გადაწყვეტილება №20729/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.01.2024
№ დოკუმენტი 20729/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№20729/2/2023

24 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 31.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20729/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 18.10.2022 წლის №26419 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.04.2023 წლის №021-21 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.08.2023 წლის №20004 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 658 147 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 323 942

დღგ - 214 150

მოგების გადასახადი - 82 711

საშემოსავლო გადასახადი - 23 284

ქონების გადასახადი - 3 797

ჯარიმა - 8 084

საურავი - 326 121

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მზესუმზირის, ბურბუშელის, სუხარების და სხვა მსგავსი პროდუქციის წარმოება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2016 წლიდან 1.06.2019 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა, 2019 წლის 20 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

- კომპანია, შესამოწმებელ პერიოდში, გასცემს დივიდენდებს დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე, რასაც 2016 წლის შემდგომ საანგარიშო პერიოდებზე ადეკლარირებს შესაბამისი პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციით და პარალელურად ახორციელებს წინა პერიოდებში დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლას საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ნაწილის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელი 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებულ წმინდა მოგებას (ცვლადი „C“) ადეკლარირებს 2 591 005 ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნული ციფრი შეუსაბამობაშია შემოწმების მიერ ფინანსურ მოგებასა და საგადასახადო მოგებას შორის განსხვავების განმაპირობებელი იდენტიფიცირებადი მიზეზების გათვალისწინებით განსაზღვრულ ციფრებთან. შემოწმებით, 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების გაანგარიშება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის ანალიზით. აღნიშნული სიდიდე, შემოწმებით შეადგენს 3 795 059 ლარს. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია არგუმენტაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია დეკლარირებული ციფრის ნამდვილობასთან დაკავშირებით. ასევე, გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული აქვს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა 457 236 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს მხოლოდ დეკლარაციებით დარიცხულ და გადახდილ მოგების გადასახადს და არ მოიცავს შემოწმებით დარიცხულ და გადახდილ გადასახადს. წინა შემოწმებით დარიცხული და გადახდილი გადასახადის ჩათვლით აღნიშნული მონაცემი შეადგენს 484 967 ლარს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 მუხლების, 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობებით მოხდა ჩასათვლელი თანხის ფორმულის შესაბამისი მონაცემების კორექტირება, რამაც გამოიწვია ჩასათვლელი თანხების კორექტირება. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი;

- დეკლარირებული მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოწმების პროცესში, წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობისთვის საჭირო პირობა. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში შეღავათით მოსარგებლე ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასის დაუბეგრავი ნაწილი დაბეგრილი იქნა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2019 წლის №40636 ბრძანება და 25.11.2019 წლის №021-149 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 30 ივნისის №17712 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- პირველ სადავო საკითხზე:

ა) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ მზესუმზირაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმების მართლზომიერების საკითხის დამატებით ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

ბ) გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გათავისუფლდა შეძენილ მზესუმზირაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის საფუძველზე, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად დაკისრებული ჯარიმისგან;

- მე-2 სადავო საკითხზე საჩივარი დაკმაყოფილდა. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხების შემცირება;

- მე-3 სადავო საკითხზე:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;

ბ) მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

გ) გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების შესაბამისად, ჩასათვლელი მოგების გადასახადის არასწორად განსაზღვრის საფუძვლით, მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან;

- მე-4 სადავო საკითხზე, გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გათავისუფლდა სალაროს ანგარიშზე არსებული უძრავი ნაშთის, სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით, მოგების გადასახადის დეკლარაციებში გადასახადის შემცირებისთვის, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან;

- მე-5 სადავო საკითხზე, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დებიტორული მოთხოვნის უსასყიდლო აქტივის მიწოდებად განხილვის საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №2657 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- მე-8, მე-9 და მე-10 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;

ბ) მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- მე-11 სადავო საკითხზე, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე აღურიცხავად მიჩნეულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან (ყუთები) დაკავშირებით, საქონლის შეძენის პირველადი საგადასახადო დოკუმენტების დამატებით შესწავლა და საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ორივე პირობის ერთდროულად არსებობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, დაკისრებული ჯარიმის კორექტირების (შემცირების) უზრუნველყოფა;

- მე-12 სადავო საკითხზე, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმების - 3 600 ლარის ნაცვლად, გადასახადის გადამხდელს შეეფარდა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 30 ივნისის №17712 ბრძანება ნაწილობრივ გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში, რომლის 18.02.2021 წლის №10756/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 30 ივნისის №17712 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 მაისის დასკვნით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 303 724 ლარით, დასკვნის საფუძველზე გამოიცა 2022 წლის 31 მაისის №021-51 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.10.2022 წლის №26419 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა:

