გადაწყვეტილება №21472/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18.04.2024
№ დოკუმენტი 21472/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21472/2/2023

18 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 4.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21472/2/2023).

 

დავის საგანი:

სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.08.2023 წლის №125-19 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28502 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 78 485.93 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 27 314

დღგ - 9 586

მოგების გადასახადი - 10 139

საშემოსავლო გადასახადი - 7 589

ჯარიმა - 11 310

საურავი - 39 861.93

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ნავთობპროდუქტების შეძენა და შემდგომი რეალიზაცია, ასევე უძრავი ქონების იჯარით გაცემა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.02.2008 წლიდან 24.13.2024 წლამდე პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 15.12.2024 წლის აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2014 წლის №52411 ბრძანება და ამავე თარიღის №025-34 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 12.01.2015 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.03.2015 წლის №8021 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 17.09.2015 წლის №9936/2/15 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული აქტები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.10.2017 წლის №3/8131-15 გადაწყვეტილებით შპს „------“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2014 წლის №025-34 საგადასახადო მოთხოვნა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 16.03.2015 წლის №8021 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.09.2015 წლის გადაწყვეტილება №9936/2/15 საჩივართან დაკავშირებით საწარმოს მიერ შეძენილი საწვავის ხარჯებიდან და დღგ-ის ჩათვლებიდან ამოღების ნაწილში და მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.06.2019 წლის №3ბ/834-18 განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები და უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.10.2017 წლის №3/8131-15 გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.11.2020 წლის №ბს-1314(2კ-19) განჩინებით შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.06.2019 წლის №3ბ/834-18 განჩინება.

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 4.08.2023 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხა სულ შემცირდა 17 384 ლარით, მათ შორის გადასახადი 10 915 ლარით და ჯარიმა 6 469 ლარით.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.08.2023 წლის №19792 ბრძანება და ამავე თარიღის №125-19 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 1.09.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.11.2023 წლის №28502 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, მოხდა ერთობლივი შემოსავლიდან გახარჯული საწვავის გამოქვითვის გათვალისწინება 2008, 2009 და 2010 წლებში, ვინაიდან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №230 საწვავების გახარჯვასთან დაკავშირებით ამოქმედდა 2011 წლიდან. ამასთან, გადაანგარიშებით სრულად დაექვემდებარა შემცირებას 2008, 2009 და 2010 წლებში შემოწმებით ჩასათვლელი დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხები. ხოლო, 2011 წლიდან შემდგომ შესამოწმებელ პერიოდებზე აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილების მიხედვით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით, შემცირებას დაექვემდებარა ჯარიმა 1 868 ლარით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა აღსრულება და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.10.2017 წლის №3/8131-15 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტმა ნაწილობრივ შეამცირა საწარმოს მიერ შეძენილი საწვავის ხარჯებიდან და დღგ-ის ჩათვლებიდან ამოღების ნაწილში დარიცხული თანხები ანუ ფაქტობრივად აღიარა, რომ საწარმოს სადავო საწვავი გამოყენებული ჰქონდა ეკონომიკურ საქმიანობისთვის, როგორც 2011 წლამდე, ასევე 2011 წლის შემდგომ პერიოდზე, თუმცა ფორმალური თვალსაზრისით 2011 წლის შემდგომ პერიოდზე არ მოახდინეს თანხების გაანგარიშება/შემცირება, თუმცა სავსებით შეეძლო გამოეყენებინათ, მაგალითად ხარჯების გამოქვითვის 75% მენუალი.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა. თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯარიმის და საურავის ნაწილში ითხოვს გამოყენებულ იქნას კანონის ახალი ნორმა, რომელითაც შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა. მაგალითად, საურავის დარიცხვის 3 წლიანი ხანდაზმულობა, ხოლო სადავო შემთხვევაში გადასახადის თანხა არის 27 314 ლარი, ხოლო საურავი 39 861.93 ლარი, რაც საურავის 3 წლიანი დარიცხვის პირობებში არის შეუძლებელი. ასევე, საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს მოეხსნას დარიცხული სანქციები, ვინაიდან თუ ჩაითვლება, რომ ადგილი აქვს სამართალდარღვევას, აღნიშნული სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.10.2017 წლის №3/8131-15 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №230 ბრძანებით, მართალია, დამტკიცებულია ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებაზე (ავტოტრანსპორტი, სპეცტექნიკა და სხვა) გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის წესი, თუმცაღა საგულისხმოა სადავო შემთხვევაში განხორციელებული დარიცხვის პერიოდები. კერძოდ, საგადასახადო ორგანოთა მიერ მოცემული ბრძანების მოთხოვნების მისადაგება მოხდა 2008, 2009 და 2010 წლებზეც, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს და დაუშვებელია, დარიცხვა განხორციელდეს და გადამხდელს პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ ნორმატიული აქტის საფუძველზე, რომელიც სადავო პერიოდში არ მოქმედებდა, მით უფრო, როდესაც აღნიშნულს მეწარმისათვის ხელსაყრელი შედეგები არ აქვს. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ განხორციელებული დარიცხვის ნაწილში აუცილებელია, რომ ერთმანეთისგან გაიმიჯნოს 2011 წლამდე და 2011 წლის შემდგომ არსებული საანგარიშო პერიოდები, რამეთუ 2011 წლამდე მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა საწვავის კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოყენების არსებობის დადასტურება. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია, მხარეს მოეთხოვოს იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლის წარდგენის ვალდებულება კანონმდებლობით არ ეკისრება. ამდენად, არ იყო რა მკაცრად განსაზღვრული მტკიცებულებათა ჩამონათვალი, გადასახადის გადამხდელს შეეძლო, წარედგინა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლითაც აღნიშნულ გარემოებათა მტკიცება იქნებოდა შესაძლებელი, ხოლო საგადასახადო ორგანოს წარდგენილ მტკიცებულებათა სრულად და ყოველმხრივ ანალიზის შედეგად უნდა მიეღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, გადამხდელს უნდა ემოქმედა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი დანაწესების მიხედვით, მოქმედებდა ზოგადი მტკიცების ტვირთი და საგადასახადო ორგანოს ცალკეულ დოკუმენტთა ერთობლივად გამოკვლევის შედეგად უნდა განესაზღვრა გადამხდელის მოქმედების მართლზომიერების საკითხი.

