გადაწყვეტილება №19754/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.08.2023
№ დოკუმენტი 19754/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19754/2/2023

04 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (პ/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 22.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19754/2/2023).

 

დავის საგანი:

საქონლის (საწვავის) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2.04.2023 წლის №EL204923 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9763 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

2.04.2023 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ საბაჟო კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქონლით დატვირთული №---------- სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა მომჩივანი.

საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული ერთი – 715 ლიტრიანი საწვავის ავზის ნაცვლად, ზემოაღნიშნულ ავტომობილზე დამონტაჟებული იყო ორი (715 ლიტრიანი და 500 ლიტრიანი) ავზი. ორივე ავზი იყო დიზელის ტიპის საწვავით სავსე.

საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა არასტანდარტული ავზის გამოყენებით 500 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავის შემოტანას, აღნიშნული საქონელი ჩაითვალა არადეკლარირებულად და გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის 2.04.2023 წლის №EL204923 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.05.2023 წლის №9763 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 და მე-6 მუხლებზე, საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტზე, 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 168- ე მუხლის მე-3 ნაწილზე. დადგენილია, რასაც არც მომჩივანი უარყოფს, რომ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული იყო ორი (715 ლიტრიანი და 500 ლიტრიანი) ავზი, რაც დიზელის ტიპის საწვავით სავსე იყო.

ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული საწვავის ავზი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა საწვავის უწყვეტი მიწოდების შესაძლებლობას გამწევი ძალის შესაქმნელად მისი ფუნქციონირებისთვის. იგი უნდა შეესაბამებოდეს სპეციფიკური ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (ზოგადი მახასიათებლები), რომლებსაც უცილობლად უნდა აკმაყოფილებდეს.

ვინაიდან, მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული ავზი არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც მწარმოებელმა გამოიყენა მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, მასში მოთავსებული საწვავი იმპორტის გადასახადებისგან გათავისუფლებულ საქონლად არ განიხილება და ასეთი ავზით საწვავის შემოტანაზე ვრცელდება საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები.

საქმის მასალებით დასტურდება, საქართველოს საზღვარზე არადეკლარირებული საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადმოტანის ფაქტი, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

აღსანიშნავია ისიც, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე და მისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი მოქმედი შეზღუდვების შესახებ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სატრანსპორტო საშუალებას ქარხნული წესით აქვს დამონტაჟებული ორი საწვავის ავზი ძირითადი 750 ლიტრის მოცულობის და დამატებით 510 ლიტრი მოცულობის. სატრანსპორტო საშუალება ჰყავს დაახლოებით 5 წელია და მასზე არც მის მიერ და არც სხვა ვინმეს მიერ რაიმე კუსტარული საწვავის ავზის დამონტაჟება არ მომხდარა. ასევე ამდენივე დროა რაც საზღვარგარეთიდან ტვირთები შემოაქვს. აღნიშნული მოტივით არცერთხელ არ ყოფილა დაჯარიმებული და გადამოწმებისას არასდროს უთქვამს მებაჟე ოფიცერს, რომ უნდა შეემოწმებინა საწვავის ავზი. ამის გაკეთებაც კი შეუძლებელია ვინც კი იცის აღნიშნული მანქანის ქარხნული აგებულება. იმას რასაც შემოსავლების სამსახური ედავება არ არის სწორი მით უფრო ამ მოტივით შეუძლებელია სიმართლის დადგენა.

მომჩივანი ითხოვს განხილულ იქნას საჩივარი ---------- მიერ გაცემული შესაბამისი ცნობის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნული ორი ავზი სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებულია ქარხნული წესით. გაცემული ცნობის შესაბამისად აღმოჩნდა, რომ სატვირთო ავტომობილს, ----------ს, მოდელი ----------, საიდენტიფიკაციო ნომერი ვინ/კოდი ---------- მწარმოებლის მიერ გათვალიწინებულია ორი ქარხნული პარამეტრებით გათვლილი ერთი ძირითადი 750 ლიტრიანი და ერთი დამატებითი 500 ლიტრიანი. გაზიარებულ იქნას და გაუქმდეს უკანონოდ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და №9763 ბრძანება. მისი მხრიდან არ მომხდარა კანონის მოთხოვნების დარღვევა. სატრანსპორტო საშუალება საქართველოში შემოვიდა ასეთ მდგომარეობაში, ასევე მოხდა მისი განბაჟება, მასზე რაიმე ფორმით ჩარევა არ მომხდარა. ფაქტობრივად შეუძლებელია ასეთი რამის გაკეთებაც კი. არ დაურღვევია კანონის მოთხოვნები და ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.