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს „C“ სიდიდის გაანგარიშებისა და ჩასათვლელი მოგების გადასახადის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ინვენტარიზაციით გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების (ყუთების) ფაქტობრივი ნაშთით 2016 წლის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთის გაზრდის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 18.10.2022 წლის №26419 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული სადავო საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 23.12.2022 წლის №18133/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ მზესუმზირაზე დღგ-ის ჩათვლების გაუქმების ნაწილში, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 18.10.2022 წლის №26419 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 3 725 ლარით, აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.04.2023 წლის №021-21 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.08.2023 წლის №20004 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ჩასათვლელი მოგების გადასახადის გაანგარიშების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მიღებული წმინდა მოგების ოდენობის („C“ სიდიდის) განსაზღვრისას არ გაითვალისწინოს საგადასახადო შეთანხმებით შემცირებული თანხა (304 538 ლარი), არ გაზარდოს აღნიშნული თანხით საწარმოს წმინდა მოგება და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 14.08.2023 წლის №20004 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-8 მუხლის 43-ე ნაწილზე და ამავე მუხლის მე-12 ნაწილზე, 309-ე მუხლის 92-ე ნაწილზე და ამავე მუხლის 93-ე ნაწილზე, აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 ოქტომბრის №26419 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეესწავლა/გამოეკვლია „C“ სიდიდის გაანგარიშებისა და ჩასათვლელი მოგების გადასახადის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე შედგენილი დასკვნის მიხედვით, საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად, სათანადო საფუძვლის არარსებობის გამო, დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ვალის პატიების (საგადასახადო შეთანხმება) თანხებთან დაკავშირებით ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნები არარეალური ვალდებულებების თავიდანვე არ შემცირება, რამაც საბოლოო ჯამში გავლენა მოახდინა საბოლოო გადასახადის თანხაზე და ამ ნაწილში დარიცხული მოგების გადასახადი არ იქნა შემცირებული. ფინანსური მოგების თანხა გაზრდილია 304 538 ლარით, რომელიც წარმოადგენს კამერალური საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხისა და საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე გადახდილი თანხებს შორის სხვაობას. აღნიშნული თანხები არ იქნა აღიარებული კომპანიის მიერ ვალდებულებად, ვინაიდან იმ წლებში არსებობდა შემოსავლების სამსახურის ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა საგადასახადო დავალიანების ნაწილის საგადასახადო შეთანხმების გზით ჩამოწერასთან დაკავშირებით. მომჩივანი ასევე მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალში ასახვას არ ექვემდებარება გადასახადის გადამხდელთან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების შემცირებით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით, მიღებული სარგებელი. აღნიშნული მუხლის მოქმედება ვრცელდება 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და გაუგებარია, რატომ უნდა გაზრდილიყო ამ თანხით ფინანსური მოგება. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კომპანიის მიერ შემოწმებით განსაზღვრული 709 327.87 ლარის ვალდებულება აღიარებული არ იქნა სრულად და ამ თანხიდან თავიდანვე აღიარებული იქნა მხოლოდ 400 000 ლარი, ხოლო დაახლოებით 300 000 ლარი (შეთანხმების შედეგად ნაპატიები თანხა) ისე იქნა ჩამოწერილი შემოსავლების სამსახურის მიერ, რომ საწარმოს მიერ არ აღიარებულა. ამასთან, საგადასახადო შეთანხმების გაფორმება ხორციელდება საგადასახადო დავალიანების თანხაზე და არა აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხაზე. გადაანგარიშების დასკვნაში მითითებულია, რომ ამ თანხის შესაბამისი ჯარიმებისა და საურავის წილი ასახულია კომპანიის ფინანსური მოგების გაანგარიშებისას და ამ თანხით შემცირებულია მოგების გადასახადი, თუმცა აშკარაა, რომ აღნიშნული თანხები შემცირებული არ არის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ ჩასათვლელი მოგების გადასახადის გაანგარიშების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მიღებული წმინდა მოგების ოდენობის („C“ სიდიდის) განსაზღვრისას არ გაითვალისწინოს საგადასახადო შეთანხმებით შემცირებული თანხა (304 538 ლარი), არ გაზარდოს აღნიშნული თანხით საწარმოს წმინდა მოგება და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 ოქტომბრის №26419 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). თუმცა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე შედგენილი დასკვნის მიხედვით, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო, ამ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, საგადასახადო შემოწმების და ასევე, შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 391 მუხლის პირველი პუნქტის დანართი №II-082-ით განსაზღვრული ცნობა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება ამ ნაწილში განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 ოქტომბრის №26419 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეესწავლა „C“ სიდიდის გაანგარიშებისა და ჩასათვლელი მოგების გადასახადის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), რაც საბოლოო ჯამში არ მომხდარა.

საკითხი 1 - C სიდიდის გაზრდა და ჩასათვლელი მოგების გადასახადის შემცირება.

საგადასახადო შემოწმების აქტით ჩასათვლელი მოგების გადასახადის შემცირებით კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი 2008 წლიდან 2017 წლამდე პერიოდებში მიღებული მოგების განაწილების შედეგად. საუბარია ე.წ. C სიდიდის გაზრდაზე, რომლის შემცირებით ხორციელდება ჩასათვლელი მოგების გადასახადის შემცირება და შესაბამისად დარიცხული მოგების გადასახადის გაზრდა. C სიდიდე მოგების გადასახადის ფორმულაში წარმოადგენს 2008 წლიდან 2017 წლამდე პერიოდის წმინდა მოგებას, რომელიც დაითვლება არა საგადასახადო კოდექსის, არამედ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS, IFRS for SME) შესაბამისად. საქმე იმაშია, რომ შემოსავლების სამსახურის შემმოწმებლებმა არათუ რაიმე ფორმით შეისწავლეს და დაადგინეს 2008 წლიდან 2017 წლამდე პერიოდებში მიღებული წმინდა მოგება, არამედ მიახლოებით გამოიყვანეს 2008-2016 წლების სავარაუდო წმინდა მოგება კომპანიის მიერ ჩაბარებული მოგების გადასახადის დეკლარაციების საფუძველზე. ბუღალტრული წმინდა მოგების ზუსტი ოდენობის დადგენა ფაქტობრივად გულისხმობს ფინანსური აუდიტის ჩატარებას, რისი კვალიფიკაციაც და რესურსიც ფიქრობს შემოსავლების სამსახურის შემმოწმებლებს ხშირ შემთხვევაში არ გააჩნიათ, ვინაიდან აღნიშნული მოითხოვს ბუღალტრული აღრიცხვის IFRS სტანდარტებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ISA-ს სათანადო დონეზე ცოდნასა და დიდ გამოცდილებას, რაც შემოსავლების სამსახურს ნამდვილად არ გააჩნია. შემოსავლების სამსახურის შემმოწმებლებმა წლიური მოგების გადასახადის დასაბეგრ მოგებას სავარაუდოდ მიუმატეს და გამოაკლეს გარკვეული თანხები და ეს უკანასკნელიც გააკეთეს მთელ რიგ შემთხვევებში მიახლოებით და არასწორად. აქედან გამომდინარე, წმინდა მოგების დათვლის ასეთ წესს არანაირად არ ეთანხმება.

დავის ეტაპზე წარადგინეს იმ ხარვეზების არასრული სია რაც არ იყო გათვალისწინებული შემმოწმებლების მიერ და უსათუოდ ექვემდებარებოდა წმინდა მოგების ოდენობა გადაანგარიშებას, რასაც უნდა გამოეწვია აქტით დარიცხული თანხების შემცირებას ამ ნაწილში.

