ბრძანება N 8377

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.04.2024
№ დოკუმენტი 8377
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8377

12 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2024 წლის 5 და 6 მარტის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №33) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2024 წლის 5 მარტის №88275/1/2024 და 6 მარტის №88297/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 იანვრის №006-5 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ დასკანერების დროს გამორჩენის გამო აუდიტის დეპარტამენტისთვის არ იქნა მიწოდებული კომპანიებს შორის ანგარიშსწორების ამსახველი ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს გადაანგარიშების შედეგებზე. სალაროს ნაშთთან მიმართებით არ ეთანხმება გაანგარიშების პრინციპს, ასევე აღნიშნავს, რომ დაშვებულია ტექნიკური უზუსტობები. მომჩივანი მიუთითებს, რომ დამფუძნებლის შენატანი განხილულ უნდა ყოფილიყო დირექტორზე გაცემულ სესხად და აგრეთვე, სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ მეთოდურ მითითებაში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, სალაროში არსებულ არაგონივრულ ნაშთზე დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, რაც გამოიწვევდა გადასახადის გადამხდელის მიმართ დარიცხული სანქციის მნიშვნელოვან შემცირებას.

2. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №17858 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის №006-649 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ასევე, იმსჯელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრის თაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ბინების მიწოდების საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №17858 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 16 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 112 602 ლარი, მათ შორის გადასახადი 75 768 ლარი, ჯარიმა 36 834 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 17 იანვრის №006-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

● გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს „---თან“ ---- ჰესზე გვირაბის გათხრის სამუშაოებთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება, მიღებაჩაბარების აქტი და ფორმა N2. წარმოდგენილი ფორმა N2-ის მიხედვით, შესრულების სხვადასხვა ეტაპებზე გახარჯული მასალის ღირებულებამ შეადგინა 231 319 ლარი. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის N11162 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით გაწეული ხარჯების 75%-ით შემცირებულ იქნა შპს „---ის“ ნაღდი ფულის ნაშთი. ასევე, ფულის ნაშთი შემცირებულ იქნა ფ/პ ----ზე რეალიზებული ბინის თანხითაც.

● 2018 წლის 25 ივნისს გაფორმებული უძრავი ნივთის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს ფ/პ ---ზე რეალიზებული ჰქონდა საცხოვრებელი ბინა (ჯამში 142 კვ.მ) 67 000 დოლარად. ხელშეკრულების შესაბამისად, 14 000 დოლარი გადახდილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთანავე, ხოლო 53 000 დოლარი 2018 წლის 19 სექტემბრამდე. 2019 წლის 2 დეკემბრის თარიღით შედგენილი აქტის შესაბამისად, აღნიშნული თანხა სრულად დაბეგრილი იყო 2018 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში. შესაბამისად, 2019 წლის თებერვლის თვეში გაფორმებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების შესაბამისად, 2022 წლის 26 დეკემბრის აქტის საფუძველზე განხორციელებული დარიცხვა აღნიშნული ბინის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას.

● შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვის საანგარიშო პერიოდებში მიღებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შპს „---გან“ და შპს „---გან“ დღგ-ის ჯამური თანხით 2 101 ლარი. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები ჩათვლილი არ ჰქონდა გადამხდელს. გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ, აღნიშნული თანხით გაიზარდა ჩასათვლელი დღგ. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირიდა დარიცხვა დღგ-ის ნაწილში.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის შემდეგ, საგადასახადო დავების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს „---თან“ --- ჰესზე გვირაბის გათხრის სამუშაოებთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი და ფორმა N2. წარმოდგენილი ფორმა N2-ის მიხედვით, შესრულების სხვადასხვა ეტაპებზე გახარჯული მასალის ღირებულებამ შეადგინა 231 319 ლარი. შემოწმების მიერ, N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, გაწეული ხარჯების 75%-ით შემცირდა შპს „---ს“ ნაღდი ფულის ნაშთი. ასევე, ფულის ნაშთი შემცირებული იქნა ფ/პ ---ზე რეალიზებული ბინის თანხითაც.

 

რაც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციისგან გათავისუფლებას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №17858 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №17858 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 16 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 112 602 ლარი, მათ შორის გადასახადი 75 768 ლარი, ჯარიმა 36 834 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 17 იანვრის №006-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.