ბრძანება N 14686

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.06.2024
№ დოკუმენტი 14686
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14686

24 ივნისი 2024

ბრძანება

შპს „------ -ის “ (ს/ნ "-------")

(მის: "-------")

2024 წლის 24 მაისის და 12 ივნისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 და 21 ივნისის სხდომებზე (ოქმები №61 და №67) განიხილა შპს „------ -ის“ (ს/ნ "-------") №86574/21 და №97632/21 საჩივრები, რომლებიც ეხება საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის პირველი მაისის №10331 „საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ“ ბრძანებას.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრების ავტორი არ უარყოფს სამართალდარღვევის ფაქტს და განმარტავს, რომ მომწოდებელსა და მყიდველს არ გააჩნიათ ერთჯერადი მიწოდების ხელშეკრულება და ისინი თანამშრომლობენ მრავალჯერადი გენერალური მიწოდების ხელშეკრულებით. შესაბამისად, ყოველი შეკვეთისას კომპანიის წარმომადგენელი წერილობით აცნობებს მომწოდებელს და მომწოდებელი აგზავნის შესაბამის ინვოისს, რის საფუძველზეც ხორციელდება ანგარიშსწორება. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეების მიერ თავდაპირველ შეთანხმებას წარმოადგენდა 94 135 ევროს ღირებულების საქონლის გამოგზავნა. კომპანია ელოდებოდა ამ ინვოისით განსაზღვრულ საქონელს და ამ საფუძვლით 2024 წლის 13 მარტს მყიდველი კომპანიის, შპს „------ -ის “ მიერ განახორციელა მომწოდებელი კომპანიისთვის 94 135 ევროს ღირებულების ანგარიშსწორებაც. შიდა მოკვლევის საფუძველზე საქონლის ჩამოსვლამდე მოხდა შეკვეთის კორექტირება, რაც არ იყო ცნობილი კომპანიისთვის და საქონლის ჩამოსვლისას ატვირთა თავდაპირევლი ინვოისი. მას შემდეგ, რაც საქონელი საქართველოში ჩამოვიდა, აღმოჩნდა, რომ მომწოდებელი კომპანიის მიერ გამოგზავნილი იქნა განსხვავებული 86 585 ევროს ღირებულების საქონელი. გამოგზავნილი საქონლის ღირებულება ნაკლებია შეთანხმებულ საქონლის ღირებულებაზე, რაც უკვე ჰქონდა გადახდილი. შესაბამისად, შეთანხმებულ და ჩამოსულ საქონლის ღირებულებას შორის არის 7 550 ევროს ღირებულების ცდომილება და მომწოდებელს გააჩნია ამ ოდენობის დავალიანება მყიდველის მიმართ. შეკვეთილი და ჩამოსული საქონელი არ იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით. მომჩივნის მოსაზრებით, ადგილი აქვს შეცდომას, მალულად ნივთის შემოტანის განზრახვა არ ჰქონდა და საქართველოს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 და 96-ე მუხლებზე მითითებით მიაჩნია, რომ ორი მხარის მიერ დაშვებული გაუცნობიერებელი ხარვეზის გამო, არ უნდა დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ადმნისტრაციული აქტის ბათილად ცნობას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 23 აპრილს შპს „------- -ის“ (ს/ნ "-------") მიერ №"-------" საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დადეკლარირდა 269843.42 ლარის საბაჟო ღირებულების, სხვადასხვა დასახელების სამედიცინო დანიშნულების საქონელი.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა №"-------"(23.04.2024) დეკლარაციის და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც გამოვლინდა შეუსაბამობა დეკლარირებული და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობებს შორის, კერძოდ აღმოჩნდა საქონლის (კათეტერი – 1 ერთეული და ქოილი (სხეულის ხელოვნური ნაწილები) – 59 ერთეული; საერთო ღირებულება – 54418.49 ლარი) დანაკლისი, ასევე აღმოჩენილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი (არადეკლარირებული) საქონელი (სხვადასხვა მოდელის კათეტერი – 30 ერთეული და ქოილი (სხეულის ხელოვნური ნაწილები) – 11 ერთეული).

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2024 წლის 29 აპრილის №004264/2024 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 11374.16 ევრო, რამაც დეკლარირების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგინა 32381.10 ლარი.

ვინაიდან არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებდა 15 000 ლარს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის მასალები ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 29 აპრილის №"-------" წერილით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2024 წლის პირველი მაისის №"-------" წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ წარდგენილი მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა გამოძიება და საბაჟო დეპარტამენტს ეთხოვა იმოქმედოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

დადგინდა, შპს „"-------"-ის“ მხრიდან ადგილი აქვს 32381.10 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას და, რადგანაც პირს აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის პირველი მაისის №10331 ბრძანებით, შპს „"-------"-ს“ (ს/ნ "-------") დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 32381.10 ლარის (საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.

არადეკლარირებული საქონელი 2024 წლის 2 მაისის №"-------" საბაჟო დეკლარაციით გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი წარმოადგენს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს. საბაჟო ფორმალობა კი არის დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელი სავალდებულო ქმედება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

სადავო აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო ბრძანებით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „"-------"-ის“ (ს/ნ "-------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2024 წლის პირველი მაისის №10331 ბრძანებით დაკისრებული ჯარიმისგან;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო ადმნისტრაციული აქტის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა დეკლარაციის და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც გამოვლინდა შეუსაბამობა დეკლარირებული და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობებს შორის,ასევე აღმოჩენილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი საქონელი.

ვინაიდან არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებდა 15 000 ლარს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის მასალები ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

დადგინდა, რომ ადგილი აქვს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას და, რადგანაც პირს აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, საბაჟო დეპარტამენტის ბრძანებით მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო ბრძანებით დაკისრებული ჯარიმისგან.დანარჩენ ნაწილში საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

163(11).