შემოწმების მიერ, მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშების მიზნით, დათვლილი იქნა 2008-2016 წლების პერიოდზე კომპანიის მიერ მიღებული გაუნაწილებელი მოგების თანხა. თანხის დათვლა ძირითადად მოხდენილია კომპანიაში 2012 წელს ჩატარებული კამერალური საგადასახადო შემოწმების მონაცემებზე დაყრდნობით, რაც არ მიაჩნია მართებულად, რადგან გასულია ხანდაზმულობის ვადები. ამასთან, 2012 წლის შემოწმების აქტით კომპანიას დაერიცხა თანხები, რომლებიც უკვე გადაიხადა და ერთი და იგივე დარღვევაზე ორჯერ რატომ უნდა დაჯარიმდეს.

2008-2016 წლის პერიოდის ფინანსური მოგების გაანგარიშების მიზნებისათვის, საგადასახადო მოგების თანხა გაზრდილია 2012 წლის პერიოდის არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული და კომპანიის მიერ მიუღებელი თანხებიდან გამომდინარე, 207 724 ლარის მოგების თანხით, ამავე დროს ფინანსური მოგების თანხა გაზრდილია 304 538 ლარით, აღნიშნული თანხა წარმოადგენს კამერალური საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხისა და კომპანიის მიერ საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე გადახდილ თანხებს შორის სხვაობას. რატომ უნდა მომხდარიყო აღნიშნული თანხით ფინანსური მოგების თანხის გაზრდა, როცა ნაცვლად კამერალური აქტით დარიცხული თანხისა 709 327,87 ლარი თვითონ შემოსავლების სამსახურმა 2015 წლის 10 მარტის №7189 ბრძანებით განუსაზღვრა დღგ-ის სანქციის ნაწილში 400 000 ლარი, რასაც დაეთანხმა საქართველოს მთავრობა. უფრო მეტიც, აღნიშნული თანხები არ იქნა აღიარებული კომპანიის მიერ ვალდებულებად, ვინაიდან იმ წლებში არსებობდა შემოსავლების სამსახურის ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა საგადასახადო დავალიანების ნაწილის საგადასახადო შეთანხმების გზით ჩამოწერასთან დაკავშირებით („ძირს გადავიხდი - ჯარიმა მაპატიე“ ან/და სხვა და სხვა პრინციპის შესაბამისად). აქედან გამომდინარე, კომპანია IFRS სტანდარტის შესაბამისად არ აღიარებდა და არც იყო ვალდებული ეღიარებინა საგადასახადო დავალიანების თანხები, ვინაიდან იმ პერიოდში იმყოფებოდა საგადასახადო დავის პროცესში. აქედან გამომდინარე, კომპანიის მიერ 709 327.87 ლარის ვალდებულება აღიარებული არ იქნა და ამ თანხიდან თავიდანვე აღიარებული იქნა 400 000 ლარი, ხოლო დაახლოებით 300 000 ლარი (შეთანხმების შედეგად ნაპატიები თანხა) ისე იქნა ჩამოწერილი შემოსავლების სამსახურის მიერ, რომ არც იქნა აღიარებული კომპანიის მიერ. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით საგადასახადო შეთანხმების გაფორმება ხორციელდება საგადასახადო დავალიანების თანხაზე და არა აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხაზე. ასევე, იქედან გამომდინარე, რომ 2010-2015 წლებში ადვილი პროგნოზირებადი იყო საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხი იმ წლებში გავრცელებული მიდგომებიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ 300 000 ლარის აღიარება არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, არც ამ თანხების პატიების შედეგად არანაირი თანხები არ უნდა ყოფილიყო ფინანსური კუთხით შემოსავლად აღიარებული.

ამას გარდა, შემმოწმებლების მხრიდან ნაპატიები თანხების (300 000 ლარი) გაიგივება წინა შემოწმების აქტით დარიცხული თანხებთან არ ხდება, აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემმოწმებლებმა საჭიროდ ჩათვალეს ამ თანხის შემოსავლად აღიარება (რომელიც არ არის შემოსავალი ზემოთ ხსენებული არგუმენტით) შესაძლებელი იყო აღნიშნული თანხების ხარჯად აღიარებაც, რაც არანაირი ეფექტის მომტანი წმიდან მოგების გაზრდის კუთხით არ არის.

ამას გარდა, საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად „ერთობლივ შემოსავალში ასახვას არ ექვემდებარება გადასახადის გადამხდელთან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების შემცირებით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით, მიღებული სარგებელი“, რომელიც ვრცელდება 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და რატომ უნდა გაზრდილიყო ამ თანხით ფინანსური მოგება?!

ამასთან ფინანსური მოგების გაანგარიშების დროს გათვალისწინებული არ არის კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც თავის დროზე მოგების გადასახადის მიზნებისათვის გამოკლებული არ ქონდა საგადასახადო კუთხით მისაღები მოგების თანხაზე, მაგრამ ამცირებს ფინანსური მოგების თანხას, კერძოდ ასეთი ხარჯები შემოსავლების სამსახურის გვერდზე დაფიქსირებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეადგენს:

ა) 2009 წელი - 1 500 ლარი ბიუჯეტში გადახდილი ჯარიმის თანხები;

ბ) 2010 წელი - 10 400 ლარი ბიუჯეტში გადახდილი ჯარიმის თანხები;

გ) 2011 წელი - 1 000 ლარი ბიუჯეტში გადახდილი ჯარიმის თანხები;

დ) 2012 წელი - 1 200 ლარი ბიუჯეტში გადახდილი ჯარიმის თანხები;

ე) 2013 წელი - 60 634.20 ლარი ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული და გადახდილი ჯარიმები - 31 200 ლარი, სხვადასხვა ჯარიმები - 21 922 ლარი. ფინანსური დახმარებებისა და საჩუქრად გაცემული პროდუქციის თანხები. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებიდან მიღებულ მომსახურებაზე გაცემული თანხები;

ვ) 2014 წელი - 500 ლარი ჯარიმის თანხა- 39 732 ლარი ფინანსური დახმარებებისა და საჩუქრად გაცემული პროდუქციის თანხები. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებიდან მიღებულ მომსახურებაზე გაცემული თანხები;

ზ) 2015 წელი - 20 614.15 ლარი. ფინანსური დახმარებებისა და საჩუქრად გაცემული პროდუქციის თანხები. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებიდან მიღებული მომსახურებაზე გაცემული თანხები - 455 866.32 ლარი შემოწმების აქტით დარიცხული და გადახდილი თანხები;

თ) 2016 წელი - 29 328.98 ლარი ფინანსური დახმარებებისა და საჩუქრად გაცემული პროდუქციის თანხები. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებიდან მიღებულ მომსახურება გაცემული თანხები.

