ბრძანება N 16204
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16204
15 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 24 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 ივლისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა ი/მ ----- (ს/ნ ------) 2026 წლის 24 ივნისის №103075/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 29 მაისის №---- საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ მის საქმიანობას წარმოადგენს სურსათითა და ხილ-ბოსტნეულით საცალო ვაჭრობა. განმარტავს, რომ პროდუქციას ძირითადად ყიდულობს საბითუმო ბაზარში, თუმცა შესყიდვის აქტების შედგენას ვერ ახდენს, რადგან გამყიდველებს არ სურთ მათი იდენტიფიცირება. მიუთითებს, ვინაიდან მისი რეალიზაციის 80%-ს წარმოადგენს ხილ-ბოსტნეული, შესაბამისად, დღგ-ით ბეგრავდა მხოლოდ სასურსათო პროდუქციას. ამასთან, აღნიშნავს, რომ ანგარიშსწორება ძირითადად ხორციელდებოდა უნაღდო ფორმით, პოსტერმინალის გამოყენებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 მარტის №5065 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---- (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 19 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 29 მაისის №11779 ბრძანება და ამავე თარიღის №---- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 62 829 ლარი, მათ შორის, გადასახადი 35 517 ლარი, ჯარიმა 18 448 ლარი, საურავი 8 864 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
ი/მ ---- გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2009 წლის 16 იანვარს, ხოლო დღგ-ის კვალიფიციურ გადამხდელად რეგისტრირებულია 2013 წლის 24 დეკემბრიდან. მეწარმის განმარტების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სასურსათო პროდუქტებითა და ხილ-ბოსტნეულით საცალო ვაჭრობა, რომელსაც ახორციელებს ქალაქ -----, ------ში განთავსებული საკუთარი ფართიდან. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ახსნაგანმარტებები, შესყიდვის აქტები, საბანკო ცნობები და ამონაწერები. მეწარმეს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. აღნიშნული მასალების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. შედეგად, გამოვლენილ სხვაობაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებები, შესყიდვის აქტები, საბანკო ცნობები და ამონაწერები, რომელთა ანალიზის შედეგადაც დადგინდა, რომ მეწარმის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდებოდა შემოწმების მიერ განსაზღვრულისგან.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მეწარმეს შემოწმების პროცესში არ დაუდასტურებია, რომ ეწეოდა დღგ-ისგან გათავისუფლებული პროდუქციის რეალიზაციას.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ----- (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
ინდივიდუალური მეწარმე გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2009 წლის 16 იანვარს, ხოლო დღგ-ის კვალიფიციურ გადამხდელად რეგისტრირებულია 2013 წლის 24 დეკემბრიდან და ახორციელებს სასურსათო პროდუქტებითა და ხილ-ბოსტნეულით საცალო ვაჭრობას. შემოწმებისას გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების, შესყიდვის აქტების, საბანკო ცნობებისა და ამონაწერების ანალიზით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ ჰქონდა, გამოვლინდა შეუსაბამობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის, რის საფუძველზეც პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე დაერიცხა გადასახადი, ხოლო 275-ე მუხლის მიხედვით — ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებ159(1);275