გადაწყვეტილება №20547/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.11.2023
№ დოკუმენტი 20547/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20547/2/2023

20 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 11.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20547/2/2023).

 

დავის საგანი:

1. -------ს მიმართ არსებული მოთხოვნის მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. დირექტორის მიმართ არსებული მოთხოვნის მიღებულად და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №006-660 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17281 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 144 465 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 89 094

ჯარიმა - 44 547

საურავი - 10 824

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მაღალსართულიანი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ივლისის №17446 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №33242 ბრძანება და №006-660 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 144 465 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 26 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 17 ივლისის №17281 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ------ს მიმართ არსებული მოთხოვნის მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს საბუღალტრო პროგრამა ორისში. შემოწმების პროცესში, შემმოწმებლებმა შეისწავლეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა და მერიის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ გვერდზე არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის საწარმოს უფიქსირდებოდა მოთხოვნა 257 315 ლარის ოდენობით, ფიზიკურ პირ - -----ს მიმართ, რომელიც 2014 წელს იყო კომპანიის დირექტორი. შესამოწმებელ პერიოდში -----ს დაფარული ჰქონდა 49 700 ლარი, ხოლო გადასახდელი რჩებოდა 207 615 ლარი.

შემოწმების პროცესში მოხდა ------თან დაკავშირება, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნული თანხა სრულად ჰქონდა გადახდილი საწარმოსთვის. ასევე, შემოწმებით დადგინდა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს კომპანიას დირექტორ - -----ზე გადაფორმებული ჰქონდა ბინა, რომლის მიხედვითაც საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა 148 765 ლარის მოთხოვნა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №14371 ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობა და დადგინდა, რომ ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. შემოწმებით, საწარმოს მიმართ ------სა და -----ზე არსებული მოთხოვნები ჩაითვალა მიღებულად და დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლებს სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე.

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის საწარმოს უფიქსირდებოდა მოთხოვნა 257 315 ლარის ოდენობით ფიზიკურ პირ - -----ს მიმართ, რომელიც 2014 წელს იყო კომპანიის დირექტორი. შესამოწმებელ პერიოდში ------ს დაფარული ჰქონდა 49 700 ლარი, ხოლო გადასახდელი რჩებოდა 207 615 ლარი. შემოწმების პროცესში მოხდა ------თან დაკავშირება, რომლის ახსნა-განმარტების თანახმად გაირკვა, რომ აღნიშნული თანხა სრულად ჰქონდა გადახდილი საწარმოსთვის.

ამასთან, მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ ------ს მიმართ არსებული მოთხოვნის მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამდენად, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ფაქტობრივი გარემოებაა, რომ -----ს, რომელიც 2014 წელს იყო საწარმოს დირექტორი, 257 314 ლარიდან დაფარული აქვს მხოლოდ 49 700 ლარი და დარჩენილი 207 614 ლარი კომპანიისთვის არ გადაუხდია. არსებობს ------ს მიერ 49 700 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ------ს საქართველოს ბანკის მეშვეობით, ორ ტრანშად -29 225 ლარი და 20 475 ლარი გადახდილი აქვს 49 700 ლარი, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად. დარჩენილი 207 614 ლარის გადახდის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი არ არსებობს, რადგან თანხა გადახდილი არ არის. შესაბამისად, გადაუხდელი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა ეწინააღმდეგება ფაქტობრივ გარემოებას. შემოწმების აქტიდან და საწარმოს საბუღალტრო პროგრამიდან ნათელია, რომ კომპანიას დეკლარირებული აქვს მთელი ბრუნვა სრულად და ეს ბრუნვა არის სრულიად გამჭვირვალე - შემოსულობები აღირიცხება მხოლოდ და მხოლოდ საბანკო გადარიცხვებით. კერძოდ, 2019 წელს დეკლარირებულია 1 307 879 ლარის დღგ-ის ბრუნვა; 2020 წელს დეკლარირებულია 641 509 ლარის დღგის ბრუნვა; 2021 წელს დეკლარირებულია 341 956 ლარის დღგ-ის ბრუნვა. განსხვავება დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ ბრუნვას შორის არ გამოვლენილა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ------, რომელიც 2014 წელს იყო საწარმოს დირექტორი, დაფარავდა დარჩენილ ვალდებულებას საზოგადოების წინაშე, ეს ტრანზაქცია (თანხა) სრულად იქნებოდა აღრიცხული ბუღალტრულად და გამოჩნდებოდა საბანკო ამონაწერით. თვითონ ------ს კომპანიის წინაშე არსებული ვალდებულებიდან (257 314 ლარი) დაფარული 49 700 ლარი გადარიცხული აქვს ბანკით. ------ს მომჩივანმა არაერთხელ მოსთხოვა დარჩენილი თანხის გადახდა ზეპირსიტყვიერად, თუმცა უშედეგოდ. ამჟამად, გადასახადის გადამხდელმა გაუგზავნა წერილი, დარჩენილი 207 614 ლარის გადახდის მოთხოვნით.

 

2. დირექტორის მიმართ არსებული მოთხოვნის მიღებულად და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოწმებით დადგინდა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს კომპანიას დირექტორ - -----ზე გადაფორმებული ჰქონდა ბინა, რომლის მიხედვითაც კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა 148 765 ლარის მოთხოვნა. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ საწარმოს ბუღალტერმა შემოწმების მიმდინარეობისას წარადგინა საბუღალტრო პროგრამა ორისის რამდენიმე ვარიანტი. საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის თარიღისთვის, გადამხდელის მიერ გადაგზავნილი საბუღალტრო პროგრამა ორისის მიხედვით, კომპანიას ვალდებულება არ უფიქსირდებოდა.

