ბრძანება N 25104-2
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 25104
24/08/2020
შპს ----------------------------
(მის: ------------------------- )
სადავო საკითხთან დაკავშირებით
საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- ს 2019 წლის 31 დეკემბრის №48348/1/2019 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 26 დეკემბრის № 094-257 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 06 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №56).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
აცხადებს, რომ 2016 წელს ფიზიკური პირისგან შეიძინა უძრავი ქონება. შემოწმებით კი გადახდილი თანხა ჩაითვალა უპროცენტოდ გაცემულ სესხად, რომელიც დაბეგრილია მოგების და საშემოსავლო გადასახადებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 24 სექტემბრის №33066 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგებზე 2019 წლის 24 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველი აგვისტოს ჩათვლით. გამოიცა 2019 წლის 26 დეკემბრის №46394 ბრძანება და ამავე თარიღის №094-257 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 3 043 897 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 547 075 ლარი, ჯარიმა 1 010 791 ლარი და საურავი 486 031 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან მიმართებაში დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სალაროს ნაშთი (0 ლარიდან 2 623 000 ლარამდე), მომწოდებლის კრედიტორული დავალიანების დასაფარად აღებული აქვს სესხები. იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლით ვერ ხდება სალაროში არსებული ფულადი სახსრების არსებობის დადასტურება, სალაროში რიცხული თანხა, ჩაითვალა სესხის გაცემად და შესაბამის საანგარიშო პერიოდში დაიბეგრება მოგების გადასახადით. ამასთან, სალაროში ნაღდი ფულის შეტანა, რომლის შესახებაც, დოკუმენტურად დასტურდება (კრედიტორული დავალიანება იქნა დაფარული, თანხა ბანკში იქნა შეტანილი და სხვა), რომ წარმოადგენს აღებული სესხის დაბრუნებას, წარმოშობს გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის უფლებას.
2016 წლის 03 ოქტომბრის შპს ----- სსა და ფ.პ ----- (დამფუძნებელი - 33.3%) შორის გაფორმებული უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად შპს ----- ფიზიკური პირისგან ყიდულობს 8 144 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 6 644 კვ.მ. ხოლო დარჩენილი ფართობი 1500 კვ.მ. როგორც მიწის ნაკვეთი ასევე მასზე განთავსებული შენობა ნაგებობები რჩება გამყიდველს საკუთრებაში. ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენს 1 500 000 ლარს რომლის გადახდაც ხელშეკრულების თანახმად უნდა მოხდეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე.
2019 წლის საანგარიშო პერიოდში საწარმომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ფ.პ. ---- ს გადაუხადა 1 100 000 ლარი ნაღდი ანგარიშსწორებით, რომლითაც შემცირებულია სალაროში რიცხული ნაღდი ფულადი სახსრების ნაშთი. შემოწმებით, გაცემული ავანსის თანხა დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 პრიმა ნაწილის თანახმად, გაცემული ავანსის თანხა დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ დაქირავებულ ფიზიკურ პირზე სესხად განხილულ თანხებზე, საპროცენტო სარგებელი გაანგარიშებული იქნა 20%-იანი განაკვეითით და საპროცენტო სარგებელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლებით დაბეგრილი იქნა გადახდის წყაროსთან.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ლომბარდის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს: სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ხელფასის სახით მიღებული შემოსავალია "დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის N34-ე ბრძანების თანახმად: "საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცდეს 20 პროცენტის ოდენობით.
დამფუძნებლისგან შეძენილი უძრავი ქონების უპროცენტო სესხად განხილვის საკითხთან მიმართებაში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შეძენილი ქონება გამოიყენებოდა მძიმე სატრანსპორტო საშუალებების სადგომად, შესაბამისად საწარმოს ინტერესებს ხმარდებოდა. ამდენად, გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მოსაზრებას, რომ დამფუძნებლისთვის გადახდილი თანხები უპროცენტო სესხს წარმოადგენდა.
შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სალაროს ნაშთი (0 ლარიდან 2 623 000 ლარამდე), ხოლო მომწოდებლის კრედიტორული დავალიანების დასაფარად აღებული აქვს სესხები. ამასთან, 2016 წლის 03 ოქტომბრის შპს ----- სსა და ფ.პ ----- ს (დამფუძნებელი - 33.3%) შორის გაფორმებულია უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება მიწის ნაკვეთის შეძენასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც მიწის ნაკვეთი ასევე მასზე განთავსებული შენობა ნაგებობები რჩება გამყიდველს საკუთრებაში, ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენს 1 500 000 ლარს, რომლის გადახდაც ხელშეკრულების თანახმად უნდა მოხდეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე. 2019 წლის საანგარიშო პერიოდში საწარმომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ფ.პ. ----- ს გადაუხადა 1 100 000 ლარი ნაღდი ანგარიშსწორებით, რომლითაც შემცირებულია სალაროში რიცხული ნაღდი ფულადი სახსრების ნაშთი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სალაროში რიცხული თანხის, ასევე გაცემული ავანსის თანხის, ოპერაციის ფორმის და შინაარსის გათვალისწინებით კვალიფიკაციის შეცვლის შედეგად, სესხად განხილვა და სესხად განხილულ თანხებზე საპროცენტო სარგებლის გაანგარიშება მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება 2016 წელს ფიზიკური პირისგან შეძენილ უძრავ ქონებაზე. გადახდილი თანხის ჩაითვალას უპროცენტოდ გაცემულ სესხად და მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოსა და დამფუძნებელ ფ.პ-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად შპს ფიზიკური პირისგან ყიდულობს მიწის ნაკვეთს. ნასყიდობის საგნის ფასის (1500000 ლარი) გადახდა უნდა მოხდეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე.
2019 წელს საწარმომ ფ.პ-ს გადაუხადა 1100000 ლარი ნაღდი ანგარიშსწორებით, რომლითაც შემცირებულია სალაროში რიცხული ნაღდი ფულადი სახსრების ნაშთი. შემოწმებით, გაცემული ავანსის თანხა დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და სსკ-ს 982 მუხლის თანახმად დაიბეგრა მოგების გადასახადით. შემოწმებით, ფიზიკურ პირზე სესხად განხილულ თანხებზე, საპროცენტო სარგებელი გაანგარიშებული იქნა 20%-იანი განაკვეითით და სსკ-ს 101-ე და 154-ე მუხლებით დაბეგრილი იქნა გადახდის წყაროსთან.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სალაროში რიცხული თანხის, ასევე გაცემული ავანსის კვალიფიკაციის შეცვლის შედეგად, სესხად განხილვა და საპროცენტო სარგებლის გაანგარიშება მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9,,ბ“); 982(3,,ზ“); 101(2); 154(1)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34-ე ბრძანება