მომჩივანი ითხოვს, კომპანიის 2008-2016 წლის ფინანსური მოგების გაანგარიშების დროს გათვალისწინებულ იქნეს ზემოთ აღნიშნული თანხები.

დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან არ გააჩნია კომპანიას 2008-2015 წლის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ამსახველი პროგრამული უზრუნველყოფა, გაძნელდა ფინანსური მოგების გაანგარიშების მიზნებისათვის გამოსაქვითი ხარჯების ამსახველი დოკუმენტაციის მოძიება, დროის სიმცირის გამო. დამატებით მოძიებული დოკუმენტაციის თაობაზე ინფორმაციას მოაწვდის დამატებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და იქედან გამომდინარე, რომ წმინდა მოგების დათვლა არ ხორციელდება საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, არამედ დაითვლება IFRS-ის სტანდარტების შესაბამისად, ითხოვს მოქმედი სტანდარტების შესაბამისად მოხდეს ამ თანხების გამოანგარიშება, ასევე მნიშვნელოვანია იმ დაპირებების გახსენება რასაც ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური იძლეოდა ესტონური მოდელის ამოქმედების წინ იმასთან დაკავშირებით, რომ მოგების გადასახადის ე.წ. ჩათვლის ნაწილში გადამხდელს ლმობიერად მოექცეოდნენ და პასუხს არ მოთხოვდნენ წინა პერიოდებში ბუღალტრულ აღრიცხვაში არსებულ ხარვეზებზე და აღნიშნული მოდელი არანაირად არ იქნებოდა უფრო მძიმე, ვიდრე ძველი წლიური მოგების გადასახადი.

გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის პრაქტიკაში არსებობს შემთხვევები როდესაც შემმოწმებლებმა ე.წ. C სიდიდე დაითვალეს 2017 წლის 1 იანვრის მდგომარებით არსებული გასანაწილებელი მოგების თანხიდან, ანუ გაუნაწილებელი მოგების ნაშთიდან (2008-2016 წლების წმინდა მოგებას მინუს ამ პერიოდში განაწილებული დივიდენდი) და არა 2008-2016 წლების წმინდა მოგების მთლიანი თანხიდან. რამდენიმე კომპანიაში შემმოწმებლებმა C სიდიდედ აიღეს სწორედ ნაშთი და არა ამ პერიოდის მთლიანი მოგება და გადამხდელებს ამის გამო მინუსიანი აქტებიც დაუწერეს. თუ მათ შემთხვევაში იგივე მიდგომა იქნება გამოყენებული დაახლოებით იგივე თანხები მიიღება რა თანხებიც კომპანიის მიერ იქნა წარდგენილი შემოსავლების სამსახურში, შედეგად, კომპანიისათვის გადასახადის თანხებისა და ჯარიმის დარიცხვის აუცილებლობა აღარ დადგება.

აუდიტორების მიერ დასკვნის შედგენისას გადასახადის შემცირება არ მოხდა შემდეგი თანხების ნაწილში:

1. არ იქნა გათვალისწინებული ვალის პატიების თანხებთან დაკავშირებით IFRS სტანდარტების მოთხოვნები არარეალური ვალდებულებების თავიდანვე არ აღიარებასთან დაკვშირებით. აღნიშნული თანხით არ მოხდა ფინანსური მოგების შემცირება რამაც საბოლოო ჯამში გავლენა მოახდინა საბოლოო გადასახადის თანხაზე და აღნიშნული გადასახადი არ იქნა შემცირებული;

2. ზემოთ ხსენებული ჯარიმების თანხები რაც უნდა ყოფილიყო ასახული გადაანგარიშების აქტში და არ იქნა ასახული;

3. 2012 წელს გაზრდილი მოგებიდან გამოდინარე მოხდა ფინანსური მოგების გაზრდა დაახლოებით 207 000 ლარით რასაც არ ეთანხმება, თუმცა ამის მიუხედავად არ იქნა გათვალისწინებული აღნიშნული თანხის შესაბამისი მოგების გადასახადი;

4. სხვა მოთხოვნები რომელიც აღწერილია ზემოთ.

შემოსავლების სამსახურის №26419 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა C სიდიდის სწორად გაანგარიშების საკითხის სრულყოფილად შესწავლა კომპანიის არგუმენტების გათვალისწინებით და შესაბამისის საფუძვლების შემთხვევაში დარიცხული თანხების კორექტირება.

აუდიტის დეპარტამენტის 19.04.2023 დასკვნაში არ არის გათვალისწინებული მთელი რიგი საკითხებისა რის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო დარიცხული თანხების გადაანგარიშება, ჩასათვლელი მოგების გადასახადის ზრდა და დარიცხული მოგების გადასახადის შემცირება.

