ბრძანება N 8479

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.04.2023
№ დოკუმენტი 8479
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 8479

19.04.2023

შპს „--ის“ (ს/ნ --)

(მის.: ---) 2023 წლის 20 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 აპრილის სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა შპს „--ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 20 იანვრის №78235/1/2023 საჩივარი, შპს „--ის“ (ს/ნ --) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №33594 ბრძანებასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დანიშნულია კომპანიის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების კვალიფიკაციის სისწორის დადგენის მიზნით. გადამხდელის განმარტებით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების კვალიფიკაციის სისწორესთან დაკავშირებით წინა პერიოდზე მიმდინარეობს დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში. შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს შემოწმების შეჩერებას/გაუქმებას სასამართლო წარმოების დასრულებამდე.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ 2022 წლის 29 დეკემბრის №33594 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „--ის“ (ს/ნ --) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების კვალიფიკაციის სისწორის დადგენის მიზნით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად:

1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.

2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შპს „--ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ --) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს შემოწმების შეჩერებას/გაუქმებას შემოწმებით მოცულ თემატიკაზე სასამართლო წარმოების დასრულებამდე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2022 წლის 29 დეკემბრის №33594 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების კვალიფიკაციის სისწორის დადგენის მიზნით.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 306 (6); 51 (1); 263