ბრძანება N 21012
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21012
25 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 15 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №83) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 15 მაისის №80985/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 აპრილის №081-51 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონების რეალიზაციის ოპერაციის მხარეების, მყიდველისა და გამყიდველის ურთიერთდამოკიდებულ პირებად განხილვას და რეალიზებული ფართებზე შემოწმების მიერ განსაზღვრულ სარეალიზაციო ღირებულებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ იმ ფიზიკური პირებისთვის რომლებმაც შეიძინეს სასტუმროში აპარტამენტი, გაწეული მომსახურების ღირებულების სრულად ჩართვას დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში და გამოვლენილი სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ აღნიშნული მომსახურების თანხები საწარმოს მიერ დაბეგრილი იყო. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა საქმის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ ამ ნაწილში ეთანხმება დარიცხვას და აღარ ასაჩივრებს აღნიშნულს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 იანვრის №170 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი მარტიდან 2022 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 12 აპრილის №8126 ბრძანება და ამავე თარიღის №081-51 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 1 247 381 ლარი, მათ შორის, გადასახადი 693 997 ლარი, ჯარიმა 347 717 ლარი, საურავი 205 667 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შესამოწმებელ პერიოდში შპს „-------“ საკუთრებაში გააჩნია სასტუმროს 24 ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, სატრენაჟორო, ბუფეტი და ადმინისტრაციული ფართები. აღნიშნული ფართები სრულად მიყიდა ფ/პ ------- - 2021 წლის ივლისში სასტუმრო, სატრენაჟორო, ბუფეტი და ადმინისტრაციული ფართი სულ 1 219 მ2 1 600 000 ლარად და 2022 წლის იანვარში 82 მ2 საკონფერენციო დარბაზი 96 253 ლარად. სარეალიზაციო ქონების ღირებულება მკვეთრად განსხვავდება საბაზრო ფასისგან. ფ/პ ------- წარმოადგენს, როგორც შპს „-------“ დირექტორს, ასევე ფ/პ ------- სრული უფლებამოსილებით აღჭურვილ მინდობილ პირს (გენერალური მინდობილობით ------- უფლებამოსილია წარმოადგინოს მიმნდობი ნებისმიერ საქმიან ურთიერთობებში, აწარმოოს მოლაპარაკებები, დაიცვას მისი ინტერესები ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში (შსს, საჯარო რეესტრი, იუსტიციის სამინისტრო, საბაჟო, მერია, შემოსავლების სამსახურში და სხვა), კომერციულ ორგანოებში, ბანკებში, სასამართლოში. დადოს ნებისმიერი სახის და შინაარსის ხელშეკრულება/გარიგება, შეიტანოს ცვლილებები, გააუქმოს, ხელი მოაწეროს ყველა საჭირო დოკუმენტს. მინდობილობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით). ნასყიდობის ხელშეკრულების დოკუმენტზე, როგორც მყიდველის, ასევე, გამყიდველის უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ფ/პ ------- და ხელშეკრულების ორივე მხარეს აწერს ხელს. შესაბამისად, გარიგების დოკუმენტი გაფორმებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრულ ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის. შემოწმების მიერ გარიგების ფასი განისაზღვრა საბაზრო ფასით. შპს „-------“ დაერიცხა კუთვნილი დღგ და გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. შპს „-------“ იმ ფიზიკურ პირებს, რომელთაც მის სასტუმრო კომპლექსში შეიძინეს აპარტამენტები უწევს მომსახურებას. მომსახურება წარმოადგენს სასტუმროს საერთო სარგებლობის სივრცეების გამოყენებისთვის დაწესებულ ყოველთვიურ მოსაკრებელს (ობიექტის დაცვა, ლიფტით სარგებლობა, მიმღების და კიბის უჯრედის დასუფთავება და სხვა). ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურების ფასი განისაზღვრება მსგავსი ტიპის მომსახურებების საბაზრო ფასით. კომპანიის მიერ აღნიშნული თანხები შემოსავალში აღრიცხულია ნაწილობრივ. შემოწმების შედეგად მომსახურების ღირებულება სრულად ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში, რის შედეგადაც გაიზარდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად:
1. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.
2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.
7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში, თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ“ პუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის:
რ.ა) საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში;
რ.ბ) მომსახურებისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ნაკლები ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულებაზე.
ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მყიდველისა და გამყიდველის ურთიერთდამოკიდებულ პირებად განხილვას და რეალიზებული ფართებზე შემოწმების მიერ გამოყენებულ სარეალიზაციო ღირებულებას. გადამხდელი განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლი არ შეიცავს მითითებას, რომ გამყიდველი და მყიდველის მინდობილი პირის ერთიდაიგივე პიროვნების არსებობა ითვლება ურთიერთდამოკიდებულ პირებად. აღნიშნული არის შემმოწმებლის ინტერპრეტაცია, რაც ეწინააღმდეგება კანონის დანაწესს და უკანონოდ ლახავს გადამხდელის უფლებას. გადამხდელი აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარიგების ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გაფორმებულ გარიგებად ჩათვლის შემთხვევაშიც კი არასწორად არის გამოყენებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლი, ვინაიდან ურთიერთდამოკიდებულებას არ მოუხდენია გავლენა ქონების სარეალიზაციო ღირებულებაზე. გადამხდელის პოზიციით, შპს „-------“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება რეალიზებულია რეალური საბაზრო ღირებულებით, რაც დასტურდება იმით, რომ სასტუმროს ნომრებს არ აქვს ხედი, არის ნესტიანი, მდებარეობს მე-2, მე-3 და მე-4 სართულებზე და საბოლოოდ ქონების რეალიზაცია განხორციელდა COVID - 19 პანდემიის პერიოდში. გადამხდელი საჩივარს თან ურთავს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შედგენილ შეფასების ანგარიშს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ, რომლის მიხედვით დადგენილია ქონების საბაზრო ღირებულება რეალიზაციის პერიოდში. წარმოდგენილი დასკვნით ქონება შეფასებულია 2 033 300 ლარად და გადამხდელიც აღიარებს, რომ ქონების რეალიზაციის პერიოდში, ყველა ზემოთ აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით გასაყიდი ქონების საბაზრო ღირებულება ოდნავ მეტი იყო, თუმცა ვინაიდან ქონება იყიდებოდა მთლიანად, მყიდველი თანხას იხდიდა ერთიანად, საწარმოსაც ესაჭიროებოდა აღნიშნული თანხა, საწარმომ მოახდინა ქონების რეალიზაცია. სხვა შემთხვევაში შესაძლოა ვეღარ გაეყიდა, ვინაიდან ქონებას ჰქონდა გარკვეული ნაკლი (არ აქვს ხედები და არის ნესტიანი, რემონტი და ავეჯი სისტემურად განახლებას საჭიროებდა). აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივრის დანართად წარმოდგენილი ------- 2023 წლის 10 მაისის №------- უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიში და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმო მომსახურებას უწევს ფიზიკურ პირებს, რომელთაც მის სასტუმრო კომპლექსში შეიძინეს აპარტამენტები. ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურების ფასი განისაზღვრება მსგავსი ტიპის მომსახურებების საბაზრო ფასით. კომპანიის მიერ აღნიშნული თანხები შემოსავალში აღრიცხულია ნაწილობრივ. შემოწმების შედეგად მომსახურების ღირებულება სრულად ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში, რის შედეგადაც გაიზარდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელმა საქმის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ ამ ნაწილში ეთანხმება დარიცხვას და აღარ ასაჩივრებს აღნიშნულს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივრის დანართად წარმოდგენილი ------- 2023 წლის 10 მაისის №------- უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიში და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება
1.უძრავი ქონების რეალიზაციის ოპერაციის მხარეების, მყიდველისა და გამყიდველის ურთიერთდამოკიდებულ პირებად განხილვას.
2.ფიზიკური პირებისთვის გაწეული მომსახურების ღირებულების სრულად ჩართვას დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში და გამოვლენილი სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში ორგანიზაციამ ფართები სრულად მიყიდა ფიზიკურ პირს. აღნიშნული ფიზიკური პირის მინდობილი პირი არის ორგანიზაციის დირექტორი. შემოწმების მიერ გარიგების ფასი განისაზღვრა საბაზრო ფასით. ორგანიზაციას დაერიცხა კუთვნილი დღგ და გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა.
ორგანიზაცია იმ ფიზიკურ პირებს, რომელთაც მის სასტუმრო კომპლექსში შეიძინეს აპარტამენტები უწევს მომსახურებას. მომსახურება წარმოადგენს სასტუმროს საერთო სარგებლობის სივრცეების გამოყენებისთვის დაწესებულ ყოველთვიურ მოსაკრებელს. ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურების ფასი განისაზღვრება მსგავსი ტიპის მომსახურებების საბაზრო ფასით, რაც ჩართული იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში, რის შედეგადაც გაიზარდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველი სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19; 73(9); 981; 160; 1601; 101; 154; 275