გადაწყვეტილება №25134/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.05.2025
№ დოკუმენტი 25134/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25134/2/2025

27 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --- ის 30.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25134/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17379 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.02.2025 წლის №007-4 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.04.2025 წლის №6949 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

123 323,48 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 65 426

დღგ - 36 252

საშემოსავლო გადასახადი - 29 174

ჯარიმა - 25 816

საურავი - 32 081,48

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.05.2023 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.05.2024 წლის №007-92 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17379 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი (რეალიზებული საქონლის ფასნამატის გაანგარიშების და სმფ-ების ნაშთების ცვლილების ნაწილში), ამასთან, დოკუმენტურ რეალიზაციაზე არ გაავრცელოს შემოწმებით გაანგარიშებული ფასნამატი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17379 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2025 წლის დასკვნის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მხრიდან მოხდა ფასნამატის გაანგარიშების შესწავლა და სარეალიზაციო ფასების და თვითღირებულებების დაკავშირება, რომელიც არ განხორციელებულა შემოწმების პროცესში, აღნიშნულმა გამოიწვია ფასნამატის მცირედი ცვლილება, შესაბამისად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებების და საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ცვლილება. აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 25.02.2025 წლის №007-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.04.2025 წლის №6949 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე. დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა დარიცხული თანხები. გადასახადის გადამხდელის მხრიდან მოხდა ფასნამატის გაანგარიშების შესწავლა და სარეალიზაციო ფასების და თვითღირებულებების დაკავშირება, აღნიშნულმა გამოიწვია ფასნამატების მცირედი ცვლილება, შესაბამისად, რეალიზებული პროდუქტის თვითღირებულებების და საწყისი/საბოლოო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ცვლილება. შედეგად, განხორციელდა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). საჩივრის ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელს მიეცა არგუმენტაციის შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენისა და საკითხის შემმოწმებელთან ერთად გავლის შესაძლებლობა. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემმოწმებელმა კიდევ ერთხელ გაიარა საკითხი გადასახადის გადამხდელთან ერთად და მას დამატებით რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

