ბრძანება N 12369
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12369
05 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------, ----------)
2023 წლის 13 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მარტის და 11 მაისის სხდომებზე (ოქმები №27 და №52) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 13 იანვრის №4855/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ნოემბრის №042- 34 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროდან გატანილი თანხის ხელფასად განხილვას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით. ითხოვს გადასახადის გაუქმებას ჯარიმა/საურავებთან ერთად. განმარტავს, რომ კომპანიამ 2019 წლის 18 ნოემბერს სახელმწიფოდან უკან დაიბრუნა უძრავი ქონება (მიწა, მასზე განთავსებული - შენობა ნაგებობებით), რომელიც 2006 წელს შპს „----------“ მიერ შეძენილია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან და რომელიც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანების საფუძველზე ისევ იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში. 2019 წლის 21 ნოემბერს აღნიშნული უძრავი ქონება გაასხვისა შპს „----------“ 1 300 000 ლარად, რომელიც დროულად დაადეკლარირა და გადაიხადა. ვინაიდან კომპანიამ გაასხვისა უძრავი ქონება და იგი აღარ აპირებდა ამ კუთხით სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელებას, დამფუძნებელმა პარტნიორმა მიიღო გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის შემცირებისა და მის მიერ საწესდებო კაპიტალში შემოტანილი თანხიდან - 744 000 ლარის უკან დაბრუნების თაობაზე (საწყის ეტაპზე კომპანიის საწესდებო კაპიტალი განსაზღვრული იქნა - 200 ლარით, 2006 წელს სახელმწიფოდან აღნიშნული უძრავი ქონების შეძენის შემდეგ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის საწესდებო კაპიტალი გაზრდილი და განსაზღვრულია - 744 500 ლარით. მისი შევსება დამფუძნებელი პარტნიორის მიერ ხდებოდა ეტაპობრივად 2006-2012 წლების განმავლობაში, პერიოდულად შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების მიხედვით: სარემონტო - სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მასალების და ინვენტარის შესაძენად, ტექნიკის მომსახურების ღირებულების გადასახდელად, მუშებისათვის ხელფასების გასაცემად და სხვა). აღსანიშნავია, რომ 2006 წლიდან ძალიან დიდი დროა გასული, ხანდაზმულია და ბუღალტრული აღრიცხვის პირველადი დოკუმენტების მოძიება ფაქტობრივად შეუძლებელია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 სექტემბრის №24220 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 14 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 17 ნოემბრის №28935 ბრძანება და ამავე თარიღის №042-34 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 378 638 ლარი, მათ შორის, გადასახადი 186 000 ლარი, ჯარიმა 93 000 ლარი, საურავი 99 638 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
2019 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის სალაროდან კომპანიის დირექტორის და 100% წილის მფლობელის მიერ გატანილმა თანხამ შეადგინა 744 000 ლარი. საგადასახადო შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში, კერძოდ, 2019 წლის პირველი იანვრის მონაცემებით საწესდებო კაპიტალი (ბუღალტრული ანგარიში 5150) შეადგენს 744 500 ლარს, რომელიც შემდგომ მცირდება აღნიშნული გატანილი თანხით და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწესდებო კაპიტალი შეადგენს 500 ლარს. გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა გადასახადის გადამხდელმა მოცემული თანხის საწარმოს კაპიტალში შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. ხოლო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით საწარმოს საწესდებო კაპიტალი შეადგენს მხოლოდ 200 ლარს, ამავდროულად შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად ვერ დადგინდა საწარმოს კაპიტალში აღნიშნული თანხის შეტანა. შესაბამისად, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, საწარმოს სალაროდან გატანილი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით კომპანიის სალაროდან დირექტორისა და 100% წილის მფლობელის მიერ გატანილია 744 000 ლარი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით 2019 წლის პირველი იანვრის მონაცემებით საწესდებო კაპიტალი შეადგენს 744 500 ლარს, რომელიც შემდგომ მცირდება აღნიშნული გატანილი თანხით და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწესდებო კაპიტალი შეადგენს 500 ლარს. გადამხდელს ეთხოვა საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ მოცემული თანხის საწარმოს კაპიტალში შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ვერ განხორციელდა. ხოლო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით საწარმოს საწესდებო კაპიტალი შეადგენს მხოლოდ 200 ლარს, ამავდროულად შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად ვერ დადგინდა საწარმოს კაპიტალში აღნიშნული თანხის შეტანა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით სალაროდან გატანილი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ სალაროდან გატანილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროდან გატანილი თანხის ხელფასად განხილვას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით. ითხოვს გადასახადის გაუქმებას ჯარიმა/საურავებთან ერთად.
ფაქტობრივი გარემოებები
2019 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის სალაროდან კომპანიის დირექტორის და 100% წილის მფლობელის მიერ გატანილმა თანხამ შეადგინა 744 000 ლარი. საგადასახადო შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში, კერძოდ, 2019 წლის პირველი იანვრის მონაცემებით საწესდებო კაპიტალი შეადგენს 744 500 ლარს, რომელიც შემდგომ მცირდება აღნიშნული გატანილი თანხით და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწესდებო კაპიტალი შეადგენს 500 ლარს. გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა გადასახადის გადამხდელმა მოცემული თანხის საწარმოს კაპიტალში შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. ხოლო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით საწარმოს საწესდებო კაპიტალი შეადგენს მხოლოდ 200 ლარს, ამავდროულად შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად ვერ დადგინდა საწარმოს კაპიტალში აღნიშნული თანხის შეტანა. შესაბამისად, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, საწარმოს სალაროდან გატანილი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ სალაროდან გატანილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9-ბ); 101; 154; 275