გადაწყვეტილება №22420/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.08.2024
№ დოკუმენტი 22420/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22420/2/2024

16 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ---------------ი (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 29.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22420/2/2024).

 

დავის საგანი:

ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №081-310 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2645 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 274 075 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 149 507

დღგ - 1 695

საშემოსავლო გადასახადი - 147 174

ქონების გადასახადი - 638

ჯარიმა - 75 050

საურავი - 49 518

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობის სახეა სხვადასხვა საპროექტო მომსახურებების გაწევა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 18.03.2020 წლიდან 1.10.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადამხდელი მომსახურებას უწევდა, როგორც კერძო პირებს, ასევე აღნიშნული მომსახურებები მიწოდებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები და შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული მატერიალური სახის სხვა დოკუმენტაცია (საწარმოს უფლებამოსილი პირების მიერ წარმოდგენილ იქნა ახსნა-განმარტება, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა.) შესწავლილ იქნა, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ჩატარდა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული დანახარჯების ანალიზი, გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის შედეგად უნდა დარჩენოდა მოგება (ფულადი სახსრები). გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საწარმოს, 2020-2023 წლების საანგარიშო პერიოდში, გაცემული აქვს სესხი 569 000 ლარის ოდენობით ფიზიკურ პირ --------ზე, რაზეც წარადგინა სესხის გაცემის ოთხი ხელშეკრულება (ჯამურ თანხებზე), აღნიშნულ ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ სესხი გაიცემა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ეტაპობრივად, გამცემი მხარის შესაძლებლობის მიხედვით. სასესხო ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო სარგებელი განსაზღვრულია 5%-ის ოდენობით. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ ფიქსირდება სესხის ძირის ან/და პროცენტის გადახდის ფაქტი. ამასთანავე ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სესხის გაცემის პერიოდულობა ემთხვევა კომპანიაში ფულადი სახსრების წარმოქმნის პერიოდებს.

საგადასახადო კოდექსის მე-19, 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების და შემოწმების ეტაპზე შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან კომპანიის მიერ სესხის გაცემა არ ატარებდა არანაირ ეკონომიკურ შინაარს (არ დასტურდება აღნიშნული), საწარმოდან გასული თანხები დაკვალიფიცირდა, როგორც საწარმოს დირექტორის, მიღებული ხელფასი და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 12.12.2023 წლის №29437 ბრძანება და №081-310 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2645 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ყურადღება გაამახვილა შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომ შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებით აღრიცხული არ იყო მისაღები პროცენტები. ამასთან, სალაროს ოპერაციებისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად არ ფიქსირდება სესხის პროცენტის გადახდის არცერთი ფაქტი, ხოლო რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტს, სესხის ძირის (30 000 ლარის) დაბრუნებასთან დაკავშირებით, სესხის თანხის დაბრუნება არ მომხდარა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში.

აუდიტის დეპარტამენტის განმარტებით, საწარმოს შემოწმების დანიშვნამდე აღნიშნული ოპერაცია არ ჰქონდა განხილული ფიზიკურ პირზე სესხის გაცემად და აღნიშნული თანხების გაცემა არ იყო დაბეგრილი შესაბამისი პერიოდების მოგების გადასახადის დეკლარაციებში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან სესხის მიმღები ფიზიკური პირი წარმოადგენდა საწარმოს დირექტორის/დამფუძნებლის ურთიერთდამოკიდებულ პირს, აღნიშნულ პირთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები, არ იქნა გათვალისწინებული შემოწმების პროცესში და შემოწმების მიერ საწარმოდან გასული თანხები შინაარსის გათვალისწინებით დაკვალიფიცირდა, როგორც საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული ხელფასი და დაექვემდებარა წყაროსთან დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღნიშნული ოპერაციის გადაკვალიფიცირება დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად, მოკლებულია საფუძველს, რადგან შემოწმების ეტაპზევე გადამხდელმა წარმოადგინა სესხის ხელშეკრულებები. რაც შეეხება ეკონომიკურ შინაარსს, სესხი წარმოადგენს პროცენტიან სესხს და შესაბამისად, ეტაპობრივად დაბრუნებული სესხის პროცენტი ემსახურება კომპანიის ეკონომიკური კეთილდღეობას.

შემოწმების პერიოდში სესხის არცერთი ხელშეკრულების ვადა არ იყო გასული და შესაბამისად არ მომხდარა სესხის დაბრუნება მსესხებლის მხრიდან, ეს ფაქტი სამწუხაროდ არ გაითვალისწინა არც შემოწმებამ და არც შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტმა. ასევე, დავების განხილვის საბჭოში გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გადამხდელის ჩართულობის გარეშე.