ამასთან, მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ -------ს მიმართ არსებული მოთხოვნის მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამდენად, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეიცვალოს მისი კვალიფიკაცია, მაგრამ ეს ცვლილება არ უნდა ატარებდეს ცალმხრივ ხასიათს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ კანონმდებლობას. ანუ ოპერაციის კვალიფიკაცია არ უნდა შეიცვალოს ისე, რომ არ იქნას გათვალისწინებული საქმისათვის არსებითი ხასიათის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, რომელიც სრულყოფილადაა გადაგზავნილი აუდიტის დეპარტამენტისთვის, ფიქსირდება, რომ საწარმოს ------ს (პ/ნ -----) მიმართ, რომელიც არის კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი, ერიცხება ვალდებულება 227 848 ლარის ოდენობით. საწარმოს ვალდებულების ოდენობა -----ს მიმართ არის სრულიად გამჭვირვალე და ეფუძნება კომპანიის საბანკო ამონაწერებს და ბუღალტრულ პროგრამას. შესაბამისად, საწარმოს მიერ 2018 წლის 6 აგვისტოს დირექტორ - ------ზე გადაფორმებული ბინის ღირებულებით - 148 764 ლარით უნდა შემცირდეს საზოგადოების მოთხოვნა ------ს მიმართ და არ იქნას 148 764 ლარი განხილული როგორც ხელფასი. ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, რომელიც გადაგზავნილია აუდიტის დეპარტამენტისთვის, იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას საწარმოს ვალდებულების თაობაზე -----ს მიმართ. შესაბამისად, კომპანიის 227 848 ლარის ოდენობის ვალდებულება ------ს მიმართ შემცირდება 148 764 ლარით და შეადგენს 79 083 ლარს. ანუ ამ ფაქტორის (გადაფორმებული ბინის ღირებულება) გათვალისწინებითაც კი საწარმოს აქვს შესასრულებელი ----ს მიმართ 79 083 ლარის ვალდებულება. სრულიად უსაფუძვლოდ მიაჩნია იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოებას შესასრულებელი ვალდებულება ბევრად აღემატება მოთხოვნის მოცულობას, განხილულ იქნას მოთხოვნა ხელფასად. ------ს მიმართ კომპანიის 227 848 ლარის ოდენობის ვალდებულების არსებობის გადამოწმება დავების დეპარტამენტს შეუძლია გადასახადის გადამხდელის ჩაურევლად - აუდიტის დეპარტამენტს აქვს საზოგადოების საბუღალტრო პროგრამა - სწორედ ამ პროგრამის მონაცემებზე დაყრდნობით განსაზღვრა აუდიტის დეპარტამენტმა ------ს ვალდებულების მოცულობა საწარმოს მიმართ - 148 764 ლარი. აუდიტის დეპარტამენტმა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ურთიერთვალდებულებების გაქვითვა საწარმოსა და ------ს შორის. ურთიერთვალდებულებების გაქვითვის შედეგად კომპანიას დარჩება 79 083 ლარის ოდენობის შეუსრულებელი ვალდებულება ------ს მიმართ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების აქტის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის კომპანიას უფიქსირდებოდა მოთხოვნა (257 315 ლარი) -----ს მიმართ, რომელიც 2014 წელს იყო საწარმოს დირექტორი. შესამოწმებელ პერიოდში -----ს დაფარული ჰქონდა 49 700 ლარი, ხოლო გადასახდელი რჩებოდა 207 615 ლარი. შემოწმების მიმდინარეობისას მოხდა -----თან დაკავშირება, რომლის ახსნა-განმარტების მიხედვით გაირკვა, რომ აღნიშნული თანხა სრულად ჰქონდა გადახდილი კომპანიისთვის. შესაბამისად, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ -----ს მიმართ არსებული მოთხოვნა ჩაითვალა მიღებულად და განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

აგრეთვე, 2018 წლის 6 აგვისტოს კომპანიას დირექტორ - -----ზე გადაფორმებული ჰქონდა ბინა და საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა 148 765 ლარის მოთხოვნა. ამასთან, კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. შემოწმებით, ------ზე არსებული მოთხოვნა ჩაითვალა მიღებულად და დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა, თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17281 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ფ/პ-ის მიმართ არსებული მოთხოვნის მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. დირექტორის მიმართ არსებული მოთხოვნის მიღებულად და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის საწარმოს უფიქსირდებოდა მოთხოვნა 257 315 ლარის ოდენობით, ფიზიკურ პირის მიმართ, რომელიც 2014 წელს იყო კომპანიის დირექტორი. შესამოწმებელ პერიოდში ფ/პ-ს დაფარული ჰქონდა 49 700 ლარი, ხოლო გადასახდელი რჩებოდა 207 615 ლარი. შემოწმების პროცესში მოხდა ფ/პ-თან დაკავშირება, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნული თანხა სრულად ჰქონდა გადახდილი საწარმოსთვის.

ასევე, შემოწმებით დადგინდა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს კომპანიას დირექტორზე გადაფორმებული ჰქონდა ბინა, რომლის მიხედვითაც საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა 148 765 ლარის მოთხოვნა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №14371 ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობა და დადგინდა, რომ ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. შემოწმებით, საწარმოს მიმართ ფ/პ-სა და დირექტორზე არსებული მოთხოვნები ჩაითვალა მიღებულად და დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა").