გადაწყვეტილება №20001/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.09.2023
№ დოკუმენტი 20001/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20001/2/2023

04 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 19.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20001/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 ივნისის №15821 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2023 წლის №053-3 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11653 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 241 851 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 94 071

დღგ - 21 903

მოგების გადასახადი - 43 331

საშემოსავლო გადასახადი - 28 657

ქონების გადასახადი - 180

ჯარიმა - 94 069

საურავი - 53 711

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.04.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, 2018 წლის საწყის ნაშთად გადასახადის გადამხდელს ბუღალტერიაში ნაჩვენები აქვს გაუნაწილებელი მოგება 579 824 ლარის ოდენობით. ამასთან, უფიქსირდება სალაროს უძრავი ნაშთი. გადამხდელს იჯარით აქვს აღებული ფართი, საიდანაც ხდება საქონლის რეალიზაცია. აღნიშნულ მაღაზიაში მოცემული ფულის ნაშთის ფიზიკური არსებობა შეუძლებელია. საგადასახადო შემოწმებით ჩატარებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გადამხდელს პერიოდულად უფიქსირდება სალაროს უძრავი ნაშთი 2,5 მილიონ ლარამდე, რაც ასევე შეუძლებელია აღნიშნულ პირობებში ინახებოდეს. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს არ აქვს დივიდენდი გაცემული, ხოლო დირექტორზე გაცემული ხელფასის ოდენობა არის 750 ლარი. შემოწმების შედეგად განისაზღვრა სალაროს მინიმალური ფულის ნაშთი და სხვაობა მისი წარმოშობის მომენტიდან, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ უპროცენტო სესხად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სალდირებულად გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რის გამოც გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად

ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების შესაბამისად აღნიშნული თანხის 20%-იანი განაკვეთით გამოანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა ჩაითვალა სალაროს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლისა და 154-ე მუხლების შესაბამისად. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 30.12.2021 წლის №42262 ბრძანება და №053-25 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.06.2022 წლის №15821 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი შეესწავლა გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.06.2022 წლის №15821 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 2023 წლის პირველი მარტის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 494 494 ლარით, მათ შორის, გადასახადი შემცირდა 308 648 ლარით, ხოლო ჯარიმა 185 846 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 13 მარტის №4694 ბრძანება და №053-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11653 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლის შედეგად, განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება სულ 494 493 ლარით, მათ შორის, გადასახადი შემცირდა 308 647 ლარით, ხოლო ჯარიმა 185 846 ლარით.

ამასთან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ აღნიშნული სადავო საკითხი 2022 წლის 22 ივნისის №15821 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით:

უმნიშვნელო სხვაობა გამოვლინდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვაში, რომელიც წარმოადგენს უფრო მექანიკური შეცდომით ან გამორჩენით დაშვებულ შეცდომას, ვიდრე მიზანმიმართულად გადასახადის დამალვას, მეტი კონკრეტიკისთვის გადამხდელის ბრუნვა დღგ-ის გარეშე შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 13 000 000 ლარზე მეტს, ხოლო შემცირებული ბრუნვა საგადასახადო შემოწმების აქტით შეადგენს 110 000 ლარს რომელიც 1%-ზე ნაკლებია.

ზემოაღნიშნული თემა გასაჩივრებული იყო 2022 წლის 24 იანვრის N66995/1/2022 საჩივრით, მაგრამ არ დაექვემდებარა ხელახალ შესწავლას.

საგადასახადო შემოწმების აქტით ასევე დარიცხული იყო ქონების გადასახადი, რომელმაც შეადგინა 181 ლარი გადასახადის სახით, რომელიც არც გაუსაჩივრებია.

რაც შეეხება სალაროში არსებული დიდი უძრავი ნაშთის საკითხს, რომელმაც საგადასახადო შემოწმების აქტში გამოიწვია დარიცხვა მოგების გადასახადის ნაწილში 330 728 ლარი და საშემოსავლო გადასახადი 49 905 ლარი, 2023 წლის პირველი მარტის დასკვნის შედეგად ზემოაღნიშნული დარიცხვა შემცირდა მოგების გადასახადში 43 329 ლარამდე ( გადასახადი შემცირდა 287 399 ლარით) და საშემოსავლო გადასახადში 28 656 ლარამდე ( გადასახადი შემცირდა 21249 ლარით).

ზემოაღნიშნული თანხები შესაძლებელი იყო მეტად შემცირებულიყო, მაგრამ ვერ მოხერხდა კრედიტორად დაფიქსირებულ ხალხთან დაკავშირება და სალაროს უძრავი ნაშთის შემცირება წარმოდგენილი შედარების აქტის საფუძველზე.

მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლის 97-ე მუხლის, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებზე და მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არ არის დაცული აღნიშნული ნორმები.

ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სულ დარიცხული გადასახადი მისი ბრუნვის 0,67%-ია.

ზემოაღნიშნულიდან ცხადია, რომ მის მიზანს არანაირად არ წარმოადგენდა განზრახ სამართალდარღვევის ჩადენა, რაც მისი კეთილსინდისიერების განსასაზღვრად ამოსავალი წერტილია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 22.06.2022 წლის №15821 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი შეესწავლა გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.06.2022 წლის №15821 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 2023 წლის პირველი მარტის დასკვნის მიხედვით, საგადასახადო შემოწმებით ჩატარებული ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სალაროს უძრავი ნაშთი, შედეგად განისაზღვრა სალაროს მინიმალური ფულის ნაშთი და სხვაობა მისი წარმოშობის მომენტიდან ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად, შესწავლილ იქნა სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი, მათ შორის, სალაროს ნაშთის ნაწილის დივიდენდად გადაკვალიფიცირების (სალაროს ნაშთის ნაწილი განხილულ იქნა დივიდენდის სახით განაცემად) და კრედიტორული დავალიანების საკითხი. გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და აღნიშნულის საფუძველზე განხორციელდა დარიცხული თანხების კორექტირება. დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 494 493 ლარით, მათ შორის, გადასახადი შემცირდა 308 647 ლარით, ხოლო ჯარიმა 185 846 ლარით.

მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 22.06.2022 წლის №15821 ბრძანება და შესაბამისად არ განხორციელდა გადაანგარიშება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. ამასთან, სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს (დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება და სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე), რომელიც 22.06.2022 წლის №15821 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, საბჭო ვერ იმსჯელებს ამ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 22.06.2022 წლის №15821 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 22.06.2022 წლის №15821 ბრძანების შესაბამისად და საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11653 ბრძანებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. გადასახადის გადამხდელს ბუღალტერიაში ნაჩვენები აქვს გაუნაწილებელი მოგება. ამასთან, უფიქსირდება სალაროს უძრავი ნაშთი. საგადასახადო შემოწმებით ჩატარებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გადამხდელს პერიოდულად უფიქსირდება სალაროს უძრავი ნაშთი 2,5 მილიონ ლარამდე, რაც შეუძლებელია აღნიშნულ პირობებში ინახებოდეს. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს არ აქვს დივიდენდი გაცემული, ხოლო დირექტორზე გაცემული ხელფასის ოდენობა არის 750 ლარი. შემოწმების შედეგად განისაზღვრა სალაროს მინიმალური ფულის ნაშთი და სხვაობა მისი წარმოშობის მომენტიდან, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ უპროცენტო სესხად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სალდირებულად გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რის გამოც გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.

ამასთან, გამოანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა ჩაითვალა სალაროს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.06.2022 წლის №15821 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.06.2022 წლის №15821 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11653 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 22.06.2022 წლის №15821 ბრძანების შესაბამისად და საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 275; 269(7);