წარმოადგენს ნოტარიულად დადასტურებულ სესხის/ვალის არსებობის აღიარების შესახებ შეთანხმებას, რითიც დასტურდება, რომ ზემოაღნიშნულ გაცემულ სესხებზე, სესხის მიმღები -------ა ადასტურებს შპს „--------ი“-სგან მიღებული სესხის საერთო ოდენობას, 569000 ლარს.

მათ შორის, 2021 წლის 10 თებერვლის სესხის ხელშეკრულება N14-ით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც ხელშეკრულების თანახმად უნდა დაფარულიყო 2024 წლის 10 თებერვლამდე, სრულად გადახდილი აქვს ---------ს შემოწმების შემდგომ პერიოდში 45000 ლარის (სესხის ძირი) ოდენობით და 6525.35 ლარი პროცენტის სახით. ასევე, 2022 წლის 20 თებერვლის სესხის ხელშეკრულება N6-ით განსაზღვრული ვალდებულებიდან, 40 000 ლარია დაფარული მსესხებლის მიერ ასევე შემოწმების შემდგომ პერიოდში. (აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ საგადახდო დავალებებს). ჯამში, 2024 წლის დასაწყისიდან ---------ს დაფარული აქვს 85000 ლარი სესხის ძირის, ხოლო 6525.35 ლარი პროცენტის სახით.

იმ შემთხვევაში, თუ დავების განხილვის საბჭოც უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებს საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე, გაურკვეველია შემოწმების შემდგომ პერიოდში დაბრუნებული სესხის ძირის და პროცენტის დაბეგვრის რეჟიმი. ის, რაც უკვე ერთხელ დაბეგრა აუდიტის დეპარტამენტმა, მეორედ ხომ არ დაბეგრავს გადამხდელი?!

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანს ფიზიკურ პირზე გაცემული აქვს სესხი, წლიური საპროცენტო სარგებელი განსაზღვრულია 5%-ის ოდენობით. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ ფიქსირდება სესხის ძირის ან/და პროცენტის გადახდის ფაქტი. საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ სესხის გაცემა არ ატარებდა არანაირ ეკონომიკურ შინაარს. შედეგად საწარმოდან გასული თანხები დაკვალიფიცირდა, როგორც საწარმოს დირექტორის, მიღებული ხელფასი და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლოა, ვინაიდან მის მიერ საჩივარზე წარმოდგენილი მასალები, რომლის მხედველობაში მიღებასაც ითხოვს გადაწყვეტილების მიღებისას, ეხება შესამოწმებელი პერიოდის და შემოწმების აქტის შემდეგ შედგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინება ვერ მოხდება.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 18.03.2020 წლიდან 1.10.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადამხდელი მომსახურებას უწევდა, როგორც კერძო პირებს, ასევე აღნიშნული მომსახურებები მიწოდებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში. შესწავლილ იქნა, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ჩატარდა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული დანახარჯების ანალიზი, გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის შედეგად უნდა დარჩენოდა მოგება (ფულადი სახსრები). გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საწარმოს, 2020-2023 წლების საანგარიშო პერიოდში, გაცემული აქვს სესხი 569 000 ლარის ოდენობით ფიზიკურ პირზე, რაზეც წარადგინა სესხის გაცემის ოთხი ხელშეკრულება (ჯამურ თანხებზე), აღნიშნულ ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ სესხი გაიცემა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ეტაპობრივად, გამცემი მხარის შესაძლებლობის მიხედვით. სასესხო ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო სარგებელი განსაზღვრულია 5%-ის ოდენობით. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ ფიქსირდება სესხის ძირის ან/და პროცენტის გადახდის ფაქტი. ამასთანავე ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სესხის გაცემის პერიოდულობა ემთხვევა კომპანიაში ფულადი სახსრების წარმოქმნის პერიოდებს.

საგადასახადო კოდექსის მე-19, 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების და შემოწმების ეტაპზე შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან კომპანიის მიერ სესხის გაცემა არ ატარებდა არანაირ ეკონომიკურ შინაარს (არ დასტურდება აღნიშნული), საწარმოდან გასული თანხები დაკვალიფიცირდა, როგორც საწარმოს დირექტორის, მიღებული ხელფასი და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №29437 ბრძანება და №081-310 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №2645 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“);