გადაწყვეტილება №24651/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.02.2025
№ დოკუმენტი 24651/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24651/2/2025

20 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 26.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24651/2/2025).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.04.2024 წლის №22332/2/2024 გადაწყვეტილების (რეგ. 13.05.2024 წელი; №03/36591) აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №005-199 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 748 463.50 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 298 809

დღგ - 157 641

საშემოსავლო გადასახადი - 141 165

ქონების გადასახადი - 3

ჯარიმა - 271 549

საურავი - 178 105.50

 

ფაქტების აღწერა

კომპანიის საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე სამშენებლო მასალების შეძენა-რეალიზაცია. აგრეთვე, შესამოწმებელ პერიოდში მონაწილეობას იღებს სახელმწიფო ტენდერებში.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 მაისის №16316 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საწარმოს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 19 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ობიექტზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 30 ნოემბრის №36942 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 848 648 ლარი და აღურიცხველი საქონელი - 244 410 ლარი. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი დაჯარიმდა გამოვლენილი აღურიცხველი სმფ-ების საბაზრო ღირებულების 50%-ის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს უფიქსირდება სმფ-ების ნაშთი, რომელთან დაკავშირებითაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 30 ნოემბრის №36942 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც, გამოვლინდა სხვაობა ბუღალტრულ ნაშთსა და ფაქტობრივ ნაშთს შორის. შემოწმების მიერ განხორციელდა გამოვლენილი სხვაობის მიწოდებად განხილვა 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. აგრეთვე, მიღებული ფულადი შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 აგვისტოს №22572 ბრძანება და 31 აგვისტოს №005-129 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 627 381.52 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 28 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 20.03.2023 წლის №5368 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) ინვენტარიზაციის შედეგების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შემოწმების ფარგლებში, ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისისა და აღურიცხველი საქონლის თაობაზე საჩივარში აღნიშნული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, დაევალა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, გადაამოწმოს ერთი და იგივე საქონელი ხომ არ არის ჩართული როგორც აღურიცხავად, ისე დანაკლისად მიჩნეულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეესტრში და აღნიშნული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, ურთიერთგადაფარვის შედეგად უზრუნველყოს ინვენტარიზაციის შედეგების, ასევე, დაკისრებული სანქციის კორექტირება;

გ) წინა პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, უზრუნველყოს ნაშთების შესაბამისი კორექტირება და ბუღალტრულსა და ფაქტობრივ ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის დაზუსტება. ამასთან, დაევალა გამოვლენილი სხვაობა მიწოდებულად განიხილოს სრულ შესამოწმებელ პერიოდზე გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ხოლო, რეალიზებულ პროდუქციაზე გავრცელებული ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 30 ნოემბრის №36942 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფარგლებში დადგენილი მონაცემებით, 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე კი დოკუმენტური ფასნამატით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5368 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2023 წლის დასკვნა, 7.07.2023 წლის №16400 ბრძანება და №005-102 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 4 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 8.09.2023 წლის №21978 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 მარტის №5368 ბრძანების აღსრულების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 8.09.2023 წლის №21978 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2023 წლის დასკვნა, 21.12.2023 წლის №32278 ბრძანება და №005-215 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 18 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 7 თებერვლის №2251 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 21.02.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 26.04.2024 წლის №22332/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დავების განხილვის საბჭოს 26.04.2024 წლის №22332/2/2024 გადაწყვეტილების (რეგ. 13.05.2024 წელი; №03/36591) აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის დასკვნა, 27.12.2024 წლის №27503 ბრძანება და №005-199 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ იზიარებს დავის განმხილველი ორგანოს მსჯელობას სადავო საკითხებთან მიმართებაში და არ ეთანხმება დავის განხილვის შედეგებზე გამოცემულ სამართლებრივ აქტს.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ როგორც 2023 წლის 12 ივნისის დასკვნაშია აღნიშნული, ადგილი ჰქონდა გარკვეული კომუნიკაციის შეფერხებას საზოგადოების ბუღალტერს, კომპანიის წარმომადგენელ აუდიტორსა და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელ აუდიტორს შორის, რომლის შედეგადაც დაზარალდა უპირველეს ყოვლისა საწარმოს ინტერესები, რაც გამოიხატა იმაში, რომ საზოგადოების მიერ საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტაცია ვერ იქნა ადრესატამდე მისული, რამაც თავის მხრივ შეზღუდა აუდიტის დეპარტამენტი სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებისგან და მომზადებულ იქნა დასკვნა ნულოვანი გადაანგარიშებით.