მოცემულ სადავო საკითხის ნაწილში სასამართლო დამატებით ყურადღებას მიაქცევს საწარმოს საქმიანობის სახეს - ნავთობპროდუქტების შეძენა და შემდგომი რეალიზაცია, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასათვალისწინებელია მოსარჩელის საქმიანობის სახე, რომლის სრულყოფილად განხორციელებასთან ცალსახად არის დაკავშირებული შესაბამისი ხარჯის, მათ შორის ტრანსპორტის გამოყენებისა და საწვავის შეძენის, გაწევის აუცილებლობა. ამდენად, მნიშვნელოვანია რატომ იწვევს მოპასუხეებისთვის გაღებული საწვავის ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასა და დასაბეგრ ოპერაციებთან კავშირში გამოყენება ეჭვს. სასამართლოს მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს ასევე, არ წარმოშობს სადავო დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტი, რომ „საზოგადოების ბალანსზე რიცხული ავტომანქანით მოძრაობის წესების დარღვევისთვის რიგ შემთხვევებში დაჯარიმებულია სხვა პირი“, რამეთუ ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ შესწავლილი და გამოკვლეული არ არის დაჯარიმებულ პირთა საწარმოსთან არსებული ურთიერთობის სახე, ასევე, აღნიშნული არ არის მსგავს შემთხვევათა რაოდენობა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ეჭვი პირის მიერ კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე არ შეიძლება გახდეს მისთვის საგადასახადო ტვირთის დამძიმების საფუძველი. ეჭვი უნდა იყოს გონივრული და შესაბამისი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლებით გამყარებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არის დასაბუთებული საწარმოს საქმიანობის სახის გათვალისწინებით რატომ წარმოიშვა ეჭვი გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირის თაობაზე და აღნიშნული ეჭვი არ არის შესაბამისის მტკიცებულებებითა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით გამყარებული, ამასთან, საგადასახადო ორგანოთა მიერ მოცემული სადავო საკითხის ნაწილში 2011 წლამდე პერიოდზე გავრცელდა 2011 წელს მიღებული ნორმატიული აქტი, რაც წინააღმდეგობაში მოდის კანონიერების პრინციპთან. სადავო საკითხი საჭიროებს საქმის გარემოებების გამოკვლევასა და შეფასებას აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან.

სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2014 წლის №025-34 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 16.03.2015 წლის №8021 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.09.2015 წლის გადაწყვეტილება №9936/2/15 საჩივართან დაკავშირებით საწარმოს მიერ შეძენილი საწვავის ხარჯებიდან და დღგ-ის ჩათვლებიდან ამოღების ნაწილში და მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს“.

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

„სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №230 ბრძანება საწვავების გახარჯვასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა 2011 წელს და ამოქმედდა 2011 წლიდან, არარელევანტური იქნება მისი გავრცელება წინა პერიოდებში. შესაბამისად, განხორციელდა ერთობლივი შემოსავლიდან გახარჯული საწვავის გამოქვითვის გათვალისწინება 2008, 2009 და 2010 წლებში.

აღნიშნული საკითხმა გავლენა მოახდინა ჩასათვლელი დღგ-ის ნაწილში, კერძოდ, 2008, 2009 და 2010 წლებში შემოწმების შედეგად ჩასათვლელი დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხები გადაანგარიშებით სრულად დაექვემდებარა შემცირებას.

რაც შეეხება ზემოაღნიშნული საკითხის დარიცხვას 2011 წლიდან შემდგომ შესამოწმებელ პერიოდებზე აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №230 ბრძანებით, დამტკიცებულია ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებაზე (ავტოტრანსპორტი, სპეცტექნიკა და სხვა) გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის წესი და ამ წესის თანახმად წარმოებული დოკუმენტაცია მტკიცებულების სახით გადამხდელს არ წარუდგენია არც შემოწმების დროს და არც შემდგომ გასაჩივრების პერიოდში. 2011 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2011 წლიდან შემდგომ შესამოწმებელ პერიოდზე დღგ-ის ნაწილში დარიცხვა დარჩა უცვლელი.

ასევე, გამოყენებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილები, ვინაიდან სასამართლოს დავალებული აქვს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა, შესაბამისად, სანქციის გადაანგარიშების დროს გათვალისწინებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის ნორმა, რომელმაც გავლენა მოახდინა დღგ-ის ნაწილში დარიცხული ჯარიმაზე, რის შედეგადაც 2011-2013 წლებში დამატებით შემცირდა დღგ-ს ნაწილში დარიცხული ჯარიმა 1 868 ლარით.

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან, საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადის (27 314 ლარი) და საურავის (39 861.93 ლარი) ოდენობაზე და მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის მიხედვით საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, საურავის დარიცხვის შესაბამისობა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილთან. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28502 ბრძანება;

3. საჩივარი, საურავის დარიცხვის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილთან შესაბამისობის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ნავთობპროდუქტების შეძენა და შემდგომი რეალიზაცია, ასევე უძრავი ქონების იჯარით გაცემა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.02.2008 წლიდან 24.13.2024 წლამდე პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 15.12.2024 წლის აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2014 წლის №52411 ბრძანება და ამავე თარიღის №025-34 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 12.01.2015 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.03.2015 წლის №8021 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 18 აპრილი 2024 N 03/31261 2 17.09.2015 წლის №9936/2/15 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული აქტები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.10.2017 წლის №3/8131-15 გადაწყვეტილებით მომჩივნის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2014 წლის №025-34 საგადასახადო მოთხოვნა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 16.03.2015 წლის №8021 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.09.2015 წლის გადაწყვეტილება №9936/2/15 საჩივართან დაკავშირებით საწარმოს მიერ შეძენილი საწვავის ხარჯებიდან და დღგ-ის ჩათვლებიდან ამოღების ნაწილში და მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.06.2019 წლის №3ბ/834-18 განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები და უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.10.2017 წლის №3/8131-15 გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.11.2020 წლის №ბს-1314(2კ-19) განჩინებით შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.06.2019 წლის №3ბ/834-18 განჩინება. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 4.08.2023 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხა სულ შემცირდა 17 384 ლარით, მათ შორის გადასახადი 10 915 ლარით და ჯარიმა 6 469 ლარით. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.08.2023 წლის №19792 ბრძანება და ამავე თარიღის №125-19 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 1.09.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.11.2023 წლის №28502 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, საურავის დარიცხვის შესაბამისობა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილთან. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269 (21)