გადაწყვეტილება №24696/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
24696/2/2025
05 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“-ის 5.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24696/2/2025).
დავის საგანი:
ურთიერთდამოკიდებულ პირზე გადახდილი სესხის პროცენტის გაანგარიშება საბაზრო პროცენტით და სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2024 წლის №042-28 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.01.2025 წლის №465 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 41 347,06 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 23 905
დღგ - 2 383
საშემოსავლო გადასახადი - 21 522
ჯარიმა - 11 176
საურავი - 6 266,06
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ვაჭრობა იჯარით აღებულ ფართებიდან შერეული საქონლით უპირატესად საკვები პროდუქტებით. კომპანია რეგისტრირებულია 8.02.2017 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 4.05.2017 წელს.
აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2021 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ საწარმო სმფ-ების შეძენას ახორციელებს, როგორც ადგილობრივად, ასევე, იმპორტის რეჟიმში, ხოლო რეალიზებას ახდენს ძირითადად საბითუმოდ, საიდანაც დოკუმენტურ რეალიზაციის ხვედრითი წილი 88 %-ია. გადასახადის გადამხდელს 2021 წლის ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს პროგრამა ორისში, ხოლო 2022 წლიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე პროგრამა ფინაში.
შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ საწარმოს აღებული აქვს სესხი დამფუძნებელი ფიზიკური პირისაგან უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი), ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენს 20%-ს, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გადახდილი აქვს როგორც სესხის ძირითადი თანხა, ასევე, მასზე დარიცხული პროცენტი, რომელიც დაბეგრილია 5%-იანი განაკვეთით გადახდის წყაროსთან.
ზემოაღნიშნულ ოპერაციაში მონაწილე პირები საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს, საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული გარიგების დროს გამოიყენება საბაზრო პრინციპები.
შედეგად შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 შესაბამისად, იცვლებოდა ოპერაციის შინაარსი, კერძოდ ფიზიკურ პირზე გადახდილი პროცენტის თანხა გაანგარიშებულ იქნა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, რომელიც უცხოურ ვალუტაში შეადგენს საშუალოდ 6%- ს, შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე (----------ზე პ/ნ ----------) ხელფასის სახით განაცემად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2024 წლის №042-28 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.01.2025 წლის №465 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, მე-19, მე-18, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საწარმოს აღებული აქვს სესხი დამფუძნებელი ფიზიკური პირისაგან უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი), რომლის წლიური საპროცენტო სარგებელი ხელშეკრულებით შეადგენს 20%-ს. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გადახდილი აქვს როგორც სესხის ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული პროცენტი, რომელიც დაბეგრილია 5%-იანი განაკვეთით გადახდის წყაროსთან. შემოწმების მიერ შეიცვალა ოპერაციის შინაარსი, კერძოდ ფიზიკურ პირზე გადახდილი პროცენტის თანხა გაანგარიშებულ იქნა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, რომელიც უცხოურ ვალუტაში შეადგენს საშუალოდ 6%-ს, ხოლო შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტორებმა თავის შეფასებაში დაფიქსირეს, რომ ფიზიკურ პირზე გადახდილი პროცენტის თანხა გაანგარიშებულ იქნა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, რომელიც უცხოურ ვალუტაში შეადგენს საშუალოდ 6%-ს.
არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე აუდიტორების მიერ პროცენტებში გამოყვანილი სხვაობის კვალიფიკაციას, როგორც დირექტორზე გაცემულ ხელფასი და ამ თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
კომპანიას და ფიზიკურ პირ -----------ს შორის 13.06.2022 წელს დადებულ სასესხო ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, „წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 20 (ოცი) პროცენტი არსებული ეროვნული ვალუტის კურსით ლარებში“.
13.06.2022 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც სესხის ვალუტა მითითებული იყო დოლარში, სინამდვილეში ფაქტიურად განხორციელებული ოპერაციებიდან გამომდინარე იყო ლარში, ამას ადასტურებს საბუღალტრო გატარებები, სადაც მკაფიოდ არის გატარებებში დაფიქსირებული სესხზე დარიცხული პროცენტების გადახდა ეროვნულ ვალუტაში.