მიმდინარე გადაანგარიშების მომზადების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებულ იქნა არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლის შედეგად გამოვლენილი სხვაობები აუდიტის დეპარტამენტისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შესრულებულ გაანგარიშებებში უნდა დაქვემდებარებოდა გადაანგარიშებას.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ საწარმოს მიმართ გაანგარიშება განახორციელა მხოლოდ ინვენტარიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით. შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს 1 392 310 ლარს, რომელიც მომჩივნის მიერ დეკლარირებულ ბრუნვასთან შეფარდებით შეადგენს 37%-ს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაზრდილი ბრუნვიდან გამომდინარე 29%-ს. შესამოწმებელი პერიოდი 2021 წლის 27 მაისის №16316 ბრძანების მიხედვით შეადგენს 1.01.2019-1.05.2021 საანგარიშო პერიოდს. კომპანიის მიმართ მიმდინარე კონტროლის ღონისძიება - ინვენტარიზაცია განხორციელებულია 2021 წლის 30 ნოემბრის №36942 ბრძანების საფუძველზე, რომელიც უპირველეს ყოვლისა ცდება საწარმოს მიმართ დანიშნული შემოწმების საანგარიშო პერიოდს.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი შესაძლებელია გავრცელებულ იქნეს მხოლოდ მთლიან შეძენილი საქონლის ღირებულებიდან დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულების გამოკლების შედეგად დადგენილ ღირებულებაზე.

აღსანიშნავია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა მომჩივნის მონაწილეობით საკითხის ხელახალი შესწავლა. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოკვლეულ იქნეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ეცნობოს გადაანგარიშებაზე უარის თქმის მიზეზი, ხარვეზების უშუალო მითითებით და მათი გავლენის მითითებით გადაანგარიშების უშუალო შედეგზე (პროცენტული ან დეტალურად). გაანგარიშებისას მხედველობაში იქნეს მიღებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშება, სათანადო საფუძვლების დადგენის შემთხვევაში, მოხდეს კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მათი მხრიდან განხორციელებული ქმედება მიზნად არ ისახავდა სამართალდარღვევის ჩადენის განზრახვას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოსთვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, გათავისუფლდეს სანქციისგან.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №005-199 საგადასახადო მოთხოვნა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს დაევალოს საწარმოს პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული სანქციის თანხის კორექტირების განხორციელება შემცირების გზით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დავების განხილვის საბჭოს 26.04.2024 წლის №22332/2/2024 გადაწყვეტილებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, შემმოწმებლის მიერ მოხდა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, მომჩივნის მიერ გაგზავნილი ცხრილების შესწავლა. ანალიზის შედეგად, აღნიშნული საკითხი გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

გადასახადის გადამხდელი ითხოვს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლას და საწარმოს პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირებას.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 13.02.2025 წლის №10372-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ, კიდევ ერთხელ, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შესწავლილი იქნა წარდგენილი ცხრილები, თუმცა დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკითხი არაერთხელ იქნა დამატებით შესწავლილი აუდიტის დეპარტამენტის მიერ, თუმცა დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

ამასთან, მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) დავების განხილვის საბჭოს 26.04.2024 წლის №22332/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.04.2024 წლის №22332/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საწარმოს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ობიექტზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი და აღურიცხველი საქონელი. გამოვლინდა სხვაობა ბუღალტრულ ნაშთსა და ფაქტობრივ ნაშთს შორის. შემოწმების მიერ განხორციელდა გამოვლენილი სხვაობის მიწოდებად განხილვა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. აგრეთვე, მიღებული ფულადი შემოსავალი, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ბრძანება არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154; 159; 269(7)