ბრძანება N 31511

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.12.2023
№ დოკუმენტი 31511
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 31511

14 .12. 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------------ის“ (ს/ნ -------------)

(მის.: ------------------------------------)

2023 წლის პირველი ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №123) განიხილა შპს „--------------ის“ (ს/ნ -------------) 2023 წლის პირველი ნოემბრის №84567/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ოქტომბრის №007-296 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში არსებულ საწყის სალაროს ნაშთსა და შემოწმების მიერ დათვლილ საწყის სალაროს ნაშთს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. გადამხდელისთვის გაუგებარია, რატომ არ გამოიყენეს აუდიტორებმა არსებული პრაქტიკა, რომლის თანახმად სალაროდან განხორციელებული შესყიდვების 10% განიხილება გონივრულ ნაშთად და სხვა ნამეტი თანხა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულად. დამატებით მიუთითებს, რომ კომპანიის პარტნიორმა კომპანიის წილი შეისყიდა 2018 წლის ბოლოს და ნასყიდობის ღირებულება იყო 1 805 011 ლარზე ბევრად ნაკლები. ამდენად, აუდიტორების მიდგომა სცდება ლოგიკასაც. ამასთან დამატებით განმარტავს, რომ აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დავალება არ ჰქონია დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარდგენის და პირდაპირი მითითებაა, რომ 2019 წლამდე განხორციელებულმა ოპერაციებმა (ავანსებმა) გავლენა არ უნდა იქონიოს საგადასახადო ვალდებულებებზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №19024 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „--------------ის“ (ს/ნ -------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სალაროს ნაშთის გაანგარიშების მიზნებისათვის იხელმძღვანელოს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, ასევე, ხანდაზმულ პერიოდში მიღებული შემოსავლები/გაწეული ხარჯების გათვალისწინების გარეშე და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №19024 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 29 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 248 478 ლარი, მათ შორის გადასახადი 165 878 ლარი და ჯარიმა 82 600 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 16 ოქტომბრის №007-296 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა 2017-2018 წლების საბანკო ამონაწერები და რეესტრები ბუღალტრული პროგრამიდან. წარმოდგენილი ინფორმაციით გაიშიფრა 2017- 2018 წლებში მიღებული ავანსის თანხები. შედეგად დაკორექტირდა შესამოწმებელ პერიოდში ის ნაწილი თანხები, რომელიც შემოწმების მიერ დაბეგრილი იყო ნასყიდობის ხელშეკრულების მომენტში, მაგრამ გადასახადის გადამხდელს მიღებული და დაბეგრილი ჰქონდა ავანსის თანხები ხანდაზმულ პერიოდში. შესაბამისად შემცირდა შემოწმებით დარიცხული თანხები.

გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არსებულ საწყის სალაროს ნაშთსა და შემოწმების მიერ დათვლილ საწყის სალაროს ნაშთს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასა და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში დამატებით არ წარმოუდგენია სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედეგად აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები არ დაკორექტირდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №19024 ბრძანებით, შესამოწმებელ პერიოდში არსებულ საწყის სალაროს ნაშთსა და შემოწმების მიერ დათვლილ საწყის სალაროს ნაშთს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასა და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სალაროს ნაშთის გაანგარიშების მიზნებისათვის ეხელმძღვანელა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, ასევე, ხანდაზმულ პერიოდში მიღებული შემოსავლები/გაწეული ხარჯების გათვალისწინების გარეშე და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებია საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ხოლო შემოწმებით გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში არსებულ საწყის სალაროს ნაშთსა და შემოწმების მიერ დათვლილ საწყის სალაროს ნაშთს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასა და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარდგენა დავალებული არ ჰქონდა და პირდაპირი მითითებაა, რომ 2019 წლამდე განხორციელებულმა ოპერაციებმა (ავანსებმა) გავლენა არ უნდა იქონიოს საგადასახადო ვალდებულებებზე. ამდენად, გაუგებარია, რატომ არ გამოიყენეს აუდიტორებმა არსებული პრაქტიკა, რომლის თანახმად სალაროდან განხორციელებული შესყიდვების 10% განიხილება გონივრულ ნაშთად და სხვა ნამეტი თანხა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულად. დამატებით მიუთითებს, რომ კომპანიის პარტნიორმა კომპანიის წილი შეისყიდა 2018 წლის ბოლოს და ნასყიდობის ღირებულება იყო 1 805 011 ლარზე ბევრად ნაკლები. ამდენად, აუდიტორების მიდგომა სცდება ლოგიკასაც.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №19024 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №19024 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში არსებულ საწყის სალაროს ნაშთსა და შემოწმების მიერ დათვლილ საწყის სალაროს ნაშთს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას .

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №19024 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადახმდელის საჩივარი.აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 248 478 ლარი, მათ შორის გადასახადი 165 878 ლარი და ჯარიმა 82 600 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №007-296 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №19024 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101(1); 154(1 „ა“);