მომჩივანი მოითხოვს გაუქმდეს 2.04.2023 წლის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9763 ბრძანება. ასევე აღნიშნავს, რომ აქვს უკიდურესად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და მას შემდეგ ვერ ახერხებს მუშაობას, ვერ შეძლებს დაკისრებული 1000 ლარის გადახდას. ითხოვს დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად დაკავშირებულ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავის იმპორტი;

საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისაგან გათავისუფლებულია საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამის პერიოდში მოქმედი (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5 და მე-6 და მე-8 პუნქტების თანახმად:

5. საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაადგილება საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებული, EX/II, EX/III, FL, AT ან MEMU-ს ტიპის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც განკუთვნილია და დაშვებულია ასეთი ტვირთის გადასატანად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მიზნებისათვის ტერმინი „სტანდარტული ავზი“ ნიშნავს ავზს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა შესაძლებლობას საწვავის უწყვეტი მიწოდებისა როგორც გამწევი ძალის შესაქმნელად, ისე ტრანსპორტირებისას საჭიროების შემთხვევაში სამაცივრე ან მსგავსი სისტემის ფუნქციონირებისთვის.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

საქმეზე წარმოდგენილი მასალებიდან დგინდება, რომ ავტომობილზე დამონტაჟებული იყო დიზელის ტიპის საწვავით სავსე ორი (715 ლიტრიანი და 500 ლიტრიანი) ავზი.

მომჩივანი ითხოვს განხილულ იქნას საჩივარი თეგეტა მოტორსის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება რომ აღნიშნული ორი ავზი სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებულია ქარხნული წესით. აღნიშნულის გათვალიწინებით მოითხოვს გაუქმდეს 2.04.2023 წლის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9763 ბრძანება.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 25.05.2023 წლის №----------21-11 წერილი, სადაც მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ ავზი ვერ ჩაითლება სტანდარტულად, თუ ის დამამზადებლის მიერ დამონტაჟებული არაა მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, გამომდინარე აქედან „საბაჟო კონტროლის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №2) მე-8 პუნქტის მიზნებისთვის, სატრანსპორტო საშუალებაზე (VIN: ----------) თუნდაც ქარხნული პარამეტრების გათვალისწინებით დამონტაჟებული ავზი ვერ ჩაითვლება სტანდარტულ ავზად.

საბჭო იზიარებს საბაჟო დეპარტამენტის განმარტებას სადავო საკითხზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული ავზი არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც მწარმოებელმა გამოიყენა მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, მოთავსებული საწვავი იმპორტის გადასახადებისგან გათავისუფლებულ საქონლად არ განიხილება და მასზე ვრცელდება საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, ხოლო სადავო შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული დამატებითი ავზით მომჩივანს შემოქონდა არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავი, საბჭო მიიჩნევს, რომ საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა დაკისრებულია კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქონლის (საწვავის) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული ერთი – 715 ლიტრიანი საწვავის ავზის ნაცვლად, ზემოაღნიშნულ ავტომობილზე დამონტაჟებული იყო ორი (715 ლიტრიანი და 500 ლიტრიანი) ავზი, რაც დიზელის ტიპის საწვავით იყო სავსე.

ვინაიდან, მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული ავზი არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც მწარმოებელმა გამოიყენა მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, მასში მოთავსებული საწვავი იმპორტის გადასახადებისგან გათავისუფლებულ საქონლად არ განიხილება და ასეთი ავზით საწვავის შემოტანაზე ვრცელდება საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, ხოლო სადავო შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული დამატებითი ავზით მომჩივანს შემოქონდა არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავი, საბჭო მიიჩნევს, რომ საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა დაკისრებულია კანონმდებლობის შესაბამისად.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(3)