გადაწყვეტილება №25721/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.10.2025
№ დოკუმენტი 25721/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25721/2/2025

01 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 25.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25721/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 24.06.2024 წლის №14691 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №024-39 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.08.2025 წლის №17966 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 196 655.79 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 82 256

დღგ - 3 163

მოგების გადასახადი - 70 546

საშემოსავლო გადასახადი - 8 547

ჯარიმა - 44 979

საურავი - 69 420.79

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ქალაქ ---------- არსებულ მარკეტში, ძირითადად სასურსათო პროდუქტით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 3.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, საწარმოს ბუღალტრულად სალაროში ერიცხებოდა ფულადი ნაშთი საშუალოდ 500 000 ლარის ოდენობით, ამავე პერიოდში კომპანიას აღებული აქვს სესხი 150 000 ლარის ოდენობით. გადამხდელის განმარტებით, მომწოდებელთათვის თანხის გადახდა ხდება ძირითადად ნაღდი ანგარიშსწორების გზით. შემოწმებით სალაროს ნაშთი წლიური საკასო ხარჯის 10%-ის გათვალისწინებით განხილულ იქნა საწარმოს სალაროს პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) გაცემულ სესხად.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი, ხოლო ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით (წლიური 20%-ით) გაანგარიშდა სარგებლის თანხა და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 23.12.2021 წლის №40182 ბრძანება და №024-124 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.04.2022 წლის №8539 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვის საკითხი შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 6.04.2022 წლის №8539 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 2023 წლის 28 აპრილის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 11 მაისის №10690 ბრძანება და №024-29 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14322 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 13.07.2023 წლის №20154/2/2023 გადაწყვეტილებით:

1. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14322 ბრძანება;

2. საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 24.06.2024 წლის №14691 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 24.06.2024 წლის №14691 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის №14232 ბრძანება და 1.07.2025 წლის №024-39 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.08.2025 წლის №17966 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტთან, 2020 წლის დეკემბერში სესხად განხილული თანხის ოდენობის, წლიური საკასო ხარჯის 10%-ის გათვალისწინებით, შემცირებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისას სალაროში ერიცხებოდა ფულადი ნაშთი საშუალოდ 500 000 ლარის ოდენობით. საწარმომ 2020 წლის ივლისში აიღო საბანკო სესხი 150 000 ლარის ოდენობით. ვინაიდან, მომწოდებელთათვის თანხის გადახდა ხდებოდა ძირითადად ნაღდი ანგარიშსწორების გზით, შემოწმებისას განხორციელდა წლიური საკასო ხარჯის 10%- ის გათვალისწინება და დარჩენილი სალაროს ნაშთი დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ საქონლის შესყიდვას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე და ურთიერთობა უწევს ძირითადად ადგილობრივი მომწოდებელი კომპანიების დისტრიბუტორებთან, ხოლო ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტის მიღებისას შესყიდვაც შესყიდვის აქტით ხორციელდება და არა ელექტრონული ზედნადებით. შესაბამისად, მათთან ანგარიშსწორება ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორების გზით. პრაქტიკაში ეს აღმოჩნდა უფრო მოსახერხებელი და მისაღები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბუნებრივია კომპანიის ანგარიშვალდებულ პირს, რომელიც პასუხისმგებელია მომწოდებლებთან ურთიერთობაზე, მუდმივად აქვს ნაშთად ნაღდი ფული, რათა არ შეფერხდეს ანგარიშსწორების პროცესი.

შემოწმებით დადასტურდა, რომ კომპანიას 2020 წლის განმავლობაში გარდა გაცემული ხელფასისა გაწეული აქვს 2 586 390 ლარის საკასო ხარჯი. საგადასახადო შემოწმების შედეგად სალაროს ნაშთი საკასო ხარჯის 10%-ის გათვალისწინებით განხილულ იქნა სესხად 2020 წლის ივლისში, კომპანიის მიერ სესხის აღების მომენტში. მისთვის გასაგებია შემმოწმებელთა მიდგომა და ლოგიკა, მაგრამ საგულისხმოა ის გარემოება, რომ სალაროში არსებული ნაშთი 2020 წლის ბოლოს მნიშნელოვანი თანხით შემცირდა და შეადგინა 478 047 ლარი. შემოწმებამ მოიცვა 2020 წლის დეკემბერიც. შესაბამისად მისი თხოვნაა 2020 წლის დეკემბერში შემცირდეს სესხად განხილული თანხის ოდენობა წლის საკასო ხარჯის 10%-ის გათვალისწინებით.

მოიძია მსგავს საკითხებზე საგადასახადო ორგანოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები https://wiki.rs.ge/-ზე. ფაქტობრივად იგივე საკითხზე მარტივად მოიძებნა რამდენიმე გადაწყვეტილება. ყოველ გადაწყვეტილებაში საგადასახადო ორგანოს მიდგომა იგივეა. კერძოდ, როდესაც მცირდება სალაროს ნაშთი, მცირდება სესხად განხილული თანხის ოდენობაც საკასო ხარჯის 10%-ის გათვალისწინებით (2.02.2019 N4149). რიგ შემთხვევებში საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახური თვლის, რომ კომპანია მოქმედებს საპატიებელი შეცდომის ფარგლებში და ამცირებს დარიცხულ ჯარიმასაც (02.02.2016 N2381).

მისი თხოვნაა მის მიმართ გამოყენებული იქნას იგივე მიდგომა და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სალაროს ნაშთის შემცირებასთან ერთად 2020 წლის დეკემბერში შეამციროს სესხად განხილული თანხის ოდენობაც.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 24.06.2024 წლის №14691 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 24.06.2024 წლის №14691 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წელს გამოცემული დასკვნის და აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2025 წლის №---------- წერილის მიხედვით, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად (მათ შორის, აღნიშნულ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანების გათვალისწინებით, რომლითაც ცვლილება შევიდა და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითება (დანართი №9)) და აღნიშნულის გათვალისწინებით, საკითხი გავლილი იქნა გადასახადის გადამხდელთან და სათანადო საფუძვლის არ არსებობის გამო საგადასახადო ვალდებულებების შემცირების საფუძველი არ გამოვლინდა.

საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი იგივე არგუმენტებს წარმოადგენს, რაზეც მიიღო საბჭომ 13.07.2023 წლის №20154/2/2023 გადაწყვეტილება, იგი არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 24.06.2024 წლის №14691 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ და არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, მოითხოვს და სადავოდ ხდის ისეთ საკითხს, რომელზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 24.06.2024 წლის №14691 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 24.06.2024 წლის №14691 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

ადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 24.06.2024 წლის №14691 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 24.06.2024 წლის №14691 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წელს გამოცემული დასკვნის და აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2025 წლის წერილის მიხედვით, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად (მათ შორის, აღნიშნულ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანების გათვალისწინებით, რომლითაც ცვლილება შევიდა და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითება (დანართი №9)) და აღნიშნულის გათვალისწინებით, საკითხი გავლილი იქნა გადასახადის გადამხდელთან და სათანადო საფუძვლის არ არსებობის გამო საგადასახადო ვალდებულებების შემცირების საფუძველი არ გამოვლინდა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 24.06.2024 წლის №14691 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).