კერძოდ, შემმოწმებლების მიერ არ იქნა გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. არასწორად მოხდა 207 724 ლარით, ანუ არაპირდაპირი მეთოდის საგადასახადო კოდექსის შესაბამისი მუხლის საფუძველზე, გაზრდილი შემოსავლის თანხით ინტერპრეტირება. შემმოწმებლების მიერ გამორჩენილია და არ არის მხედველობაში მიღებული ის გარემოება, რომ შემოსავლების გაზრდა მოხდა ე.წ. არაპირდაპირი მეთოდით მხოლოდ და მხოლოდ საგადასახადო კუთხით, რაც ფინანსური მოგების თვალსაზრისით მოსაზრების გამოთქმის საშუალებას არ იძლევა. შემოსავლების სამსახურის მიერ დარიცხული ყველა თანხა უნდა იყოს გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, რა მტკიცებულებებიც უტყუარად უნდა ამტკიცებდეს იმ მოსაზრებასა და პოზიციას რაც გააჩნია შემოსავლების სამსახურს. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო აუდიტის შესაბამისი სახელმძღვანელოებით დადგენილია შესაბამისი მტკიცების სტანდარტი, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა მტკიცებულება, რის საფუძველზეც თავის მხრივ გადამხდელთათვის შესაბამისი გადასახადებისა და სანქციის დაკისრება ხდება. გამომდინარე იქედან, რომ არაპირდაპირი მეთოდი გულისხმობს, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის 5 ნაწილის საფუძველზე, აღნიშნული მუხლის გამოყენებას უშუალოდ გადასახადის გამოანგარიშების და არა ფინანსური მიზნებისთვის, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ გათვლასაც გააჩნია უკიდურესად დაბალი სიზუსტე და ფაქტობრივად შემოსავლის გაზრდა ხდება ვარაუდის საფუძველზე მიაჩნია, რომ აღნიშნული არ არის შემოსავლების სამსახურის აუდიტორების მიერ კომპანიის რეალურ ფინანსური შემოსავლებსა და ხარჯებზე მოსაზრების გამოთქმის საფუძველი და აღნიშნული გარემოება არ უნდა გახდეს კომპანიის ფინანსური შემოსავლებისა და მოგების გაზრდის სამართლებრივი საფუძველი.

მომჩივანი აპელირებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის 5 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ კომპანიების აღრიცხვიანობა წარმოებს IFRS და IFRS for SME სტანდარდების მიხედვით, რაც გამორიცხავს კომპანიის ფინანსურ მოგებაზე მოსაზრების გამოთქმას საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის 5 ნაწილი გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ საგადასახადო მიზნებისთვის და მისი კომპანიის ფინანსური შემოსავლისა და მოგების დადგენის მიზნით გამოყენება არ უნდა მოხდეს;

2. მეორე დიდი შეუსაბამობა შემოსავლების სამსახურის დასკვნაში ეხება იმას, რომ შემმოწმებლების მიერ მოხდა თანხის 304 538 ლარით კორექტირების შემდეგ, 134 111 ლარით გაზრდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ორ თანხას შორის სხვაობის შესაბამისი თანხით უნდა მომხდარიყო დარიცხული მოგების გადასახადის კორექტირება, თუმცა ამის მიუხედავად შემოწმების დასკვნიდან აშკარად ჩანს, რომ ამ თანხების შესაბამისი გადასახადის შემცირება არ არის მომხდარი. აღნიშნული თანხები სრულად არ არის შემცირებული შემოსავლების სამსახურის მანამდე გამოცემულ აქტშიც და მანამდე არსებულ დასკვნაშიც, შესაბამისად გამოდის, რომ დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითაც კი ბოლომდე არ არის მომხდარი დარიცხული მოგების გადასახადის შემცირება. აქედან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მიერ როგორც ერთი, ასევე მეორე საფუძვლით მოგების გადასახადის ბოლომდე შემცირება არ მომხდარა და აღნიშნული არ არის ერთადერთი შეუსაბამობა შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილ უკანასკნელ დასკვნაში;

3. რაც შეეხება საგადასახადო შეთანხმებით შემცირებული თანხის 400 000 ლარის ასახვას კომპანიის ფინანსურ მოგებაში, დასკვნაში კითხულობს, რომ ამ თანხის შესაბამისი ჯარიმებისა და საურავის წილი ასახულია კომპანიის ფინანსური მოგების გაანგარიშებისას და ამ თანხით შემცირებულია მოგების გადასახადი, თუმცა აშკარაა, რომ აღნიშნული თანხებიც შემცირებული არ არის. შემმოწმებლის მიერ არასწორად მოხდა როგორც აღნიშნული თანხების გაანგარიშება (ჯარიმა-საურავების წილი) და თუმცა, გარდა ამისა იმ თანხების ბოლომდე შემცირებაც არ მომხდარა, რის შემცირებაზეც თავად აუდიტორები საუბრობენ, შემცირებული ესეც ბოლომდე შემცირებული არ არის, რის გამოც არის შეუსაბამობა;

4. საერთო ჯამში, შემოსავლების სამსახურის წინა და მიმდინარე დასკვნის გაანალიზების შედეგად, აუდიტორის მიერ განვითარებული ლოგიკის მიხედვით C სიდიდე საერთო ჯამში შემცირდა დაახლოებით 340 000 ლარით, მაგრამ ამ და წინამდებარე დასკვნითა და აქტით აღნიშნული თანხის შესაბამისი მოგების გადასახადი არ შემცირებულა. წინა დასკვნით შემცირებულია 14 391 ლარი მოგების გადასახადის ნაწილში, რაც ძალიან ცოტაა იმ თანხასთან შედარებით რაც უნდა შემცირებულიყო თუნდაც იმის შედეგად, რასაც შემმოწმებელი ამტკიცებს და ამტკიცებდა ყველა დასკვნაში და შემოწმების აქტში. შემმოწმებლის მიერ, თუნდაც აღნიშნულ სამ დოკუმენტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეც, საერთო ჯამში გაცილებით მეტი თანხა უნდა შემცირებულიყო ვიდრე 14 391 ლარი, ანუ ის თანხა რაც შემცირდა წინა დასკვნით, რაც თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკანასკნელი დასკვნით მოგების გადასახადის ნაწილში (C სიდიდე) თანხები არ უმცირდება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შემმოწმებლების მიერ არასწორად არის მომხდარი თანხების დაანგარიშება, რომ აღარაფერი ითქვას იმ მეთოდოლოგიის შეუსაბამობაზე, რა მეთოდოლოგიაც გამოიყენება მათი მხრიდან ფინანსური მოგების დაანგარიშების მიზნით.

