გადაწყვეტილება №18175/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18175/2/2022
10.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს------------- (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება 11.11.2022 წელს შპს „--------ის“ რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №-------------).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 5.05.2022 №15834/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2022 წლის №001-183 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 419 120 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 172 102
დღგ - 62 289
მოგების გადასახადი - 4 800
საშემოსავლო გადასახადი - 101 913
ქონების გადასახადი - 3 100
ჯარიმა - 84 600
საურავი - 162 418
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა მეორადი საბურავების იმპორტი და ადგილობრივი საცალო/საბითუმო რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2017 წლის საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
1. საწარმოს ბუღალტრული პროგრამის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ანალიზით დადგინდა, რომ 2017 წლის საწყისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი განსხვავდება (ნაკლებია) 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთისაგან (სხვაობა 128 334 ლარი), რაც საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, მიჩნეულ იქნა საწარმოს მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შემცირებად და ვინაიდან აღნიშნული საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი საწარმოში არ ფიქსირდებოდა და ამასთან, არ არსებობს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის ფაქტი, აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ჩაითვალა საბაზრო ფასით რეალიზებულად (დოკ. ფასნამატი ----%) და შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა დღგ-ით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
2. საწარმოს მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის, მათ შორის, ბუღალტრული პროგრამის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ არ ხდება კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ნაწილში. საწარმოს მიერ გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები (დაუდასტურებელი) დაბალი ფასნამატით არარეზიდენტი პირების სახელზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, აღნიშნულ პირებს საზღვრის კვეთის დროს სასაქონლო ზედნადებებში მითითებული სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრების მიხედვით და მის გარეშე ტრანსპორტით გადაადგილებისას ტრანსპორტის დატვირთულობის ტიპში მითითებული აქვთ „ცარიელი“. ასევე, საწარმოს (დაუდასტურებელი) სასაქონლო ზედნადებების ნაწილი გამოწერილი აქვს გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე დაბალი ფასნამატით. დოკუმენტური და დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატები განსხვავებულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე შესაბამისი წლის მიხედვით (2017 წელი - ----%), შედეგად გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა 22.12.2020 წლის №38275 ბრძანება და №001-389 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.03.2021 წლის №7752 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, დამატებით შეესწავლა სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 19.03.2021 წლის №7752 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2021 წლის 6 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 190 712 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 127 142 ლარით, ხოლო ჯარიმა 63 570 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2021 წლის 10 დეკემბრის №001-404 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.02.2022 წლის №2571 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 5.05.2022 №15834/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, საბჭომ მიიჩნია, რომ წუნდებულ საქონელთან მიმართებაში შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8668 ბრძანებით მიღებული პრინციპის გათვალისწინებით უნდა მოხდეს სადავო პერიოდზეც (2017 წლის საანგარიშო პერიოდი) მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, გამომდინარე აქედან, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს წუნდებულ საქონელთან მიმართებაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება განახორციელოს 7.04.2022 წლის №8668 ბრძანების გათვალისწინებით. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 5.05.2022 №15834/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 5.10.2022 წლის დასკვნის საფუძველზე 28.12.2020 წლის შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები არ შემცირდა. მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2022 წლის №26044 ბრძანება და 13.10.2022 წლის №001-183 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
1. დავების განხილვის საბჭოს მითითებით წუნდებულ საქონელთან მიმართებაში, საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება უნდა განხორციელებულიყო შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8668 ბრძანებით მიღებული პრინციპის გათვალისწინებით. გადაანგარიშების ეტაპზე მის მიერ წარდგენილი იქნა მომწოდებელი არარეზიდენტი კომპანიის წერილობითი (ნოტარიალურად დადასტურებული) დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ მეორადი საბურავების ბაზარზე ოპერირების 10 წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, დეფექტური საქონლის (-------ის) რაოდენობის ხვედრითი წილი საშუალოდ შეადგენს 6-9 პროცენტს. რაც არ იქნა გათვალისწინებული გადაანგარიშების პროცესში.
2. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმებისას გამოყენებული ფასნამატით გაზრდილი იქნა სარეალიზაციო ფასი, რაც თავის მხრივ, ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულება გაანგარიშდა არასწორად. კერძოდ, არასწორად იქნა დადგენილი საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბაზა, რომელმაც შეადგინა დღგ-ის ჩათვლით ნამეტი შემოსავლის ე.წ. აგროსილი თანხა, რაც არასწორია და მიაჩნია, რომ დაირღვა საშემოსავლო გადასახადი შემოსავლებიდან დაკავების პრინციპი.
მოითხოვს გაუქმდეს საგადასახადო მოთხოვნა, შემცირდეს არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულება (დღგ) დეფექტური საქონლის ფარგლებში.
ყველა ცვლილებისა და დასაბეგრი ბაზის მეთოდოლოგიის კორექტირების გათვალისწინებით, შემცირდეს დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დავების განხილვის საბჭოს 5.05.2022 №15834/2/2022 გადაწყვეტილებით საბჭომ მიიჩნია, რომ წუნდებულ საქონელთან მიმართებაში შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8668 ბრძანებით მიღებული პრინციპის გათვალისწინებით უნდა მოხდეს სადავო პერიოდზეც (2017 წლის საანგარიშო პერიოდი) მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, გამომდინარე აქედან, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს წუნდებულ საქონელთან მიმართებაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება განახორციელოს 7.04.2022 წლის №8668 ბრძანების გათვალისწინებით. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 5.05.2022 №15834/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა 5.10.2022 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტში, საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დამატებით შესწავლილ იქნა დანაკარგის ზღვრული ოდენობები, აღნიშნული ანალიზის შედეგად ვერ იქნა მოპოვებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი, აუდირებული, კომპანიის მონაცემები (პრაქტიკა), რომლის მიხედვითაც დადგინდებოდა აღნიშნული დანაკარგის ნორმის ოდენობა და ნამდვილობა. ამასთანავე მოკვლეულ იქნა ინფორმაცია, შემოსავლების სამსახურის მიერ მეორად საბურავებთან დაკავშირებით, განსაზღვრული დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შესახებ, რაც გათვალისწინებული იქნებოდა შემოწმების შედეგების ფორმირებისას, თუმცა ამ ეტაპისათვის აღნიშნული ზღვრული ოდენობები დადგენილი არ არის. ყოველივე აღნიშნული ანალიზისა და შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 აპრილის №8668 გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგები დარჩა უცვლელი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს 2022 წლის 5 მაისის №15834/2/2022 გადაწყვეტილების გათვალისწინებით არ არსებობს საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშების (შემცირების) საფუძველი.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურში, კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში არსებულ ერთ-ერთ სადავო საქმეზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ გადასახადის გადამხდელზე არსებობს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.--.2020 წლის №--------- ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, იმპორტირებული მეორადი საბურავებიდან ექსპლუატაციისათვის უვარგისი აღმოჩნდა 6%.
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან,შემოსავლების სამსახურში არსებობს ერთგვარი პრაქტიკა იმპორტირებული მეორადი საქონლის(-----------ბის) ვარგისიანობასთან დაკავშირებით, საგადასახადო ორგანოს მიერ საბჭოს 2022 წლის 5 მაისის №15834/2/2022 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, რისთვისაც, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უზრუნველყოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.02.2020 წლის №000913020 ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს: ა) საბჭოს 2022 წლის 5 მაისის №15834/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულება უზრუნველყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.02.2020 წლის №000913020 ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით; ბ) სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.