნაშთი კომპანიას არ გააჩნდა.
შესრულებული მსხვილი პროექტის ნაწილში, სადაც კომპანიის მიერ მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოწმების პროცესში გამოყენებული საშუალო ფასნამატით, ვინაიდან დადასტურებულად წარმოდგენილი დოკუმენტაციით ჩამოწერილი საქონლის ოდენობის დადასტურება ვერ ხდებოდა. შესაბამისად, შემოწმების მიერ ნაწილობრივ განხორციელდა აღნიშნულ საკითში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). შემოწმების მიერ ასევე კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილ თანხების, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯების, მძიმე ტექნიკის რეალიზაციის და სალაროს არაგონივრული ნაშთის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებების მიხედვით, შემოწმების მიერ ვერ მოხდა კონკრეტული პროექტების მიხედვით შესრულებული სამუშაოების და მასზე გახარჯული მასალების დეტალური იდენტიფიცირება, ასევე, ვერ განხორციელდა კონკრეტულად თითოეულ წარმოებულ კარზე, ფანჯარაზე და სხვა გახარჯული მასალების იდენტიფიცირება, რომ მომხდარიყო ჩამოწერების ლოგიკური დაკავშირება შესრულებულ სამუშაოებთან. მასალების ნაწილი ბუღალტრულად ისევ ნაშთად არის აღრიცხული, მაშინ როცა ინვენტარიზაციის მიერ აღნიშნული საქონლის ნაშთი კომპანიას არ გააჩნდა. შესრულებული მსხვილი პროექტის ნაწილში, სადაც კომპანიის მიერ მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოწმების პროცესში გამოყენებული საშუალო ფასნამატით, ვინაიდან დადასტურებულად წარმოდგენილი დოკუმენტაციით ჩამოწერილი საქონლის ოდენობის დადასტურება ვერ ხდებოდა. შესაბამისად, შემოწმების მიერ ნაწილობრივ განხორციელდა აღნიშნულ საკითში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). შემოწმების მიერ ასევე კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილ თანხების, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯების, მძიმე ტექნიკის რეალიზაციის და სალაროს არაგონივრული ნაშთის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.