გადაწყვეტილება №21783/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21783/2/2024
25 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 3.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21783/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13966 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2023 წლის №006-507 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29545 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 472 616,67 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 242 961
დღგ - 95 481
საშემოსავლო გადასახადი - 147 480
ჯარიმა - 127 613
საურავი - 102 042,67
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №006-608 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13966 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად.
დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, საწარმოს შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია სრულყოფილად, ამასთან, გადამხდელის განმარტებით, არ ხორციელდებოდა საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება, საბანკო ამონაწერების შესწავლისას კი ირკვევა, რომ უმეტეს შემთხვევაში, რეალიზებული ბინების ღირებულების საბანკო ანგარიშებზე ასახვა ხორციელდებოდა საწარმოს დამფუძნებლის/დირექტორის მიერ თანხის შეტანით. ასევე, იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სრულყოფილი ინფორმაცია ფულადი სახსრების მოძრაობის მიზნობრიობის შესახებ, არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ნაშთების (მათ შორის, მოთხოვნებისა და ვალდებულებების) შესახებ, მხოლოდ ის გარემოება, რომ ბანკში შემოსულ თანხის დანიშნულებაში მითითებულია „დამფუძნებლის შენატანი“, არ იძლევა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირების (შემცირების) საფუძველს.
აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 11.10.2023 წლის
№006-507 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29545 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილ იქნა სადავო საკითხი. საწარმოს შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია სრულყოფილად, მათ შორის, ინფორმაცია ფულადი სახსრების მოძრაობის მიზნობრიობის და ნაშთების (მათ შორის, მოთხოვნებისა და ვალდებულებების) შესახებ. ამასთან, საწარმოს მიერ არ ხორციელდებოდა საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება, საბანკო ამონაწერების შესწავლისას კი ირკვევა, რომ უმეტეს შემთხვევაში, რეალიზებული ბინების ღირებულების საბანკო ანგარიშებზე ასახვა ხორციელდებოდა საწარმოს დამფუძნებლის/დირექტორის მიერ თანხის შეტანით, შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ ბანკში შემოსულ თანხის დანიშნულებაში მითითებულია „დამფუძნებლის შენატანი“, არ იძლევა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირების (შემცირების) საფუძველს.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში არ ჩანს რაში არ დაგვეთანხმნენ: საბაზრო ფასად თავად საზედნადებო ფასების ჩათვლაში (დავის განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სადავო თანხაზე მიუთითა, რომ ეს იყო ჩვენი მხრიდან გაწეული მომსახურებისათვის დამატებული %), თუ მიწოდებულად ჩათვლილი საქონლის მოცულობის გაანგარიშებაში.
მოცულობის გაანგარიშებასთან დაკავშირებით შემმოწმებელ ჯგუფს არც პირველ ეტაპზე და არც ამჯერად მოუწოდებია მიწოდებად აღიარებული კონკრეტული საქონლის ან/და სასაქონლო ზედნადებების ჩამონათვალი. პირველ საჩივარზე თანდართული იყო ცხრილი (რომელიც ახლაც დართულია) აღნიშნულთან დაკავშირებით. სამწუხაროდ არც ჩვენ ცხრილზეა გაკეთებული შეფასება (თუ არასწორია, რომელ პოზიციაშია შეცდომა ან/და რა აკლია).
რაც შეეხება საბაზრო ფასს, ყველა სასაქონლო ზედნადები მიღებულია დამოუკიდებელი მომწოდებლების მიერ და საქონლის მიწოდება მომხდარია უშუალოდ საგურამოში (სწორედ ეს ფაქტი გახდა დარიცხვის საფუძველი). შესაბამისად დამატებით მატერიალური ან/და ფინანსური ხარჯი გაწეული არ ყოფილა. ამდენად საზედნადებო ფასი წარმოადგენს საბაზრო ფასს.
მყიდველის მიერ მიცემული თანხის დირექტორის მიერ საბანკო ანგარიშზე შეტანა გამოწვეული იყო კლიენტების მხრიდან საბანკო ოპერაციების განხორციელებისგან თავის შეკავებით (დროის უქონლობისა და ბანკში რიგში დგომის მოტივით). ამასთან, საბანკო ქვითრებით ეძლეოდათ (მოითხოვდნენ) მყიდველებს გადახდის დასადასტურებლად და მათი დამახინჯება შეუძლებელია. ამასთან, ეს თანხები რეალიზაციის ფასის სახით აღნიშნულია შესყიდვის დოკუმენტებშიც, რაც გადამოწმებულია აუდიტის პროცესში.
კრედიტორული დავალიანების ზრდა ფულის შემოდინებას არ იწვევს, შემცირება კი იწვევს გადინებას, ანუ ხარჯს. შესაბამისად, ეს არგუმენტად ვერ გამოდგება.
დებიტორული დავალიანების ზრდა-შემცირება შესაძლებელია მხოლოდ ბინების რეალიზაციის პროცესში (სხვა საქმიანობა საწარმოს არ განუხორციელებია). ეს პროცესი კი საგადასახადო სამსახურების მიერ შემოწმებულია 2015-2022 წწ პერიოდზე. შესაბამისად, დამატებითი ნაშთების არსებობა გამოიწვევდა დამატებით საგადასახადო დარიცხვებს.
შესაბამისად, არ იკვეთება დამატებითი წყარო, რომლითაც შეიძლება შემოსულიყო თანხა.
როგორც აქტზე თანდართული ცხრილებით ირკვევა, შემოწმების მთლიან პერიოდზე რეალიზებულად მიჩნეული იქნა 2 116 292 ლარის საქონელი (დასაბეგრი ბრუნვა 1 793 468 ლარი და მასზე დარიცხული დღგ 322 824 ლარი), საიდანაც 589 836 ლარი ზემოაღნიშნული მასალის მიწოდებად ჩათვლილი ღირებულებაა. შესაბამისად, ბინების რეალიზაციის თანხა შეადგენს 1 526 456 ლარს.
ამავე პერიოდში დეკლარირებულია 1 490 243 (1 262 918 + 227 325) ლარის შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით. შესაბამისად, ბინების რეალიზაციით დამატებით დარიცხულია მხოლოდ 36 213 ლარის შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით. დამფუძნებლის სახელით კი შემოტანილია 887 595 ლარი.
აღნიშნული აქტი, ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, თუმცა შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29545 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არგუმენტად მითითებულია საწარმოს მიერ ბუღალტერიის არასრულად წარმოება. უარი არასწორი და დაუსაბუთებელია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13966 ბრძანებით საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს
წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი სრულყოფილი ინფორმაცია ფულადი სახსრების მოძრაობის მიზნობრიობის შესახებ, არ არის წარდგენილი ინფორმაცია ნაშთების (მათ შორის, მოთხოვნებისა და ვალდებულებების) შესახებ, მხოლოდ ის გარემოება, რომ ბანკში შესული თანხის დანიშნულებაში მითითებულია „დამფუძნებლის შენატანი“, არ იძლევა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირების (შემცირების) საფუძველს.
ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ არ იქნა წარდგენილი დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13966 ბრძანების შესაბამისად და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13966 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი სრულყოფილი ინფორმაცია ფულადი სახსრების მოძრაობის მიზნობრიობის შესახებ, არ არის წარდგენილი ინფორმაცია ნაშთების (მათ შორის, მოთხოვნებისა და ვალდებულებების) შესახებ, მხოლოდ ის გარემოება, რომ ბანკში შესული თანხის დანიშნულებაში მითითებულია „დამფუძნებლის შენატანი“, არ იძლევა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირების (შემცირების) საფუძველს.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(9);101(1);154(1)