შესაბამისად, როდესაც ადრე აღნიშნული დააფიქსირა კომპანიის მიერ მოწვეულმა იურისტმა, ხელშეკრულებაზე დამატებით გაფორმდა დანართი, რომლითაც შეიცვალა გასესხებული ვალუტის დასახელება, ნაცვლად დოლარისა, ჩაიწერა ლარი.
დამატებით წარმოადგენს აღნიშნულ დანართს მტკიცებულების სახით.
ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი უნდა ჩაითვალოს ლარში გაცემულად, ვინაიდან არსებობს მტკიცებულებები: დანართი ხელშეკრულებაზე, საბუღალტრო გატარებები. ნაცვლად 6 %-ისა, გამოყენებული უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე გამოყენებული საშუალო საპროცენტო განაკვეთი და ის სხვაობა, რაც დარჩება 20%-სა და ეროვნულ ვალუტაში გაცემულ საპროცენტო განაკვეთებს შორის დარჩეს დარიცხვაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ს
აგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს აღებული აქვს სესხი დამფუძნებელი ფიზიკური პირისაგან, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი), ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენს 20%-ს, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გადახდილი აქვს როგორც სესხის ძირითადი თანხა, ასევე, მასზე დარიცხული პროცენტი, რომელიც დაბეგრილია 5%-იანი განაკვეთით გადახდის წყაროსთან.
აუდიტის დეპარტამენტის 13.02.2025 წლის №9956-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, სადავო საკითხი შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე, რაც ადასტურებს საწარმოს მიერ დამფუძნებლისგან სესხის მიღებას. სესხის ხელშეკრულებები, ბუღალტრული აღრიცხვა (გატარებები), საბანკო აგარიშის ამონაწერები, რომლის მიხედვით ფიქსირდება სესხის თანხების უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი, ევრო) მიღება/გადახდა. ამასთან, გადასახადის გადამხდელი შემოწმების ეტაპზე დაეთანხმა აღნიშნულ საკითხს, დარიცხვის თანხები გავლილი და შეჯერებულ იქნა ბუღალტერთან სატელეფონო კომუნიკაციის დროს. გადამხდელის მიერ მხოლოდ დასკვნით ეტაპზე იქნა წარმოადგენილი საჩივარზე დართული „4.01.2021 წლის დამატებითი ხელშეკრულება“, თუმცა საჩივარში აღნიშნული საკითხი/პრეტენზია შემოწმების დროს არ ყოფილა დასმული.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე მაღალი საპროცენტო განაკვეთით ურთიერთდამოკიდებული პირისთვის გადახდილი თანხის ხელფასად განხილვა მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ურთიერთდამოკიდებულ პირზე გადახდილი სესხის პროცენტის გაანგარიშება საბაზრო პროცენტით და სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2021 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ საწარმო სმფ-ების შეძენას ახორციელებს, როგორც ადგილობრივად, ასევე, იმპორტის რეჟიმში, ხოლო რეალიზებას ახდენს ძირითადად საბითუმოდ, საიდანაც დოკუმენტურ რეალიზაციის ხვედრითი წილი 88 %-ია. გადასახადის გადამხდელს 2021 წლის ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს პროგრამა ორისში, ხოლო 2022 წლიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე პროგრამა ფინაში.
შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ საწარმოს აღებული აქვს სესხი დამფუძნებელი ფიზიკური პირისაგან უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი), ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენს 20%-ს, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გადახდილი აქვს როგორც სესხის ძირითადი თანხა, ასევე, მასზე დარიცხული პროცენტი, რომელიც დაბეგრილია 5%-იანი განაკვეთით გადახდის წყაროსთან.
ზემოაღნიშნულ ოპერაციაში მონაწილე პირები საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს, საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული გარიგების დროს გამოიყენება საბაზრო პრინციპები.შედეგად შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 შესაბამისად, იცვლებოდა ოპერაციის შინაარსი, კერძოდ ფიზიკურ პირზე გადახდილი პროცენტის თანხა გაანგარიშებულ იქნა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, რომელიც უცხოურ ვალუტაში შეადგენს საშუალოდ 6%- ს, შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №042-28 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №465 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე მაღალი საპროცენტო განაკვეთით ურთიერთდამოკიდებული პირისთვის გადახდილი თანხის ხელფასად განხილვა მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18(11 „ა“); 19(1); 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“);