ასევე, გამომდინარე იმ უამრავი შეცდომიდან რაც დაშვებული იქნა პირველ აქტსა და ორ უკანასკნელ დასკვნაში, უამრავ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ასევე გამომდინარე იქედან, რომ ეს საკითხი ერთხელ უკვე დავალებული ქონდა აუდიტორს გადაანგარიშების მიზნით, რის შედეგადაც გადაანგარიშება არ მომხდარა (იმ ოდენობით რა ოდენობითაც უნდა მომხდარიყო) არაა დარწმუნებული იმაში, რომ აუდიტორის კვალიფიკაცია, ფინანსური აღრიცხვის შესაბამისი სტანდარტების ცოდნის ნაწილში, საკმარისია ფინანსური ანგარიშგების შედგენისა და ფინანსური მოგების გაანგარიშებისთვის, რაც მიაჩნია, რომ კიდევ ერთი მიზეზია ამ უამრავი შეცდომისა და გაუგებრობისა, რაც კომპანიის თავს ხდება. ფიქრობს, რომ ამ უკანასკნელისთვის მარტო საგადასახადო კოდექსის ცოდნა საკმარისი არ არის და საჭიროა შესაბამისი ცოდნა ფინანსური ანგარიშგებასთან მიმართებაში მოსაზრების გამოთქმასთან დაკავშირებით, რაც შესაბამის კვალიფიკაციასა და მრავალწლიან გამოცდილებას მოითხოვს. თვლის, რომ ეს უკანასკნელი გარემოებაც არის მეტისმეტად მნიშვნელოვანი და უნდა იქნეს გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის მიერ.

ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე საკითხის არსებითობის გათვალისწინებით საბოლოო ჯამში იკვეთება 2 პრობლემური საკითხი:

1. 207 724 ლარის თანხით C სიდიდის არ შემცირება - ერთ-ერთ ყველაზე არსებით ხარვეზს, რაც არც შემოსავლების სამსახურის აუდიტორებისა და არც შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა გათვალისწინებული დავების ეტაპზე, წარმოადგენს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული 207 724 ლარით წმინდა მოგების არ შემცირება, რაც დაუსაბუთებელია და წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან. საქმე იმაშია, რომ ეს არის წინა წლებში არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული მოგების გადასახადის თანხები, რითაც არ იქნა შემცირებული კომპანიის წმინდა მოგება, რაც არასწორია და იწვევს შემოსავლის დუბლირებულად აღიარებას და კომპანიის წმინდა მოგების ორმაგად ზრდას. კერძოდ, როგორც წინა შემოწმების მასალებიდან არის ცნობილი, 2012 წლის 11 თვის რეალიზაცია, ანუ დღგ-ის ბრუნვები არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი იქნა 830 894 ლარით, კომპანიის მიერ წლიური 2012 წლის წლიური მოგების დეკლარაციით ნაღიარები თანხა კი არის 2 922 537 ლარი, ანუ გაცილებით მედი ვიდრე 830 894 ლარი. საქმე იმაშია, რომ როდესაც მოხდა შემოსავლების სამსახურის მიერ დღგ-ის მიზნებისთვის 11 თვის შემოსავლების გაზრდა 830 894 ლარით, ხოლო მოგების გადასახადის მიზნებისთვის წლიური შემოსავალი ვერ იქნა გაზრდილი (იმიტომ რომ სრული წელი არ მოწმდებოდა, წლიური მოგების გადასახადი არ შემოწმებულა), კომპანიამ შემოწმების შემდგომ მოგების გადასახადის დეკლარაციის წარდგენისას სრულად აღიარა ეს შემოსავალი და შეიტანა წლიური ერთობლივ შემოსავლის თანხებში, საიდანაც შემოსავლის სამსახურმა დაითვალა კომპანიის მოგება, სადაც უკვე შედიოდა ეს თანხები. აღნიშნული მიანიშნებს იმაზე, რომ არაპირდაპირი მეთოდით ნაანგარიშები ეს თანხები და შესაბამისად, მის საფუძველზე მიღებული მოგებაც უკვე დეკლარირებული იყო კომპანიის მიერ წლიური მოგების გადასახადის დეკლარაციაში. აქედან გამომდინარე, შემოსავლის სამსახურის ქმედება 207 724 ლარით წმინდა მოგების არ შემცირებასთან დაკავშირებით არასწორია, ვინაიდან კომპანიის მიერ ეს მოგების გადასახადი გადახდილ იქნა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ თანხით უნდა მომხდარიყო წმინდა მოგების შემცირება. გარდა ამისა, არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის 5 ნაწილის მიხედვით ხდება მხოლოდ გადასახადის ოდენობის განსაზღვრა და არა წლიური ფინანსური მოგების განსაზღვრა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის 5 ნაწილის საფუძველზე კომპანიის წმინდა მოგებაზე მოსაზრების გამოთქმა კომპანიის აზრით არასწორია და მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას მაშინ როდესაც, 207 724-ის ოდენობის მოგების გადასახადის თანხები კომპანიის მიერ ისედაც იქნა დეკლარირებული და გადახდილი, რისი ხარჯებში არ გათვალისწინებაც ვერანაირ ლოგიკას ვერ უძლებს;

2. 170 427 ლარის თანხებით C სიდიდის არ შემცირება - გარდა ამისა არ ეთანხმება C სიდიდის თანხებიდან 170 427 ლარის არ შემცირებას ყოვლად დაუსაბუთებელი მოტივით. მიაჩნია, რომ ეს თანხები რომელიც საგადასახადო შეთანხმებით იქნა განსაზღვრული კომპანიის მიერ გადახდილ იქნა და მისი ხარჯად არ აღიარება ყოველგვარ კანონიერ საფუძველს არის მოკლებული. ის ლოგიკა რითაც მოხდა აღნიშნული თანხის გამოყოფა და დაანგარიშება სრულიად დაუსაბუთებელი და არალოგიკურია, შედეგად ამ ნაწილშიც კომპანიის მოთხოვნების გათვალისწინება არ მოხდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს თანხების გადაანგარიშებას ზემოთ მოყვანილი რამდენიმე არგუმენტიდან ერთ-ერთი არგუმენტის საფუძველზე მაინც, შედეგად წმინდა მოგების დაკორექტირებას და შესაბამისად მოგების გადასახადისა და სანქციის თანხების შემცირებას.

საკითხი 2 - საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა შეღავათის ცნობის არ ქონის გამო. შემოწმების დროს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის თანხები საშემოსავლო გადასახადის შეღავათით მოსარგებლე პირების თანხებთან დაკავშირებით.

