ბრძანება N 16785
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16785
23 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---------ის (ს/ნ ---------------)
(ფაქტ. მის.: ---------------------;
იურ. მის.: -----------------------)
2026 წლის 3 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 ივლისის სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა ი/მ ---------ის (ს/ნ ---------------) 2026 წლის 3 ივლისის №103248/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 ივნისის №081-96 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მომჩივანი განმარტავს, რომ ახორციელებს ვაჭრობას ხილითა და ბოსტნეულით და შემმოწმებლისთვის წარმოდგენილიც ჰქონდა ადგილობრივ ბაზარზე საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია - შესყიდვის აქტები, რომელიც არ გაითვალისწინა აუდიტორმა. დამატებით, გადასახადის გადამხდელი ადასტურებს, რომ მეწარმის პირად ანგარიშზე ირიცხებოდა თანხები, სადაც დანიშნულებაში მითითებული იყო „ბოტასი“, „ჯინსი“, „ბუცი“ და ა.შ., აღნიშნავს, რომ მეწარმის შვილები ბაზრის ტერიტორიაზე დაქირავებით მუშაობდნენ სხვა საქმიანობის განმახორციელებელ მეწარმეებთან (ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით მოვაჭრე პირები) გამომუშავების პრინციპით, ისინი არ ახორციელებდნენ ვაჭრობას უნაღდო ანგარიშსწორებით და პოტენციური კლიენტის არ დაკარგვის მიზნით, კლიენტის მხრიდან უნაღდო ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში ი/მ -----თან არიცხინებდნენ თანხას საქონლის დასახელების მითითებით, ხოლო -------ძე დღის ბოლოს ნაღდ ფულს აძლევდა შვილებს. ამასთან, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში სულ ასეთი დანიშნულებით ჩარიცხული თანხა შეადგენს არაუმეტეს 2 000 ლარს და ანალოგიური პრინციპით მოხდა რამდენჯერმე ზედნადების გაწერა ი/მ ------ის მიერ კლიენტისთვის, სულ შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული ოპერაცია განხორციელებულია 2 435 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ მეწარმის განხილვა ფეხსაცმლითა და სხვა სპორტული ინვენტარით მოვაჭრე სუბიექტად რეალობას მოკლებულია და ითხოვს საკითხის ხელახალ შესწავლას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომერციული ფართის რეალიზაციის საფუძველზე მიღებული შემოსავლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებას და განმარტავს, რომ არსებული ქონება წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს, რომელიც გაქირავებული იყო საბავშვო ბაღის ფუნქციონირებისთვის და 2025 წლის მაისის თვეში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, უძრავი ქონება დარეგისტრირდა მეწარმის მეუღლის სახელზე, რომელიც წარმოადგენს პირველი რიგის მემკვიდრეს, ხოლო საჯარო რეესტრში შეცდომით მოხდა ნასყიდობის ოპერაციის მითითება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ რადგან ფ/პ ------ძე (პ/ნ -------) წარმოადგენს ი/მ -------ის მეუღლეს, ოპერაციის ნასყიდობად დაკვალიფიცირება და ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა არამართებულია. მომჩივანი ითხოვს ოპერაციის შინაარსი დაექვემდებაროს კორექტირებას და საკითხი შესწავლილ იქნეს განმეორებით.
3. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 თებერვლის №4555 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---------ის (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 29 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 2 ივნისის №12035 ბრძანება და ამავე თარიღის №081-96 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 612 728 ლარი, მათ შორის, გადასახადი 386 537 ლარი, ჯარიმა 107 371 ლარი და საურავი 118 820 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 თებერვლის №4555 ბრძანებით განხორციელდა ი/მ ---------ის (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის საფუძველზეც შემოწმდა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფეხსაცმლითა და სხვადასხვა სპორტული აქსესუარებით ვაჭრობა. შემოწმების ფარგლებში შემმოწმებლის მიერ დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია-დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ი/მ -----ეს სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული აქვს სხვადასხვა პროდუქცია, მათ შორის, „ფეხბურთის ფორმა“, „კიმონო“, „ლახტი“ და სხვა სპორტული აქსესუარები. გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გაირკვა რომ შესამოწმებელ პერიოდში ჩარიცხული თანხების დანიშნულებებში მითითებულია „ბოტასი“, „ჯინსი“, „ბუცი“ და ა.შ. ასევე, საბანკო ამონაწერებში ფიქსირდება დიდი რაოდენობით პირადი ჩარიცხვები, რომელთა გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული თანხები ასევე წარმოადგენს სხვადასხვა სპორტული აქსესუარის რეალიზაციასთან დაკავშირებულ შემოსავალს. გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება იჯარით გაცემული ფართიდან მიღებული შემოსავლები. აგრეთვე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზებში არსებული ინფორმაციის მიხედვით, ი/მ -----ეს 2025 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში რეალიზებული აქვს №------ საკადასტრო კოდზე არსებული კომერციული ფართი. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების ფარგლებში წარმოდგენილ იქნა სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებული შესყიდვის აქტები, თუმცა საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ზემოაღნიშნული შესყიდვის აქტები აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული, შესაბამისად აღნიშნულმა გავლენა არ მოახდინა დღგის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღისა და დასაბეგრი ბაზის განსაზღვრაზე. ვინაიდან დადგინდა, რომ მეწარმის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფეხსაცმლითა და სხვადასხვა სპორტული აქსესუარებით ვაჭრობა, რომლის ფარგლებშიც მიღებული შემოსავალი აჭარბებს 100 000 ლარიან ზღვარს, ი/მ -----ეს (პ/ნ -------) 2023 წლის 31 მარტიდან წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 165-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშებისა და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ფეხსაცმლითა და სხვადასხვა სპორტული აქსესუარებით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია-დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ი/მ ----ეს სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული ჰქონდა სხვადასხვა პროდუქცია, მათ შორის, „ფეხბურთის ფორმა“, „კიმონო“, „ლახტი“ და სხვა სპორტული აქსესუარები. ასევე, საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა რომ შესამოწმებელ პერიოდში ჩარიცხული თანხების დანიშნულებებში მითითებული იყო - „ბოტასი“, „ჯინსი“, „ბუცი“ და ა.შ. აგრეთვე, წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებში ფიქსირდებოდა დიდი რაოდენობით პირადი ჩარიცხვები, რომელთა გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული თანხები წარმოადგენდა სხვადასხვა სპორტული აქსესუარის რეალიზაციასთან დაკავშირებულ შემოსავალს. ამასთან, ი/მ -------ეს 2025 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში რეალიზებული ჰქონდა N---- საკადასტრო კოდზე არსებული კომერციული ფართი. შესამოწმებელ პერიოდში, მეწარმის მიერ მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს, პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 2023 წლის 31 მარტს და განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ი/მ -------ეს 2025 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეალიზებული ჰქონდა №----- საკადასტრო კოდზე არსებული კომერციული ფართი, რომლის ღირებულებაც ხელშეკრულებაში მითითებული იყო 200 000 აშშ დოლარი. აგრეთვე, ხელშეკრულების საგნად მითითებული იყო - კომერციული ფართი და არა საცხოვრებელი ფართი.
იმის გათვალისწინებით, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს და ამასთანავე,მომჩივნის მხრიდან ვერ დადასტურდა სხვა ეკონომიკური საქმიანობიდან შემოსავლის მიღება და №------- საკადასტრო კოდზე არსებული კომერციული ფართის, როგორს საცხოვრებელი სახლის უსასყიდლოდ მიწოდება მეუღლეზე (არ არის წარმოდგენილი ქორწინების მოწმობა), შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არც შემოწმების და მათ შორის არც დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ -------ის (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება
1.დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2.კომერციული ფართის რეალიზაციის საფუძველზე მიღებული შემოსავლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებას.
3.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №4555 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №12035 ბრძანება და №081-96 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 612 728 ლარი, მათ შორის, გადასახადი 386 537 ლარი, ჯარიმა 107 371 ლარი და საურავი 118 820 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების ფარგლებში შემმოწმებლის მიერ დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია-დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული აქვს სხვადასხვა პროდუქცია. გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გაირკვა რომ შესამოწმებელ პერიოდში ჩარიცხული თანხების დანიშნულებებში მითითებულია ზემოაღნიშნული პროდუქცია. ასევე, საბანკო ამონაწერებში ფიქსირდება დიდი რაოდენობით პირადი ჩარიცხვები, რომელთა გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული თანხები ასევე წარმოადგენს სხვადასხვა სპორტული აქსესუარის რეალიზაციასთან დაკავშირებულ შემოსავალს. გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება იჯარით გაცემული ფართიდან მიღებული შემოსავლები. აგრეთვე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზებში არსებული ინფორმაციის მიხედვით, მომივანს 2025 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში რეალიზებული აქვს კომერციული ფართი. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების ფარგლებში წარმოდგენილ იქნა სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებული შესყიდვის აქტები, თუმცა საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ზემოაღნიშნული შესყიდვის აქტები აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული, შესაბამისად აღნიშნულმა გავლენა არ მოახდინა დღგის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღისა და დასაბეგრი ბაზის განსაზღვრაზე. ვინაიდან დადგინდა, რომ მეწარმის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფეხსაცმლითა და სხვადასხვა სპორტული აქსესუარებით ვაჭრობა, რომლის ფარგლებშიც მიღებული შემოსავალი აჭარბებს 100 000 ლარიან ზღვარს, შედეგად მომჩივანს 2023 წლის 31 მარტიდან წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 165-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1„ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 165(1); 269(7); 282(1);