ბრძანება N 18239
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18239
27 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ "------" (პ/ნ "------")
(მის.:"------")
2023 წლის 29 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ივლისის სხდომაზე (ოქმი №78) განიხილა ფ/პ "------"-ის (ს/ნ "------") №81977/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ივნისის ID: "-------" შესაგებელთან დაკავშირებით
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტობის დაბრუნების მოთხოვნაზე გამოცემულ უარის თქმის შესახებ შესაგებელს. გადამხდელი აცხადებს, რომ პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტობა წარმოქმნილია საინკასო დავალებით თანხის არასწორად ჩამოჭრის გამო.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა ფ/პ "------" -ის (პ/ნ "------") მიერ წარდგენილი 2023 წლის 23 ივნისის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. ფ/პ "------" (პ/ნ "------") განმარტავს, რომ ზედმეტობა გამოწვეულია შემდეგი გარემოებით: საბანკო ანგარიშიდან საინკასო დავალებით მოხდა თანხის არასწორად ჩამოჭრა.
მოცემული მოთხოვნის (ID: "------" ) საპასუხოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადამხდელს დაუდგინდა ხარვეზი შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლინილი სავარაუდო შეუსაბამობების გამო. კერძოდ, მოთხოვნაში არ იყო განმარტებული ზედმეტად გადახდილი თანხის წარმოშობის საფუძვლები. მოთხოვნილი იქნა ეკონომიკური საქმიანობის აღწერა და საბანკო ამონაწერები. გადასახადების ადმინისტირირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით 2020 წელს ფიქსირდებოდა ავტომანქანების რეექსპორტი, რაზედაც შესაძლებელია, რომ არ იყო შესრულებული საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის კუთხით. მოთხოვნილი იქნა განმარტება 2021-2022 წლების პერიოდზე საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ასახული ერთობლივი შემოსავლის მიღების წყაროსთან და გამოქვითულ ხარჯებთან დაკავშირებით. ასევე, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2021 და 2022 წლებში ფიქსირდებოდა სატრანსპორტო საშუალების საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე ნაკლებ ვადაში გასხვისება, რასთან დაკავშირებითაც, მოთხოვნილ იქნა განმარტება აღნიშნულ ოპერაციაზე საშემოსავლო გადასახადის ვალდებულების წარმოშობის და, ასეთის არსებობის პირობებში, შესრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე, მოთხოვნილი თანხის ოდენობა აღემატებოდა შედარების აქტის მიხედვით სალდირებულ ზედმეტად რიცხულ თანხას. ხარვეზის აღმოსაფხვრელად პირს განესაზღვრა 5 სამუშაო დღე, რაც დადგენილ ვადაში მის მიერ არ იქნა გამოსწორებული. გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 26 ივნისს „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშწორების განხორციელებისა და ბიუჯეტებში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის IV1 თავის 135 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაეგზავნა შესაგებელი (ID "------"). კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.
4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავით დადგენილია ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა.
ამავე ინსტრუქციის 131 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ამავე ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან 11 კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ან/და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ან ის პერიოდი, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება „მოთხოვნის“ შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე.
ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ხარვეზის აღმოსაფხვრელად პირს განესაზღვრა 5 სამუშაო დღე, რაც დადგენილ ვადაში მის მიერ არ იქნა გამოსწორებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, მართლზომიერია წარდგენილ მოთხოვნაზე უარის თქმა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ "------" - ის (პ/ნ "------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტობის დაბრუნების მოთხოვნაზე გამოცემულ უარის თქმის შესახებ შესაგებელს.
ფაქტობრივი გარემოებები
ზედმეტობა გამოწვეულია შემდეგი გარემოებით: საბანკო ანგარიშიდან საინკასო დავალებით მოხდა თანხის არასწორად ჩამოჭრა.
გადამხდელის მოთხოვნაში არ იყო განმარტებული ზედმეტად გადახდილი თანხის წარმოშობის საფუძვლები. მოთხოვნილი იქნა ეკონომიკური საქმიანობის აღწერა და საბანკო ამონაწერები. გადასახადების ადმინისტირირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით 2020 წელს ფიქსირდებოდა ავტომანქანების რეექსპორტი, რაზედაც შესაძლებელია, რომ არ იყო შესრულებული საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის კუთხით.
გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
63(1),65,საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავი, 131,134,135