კომპანიაში 2017-2018 წლებში მუშაობდა 3 პირი, რომლებიც სარგებლობდნენ 3 000 ლარიანი შეღავათით, როგორც სამამულო ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირები: -------, ------- და -------. 2019 წელში მუშაობს მხოლოდ -------:

ა) ----- კომპანიაში მუშაობდა 2016 წლის დეკემბრიდან და გათავისუფლდა 2017 წლის დეკემბრის თვეში (ბრძანება №12/2, 2017 წლის 11 დეკემბერი) წარადგენს ბრძანებას და ცნობებს იმის თაობაზე, რომ ------ს 2017 წლის განმავლობაში კომპანიის გარდა არსად უმუშავია და შესაბამისად სხვაგან შეღავათითაც ვერ ისარგებლებდა;

ბ) ------- კომპანიაში მუშაობდა 2016 წლიდან, მაგრამ 3000 ლარიანი შეღავათი მასზე გავრცელებული იქნა 2017-2018 წლებზე. აღნიშნულ პერიოდში -------ს ნამუშევარი აქვს მხოლოდ კომპანიაში და 3000 ლარიანი შეღავათით სხვაგან ვერ ისარგებლებდა;

გ) ------- კომპანიაში მუშაობდა 2017 წლის 14 იანვრიდან მასზე 3000 ლარიანი შეღავათი გავრცელებულია 2017 წლის თებერვლის თვიდან.

შემმოწმებელი აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე არ გამოიკვეთა დარიცხული თანხების კორექტირების შესაბამისი საფუძველი, თუმცა არ აღნიშნავს თუ რა უნდა გამოკვეთილიყო და რა არ გამოიკვეთა. შემმოწმებლის მიერ არ მომხდარა აღიშნული საკითხის შესწავლა შესაბამისად მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილშიც შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ბრძანება არ აღსრულებულა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად საშემოსავლო გადასახადის ცნობების არ არსებობისა, კომპანიის ხელთ არსებული ინფორმაციით, ზემოაღნიშნული 3 პირიდან მინიმუმ 2 პირს სხვა კომპანიაში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებით არ უსარგებლია, რითაც დასტურდება, რომ ადგილი არ ჰქონია საშემოსავლო გადასახადის გათავისუფლების დუბლირებულ შემთხვევას, რაც კიდეც ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ მინიმუმ 2 ფიზიკურ პირს 3-დან ჰქონდა მათ კომპანიაში შეღავათით სარგებლობის უფლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული გადასახადისა და სანქციის გადაანგარიშებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები არაერთხელ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17712, 18.10.2022 წლის №26419 ბრძანებებით გადასახადის გადამხდელის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

ასევე, დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 18.10.2022 წლის №26419 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა:

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, „C“ სიდიდის გაანგარიშებისა და ჩასათვლელი მოგების გადასახადის განსაზღვრის საკითხის შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ინვენტარიზაციით გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ყუთების) ფაქტობრივი ნაშთით 2016 წლის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთის გაზრდის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება.

ასევე დადგენილია, რომ ხსენებული 18.10.2022 წლის №26419 ბრძანების აღსრულების საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა, ხოლო მის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის დასკვნის მიხედვით, ირკვევა შემდეგი:

1. 2012 წლის პერიოდის არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული და გაზრდილი შემოსავლის 207 724 ლარის ფინანსურ მოგებაში გათვალისწინებასთან დაკავშირებით, წინა საგადასახადო შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავალი, ყველა მასთან დაკავშირებულ ხარჯთან ერთად (რეალიზებული საქონლის თვითღირებულება) გათვალისწინებულ იქნა საწარმოს ფინანსური მოგების ფორმირებაში. რაც შეეხება აღნიშნულთან დაკავშირებულ მოგების გადასახადის ხარჯს, შემოწმებამ 2012 წლის წლიური მოგების გადასახადი არ მოიცვა, აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს არ დაუდეკლარირებია შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი ბრუნვები, შესაბამისად, ამ ნაწილში მოგების გადასახადის ხარჯი (საერთო ჯამში) საწარმოს არ გააჩნდა. საგადასახადო შეთანხმებით შემცირებული 304 538 ლარის შემთხვევაში, ფინანსური მოგება გაზრდილ იქნა გადასახადის (დღგ და საშემოსავლო) პროპორციული წილით 134 111 ლარით. ვინაიდან დარიცხული დღგ არ წარმოშობს ფინანსურ ხარჯს, ხოლო ვალდებულების შემცირება (საგადასახადო შეთანხმებით) ზრდის წმინდა მოგებას, აგრეთვე საშემოსავლო გადასახადი, რომელიც გათვალისწინებულ იქნა ხარჯებში, შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმებით შემცირებული წილით გაზრდილ იქნა საწარმოს წმინდა მოგება. რაც შეეხება შეთანხმებულ თანხას - 400 000 ლარს, რომელიც გადასახადის გადამხდელმა გადაიხადა ბიუჯეტში, შესაბამისი ჯარიმების და საურავების წილი (სხვა გადახდილ ჯარიმებსა და საურავებთან ერთად) გათვალისწინებულია ფინანსურ ხარჯებში. გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით „C“ სიდიდის გაანგარიშებისა და ჩასათვლელი მოგების გადასახადის განსაზღვრის საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად არ გამოიკვეთა შემოწმების შედეგებით დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) სათანადო საფუძველი;

2. სადავო საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად არ გამოიკვეთა შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) სათანადო საფუძველი;

3. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემცირებას დაექვემდებარა ინვენტარიზაციით გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ყუთების) ფაქტობრივი ნაშთით 2016 წლის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთის გაზრდის საფუძვლით დარიცხული თანხები.

გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა შემოსავლების სამსახურის 18.10.2022 წლის №26419 ბრძანების აღსრულების შედეგებს, მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 14.08.2023 წლის №20004 ბრძანებით საჩივარი, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, კვლავ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ჩასათვლელი მოგების გადასახადის გაანგარიშების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მიღებული წმინდა მოგების ოდენობის („C“ სიდიდის) განსაზღვრისას არ გაითვალისწინოს საგადასახადო შეთანხმებით შემცირებული თანხა (304 538 ლარი), არ გაზარდოს აღნიშნული თანხით საწარმოს წმინდა მოგება და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურის 14.08.2023 წლის №20004 ბრძანებით ირკვევა, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხების არ გადაანგარიშების საფუძველი გახდა გადასახადის გადამხდელის მხრიდან „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 391 მუხლის პირველი პუნქტის დანართი №II-082-ით განსაზღვრული ცნობის წარუდგენლობა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 14.08.2023 წლის №20004 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებას, კვლავაც წარმოადგენს არგუმენტებს, რომელიც შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურია, ითხოვს მოყვანილი რამდენიმე არგუმენტიდან ერთ-ერთი არგუმენტის საფუძველზე მაინც, წმინდა მოგების დაკორექტირებას და შესაბამისად მოგების გადასახადისა და სანქციის თანხების შემცირებას. ასევე არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას შეღავათის ცნობის არ ქონის გამო, აღნიშნავს, რომ კომპანიაში 2017-2018 წლებში მუშაობდა 3 პირი, რომლებიც სარგებლობდნენ 3 000 ლარიანი შეღავათით, როგორც სამამულო ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირები, მიუხედავად საშემოსავლო გადასახადის ცნობების არ არსებობისა, კომპანიის ხელთ არსებული ინფორმაციით, ზემოაღნიშნული 3 პირიდან მინიმუმ 2 პირს სხვა კომპანიაში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებით არ უსარგებლია, რითაც დასტურდება, რომ ადგილი არ ჰქონია საშემოსავლო გადასახადის გათავისუფლების დუბლირებულ შემთხვევას, აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული გადასახადისა და სანქციის გადაანგარიშებას. ამასთან, მომჩივანი არ წარმოადგენს აღნიშნულთან მიმართებით შეღავათით სარგებლობის დამადასტურებელ შესაბამის ცნობებს.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით, ჩასათვლელი მოგების გადასახადის გაანგარიშების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მიღებული წმინდა მოგების ოდენობის („C“ სიდიდის) განსაზღვრისას არ გაითვალისწინოს საგადასახადო შეთანხმებით შემცირებული თანხა (304 538 ლარი), არ გაზარდოს აღნიშნული თანხით საწარმოს წმინდა მოგება და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება), შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 18.10.2022 წლის №26419 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

18.10.2022 წლის №26419 ბრძანების აღსრულების საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა, ხოლო მის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის დასკვნის მიხედვით, ირკვევა შემდეგი:

1. 2012 წლის პერიოდის არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული და გაზრდილი შემოსავლის 207 724 ლარის ფინანსურ მოგებაში გათვალისწინებასთან დაკავშირებით, წინა საგადასახადო შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავალი, ყველა მასთან დაკავშირებულ ხარჯთან ერთად (რეალიზებული საქონლის თვითღირებულება) გათვალისწინებულ იქნა საწარმოს ფინანსური მოგების ფორმირებაში. რაც შეეხება აღნიშნულთან დაკავშირებულ მოგების გადასახადის ხარჯს, შემოწმებამ 2012 წლის წლიური მოგების გადასახადი არ მოიცვა, აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს არ დაუდეკლარირებია შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი ბრუნვები, შესაბამისად, ამ ნაწილში მოგების გადასახადის ხარჯი (საერთო ჯამში) საწარმოს არ გააჩნდა. საგადასახადო შეთანხმებით შემცირებული 304 538 ლარის შემთხვევაში, ფინანსური მოგება გაზრდილ იქნა გადასახადის (დღგ და საშემოსავლო) პროპორციული წილით 134 111 ლარით. ვინაიდან დარიცხული დღგ არ წარმოშობს ფინანსურ ხარჯს, ხოლო ვალდებულების შემცირება (საგადასახადო შეთანხმებით) ზრდის წმინდა მოგებას, აგრეთვე საშემოსავლო გადასახადი, რომელიც გათვალისწინებულ იქნა ხარჯებში, შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმებით შემცირებული წილით გაზრდილ იქნა საწარმოს წმინდა მოგება. რაც შეეხება შეთანხმებულ თანხას - 400 000 ლარს, რომელიც გადასახადის გადამხდელმა გადაიხადა ბიუჯეტში, შესაბამისი ჯარიმების და საურავების წილი (სხვა გადახდილ ჯარიმებსა და საურავებთან ერთად) გათვალისწინებულია ფინანსურ ხარჯებში. გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით „C“ სიდიდის გაანგარიშებისა და ჩასათვლელი მოგების გადასახადის განსაზღვრის საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად არ გამოიკვეთა შემოწმების შედეგებით დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) სათანადო საფუძველი;

2. სადავო საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად არ გამოიკვეთა შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) სათანადო საფუძველი;

3. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემცირებას დაექვემდებარა ინვენტარიზაციით გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ყუთების) ფაქტობრივი ნაშთით 2016 წლის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთის გაზრდის საფუძვლით დარიცხული თანხები.

გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა შემოსავლების სამსახურის 18.10.2022 წლის №26419 ბრძანების აღსრულების შედეგებს, მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 14.08.2023 წლის №20004 ბრძანებით საჩივარი, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, კვლავ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ჩასათვლელი მოგების გადასახადის გაანგარიშების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მიღებული წმინდა მოგების ოდენობის („C“ სიდიდის) განსაზღვრისას არ გაითვალისწინოს საგადასახადო შეთანხმებით შემცირებული თანხა (304 538 ლარი), არ გაზარდოს აღნიშნული თანხით საწარმოს წმინდა მოგება და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურის 14.08.2023 წლის №20004 ბრძანებით ირკვევა, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხების არ გადაანგარიშების საფუძველი გახდა გადასახადის გადამხდელის მხრიდან „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 391 მუხლის პირველი პუნქტის დანართი №II-082-ით განსაზღვრული ცნობის წარუდგენლობა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით, ჩასათვლელი მოგების გადასახადის გაანგარიშების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მიღებული წმინდა მოგების ოდენობის („C“ სიდიდის) განსაზღვრისას არ გაითვალისწინოს საგადასახადო შეთანხმებით შემცირებული თანხა (304 538 ლარი), არ გაზარდოს აღნიშნული თანხით საწარმოს წმინდა მოგება და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება), შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1"გ").