ბრძანება N 26204
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26204
28 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------ის“ (ს/ნ ------------)
(მის.:-------------------------------)
2025 წლის 5 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №96) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ ------------) 2025 წლის 5 ნოემბრის №----/21 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ითხოვს პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავისაგან გათავისუფლებას.
სადავო საკითხი:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს სალომბარდე სესხების გაცემა ფიზიკურ პირებზე, სავალუტო ოპერაციები და ფულადი გზავნილები. მიმდინარე წლის 7 ოქტომბრის შემოსავლების სამსახურის რისკის მიმოხილვის დასკვნის დოკუმენტის თანახმად, კომპანიას დამატებით მოუწია გადასახადების გადახდა, კერძოდ, მოგების გადასახადი 622 082 ლარი, დღგ 283 532 ლარი და ქონების გადასახადი 354 104 ლარი. კომპანიამ დაუყოვნებლივ, ოფიციალური შეტყობინების მოსვლამდე, განახორციელა აღნიშნული თანხების გადახდა ბიუჯეტში. ასევე, კომპანიამ ანალოგიურად დააზუსტა და ბიუჯეტში გადაიხადა 2024 წლის მოგების (435 804 ლარი) და ქონების (102 657 ლარი) გადასახადები, რომლის სავადო თარიღი იყო 2025 წლის 31 მარტი და 1 აპრილი. ზემოხსენებული გადასახადების წინა პერიოდით დარიცხვის გამო, კომპანიას დაერიცხა საურავი 476 130 ლარის ოდენობით.
გადამხდელი განმარტავს, მას შემდეგ, რაც კომპანიას გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ უწევდა გადასახადის გადახდა, დაიწყო დასაკუთრებული ქონების გადასახადის დაუყოვნებლივ დაბეგვრა, მოახდინა ამ და ყველა შემდგომი პერიოდის მოგების გადასახდების კორექტირებები, ხოლო დღგ-ისთან დაკავშირებით წინასწარი გადაწყვეტლების მიღების მიზნით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რათა დაეზუსტებინა გადასახადის ავთენტურობა.
ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, ვინაიდან კომპანიის ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს მის კეთილსინდისიერ სურვილს კანონის შესაბამისად გადაიხადოს გადასახადები, გადამხდელი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას ზემოაღნიშნული ფაქტორები და განხორციელდეს დარიცხული სანქციის პატიება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 9 ივლისის №15548 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურული სახელმძღვანელოს „მსხვილ გადამხდელთა ადმინისტრირების შესახებ“ შესაბამისად მიმდინარეობს მსხვილი გადასახადის გადამხდელის, შპს „---------ის“ (ს/ნ ------------) რისკის მიმოხილვის პროცედურა. შპს „---------ის“ (ს/ნ ------------) რისკის მიმოხილვის პროცესში წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე, 01.01.2022-01.01.2025წწ. საანგარიშო პერიოდზე გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ მონაცემებსა და სააღრიცხვო დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს შორის სულ 1 305 806 ლარის ოდენობით, კერძოდ, მოგების გადასახადში - 668 170 ლარი. დამატებული ღირებულების გადასახადში - 283 532 ლარი, ქონების გადასახადში (გარდა მიწისა) - 354 104 ლარი. გამოვლენილ საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 12 სექტემბერს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეგზავნა რისკის მიმოხილვის დასკვნის პროექტი, რომელსაც დაეთანხმა და შესაბამისად, 2025 წლის 7 ოქტომბერს გაეგზავნა რისკის მიმოხილვის დასკვნა. გადასახადის გადამხდელმა განახორციელა შესაბამისი დეკლარაციების დაზუსტება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადახდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან დეკლარაციის დაზუსტება და საგადასახადო ვალდებულებების დამატებით დარიცხვა განხორციელდა მსხვილ გადამხდელთა ოფისის მიერ მიცემული რეკომენდაციის შემდეგ და არა საგადასახადო ორგანოს ჩარევის გარეშე განხორციელებული თვითკონტროლის შედეგად. აღნიშნულმა ქმედებამ, დროში გადასახადების გადაუხდელობის საფუძვლით გამოიწვია საურავის დარიცხვა. თავის მხრივ, გადასახადის გადამხდელი უთითებს, რომ აღნიშნული განახორციელა ნებაყოფლობით, თუმცა საგადასახადო ვალდებულების დროში დაგვიანებით შესრულება და დარიცხული საურავის დიდი ოდენობა არ და ვერ დაადასტურებს პირის კეთილსინდისიერებას და აღნიშნული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ვერ გახდება დროში გადასახადების გადაუხდელობის საფუძვლით დაკისრებული, კუთვნილი კანონიერი საურავის გაუქმების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარაციის დაზუსტების საფუძვლით დარიცხული საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს დარიცხული სანქციის პატიებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის №15548 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურული სახელმძღვანელოს „მსხვილ გადამხდელთა ადმინისტრირების შესახებ“ შესაბამისად მიმდინარეობს მომჩივანის რისკის მიმოხილვის პროცედურა.
გადასახადის გადამხდელის რისკის მიმოხილვის პროცესში წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე, 01.01.2022-01.01.2025წწ. საანგარიშო პერიოდზე გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ მონაცემებსა და სააღრიცხვო დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს შორის სულ 1 305 806 ლარის ოდენობით, კერძოდ, მოგების გადასახადში - 668 170 ლარი. დამატებული ღირებულების გადასახადში - 283 532 ლარი, ქონების გადასახადში (გარდა მიწისა) - 354 104 ლარი. გამოვლენილ საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეგზავნა რისკის მიმოხილვის დასკვნის პროექტი, რომელსაც დაეთანხმა და შესაბამისად, 2025 წლის 7 ოქტომბერს გაეგზავნა რისკის მიმოხილვის დასკვნა. გადასახადის გადამხდელმა განახორციელა შესაბამისი დეკლარაციების დაზუსტება.
გადაწყვეტილება
გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარაციის დაზუსტების საფუძვლით დარიცხული საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 272;