თანხების დარიცხვა გამოწვეულია იმ მოტივით, რომ თითქოს გადამხდელი არ აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და რის გამოც ვერ ხდება რეალიზებული პროდუქციის შეძენილ პროდუქციასთან შეპირისპირება, რის გამოც გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, რის შედეგადაც არასწორად იქნა განსაზღვრული 2021, 2022 და 2023 წლებში სასაქონლო ნაშთები, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და ფასნამატი, რასაც არ ეთანხმება. მეწარმის საქმიანობაა საბნების, ბალიშების, ადიალების და მასთან დაკავშირებული თეთრეულის იმპორტი და რეალიზაცია. რეალიზაციისას გამოიწერება სასაქონლო ზედნადები და ასევე ხდება მის გარეშე მხოლოდ სალაროს ჩეკით. ანალიზით სასაქონლო ზედნადებით რეალიზებულსა და ჩეკით რეალიზებულს შორის ფასნამატებს შორის სხვაობა არაა. ასევე განვლილ შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებული იქნა საკონტროლო შესყიდვა და დარღვევა არ გამოვლენილა. არ არსებობდა შემოწმების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. ვინაიდან თავის დროულად მიეწოდა საბუღალტრო აღრიცხვის ელექტრონული ბაზა - ორისის ასლი, სადაც აღრიცხვა ნაწარმოებია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (დანართი მეილის სქრინი). ის, რომ საქონლის აღრიცხვა მიმდინარეობდა კანონმდებლობის სრული დაცვით და რეალიზებული საქონლის შეპირისპირება ხდებოდა შეძენილ საქონელთან ადასტურებს შემოსავლების სამსახურის 18.03.2024 წლის ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით შეპირისპირებული იქნა შეძენილი საქონელი რეალიზებულ საქონელთან და სმფ-ის ზედმეტობა/დანაკლისი არ გამოვლენილა (რასაც აქტში შემმოწმებელიც აღნიშნავს). ვინაიდან ინვენტარიზაციისას ნაშთები მიეწოდა ელექტრონული საბუღალტრო აღრიცხვის ბაზიდან საბუღალტრო მონაცემებით, რომელიც შედარებული იქნა შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტებთან და მათი იდენტიფიცირება მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვლინდებოდა ზედმეტობა ან დანაკლისი. შემმოწმებელს არასწორად აქვს ასევე გაანგარიშებული რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და ფასნამატი, რამაც გამოიწვია წლიური საშემოსავლო გადასახადისა და დღგ-ის დამატებით დარიცხვა. მაგალითად, გადამხდელს ელექტრონული №--- სასაქონლო ზედნადებით 5.03.2021 წელს გაწერილი აქვს ადიალა სასაქონლო კოდით 161000044 (სადაც 1610 არის ორისის საბუღალტრო ანგარიში, ხოლო 0044 საქონლის კოდი), რომლის ნაშთი ბუღალტრულად არ ფიქსირდებოდა. შემმოწმებელს აღნიშნულ კოდზე მიაწოდა 28.11.2011 წლის A-- საბაჟო დეკლარაციით შეძენილი ზუსტად იგივე 0044 სასაქონლო კოდით შეძენილი ადიალის თვითღირებულება. იმის ნაცვლად გამოეყენებინა სიტუაციური სახელმძღვანელო 0256 თვითღირებულების გასაანგარიშებლად აიღო ძალიან იაფი თვითღირებულების ადიელა. ასე გაკეთდა სხვადასხვა დასახელების საქონელზე შემთხვევაზე, რითაც შეამცირა დანარჩენი საქონლის საშუალო თვითღირებულება, რითაც გაიზარდა საშუალო ფასნამატი და მიუხედავად იმისა, რომ ზედნადებებით რეალიზებული ფასნამატი ტოლი იყო სალაროს ჩეკებით რეალიზებული საქონლის ფასნამატისა ხელოვნურად გაზრდილი ფასნამატი გავრცელებული იქნა ჩეკებით რეალიზებულ საქონელზე, რამაც გამოიწვია დამატებით წლიური საშემოსავლო გადასახადისა და დღგ-ის დარიცხვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები. შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17379 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი (რეალიზებული საქონლის ფასნამატის გაანგარიშების და სმფ-ების ნაშთების ცვლილების ნაწილში), ამასთან, დოკუმენტურ რეალიზაციაზე არ გაავრცელოს შემოწმებით გაანგარიშებული ფასნამატი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2025 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მხრიდან მოხდა ფასნამატის გაანგარიშების შესწავლა და სარეალიზაციო ფასების და თვითღირებულებების დაკავშირება, რომელიც არ განხორციელებულა შემოწმების პროცესში, აღნიშნულმა გამოიწვია ფასნამატის მცირედი ცვლილება, შესაბამისად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებების და საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ცვლილება.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საქონლის ნაწილზე გაიშიფრა შეძენის ღირებულება და რეალიზაციის ფასები, რაც გავრცელდა შესაბამის საქონელზე. იმ საქონელზე, რომლის ფასნამატი ვერ გაიშიფრა, გამოყენებულია შესაბამისი კატეგორიის საშუალო ფასნამატი.

მომჩივნის მიერ მითითებულია, რომ გამოყენებული უნდა ყოფილიყო სიტუაციური სახელმძღვანელო, რაც არ განხორციელებულა, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში მითითებული დავალება აღნიშნულ საკითხს არ მოიცავდა. საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2025 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17379 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი. ამასთან, მომჩივანი მიუთითებს, რომ გამოყენებული უნდა ყოფილიყო №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო.

საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17379 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17379 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №17379 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მხრიდან მოხდა ფასნამატის გაანგარიშების შესწავლა და სარეალიზაციო ფასების და თვითღირებულებების დაკავშირება, რომელიც არ განხორციელებულა შემოწმების პროცესში, აღნიშნულმა გამოიწვია ფასნამატის მცირედი ცვლილება, შესაბამისად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებების და საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ცვლილება. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №6949 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 102 (1).