გადაწყვეტილება №21211/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21211/2/2023
23 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,21.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 1.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21211/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 6.03.2023 წლის №4257 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.06.2023 წლის №002-116 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.10.2023 წლის №25272 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 121 979,53 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 48 997
დღგ - (- 4 144)
საშემოსავლო გადასახადი - 53 217
ქონების გადასახადი - (- 76)
ჯარიმა - 42 134
საურავი - 30 848,53
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2022 წლის №002-223 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.03.2023 წლის №4257 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საწესდებო კაპიტალის ნაშთის განულების და გატანილად განხილული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, მტკიცებულებები საწესდებო კაპიტალის თაობაზე). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 6.03.2023 წლის №4257 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 15.06.2023 წლის დასკვნის მიხედვით, კომპანია დაარსდა 30.01.2009 წელს, დამფუძნებელი და დირექტორია ფ/პ -------ძე, ხოლო ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სახის სამშენებლო-სარემონტო მომსახურება. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, 1.01.2019 წლის მდგომარეობით, კომპანიის საწყისი საწესდებო კაპიტალი შეადგენს 208 773 ლარს, ხოლო საბოლოო 0 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრისთვის გადასახადის გადამხდელს უნდა წარმოედგინა საწყისი ნაშთის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ კაპიტალში განხორციელებული ცვლილებების, შენატანების მიზნობრიობისა და საჭიროების შემსწავლელი ანალიზი (ხანდაზმული პერიოდის ბუღალტრული პროგრამის ასლი, ბანკის/სალაროს ორდერები, მოგება-ზარალის უწყისები, ფინანსური ანგარიშგებები და სხვა დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია). შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შემდგომ, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილია სალაროს შემოსავლის ორდერები, თუმცა აღნიშნული ინფორმაციით ვერ დგინდება შენატანის მიზნობრიობა და საჭიროება. ასევე, არ არის წარმოდგენილი კაპიტალში განხორციელებული ცვლილებების ანალიზი და ბუღალტრული პროგრამა, შესაბამისად, ვერ დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული საწყისი ნაშთის ნამდვილობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
აუდიტის დეპარტამენტის 15.06.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 22.06.2023 წლის №002-116 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.10.2023 წლის №25272 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოადგენს გადაანგარიშების საფუძველს და არ ვლინდება დამატებითი გარემოებები, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელს საჩივარში სადავო გარემოებად ასევე მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმება ჩატარებულია და საგადასახადო აქტი შედგენილია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე. შემმოწმებლების მხრიდან არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება. ამავე დროს მომჩივნის მხრიდან თანამშრომლობის მიუხედავად საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშება არ განხორციელდა და 15.06.2023 წლის დასკვნის შესაბამისად დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 6.03.2023 წლის №4257 ბრძანებით, საწესდებო კაპიტალის ნაშთის განულების და გატანილად განხილული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, მტკიცებულებები საწესდებო კაპიტალის თაობაზე). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 15.06.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრისთვის გადასახადის გადამხდელს უნდა წარმოედგინა საწყისი ნაშთის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ კაპიტალში განხორციელებული ცვლილებების, შენატანების მიზნობრიობისა და საჭიროების შემსწავლელი ანალიზი (ხანდაზმული პერიოდის ბუღალტრული პროგრამის ასლი, ბანკის/სალაროს ორდერები, მოგება-ზარალის უწყისები, ფინანსური ანგარიშგებები და სხვა დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია). შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შემდგომ, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილია სალაროს შემოსავლის ორდერები, თუმცა აღნიშნული ინფორმაციით ვერ დგინდება შენატანის მიზნობრიობა და საჭიროება. ასევე, არ არის წარმოდგენილი კაპიტალში განხორციელებული ცვლილებების ანალიზი და ბუღალტრული პროგრამა, შესაბამისად, ვერ დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული საწყისი ნაშთის ნამდვილობა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩვივანმა შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვის ეტაპზე მიუთითა, რომ კაპიტალში თანხის შენატანი განხორციელებული იყო საბანკო გადარიცხვით, ასევე წარმოადგენდა კაპიტალის მოძრაობის მონაცემებს, წინა პერიოდის ანალიზს, რომ კაპიტალის გაზრდის საჭიროება არსებობდა და შემოსავლების სამსახურმა ამის საფუძველზე საკითხი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გადასახადის გადამხდელმა დამატებით ელექტრონულ მეილზე წარმოადგინა მხოლოდ სალაროს შემოსავლის ორდერები. აღნიშნულის თაობაზე ასევე ელექტრონულ მეილზე გაეგზავნა წერილი, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია არ იყო საკმარისი და საჭირო იყო წარმოედგინა წინა პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, მათ შორის ფინანსური ანგარიშგებები.
საბჭო მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციით არ დგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, ასევე მომჩივანს არ მოუთხოვია დოკუმენტების წარდგენისთვის დამატებითი დრო და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 15.06.2023 წლის დასკვნით სადავო საკითხები შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 6.03.2023 წლის №4257 ბრძანების შესაბამისად.
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 6.03.2023 წლის №4257 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2022 წლის №002-223 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.03.2023 წლის №4257 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საწესდებო კაპიტალის ნაშთის განულების და გატანილად განხილული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, მტკიცებულებები საწესდებო კაპიტალის თაობაზე). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამასთან,აუდიტის დეპარტამენტის 15.06.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 22.06.2023 წლის №002-116 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.10.2023 წლის №25272 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ა“ და „ბ“); 101(1); 154(1 „ა“);