ბრძანება N 26577

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.10.2023
№ დოკუმენტი 26577
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26577

30 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ "-----"-ის (პ/ნ "-----")

(მის.: "-----")

2023 წლის 18 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა, დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №110) განიხილა ფ/პ "-----"-ის (პ/ნ "-----") №175458/21-11 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის ID: "------" შესაგებელთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტობის დაბრუნების მოთხოვნაზე გამოცემულ უარის თქმის შესახებ შესაგებელს და აცხადებს, რომ უარის მიზეზად მითითებულია ისეთი დოკუმენტების წარუდგენლობა, რომლებიც ხარვეზის წერილით აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ ყოფილა მოთხოვნილი. თვლის, რომ აღნიშნული შესაგებელი არის უკანონო, ითხოვს მის გაუქმებას და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ვადის ხელახლა განსაზღვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა ფ/პ "-----"-ის (პ/ნ "-----") მიერ 2023 წლის 24 აგვისტოსა და 28 სექტემბრის (კორექტირებული) წარდგენილი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადამხდელის განმარტებით ზედმეტობა გამოწვეულია საქართველოში განბაჟებული ავტომობილის, განბაჟებიდან 90 დღეზე ნაკლებ ვადაში, ექსპორტის რეჟიმში მოქცევით.

გადამხდელის მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით, 2023 წლის 4 სექტემბერს, განისაზღვრა ხარვეზი (ID: "-----" ), კერძოდ: 2020 და 2021 წლებზე პირს უფიქსირდებოდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით განსაზღვრული შეუსრულებელი ვალდებულება დადგენილ ვადაზე ადრე (6 თვემდე ვადაში) ავტო-სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის დროს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის 28 სექტემბერს წარადგინა კორექტირებული გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა (ID "-----"), სადაც მითითებულია, რომ დადგენილ ვადაში პირმა წარადგინა 2020-2021 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები.

2023 წლის 29 სექტემბერს, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საპასუხოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა შესაგებელი (ID: "-----" ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს ეთქვა უარი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან, საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, სრულყოფილად არ იქნა გამოსწორებული ხარვეზი, კერძოდ, არ იქნა წარმოდგენილი 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა-რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავით დადგენილია ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა.

ამავე ინსტრუქციის 131 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

ამავე ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან 11 კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ან/და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ან ის პერიოდი, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება:

ა) „მოთხოვნის“ შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე;

ბ) ზედმეტად გადახდილი გადასახადის წარმოშობის თარიღი, დადგენილი წესის შესაბამისად შევსებული, საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების და ანგარიშგების ფორმების პირადი აღრიცხვის ბარათზე სრულად ასახვა (პროცედურა არ გულისხმობს დეკლარაციაში/ანგარიშგებაში ასახული მონაცემების სისწორის კონტროლს/დადგენას).

ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ იყო შესაბამისი დოკუმენტები, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა-რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, მართლზომიერია წარდგენილ მოთხოვნაზე უარის თქმა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ "-----"-ის (პ/ნ "-----") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტობის დაბრუნების მოთხოვნაზე გამოცემულ უარის თქმის შესახებ შესაგებელს . ითხოვს მის გაუქმებას და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ვადის ხელახლა განსაზღვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადამხდელის განმარტებით ზედმეტობა გამოწვეულია საქართველოში განბაჟებული ავტომობილის, განბაჟებიდან 90 დღეზე ნაკლებ ვადაში, ექსპორტის რეჟიმში მოქცევით.

2020 და 2021 წლებზე პირს უფიქსირდებოდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით განსაზღვრული შეუსრულებელი ვალდებულება დადგენილ ვადაზე ადრე ავტო-სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის დროს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის 28 სექტემბერს წარადგინა კორექტირებული გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ,სადაც მითითებულია, რომ დადგენილ ვადაში პირმა წარადგინა 2020-2021 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები.

2023 წლის 29 სექტემბერს, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საპასუხოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა შესაგებელი. გადასახადის გადამხდელს ეთქვა უარი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან, საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, სრულყოფილად არ იქნა გამოსწორებული ხარვეზი, კერძოდ, არ იქნა წარმოდგენილი 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა-რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტები

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

63,65.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავი.